ტკივილი ზურგის არეში

აგარიდებთ თირკმელ-კენჭოვან დაავადებას: ექიმი ასახელებს პროდუქტს

291
(განახლებულია 21:51 11.06.2021)
როგორც ირკვევა, სწორედ ეს ნივთიერება ეხმარება კალციუმს, წავიდეს საჭირო ადგილისკენ და არა თირკმელებში.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც თირკმელებში ქვების გაჩენას აგარიდებთ თავიდან, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი იულია ჩეხონინა.

ამასთან სპეციალისტმა განმარტა, რა არის თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზები.

მისი თქმით, აღნიშნული დაავადება 30 წლამდე ადამიანებსაც ემართებათ იმ შემთხვევაში, თუ საქმე კალციუმის გაცვლის მემკვიდრეობით დარღვევასთან და ასევე ზოგ სხვა მიზეზთან, მათ შორის, კვებით დარღვევასთან გვაქვს.

„თირკმელ-კენჭოვანი დაავადება ჩნდება იმ შემთხვევებში, როდესაც რაციონი ბალანსირებული არ არის, როდესაც მასში მარილებისა და კალციუმის წყაროები ჭარბობს, ამასთან ორგანიზმს აკლია მაგნიუმი, ვიტამინი B6 და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც კალციუმის ნორმალური გაცვლისთვის არის აუცილებელი“, − განმარტა ექიმმა.

როგორც მედიკოსი ამბობს, სწორედ მაგნიუმი ეხმარება კალციუმს, წავიდეს იქით, სადაც ის აუცილებლად უნდა შედიოდეს − ძვლოვან სისტემაში. თუ კალციუმის ცვლა ირღვევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზმში მისი სიჭარბე არ აღინიშნება, ის შეიძლება არასასურველს ადგილზე − თირკმელებში მოხვდეს. იქ ის წარმოქმნის ნალექს, რომლისგანაც შემდეგ ქვები ჩნდება.   

შარდკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით მაგნიუმის მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით შედის კეშიუს კაკალში − 100 გრამში დღიური ნორმის 68%. ირკვევა, რომ დღეში მისი მხოლოდ 50 გრამიც საკმარისია იმის გათვალისწინებით, რომ ნორმის დანარჩენ ნაწილს სხვა პროდუქტებიდან მიიღებთ.

გარდა ამისა, თირკმელებში ქვების გაჩენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვიტამინი B6, რომელიც მაგნიუმთან ერთად კომპლექსში ხელს უწყობს კალციუმის ცვლას.

„ხორბლის ქატო დიდი რაოდენობით B6-ს შეიცავს. დღეში 50 გრამის მიღებაა საკმარისი, ოღონდ ეს ნორმა თანაბრად უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში. ხორბლის ქატო შეგიძლიათ ჩაამატოთ წვნიან საკვებში და სასმელებშიც კი“, − ამბობს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, კარგი იქნება, თუ რეგულარულად მიირთმევთ ყოველდღე გამოსაყენებლად ნებადართულ ერთ ჭიქა ტუტე მინერალურ წყალს − მაგნიუმის მაღალი შემცველობით, და ასევე ცილების რომელიმე წყაროს.

გაიჯანსაღეთ თირკმელები... კბილების კაკუნით – აღმოსავლური მეთოდიკა>>

ამისთვის ჩეხონინა თევზს გირჩევთ, ვინაიდან, მისი თქმით, თევზის ცილებს ორგანიზმი უფრო იოლად ითვისებს, ვიდრე ხორცისას.

291
თემები:
ექიმი გირჩევთ (135)
ბავშვი ცდილობს ავოკადოს შეჭმას

თუ ბავშვი საკვებით მოიწამლა: პირველი დახმარება ევგენი კომაროვსკისგან

115
(განახლებულია 22:58 18.06.2021)
უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვის კვებითი მოწამვლის შემთხვევაში.

კვებითი მოწამვლა — ეს ისეთი მოწამვლაა, როდესაც ორგანიზმში შხამი საკვებთან ერთად ხვდება. მისი ბუნება მეტად მრავალფეროვანია, თუმცა მაინც შეიძლება მიზეზების სამი ჯგუფის გამოყოფა.

ესენია:

ინფექციები — უმარტივესები, ბაქტერიები, ვირუსები;

ცხოველებსა და მცენარეებში შემავალი ტოქსინები — შხამიანი სოკოები, საჭმელად უვარგისი ან არასწორად მომზადებული ხორცეული, თევზეული და ა.შ.

შხამები, რომლებითაცაა დამუშავებული პროდუქტები ან რომლებსაც თავად პროდუქტი შეიცავს — პესტიციდები და სხვ.

ყურადღება!
კვებითი მოწამვლის პირველი ნიშნები უმეტეს შემთხვევაში ჭამიდან 48 საათის განმავლობაში იჩენს თავს.

როგორც წესი, არის გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:

გამოუვლინდა 3 წლამდე ბავშვს;

თან სდევს სხეულის მაღალი ტემპერატურა;

შენარჩუნებულია ორი დღე-ღამის განმავლობაში;

უფიქსირდება ოჯახის სხვა წევრებსაც.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დააფიქსირეთ, რომ:

  • მოწამვლის წყარო არის სოკო (თუნდაც, სავარაუდოდ);
  • ღებინების გამო ბავშვი წყალს ვერ სვამს;
  • გაორება აქვს თვალებში;
  • არეული აქვს მეტყველება;
  • გართულებულია ყლაპვა;
  • მოდუნებული აქვს კუნთები;
  • კანი ან ლორწოვანი გარსი გაყვითლებული აქვს;
  • სახსრები უშუპდება;
  • გამონაყარი ჩნდება კანზე;
  • შარდის გამოყოფა 6 საათზე მეტხანს არ ხდება, ან შარდი არის ძალიან მუქი ფერის;
  • ნაღებინებ მასაში ან განავალში არის სისხლი.

გადაუდებელი დახმარება

თუ სიმპტომები ჭამიდან 30 წუთში გაჩნდა, მაგრამ ბავშვს გული არ ერევა, ხელოვნურად გამოიწვიეთ პირღებინება.
ამისათვის დაალევინეთ ბავშვს 1-2 ჭიქა წყალი ან რძე, შემდეგ ცალი ხელით მაგრად დაიჭირეთ ის, მეორე ხელის ორი თითი კი ღრმად ჩაუყავით ყელში და გაამოძრავეთ. თითების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზი, რომელიც ენის ძირს უნდა დააჭიროთ.

შემდგომი ნაბიჯები კი ასე გამოიყურება: 

  • არაფერი აჭამოთ ბავშვს;
  • დაალევინეთ ბევრი სითხე, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს;
  • ასვით ხშირ-ხშირად და თითო ჯერზე მხოლოდ რამდენიმე ყლუპი;
  • ოპტიმალური სითხე დასალევად არის რეგიდრონი და მისი მსგავსი ხსნარები, ასევე მინერალური წყალი, ჩაი, კომპოტი;
  • არ დაატკბოთ სითხეები;
  • თუ ბავშვი უარს ამბობს თქვენ მიერ შეთავაზებულ სასმელზე, მიეცით მას ის, რისი დალევაც თავად უნდა, ოღონდ შეეცადეთ, რომ ეს გამჭვირვალე, უფერო სითხე იყოს - მაქსიმალურად გააზავეთ მუქი ფერის კომპოტები და წვენები წყალში;
  • მიეცით ბავშვს გააქტიურებული ნახშირი სხეულის წონის გათვალისწინებით: 1 გ/1 კგ-ზე;
  • თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს, მიეცით ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები.

კვებითი მოწამვლის პროფილაქტიკა - რამდენიმე რჩევა

მიაჩვიეთ ბავშვი ელემენტარულ ჰიგიენას — ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩიდან დაბრუნების მერე და ა.შ. ხელების დაბანას;

ხშირად შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ახლით; გახსოვდეთ! ის შეიძლება იქცეს ბაქტერიების წყაროდ.

სადილის მომზადებისას, თუ ხელებზე რაიმე ჭრილობა გაქვთ, აუცილებლად დაიკარით ზედ ლეიკოპლასტირი ან ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები;

აღარ გაყინოთ ხელმეორედ ერთხელ უკვე გალღობილი ხორცეული;

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის ვარგისიანობის ვადას.

115
თემები:
ექიმი გირჩევთ (135)

თუ ვინმემ სკანდალი მოგიწყოთ: როგორ დავაშოშმინოთ „თავდამსხმელი“ ფსიქოლოგის რჩევები

137
(განახლებულია 22:33 17.06.2021)
გთავაზობთ ფსიქოლოგების რამდენიმე რჩევას, რომლებიც ყველაზე აგრესიული სკანდალისტის დაწყნარებაშიც კი დაგეხმარებათ.

ალბათ ბევრი თქვენგანი შესწრებია უსიამოვნო სცენას ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ მაღაზიაში, როდესაც რომელიმე სკანდალისტი უმიზეზოდ (ან მიზეზით) იწყებს ყვირილსა და ჩხუბს ვინმესთან. ხშირად ასეთი „თავდამსხმელის“ დაწყნარება ძალიან რთულია — სანამ ბოლომდე არ გადმოაფრქვევს აგრესიას, მისი დაშოშმინება ვერა და ვერ ხერხდება. 

გამორიცხული არ არის, ასეთი სკანდალისტის მსხვერპლი თქვენც გამხდარიყავით ოდესმე, ან მომავალში გახდეთ. და იმისათვის, რომ ზედმეტი ნერვიულობა თავიდან აირიდოთ და თანაც სეირის მონაწილე არ გახდეთ, საჭიროა იცოდეთ რამდენიმე ფსიქოლოგიური ხრიკი, რაც მოჩხუბრის სწრაფად „განეიტრალებაში“ დაგეხმარებათ. 

ქვემოთ ასეთ შემთხვევებში თანმიმდევრულად გადასადგმელ რამდენიმე ნაბიჯს გაგაცნობთ. 

ნაბიჯი 1: სიმშვიდე

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არავითარ შემთხვევაში არ გამოავლინოთ მწვავე რეაქცია. კონფლიქტში უკვე არის ერთი მხარე, რომელიც ისტერიკაშია. ამიტომ თქვენ, როგორც სკანდალის განელების მოთავემ, უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

ნაბიჯი 2: წარმოიდგინეთ ბავშვი

წარმოიდინეთ, რომ თქვენ წინ ბავშვი დგას, რომელიც რაღაცითაა შეწუხებული. ხომ არ გაუბრაზდებით პატარას იმის გამო, რომ მას რაღაც აშფოთებს? პირიქით, შეეცდებით მშვიდად ჰკითხოთ, რითია უკმაყოფილო.

ჰოდა, ასე მოექეცით სკანდალისტსაც. გვერწმუნეთ, დიდები პატარებისგან ბევრით არ განსხვავდებიან.

ნაბიჯი 3: ნელი საუბარი

ნელი საუბარი სიმშვიდის ნიშანია. სიმშვიდე კი საღად აზროვნებას ნიშნავს. როგორ უნდა გადართოთ მყვირალი მშვიდ ნოტებზე? მოწოდება „შეწყვიტეთ ყვირილი“ არ გიშველით. ჯობს ამ დროს გამოიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად: „გეთაყვა, ნელა მითხარით, რა გნებავთ და იქნებ დაგეხმაროთ“.

გვერწმუნეთ, ეს მუშაობს!

იმიტომ, რომ ამ დროს იმსხვრევა ადამიანის გონებაში ფესვგადგმული შაბლონი, რომ საპირისპირო მხარემაც ყვირილით უნდა დააბრუნოს პასუხი. და როცა თქვენ კი არ აყვირდებით, პირიქით, მშვიდად დაუსვამთ სკანდალისტს იმგვარ შეკითხვას, როგორიც ზემოთ შემოგთავაზეთ, ის „განელდება“.

ნაბიჯი 4: აიძულეთ დაფიქრდეს

სკანდალისტი დამშვიდდა და ახლა საჭიროა აიძულოთ ის, რომ დაფიქრდეს. ჰკითხეთ მას, როგორ უნდა მოიქცეთ მისი აზრით, ანუ რა უნდა გააკეთოთ თქვენ. ისიც დაფიქრდება და ამასობაში კიდევ მეტად დაცხრება.

ნაბიჯი 5: შეწყვიტეთ ახსნა

ჩვენი ერთ-ერთი დიდი შეცდომა ისაა, რომ მსგავს ვითარებაში რაღაცეების ახსნას ვიწყებთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ არაფრის ახსნა. ამას აზრი არ აქვს. „თავდამსხმელი“ ნებისმიერ შემთხვევაში აღიქვამს ამას მასთან ბრძოლის ფარულ ფორმად. რატომ? იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის ბრძოლის შეფარული ფორმა.

ჯობს კი არ ამტკიცოთ და ახსნათ რამე, არამედ კითხვები დაუსვათ მოჩხუბარს.

ნაბიჯი 6: ნუ დაადანაშაულებთ

განაგრძეთ საუბარი ისე, რომ მოწინააღმდეგეს ბრალი არაფერში დასდოთ. ეს განაახლებს კონფლიქტს. ჯობს სათქმელი დაიწყოთ სიტყვებით „კარგი იქნებოდა, თუ... “ დაე, თქვენი ნათქვამი ისე ჟღერდეს, როგორც სურვილი.

ნაბიჯი 7: დაასრულეთ კამათი

აუცილებელია, რომ თქვენი ბოლო ფრაზა ისე ჟღერდეს, რომ ეს დამღლელი მარათონიდან გასვლას ჰგავდეს. მერე კი ბოლო სიტყვის თქმის უფლება სკანდალისტს დაუტოვეთ.

გვერწმუნეთ, თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ და ამის მიხედვით იმოქმედებთ, კონფლიქტის ყველა თვითმხილველი თქვენს მხარეზე იქნება. შესაბამისად, თქვენი თავმოყვარეობა არ დაზარალდება.

137
თემები:
სასარგებლო რჩევები
შოთა არველაძე

შოთა არველაძე: ბავშვობაში „მზიურიდან“ კარი მოვიპარეთ

0
(განახლებულია 16:34 19.06.2021)
შოთა არველაძე იხსენებს ბავშვობას და იმდროინდელ ამბებს, როდესაც სკოლის მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ არ უშვებდნენ.

 

არველაძე
„ჩვენთან დიდი საფეხბურთო მოედანი იყო, რომელსაც  კარი არ ჰქონდა. ქვემოთ კი, „მზიურთან“ რომ მოედანი იყო, კარი იყო. იმ მოედანზე არავინ თამაშობდა, ამიტომ ვიფიქრეთ  რაში სჭირდებათ–თქო და ის კარი წამოვიღეთ“,- იხსენებს შოთა არველაძე.

არველაძის თქმით, მათთან სახლში უცნობი მამაკაცი მივიდა და მომხდარი ფაქტის შესახებ დედას უამბო.

0