შიში

ამოიცანით და შეაჩერეთ: პანიკის შეტევა ნიშნები და შეჩერების მეთოდები

196
(განახლებულია 22:40 22.04.2021)
არიან ადამიანები, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი, რომლებიც ხშირად განიცდიან შიშისა და შფოთვის აუხსნელ, მტანჯველ გრძნობას. ეს პანიკის შეტევაა, რომელიც, როგორც წესი, მძიმე სტრესების სერიების შემდეგ იწყება.

კარგი ამბავი კი ისაა, რომ მასთან გამკლავება შესაძლებელია. ამისათვის საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.

რა არის პანიკის შეტევა?

არსებობს თეორია, რომ პანიკის შეტევა უძველესი ადამიანებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით. მათი ორგანიზმი მტაცებელთან შეხვედრისას ან ბუნებრივი საფრთხის წინაშე აღმოჩენისას თავისებურად ემზადებოდა, რათა ან გაქცეულიყო და ან თავდასხმას გამკლავებოდა: უხშირდებოდა სუნთქვა, უჩქარდებოდა რეფლექსები, გამოეყოფოდა დიდი რაოდენობით ოფლი. ეს ყველაფერი გადარჩენის მექანიზმი იყო. ახლა კი მსგავსი რეაქცია გვაქვს ნებისმიერ სტრესზე — მაშინაც კი, როცა ჩვენს სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

პანიკის შეტევის ნიშნებია:

  • ტაქიკარდია, ანუ გულის შეკუმშვათა გახშირება
  • ჰიპერგიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა
  • ჟრჯოლა სხეულში, კუნთების კანკალი
  • მოვლენითი წამოხურება
  • ტრემორი, ანუ მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალი
  • სუნთქვის გართულება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება
  • ასფიქსია
  • ტკივილები გულ-მკერდის მარცხენა ნაწილში
  • მუცლის ტკივილი
  • დიარეა ან ფაღარათი
  • გულისრევის შეგრძნება
  • ხშირი შარდვა
  • ყელში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება
  • კიდურების გახევების შეგრძნება
  • სიარულის გართულება
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლისწინა მდგომარეობა
  • მაღალი არტერიული წნევა.

გარდა ამისა, პანიკის შეტევას ხშირად თან ახლავს ფსიქოლოგიური დისკომფორტი და ქცევითი დარღვევები:

  • დეპერსონალიზაცია - ანუ როდესაც პიროვნება კარგავს „მეს“ აღქმის უნარს და საკუთარ სხეულსა თუ განცდებს უცხოდ აღიქვამს;
  • ჭკუიდან შეშლილობის, შიზოფრენიის, საკუთარ ქცევებზე კონტროლის დაკარგვის აკვიატებული შიში;
  • ტანატიფობია, ანუ სიკვდილის შიში;
  • უძილობა ან წყვეტილი ძილი, კოშმარები.

რა მოვუხერხოთ პანიკის შეტევას?

არ იღელვოთ! ასეთი შეტევებისას არანაირი რეალური საფრთხე არ გემუქრებათ. სინამდვილეში პროცესი თავადვე შეგიძლიათ გააკონტროლოთ.

ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგები გირჩევენ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სტრესისთვის თავის არიდებას ვერ ახერხებთ და, შესაბამისად, პანიკის შეტევა გეწყებათ.

მედიკამენტოზური თუ ფსიქოთერაპიული მკურნალობის გარდა, ადამიანს თვითონაც შეუძლია დაეხმაროს საკუთარ თავს პანიკის შეტევების შეჩერებაში. მთავარია ამ დროს გაიაზროთ, რომ მისი შეჩერება დიდწილად თავად თქვენზეა დამოკიდებული, და შეეცადოთ – დამშვიდდეთ.

ამისათვის:

  • შეისხით სახეზე, ყელსა და ხელებზე ცივი წყალი;
  • გახსენით ერთ ჭიქა ცივ წყალში ორი ჩაის კოვზი შაქარი და დალიეთ;
  • დაჯექით მოხერხებულად;
  • ათჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნებისმიერ „ჭურჭელში“, იქნება ეს პარკი, პლასტმასის ბოთლი თუ ერთმანეთთან პეშვად მიტყუპებული ხელისგულები;
  • შეეცადეთ გაიღიმოთ ან უბრალოდ მიაღებინოთ სახეს გაღიმებული გამომეტყველება;
  • ხმამაღლა ან გულში წარმოთქვით წინასწარ მომზადებული დადებითი ტექსტი, ან სულაც ლოცვა;
  • შეეცადეთ ყურადღება შინაგანი შეგრძნებებიდან გარე ობიექტებზე გადაიტანოთ და მათზე იფიქროთ.
გახსოვდეთ! პანიკის შეტევას, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ის, არავითარ შემთხვევაში არ მოსდევს ლეტალური შედეგი, ანუ სიკვდილი. ეს შეუძლებელია!
196
თემები:
ექიმი გირჩევთ (117)
ნახშირი

როდის, რატომ და როგორ მივიღოთ გააქტიურებული ნახშირი

71310
(განახლებულია 09:17 16.05.2021)
ეს უნიკალური პრეპარატი ისრუტავს ადამიანის სხეულში მავნე ნივთიერებებს, იცავს ორგანიზმს ალკოჰოლის მიღებისას, ეფექტური საშუალებაა წონაში დასაკლებად, სასწრაფო დახმარება – საკვებით მოწამვლის დროს.

გააქტიურებული ნახშირის, როგორც სამკურნალო საშუალების პოპულარობა ახალი, უფრო ეფექტური ბაქტერიციდული პრეპარატებისა და შემდეგ უკვე ანტიბიოტიკების გამოჩენის შემდეგ შემცირდა, თუმცა ეს პრეპარატი დღემდე ყველაზე ეფექტურ არასპეციფიკურ ანტიდოტად (შხამსაწინააღმდეგო საშუალება) მიიჩნევა. სულ 1 გრამ გააქტიურებულ ნახშირს შეუძლია შეაკავოს 800 მილიგრამი მორფინი, 700 მგ ბარბიტალი, 300–350 მგ სხვა ბარბიტურატები და ალკოჰოლი.

გააქტიურებული ნახშირის საშუალებით ებრძოდნენ და ახლაც ებრძვიან საკვებით მოწამვლას, მძიმე ლითონების მარილებით ინტოქსიკაციას, მძიმე ინფექციურ დაავადებებს – დეზენტერიას, ქოლერას, მუცლის ტიფს.

გააქტიურებული ნახშირი დიდი ხანია ცნობილია, როგორც საკვებთან და სასმელთან ერთად ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების "მშთანთქველი" უნიკალური თვისებების მატარებელი საშუალება. გააქტიურებული ნახშირი – ესაა სორბენტი, რომელიც იწოვს უფრო მცირე მოლეკულარული აგებულების მქონე ნივთიერებებს. ის აბსოლუტურად უვნებელია.

გააქტიურებული ნახშირის დასამზადებლად იყენებენ ტორფს, ქვისა და ხის ნახშირს, სხვა მცენარეულ ნივთიერებებს. მას უჰაერო სივრცეში ახურებენ, შემდეგ დამატებით ქიმიურად ამუშავებენ. გააქტიურებული ნახშირის ფოროვანი სტრუქტურა აძლიერებს ადსორბციის (შთანთქვის) პროცესს. ფორები პრეპარატის მოქმედებას უფრო გამოხატულს ხდის, აქედანაა მისი დასახელებაც – გააქტიურებული.

ამ საშუალებას შეუძლია გადაარჩინოს ორგანიზმი საკვებით მოწმვლისგან, რადგან აქრობს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენს სხეულში უხარისხო საკვების მიღების შედეგად ჩნდება. გააქტიურებული ნახშირი შეუცვლელი დამხმარე საშუალებაა მოგზაურობის დროს. თუ ადამიანის ორგანიზმში ნაწლავის მიკრობები შეიჭრა, ეს პრეპარატი ამ მიკრობების მავნე ზემოქმედებას "თავის თავზე იღებს".

თუ შეატყვეთ, რომ მოიწამლეთ, პირველივე ნიშნებისას მიიღეთ 2–4 აბი გააქტიურებული ნახშირი. აბები შეგიძლით კიდევ მიიღოთ, მაგრამ მხოლოდ 2 საათის გასვლის შემდეგ. რადგან ეს ნივთიერება არ იწვევს მიჩვევას და არ კლავს ნაწლავების ბუნებრივ მიკროფლორას, როგორც ეს ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ ხდება, მისი გამოყენება შესაძლებელია, სანამ არ გაქრება მოწამვლის ნიშნება(ღებინება, დიარეა). გააქტიურებული ნახშირის მიღება ოთხ დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ ღირს.

გააქტიურებული ნახშირის გამოყენება ეფექტურია ალკოჰოლური სასმელის მიღებისას. პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ უშუალოდ სპირტიანი სასმელის მიღების წინ – ერთი აბი სხეულის წონის 20 კილოგრამზე (ანუ, თუ ადამიანი, მაგალითად, 60 კილოგრამს იწონის, უნდა მიიღოს 3 აბი). წვეულების დასრულების შემდეგ ასევე შეიძლება აბების მიღება, ოღონდ გაზრდილი დოზით – 1 აბი 10 კილოგრამზე. აბები უნდა მიიღოთ სუფთა, არაგაზირებული დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.

გააქტიურებული ნახშირი მიჩნეულია, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება ნაწლავების გასაწმენდად. მისი მიღება განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ, კერძოდ, "არეულობა" ნაწლავებში ("დუღილის" შეგრძნება) და მეტეორიზმი (მუცლის შებერვა, აირების დაგროვება). ძლიერი მეტეორიზმისას მოზრდილებში რეკომენდებულია ერთი აბი ყოველ 10 კილოგრამ წონაზე, გადანაწილებული დღე–ღამეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე (მიიღეთ სუფთა წყლით) სამი–შვიდი დღის განმავლობაში.

გააქტიურებული ნახშირი ასევე შიძლება გამოიყენოთ დისპეპსიის (მოუნელებლობა), კოლიტის, დიარეის, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს.

ამ უნიკალურ პრეპარატს, გარდა ორგანიზმის გაწმენდისა და საკვებით მოწამვლისას პირველი დახმარებისა, თქვენი კანის სილამაზის შენარჩუნებაც შეუძლია. გააქტიურებულ ნახშირზე დამზადებული მასალა კანის ისეთი პრობლემებისგან დაცვაში გვეხმარება, როგორიცაა აკნე და დერმატიტი. ხშირაც სახის კანის ანთებითი პროცესის განვითარების მიზეზი შეიძლება არასწორი კვება გახდეს. ამ პრეპარატის მიღებით არასწორი კვების შედეგები შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს, ხოლო თუ დაიცავთ კვების სწორ რეჟიმს, თქვენს რაციონში შეამცირებთ ტკბილეულს, მარილიანს, შებოლილ საკვებსა და გაზიან სასმელებს, პრობლემაც მოიხსნება.

გააქტიურებული ნახშირის გამოყენებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არა მარტო იწოვს მავნე ნივთიერებებს, არამედ ასევე აბრკოლებს სამკურნალო პრეპარატების ათვისებას, განსაკუთრებით ეს ეხება ანტიდეპრესანტებსა და საძილე საშუალებებს. თუ რაიმე წამალს იღებთ, მედიკამენტისა და გააქტიურებული ნახშირის მიღებას შორის მინიმუმ ექვსსაათიანი შუალედი უნდა დაიცვათ.

ასევე, გააქტიურებული ნახშირი იწოვს საკვებ ელემენტებსაც – გლუკოზას, ამინომჟავებს, ვიტამინებს, საკვების მინერალურ შემადგენლობას და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამიტომ ნახშირი ორგანიზმის გასაწმენდად უნდა მიიღოთ საკვების მიღების შუალედებში. როგორც წესი – ჭამამდე ორი საათით ადრე ან შემდეგ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ გააქტიურებულ ნახშირს დიდხანს იყენებთ (ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე ის ოთხ დღეზე მეტხანს არ უნდა მიიღოთ), ამან, შესაძლოა, ვიტამინებისა და მინერალების ათვისებაზე ცუდად იმოქმედოს.

ასევე, ამ უვნებელ პრეპარატსაც აქვს უკუჩვენებები. გააქტიურებული ნახშირი არ არის რეკომენდებული ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები აქვს. ასევე არ შეიძლება მისი გამოყენება ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებთან ერთად.

ამას გარდა, გააქტიურებული ნახშირის დიდხანს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, ორგანიზმში ცხიმების, ცილებისა და ვიტამინების მკვეთრი შემცირება.

უფრო ეფექტური იქნება, თუ გააქტიურებული ნახშირის აბებს მიღების წინ დაფშვნით და ნახევარ ჭიქა წყალში გააზავებთ. შესაძლებელია მისი დაღეჭვა და წყლის შემდეგ მიყოლება, მაგრამ პრეპარატის ეფექტურობა რამდენადმე ნაკლები იქნება და მისი ქმედება უფრო გვიან გამოვლინდება.

გაითვალისწინეთ: თუ გააქტიურებულ ნახშირს ორგანიზმის გაწმენდისთვის იყენებთ, დოზა უნდა შეადგენდეს: 1 აბი 10 კგ სხეულის წონაზე; დღიურ ნორმას ყოფენ ორ ან სამ მიღებაზე, აბებს იღებენ ჭამამდე ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსია სამიდან შვიდ დღემდე.

გააქტიურებულ ნახშირს ხშირად მიმართავენ წონაში დაკლებისთვის. დოზა იგივეა – 1 აბი სხეულის წონის 10 კგ–ზე. აბებს იღებენ უზმოდ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ან ანაწილებენ და ჭამამდე ერთი საათით ადრე რამდენჯერმე იღებენ. პარალელურად, ნახშირის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იღებენ ვიტამინებს (ჰიპოვიტამინოზის თავიდან ასაცილებლად). გახდომისთვის ნახშირის აბების გამოყენების ხანგრძლივობაა მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 14 დღე.

გააქტიურებულ ნახშირს შეუძლია არა მხოლოდ ორგანიზმის, არამედ წყლის გაწმენდაც. აბსორბენტი შეისრუტავს ქლორს, მძიმე ლითონებსა და სხვა ქიმიურ მინარევებს, რომლებიც შეიძლება წყალში იყოს. წყლის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პრეპარატის ფხვნილი, ისე აბები. მათი რაოდენობა წყლის დაბინძურებაზეა დამოკიდებული. ნახშირის დახმარებით ერთგვარ მფილტრავ ფენას ვიღებთ. ის წყალში უნდა გააჩეროთ არაუმეტეს 30 წამისა. ას გრამ გააქტიურებულ ნახშირს 200 მილილიტრი წყლის გაწმენდა შეუძლია. სუფთა წყალი ადამინის ჯანმრთელობის უპირველესი საწინდარია. ამიტომ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველი შემთხვევისთვის, წაიღეთ თან აქტივირებული ნახშირი.

71310
მინერალური წყალი

ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები

37385
(განახლებულია 09:13 16.05.2021)
საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, რომლებიც ბალნეოლოგიური მიზნით და სამრეწველო ჩამოსხმისთვის გამოიყენება. "Sputnik–საქართველო" მინერალური წყლების ყველაზე პოპულარულ სახეობებზე მოგითხრობთ.

თერმული და მინერალური წყლების უნიკალური თვისებები ძველი დროიდან არის ცნობილი — ადგილობრივი მცხოვრებნი მათ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

მრავალი თერმული და მინერალური წყაროს ბაზაზე საკურორტო ზონებია გახსნილი. აღსანიშნავია, რომ სანატორიული მკურნალობა საქართველოში, სადაც რბილი კლიმატია, სუფთა ჰაერი, თერმული წყაროები და სამკურნალო ტალახი — ევროპის კურორტებზე ძვირადღირებული დასვენების შესანიშნავი ალტერნატივაა.

„ბორჯომი"

"ბორჯომის" სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ძველ ეპოსშია აღწერილი. ცნობები ამ სასწაულმოქმედი წყლის წყაროების შესახებ 1500 წელზე მეტს ითვლის.

"ბორჯომი" — საშუალო მინერალიზაციის, სუფრის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატული, სამკურნალო მინერალური წყალია. წყაროები საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარეობს.

მინერალური წყალი ბორჯომი
მინერალური წყალი "ბორჯომი"

სხვა ანალოგიური მინერალური წყლებისგან განსხვავებით "ბორჯომი" მიწის ზედაპირთან გაცივებას ვერ ასწრებს და თბილი ამოდის (38–41 გრადუსი ცელსიუსით), "გზადაგზა" ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის.

მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, თირკმლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული ქვის აბაზანები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისშია აღმოჩენილი, მოწმობს, რომ მინერალური წყაროები საბანაოდ ძველი დროიდან გამოიყენებოდა.

ქართველი ისტორიკოსების კვლევების თანახმად, ბორჯომის ხეობის მინერალური წყლები I საუკუნიდან XVI საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა, მაგრამ შემდეგ ისინი დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

წყარო აღადგინეს XIX საუკუნის დასაწყისში ხერსონის პოლკის გრენადერების წყალობით, რომლებმაც წყარო მდინარე ბორჯომის მარჯვენა ნაპირზე აღმოაჩინეს. უკვე 1850 წელს იქ მინერალური წყლების პირველი პარკი გაშენდა, ხოლო 1854 წელს პირველი ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.

კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა — რომანოვების სასახლე აიგო.

მინერალური წყლის წყარო ბორჯომში
© Sputnik / Alexander Imedashvili
მინერალური წყლის წყარო ბორჯომში

ეს უნიკალური ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების მტკვრისა და ბორჯომულას ხეობაში მდებარეობს.

„ნაბეღლავი"

"ნაბეღლავის" უნიკალური მინერალური წყაროები თავისი სამკურნალო თვისებებით "ბორჯომს" არაფრით ჩამოუვარდება.

"ნაბეღლავი" — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია. წყარო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 475 მეტრის სიმაღლეზე.

ნაბეღლავი
ნაბეღლავი

სპეციალისტთა მტკიცებით, "ნაბეღლავის" რეგულარული მოხმარება წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებისგან და მას საჭირო მინერალებით ამდიდრებს.

წყლის მაგნიუმის იონის მაღალი შემცველობა დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. ქლორის დაბალი შემცველობა წყლის სამკურნალო ეფექტს საგრძნობლად ზრდის, ხოლო სულფატების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მკურნალობისას.

მინერალების უნიკალური კომპლექსის წყალობით "ნაბეღლავი" შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ეფექტურია მომნელებელი სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დაავადებების მკურნალობის დროს.

მინერალური წყალი ნაბეღლავის წარმოება
მინერალური წყალი "ნაბეღლავის" წარმოება

"ნაბეღლავის" ისტორია 1905 წელს იწყება. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივებმა ყურადღება მიაქციეს წყაროს, რომლის წყალს ხარები ეტანებოდნენ. საბადოს პირველი კვლევა 1921 წელს ლატვიელმა მეცნიერმა რობერტ კუპცისმა ჩაატარა.

სოფელ ნაბეღლავში კურორტის დაარსების შემდეგ, 1958 წელს წყლის სამრეწველო ჩამოსხმა დაიწყო. მინერალური წყლების ადგილობრივი ქარხნის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი 1998 წელს დაიწყო, როდესაც წარმადობა და პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა.

„საირმე"

პირველი წერილობითი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის ირგვლივ კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.

ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილზე ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ ჩერდებოდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. "ჯადოსნური" ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

1930-იან წლებში საირმეს კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აშენდა პირველი სანატორიუმები, დაიწყო ინფრასტრუქტურის გამართვა. 40-იან წლებში დასრულდა საავტომობილო გზის მშენებლობაც, რომლითაც კურორტი ქალაქ ბაღდათს (მაშინდელ მაიკოვსკის) დაუკავშირდა.

სამკურნალო ფაქტორია "ნარზანის" ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყარო №1 და №3) და "ბორჯომის" ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი (ბურღილი №4 და №5) მინერალური წყალი "საირმე". კურორტ საირმეში არის სანატორიუმი, დასასვენებელი და საკურორტო პოლიკლინიკა.

მინერალური წყალი საირმე
მინერალური წყალი "საირმე"

ამჟამად კურორტზე 390 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმრო ფუნქციონირებს, რაც საირმის ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს.

გარდა ამისა, განხორციელდა საირმის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს სპა–ცენტრი, რომელიც უახლესი გერმანული აპარატურით არის აღჭურვილი და დამსვენებლებს ყველა ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს.

„ბაკურიანი"

"ბაკურიანი" — ბუნებრივი დაბალმინერალიზებული წყალი, გაჯერებული ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით. სპეციალისტთა აზრით, ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად საუკეთესო წყალია, რადგან ორგანიზმის წყლის ბალანსს არეგულირებს. ამ წყლის ხშირი მოხმარება ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ააქტიურებს.

ბაკურიანი
© photo: Sputnik / Роман Денисов
ბაკურიანი

მინერალური წყლის წყაროები, რომლებიც სამკურნალო თვისებებით "ბორჯომს" არ ჩამოუვარდებიან, წაღვერში მდებარეობს.

"ბაკურიანი" ხასიათდება კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის მინიმალური კონცენტრაციით და უმნიშვნელო რაოდენობით ფტორისა და იოდის იონებს შეიცავს.

რეკომენდებულია ბავშვთა კვებაში, რადგან ეს ერთადერთი ქართული წყალია, რომელმაც გიორგი ნათაძის სახელობის ინსტიტუტის სანიტარული და ჰიგიენური სერტიფიკატი მოიპოვა.

სასმელი წყალი ბაკურიანი
სასმელი წყალი "ბაკურიანი"

თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის საუკეთესოა აქტიური ადამიანებისთვის.

„ლუგელა"

სამკურნალო წყალი "ლუგელა" — უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იანი მინერალური წყალია, გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი, რომელიც მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზეც არ იყინება.

მინერალური წყალი ლუგელა
მინერალური წყალი "ლუგელა"

"ლუგელას" წყაროები მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სააფთიაქო ქსელისთვის "ლუგელას" ჩამოსხმა 1946 წელს დაიწყო. მისგან ამზადებენ კბილის პასტა "ლუგელას", იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.

„ზვარე"

იოდით მდიდარი მინერალური წყალი "ზვარე" გამოიყენება მომნელებელი სისტემის, ღვიძლის, სანაღვლე გზების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

საბადო მდებარეობს იმერეთში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე, სოფლების ზვარესა და ჩრდილის საზღვარზე.

"ზვარე", როგორც სხვა სამკურნალო წყაროები, აღმოჩენილია გონიერი ცხოველების წყალობით. გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა.

მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარეს წყლის უნიკალურობა დაადასტურა.

1934 წელს დაიდგა პირველი ჭაბურღილი, ხოლო ორი წლის შემდეგ დაიწყო მინერალური წყლის ჩამოსხმა.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეს წყალი საბჭოთა რესპუბლიკებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1980 წლის ოლიმპიადაზე "ზვარე" სპორტსმენების სუფრის ოფიციალური წყალი იყო, რაც მისი უნიკალური თვისების — ფიზიკური დატვირთვების დროს ორგანიზმში მინერალების აღდგენის დამსახურება იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოსასხმელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა. ჩამოსხმა კვლავ განახლდა 2010 წელს – ტექნიკური გადაიარაღების და კონსტრუქციული სამუშაოების ჩატარების შემდეგ.

წყალტუბო

"ცოცხალი წყალი" — თერმულ–რადონული მინერალური წყლები, რომლითაც განთქმულია კურორტი წყალტუბო, მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე.

ეს მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც კერ კიდევ VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი. კურორტის მინერალურ წყაროებში აღმოჩენილია ბიოაქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მანგანუმი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი, რომლებიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

წყალტუბო
წყალტუბო

წყალტუბოს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები უნიკალურია — წყაროდან თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი, უსუნო წყალი წინასწარი გათბობის გარეშე პირდაპირ აბაზანებში მიედინება.

კურორტის მინერალური წყაროები ძირითადად აბაზანების მისაღებად და ინჰალაციებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ბუნებრივი რადონული წყლები სულ უფრო ხშირად სასმელად გამოიყენება.

რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.

მან კარგი შედეგები აჩვენა რიგი დაავადებების სამკურნალოდ — ხერხემლის ოსტეოქონდროზის, ფსორიაზის, ნეროდერმიტის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, ბეხტერევის დაავადების, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს მიომის, უშვილობის ზოგიერთი ფორმების, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჭარბწონიანობის და სხვა დაავადებების დროს.

რადონოპროფილაქტიკა ითვალისწინებს რადონოთერაპიის კურსის ყოველწლიურ გამოყენებას საერთო გაჯანსაღების, ანტიინფექციური და ანტისიმსივნური იმუნიტეტის ამაღლების მიზნით.

ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი წყალტუბოში
© facebook.com/GaribashviliOfficial
ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი წყალტუბოში

სამკურნალო თვისებები ახასიათებს ასევე იქაური კარსტული მღვიმეების მიკროკლიმატს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ბრონქიალური ასთმით, სტენოკარდიით, ჰიპერტონიით, ქრონიკული პნევმონიით და ნევროზებით დაავადებულ ადამიანებზე.

წყალტუბოში სამკურნალოდ პერიოდულად სტალინიც დადიოდა. წყალტუბოში სამედიცინო ყავარჯნებისა და ხელჯოხების უნიკალური მუზეუმი არსებობს. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ (25–30 აბაზანის მიღების შემდეგ) ბევრი ტოვებდა იქ თავის დამხმარე საშუალებებს, რომლებიც მათთვის უსარგებლო გახდა.

ამჟამად საკურორტო ზონის განახლება მიმდინარეობს — ადგილზე განვითარდება სამედიცინო და სპა ტურიზმი, აშენდება ბავშვთა გასართობი ცენტრი და წყლის ატრაქციონები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ტროპიკული ბაღები.

შოვი

შოვის მინერალურ წყაროებში, რომელიც საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება (1600 მეტრი), რამდენიმე სახეობის სამკურნალო წყალია.

„დარასუნი" — დაბალმინერალიზებული ჰოდროკარბონატული კალციუმიანი წყალია. მას რბილი და სასიამოვნო გემო აქვს და ყოველდღიური მოხმარებისთვის არის გამოსადეგი. "ბორჯომი–უწერას" წყალი ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან წყლებს განეკუთვნება და მას ყველაზე მაღალი მინერალიზაცია ახასიათებს.

შოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ. კურორტზე ფუნქციონირებს სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სპა–სალონები. ახლახან აქ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "სანსეტ შოვი" აშენდა.

კურორტი შოვი ექიმ შამშე ლეჟავას წყალობით გაიხსნა, რომელიც დაიბადა სოფელ წკადისში, სამედიცინო განათლება კი ვენაში 1905–1910 წლებში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ექიმმა დაათვალიერა ცნობილი ევროპული კურორტები — დავოსი, ბადენი, აპანდები, ვალენზეე, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, რათა სამშობლოში შეექმნა კურორტი, რომელიც ევროპულებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

„ლიკანი“

უნიკალური ბუნებრივი სუფრის სამკურნალო წყალი, გაჯერებული ქიმიური ელემენტებით, ზომიერად შეიცავს მინერალურ–იონურ კომპლექსს.

მისი თავისებურებაა — ჰიდროკარბონატების, მაგნიუმის და კალციუმის განუმეორებელი თანაფარდობა. "ლიკანი" უხვად არის გაჯერებული ბუნებრივი გაზით და იდეალურად კლავს წყურვილს.

რომანოვების სასახლე ლიკანში
რომანოვების სასახლე ლიკანში

ნახშირორჟანგის დახმარებით მინერალური წყალი 1500 მეტრის სიღრმიდან ამოდის და მას განუმეორებელ და მსუბუქ გემოს ანიჭებს. წყაროები ბორჯომის ხეობაში ზღვის დონიდან 810 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

„მიტარბი“

მინერალური წყალი „მიტარბის“ საბადო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბის მახლობლად, მდინარე მიტარბულის ხეობაში მდებარეობს. მის ჩამოსხმას ბორჯომის №1 ქარხანა ახორციელებს.

მინერალური წყალი მიტარბი
მინერალური წყალი "მიტარბი"

ეს მინერალური წყალი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღვლმდენი და შარდმდენი გზების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების, ქრონიკული პანკრეატიტის დროს.

„ბახმარო“

დაბალმინერალიზებული სასმელი წყალია, რომლის ქიმიურ შემადგენლობაში ჭარბობს ორგანიზმისთვის სასარგებლო ჰიდროკარბონატი და კალციუმი. ის ბუნებრივი ჟანგბადით არის მდიდარი და მას განუმეორებელი რბილი გემო ახასიათებს.

"ბახმაროს" წყარო ქარხნიდან 1,5 კილომეტრში მდებარეობს და წყალი ქარხანაში მილსადენით მიედინება, სადაც ის ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს მისი საწყისი ქიმიური შემადგენლობა არ იცვლება.

დაშვებულია და რეკომენდებულია წყლის გამოყენება ბავშვთა კვებაში.

„ძუღური“

მინერალური წყალი "ძუღური" ლეჩხუმში მდებარეობს. მოსახლეობის ფართო მასებისთვის ის მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გახდა ცნობილი, თუმცა ადგილობრივები მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებზე გაცილებით ადრე იყვნენ ინფორმირებული.

დღეისათვის მინერალური წყალი "ძუღური" საფუძვლიანად არის შესწავლილი. ცნობილია, რომ ის დაბალმინერალიზებული წყალია, ამიტომ მისი მიღება, სხვა მინერალურ წყლებთან შედარებით, ჩვეულებრივი სასმელი წყლის მაგივრადაც არის შესაძლებელი.

კვლევების საფუძველზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მინერალურ წყალ "ძუღურს" მიენიჭა სამკურნალო წყლის კატეგორია. მინერალური წყალი "ძუღური" ეფექტურია: დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინადეფიციტური ანემიისა და პოდაგრის დროს. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს, ასევე "ძუღური" კარგია ბავშვებისთვისაც.

მინერალური წყალი “ძუღური”
მინერალური წყალი “ძუღური”

ბუნებას საოცარი სიზუსტით აქვს შერჩეული წყალში შემავალი ქიმიური ელემენტები, რომლებიც ერთობლიობაში უნიკალურ რეცეპტს ქმნის. "ძუღურის" შემადგენლობა განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ინსულინის სინთეზს და მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას, არეგულირებს ცხიმოვან, ნახშირწყლოვან და მარილოვან ცვლას. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ასეთ უნიკალურ მინარალურ წყალს რატომ არ უკავია ადგილი სხვა ცნობილ მინერალური წყლების ბრენდებს შორის? ამის მიზეზი "ძუღურის" მცირე დებეტია, რის გამოც მის მიმართ კომერციული ინტერესი დაბალია. წყალს იმდენად მცირე დებეტი აქვს, რომ ექსპორტზე მისი გატანა უაზრობაა, უფრო მეტიც, შიდა ბაზრის სრულად უზრუნველყოფისთვისაც არ არის საკმარისი. ამას ისიც ემატება რომ წყლის სათავე ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზეა და საკმაოდ მიუწვდომელ ადგილზეა. მიუხედავად ამისა, წყალი იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანები წყლის სათავემდე ცხენებით ან სპეციალური მანქანებით ადიან, კარვებს შლიან და კვირაობით რჩებიან რათა "ძუღური" დალიონ და იმკურნალონ.

 

 

სტატიაში გამოყენებულია ინტერნეტში არსებული ღია წყაროები.

37385
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები