იოგა

როგორ გავიაქტიუროთ ტვინი: ხუთწუთიანი სუპერიოგა - ვიდეოგაკვეთილი

251
(განახლებულია 17:52 31.03.2021)
ადამიანის ტვინი უზარმაზარ პოტენციალს ფლობს. მაგრამ  კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ტვინის რესურსის მხოლოდ უმცირეს ნაწილს იყენებს, ვინაიდან ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა გაზარდოს მისი აქტიურობა.

თუ თქვენც იმათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერება სურს ტვინის გააქტიურებით, აუცილებლად უნდა გაეცნოთ სუპერიოგას ტვინისთვის. ეს ვარჯიში შესამჩნევად ავითარებს ინტელექტს.

რა არის სუპერიოგა ტვინისთვის?

ეს უბრალო, მარტივი, მაგრამ ძალზე ეფექტური ტექნიკაა ტვინის გააქტიურებისა და გადატვირთვისთვის. ამ მეთოდიკას იყენებდნენ იმ უმცროსკლასელებთან, რომლებსაც ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის, დაუნიზმისა თუ განვითარებაში ჩამორჩენილობის პრობლემები ჰქონდათ. კვლევებით დადგინდა, რომ ამგვარი ტექნიკა ტვინის აქტიურობას უწყობს ხელს.

მაშ ასე, როგორ უნდა ვივარჯიშოთ:

  • მოიხსენით ყველა სამკაული და დადექით სახით აღმოსავლეთისკენ. თუ ასაკოვანი ხართ, შებრუნდით ჩრდილოეთისკენ.
  • მიადეთ ენა სასას და ასე გეჭიროთ ვარჯიშის დასრულებამდე.
  • მოკიდეთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი და დიდი თითები მარცხენა ყურის ბიბილოს ისე, რომ დიდი თითი ბიბილოს წინა მხარეს მოხვდეს.
  • გადაატარეთ მარცხენა ხელი მარჯვენას და იგივე გააკეთეთ მარჯვენა ყურის ბიბილოზე.
  • ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა და ღრმად და დაჯექით იატაკზე.
  • ადექით და ისევ ცხვირით ამოისუნთქეთ.

გაიმეორეთ ჩასუნთქვა-ჩაჯდომა და ადგომა-ამოსუნთქვა 14-ჯერ. არ დაგავიწყდეთ, რომ ენა სასაზე უნდა გქონდეთ მიდებული, ხოლო თითები კვლავინდებურად ყურის ბიბილოებზე უნდა გეჭიროთ.

რა სარგებლობა მოაქვს ამ მეთოდიკას?

ადამიანები, რომლებიც ტვინის სუპერიოგას მისდევენ, ირწმუნებიან, რომ ეს ვარჯიშები, გარდა ტვინის გააქტიურებისა, სტრესის მოხსნასაც უწყობს ხელს. უფრო მეტიც, სუპერ-იოგის სახელმძღვანელოში წერია, რომ მეთოდიკა მოზარდებს სექსუალური ვნებების გაკონტროლებაშიც დაეხმარება.

მართალია, აღნიშნული მეთოდიკა ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის სტადიაზეა, მაგრამ მისი ბევრი მიმდევარი აღნიშნავს, რომ დადებითი შედეგები რეგულარული ვარჯიშების დაწყებიდან მოკლე ხანში შეინიშნება.

 

251
თემები:
სასარგებლო რჩევები (503)
ხვეული თმა

მთავარია, არ გაიკეთოთ... ტრიქოლოგმა თმისთვის მავნებელი ვარცხნილობა დაასახელა

48
(განახლებულია 13:36 19.04.2021)
სპეციალისტის განმარტებით, თმების ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მოცულობის გასაზრდელად საჭირო პოპულარული მანიპულაცია

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თმებთან დაკავშირებით პრობლემის ორი ძირითადი კატეგორია არსებობს — ეს არის თმის ძლიერი ცვენა და სტრუქტურის დაზიანება, განაცხადა რადიო Sputnik–თან ინტერვიუში ცნობილმა ტრიქოლოგმა გეორგ აბრამოვმა.

მისი თქმით, თმების მდგომარეობის გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შინაგანი (ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა), ისე გარეგანი მიზეზებით — ანუ თმებთან დაკავშირებული მანიპულაციებით.

სპეციალისტის განმარტებით, თმების ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ზოგი მანიპულაცია, მაგალითად, ბუფანტი, ანუ „ნაჩოსი“, რა დროსაც თმა ზრდის საწინააღმდეგოდ ივარცხნება მისთვის მოცულობის მისაცემად.

„რა ხდება ამ დროს: ჩვენ ვარღვევთ კუტიკულას, ანუ თმის დამცავ გარე ფენას, რომელიც ძირიდან წვერისკენაა მიმართული და თევზის ქერცლს ჰგავს... ეს მავნებელია. თავად ვარცხნილობა აბსოლუტურად უმნიშვნელოა თმების ჯანმრთელობისთვის. მთავარია, „ნაჩოსი“ არ გაიკეთოთ“, — აღნიშნა ექიმმა.

ტრიქოლოგის თქმით, ვარცხნილობის გარდა, თმების ჯანმრთელობაზე არც მისი სიგრძე არ ახდენს არანაირგავლენას.

„ზოგჯერ ქალები, როდესაც ცვენა ეწყებათ, თმებს იმოკლებენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათი სიმძიმე ხელს უწყობს ცვენას. მაგრამ ეს შეცდომაა: თმის სიგრძე არანაირ გავლენას არ ახდენს მის ჯანმრთელობაზე“, — ამბობს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ექიმი გვირჩევს, ყურადღება გავამახვილოთ, თუ რა სიგანისაა თმის გამყოფი ხაზი (пробор) და ასევე დავაკვირდეთ, რამდენად ხშირად გვჭირდება თმის დაბანა.

როგორც ირკვევა, სწორედ გამყოფი ხაზის სიფართოვე მიანიშნებს თმის ცვენის საფრთხეებზე. აბრამოვის თქმით, რამდენადაც ფართოა ეს ხაზი, მით მეტია ცვენის რისკი.

რაც შეეხება დაბანის სიხშირეს, ექიმი ამბობს, რომ ეს თმის ცხიმიანობის დონითაა განპირობებული, რაც შეიძლება ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების სიჭარბეზე მიანიშნებდეს.

ჩვეულებრივი სასმელი გამელოტების წინააღმდეგ: როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა>>

„ზოგს ჰგონია, რომ თუ თმა სწრაფად უცხიმინადება, საჭიროა თავი საამისოდ განკუთვნილი შამპუნით დაიბანოს. ესეც შეცდომაა: თუ თავს ყოველდღე ან დღეგამოშვებით დაიბანთ ცხიმიანი თმის შამპუნით და კანს ძლიერ გამოაშრობთ, ამით კიდევ უფრო გააძლიერებთ ცხიმოვანი ჯირკვლის მუშაობას. ანუ, რაც უფრო ხშირად იბანთ თავს, მით უფრო ნეიტრალური უნდა იყოს შამპუნი“, — განმარტა სპეციალისტმა.

 

48
თემები:
ექიმი გირჩევთ
ენდრო

ენდრო სამკურნალო მცენარე და მისი სასარგებლო თვისებები

43
(განახლებულია 09:36 18.04.2021)
ენდრო ჩვენთვის, ძირითადად, ასოცირდება აღდგომასთან და კვერცხის შეღებვასთან, მაგრამ ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ.

ენდრო (Rubia tinctorum) ენდროსებრთა (Rubiaceae) ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროები, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი საკმაოდ ძლიერია, სიღრმეში დატოტვილი. ფესვის ზედა ნაწილიდან იზრდება მხოხავი, მერქნისებრი მრავალთავა ფესურა, რომელზეც კვირტებია განლაგებული. ფოთლები ვიწროკვერცხისებრი, წაწვეტებული ფორმისაა, ხრტილისებრი ბღაუჭა კბილებით. ღეროები და ფოთლები შებუსულია. ყვავილედი გაშლილი, რთული საგველაა. ყვავილები წვრილია და ყვითელი გვირგვინი აქვს. მწიფე ნაყოფი შავი ფერისაა, წვნიანი და კენკროვანი. ენდრო ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ–ნოემბერში.

ენდრო გავრცელებულია მთის ფერდობებზე, იზრდება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე.

მასთან შერეული სხვადასხვა დასადედებელ-ფერმჭერის საშუალებით (ნაცარი, შაბი, გამხმარი შვინდის ნახარში, მურყნის ქერქის ნახარში და სხვა) იღებდნენ წითელი ფერის ფართო სპექტრს. ენდროთი იღებებოდა ბამბის, შალის, მატყლის მრავალფეროვანი საფეიქრო ნაწარმი. იგი იძლეოდა მდგრად ფერებს.

ენდრო საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ინტენსიური წარმოების გამო საექსპორტო საგანსაც წარმოადგენდა. საქართველოდან იგი აქლემებით გაჰქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებში. ქართული ენდრო წარმატებით უწევდა კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე აზიურ და კაპრის ენდროს. მისი პლანტაციები საქართველოში გაშენებული იყო სხვადასხვა ადგილზე (თელავი, სიღნაღი, აწყური, ქუთაისი). XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ხელოვნური საღებავის — ანილინის მიღების შემდეგ ენდროს აღარ იყენებდნენ. ამჟამად ველური სახითაა გავრცელებული ქართლ-კახეთსა და იმერეთში.

სამკურნალო მცენარეები. კვრინჩხი (ღოღნაშო)>>

ენდრო შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, შაქარსა და სხვა ნივთიერებებს. მედიცინაში გამოიყენება ენდროსშემცვლელი პრეპარატები, რომლებიც შლიან ფოსფატურ და ოქსალატურ ქვებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. აქვს შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება.

ენდრო აყუჩებს ტკივილის შეგრძნებას შარდის გამოყოფის დროს, ტკივილს თირკმელებში, აუმჯობესებს წყალ–მარილოვან ცვლას.

მედიცინაში გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვები.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ენდროს ნაყენი და ნახარში; ოფიციალურ მედიცინაში კი იყენებენ ენდროს ექსტრაქტს წვეთებსა და აბებში, ნაყენს, ფხვნილსა და ფიტოჩაის მცენარეებისგან. ასევე, მცენარის ფესვებისგან ამზადებენ მალამოს (კვერცხის გულთან და შაბთან ერთად), რომელსაც გარეგანი დაზიანებების, მოტეხილობის დროს ხმარობენ.

მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები>>

ენდროს ნახარში კარგად მოქმედებს ზედა და ქვედა კიდურებიდან მარილების გამოდევნაზე ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა პოდაგრა, ართრიტი, ოსტეოქონდროზი, პოლიარტრიტი. ნახარში ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ კარგად დაქუცმაცებულ (თითქმის ფხვნილის ფორმით) ენდროს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ, გააგრილეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა ჭამიდან 40 წუთის შემდეგ.

ნაყენი გამოიყენება ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისა და ქოლეცესტიტის დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, დიურეტული (შარდმომგვრელი) და სპაზმოლიტური საშუალება.
ენდროს წვეთებს მედიცინაში იყენებენ თირკმელებისა და საშარდე გზების ანთებითი დაავადებების დროს.

სხვადასხვა ქვეყანაში ენდროს ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ამენორეა (მენსტრუაციის უქონლობა), ანურია (თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის შეწყვეტა), გულის სარქვლის უკმარისობა, ელენთის, სასუნთქი სისტემის, ნაწლავთა და ძვლის ტუბერკულოზის, რაქიტის, ოსტეომიელიტის, ანემიის, ასციტის, დიზენტერიის, იშიასისა და პოდაგრის შემთხვევებში.

მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები>>

ენდროს საფუძველზე დამზადებული პრეპარატებს ადამიანის ორგნიზმი, მთლიანობაში, კარგად იტანს, მხოლოდ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მისი მიღების დროს შარდი მოწითალო ფერის ხდება. თუ სიწითლე ინტენსიურია, ენდროზე დამზადებული პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.

ასევე, ენდროს მიღება არაა რეკომენდებული კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს.

 

სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით

43
თემები:
სასარგებლო რჩევები (503)
თამარ ფეიქრიშვილი

 ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15 წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“   

0
(განახლებულია 14:53 19.04.2021)
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“-მეხუთე საჯარო სკოლის და ხელოვნების სტუდია „კრეატივის" სახვითი ხელოვნების პედაგოგს, მხატვარს, თამარ ფეიქრიშვილს გავესაუბრეთ.

„საუკეთესოა პედაგოგი, რომელიც ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს ანგარიშს უწევს და ყოველ გაკვეთილს პატარა ზეიმად აქცევს“- ეს თამარის მოსაზრებაა, რომელსაც პრაქტიკულადაც ახორციელებს. რაც მთავარია, მოსწავლეებს საკუთარ მაგალითზე უჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისთვის აქტუალურ თემებს ყოველთვის უნდა ეხმაურებოდეს.

აქედან გამომდინარე, ალბათ დროული იყო, რომ ფოლკლორის ცენტრში ახლახან გამართული გამოფენა სიცოცხლის მარადიულობის თემას მიეძღვნა. თამარ ფეიქიშვილისა და ასევე მხატვრისა და პედაგოგის, ციცი ოსიყმაშვილის ნამუშევრები გამოფენაზე „გენეზისი“ სწორედ ამ თემას ასახავდა. ეს არ იყო თამარის პირველი გამოფენა. მასალაში მისი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ისტორიას გაეცნობით.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- თამარ, ვისი გავლენა იყო პროფესიის არჩევა?

- პედაგოგის პროფესიისადმი ჩემი ინტერესი ოჯახიდან მოდის. მასწავლებლის პროფესიის არჩევა დედასთანაა დაკავშირებული, რადგან ის პროფესიით მასწავლებელია. როცა ვხედავდით როგორ ასწორებდა რვეულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვდა, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა-განათლება მიგვეღო. დედამ ასევე ძალიან კარგად იცის სახვითი ხელოვნება და კარგადაც ხატავს.

თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე
თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე

- თქვენი პედაგოგიური ნათლობა სად მოხდა?

- ჩემი პედაგოგიური ნათლობა სკოლა „მოძღვარში“ მოხდა. როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო დამწყები პედაგოგის სტატუსით აუდიტორიაში შევედი, ცოტა დავფრთხი, რადგან მოზრდილი ასაკის გოგონებისთვის უნდა მესწავლებინა. მათი ჩემდამი დამოკიდებულება ცოტა სკეპტიკური იყო. ალბათ გარკვეული ეჭვი არსებობდა შევძლებდი თუ არა მათთვის ცოდნის ისე გადაცემას, როგორც ამას ჩემი უფროსი კოლეგები, კვალიფიციური პედაგოგები ახერხებდენენ. ჩემი აზრით, ეს შევძელი. გაკვეთილზე მაქსიმალურად ვიხარჯები და ამიტომ მოსწავლეებისგანაც ასევე მკაცრად ვთხოვ.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- სახვით ხელოვნებას როგორ ასწავლით, რაიმე თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?

- თავიდან ძალიან რთული მხატვრული ხერხებით ვცდილობდი ცოდნის გადაცემას, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა სწავლების მეთოდი. საჭირო იყო, რომ ხატვა მათთვის გასაგები ფორმით, ეტაპობრივად მესწავლებინა, რადგან ეს უფრო მომგებიანი და შედეგის მომცემი იქნებოდა. ვაკვირდებოდი თანდათან როგორ იზრდებოდნენ ისინი და ითვისებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს, ის ყველა პედაგოგს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატება ინდივიდუალური მეთოდი?

- პირველ გაკვეთილზე აუცილებელია, რომ ბავშვმა საგნების განაწილება, ანუ კომპოზიციის ათვისება ცარიელი სიბრტყიდან დაიწყოს. თავიდანვე არასწორმა სწავლებამ შეიძლება ბავშვი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასევე აუცილებელია, რომ მან კარგად აითვისოს ჩანახატის შესრულების კულტურა და იგრძნოს ესკიზისა და ეტიუდის როლი, რომელიც ასე მნიშვნელონია ხელოვანისთვის.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- ხატვის გაკვეთილების ჩატარება ალბათ გაცილებით საინტერესოა  საკლასო ოთახის მიღმა, თქვენი ყველაზე ორიგინალური გაკვეთილი გაიხსენეთ...

- საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი იყო სამხატვრო სკოლაში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმეტალური კომპოზიცია შევქმენი. წარმოიდგინეთ, ხუთი ადამიანი ინდივიდუალური ხელწერით, სხვადასხვა რაკურსიდან ქმნიდა ერთ ნახატს, რომელიც საბოლოოდ ჯამში, იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- თუმცა აქ მარტო ხატვის ხერხების ათვისებაზე არ არის საუბარი...

- დიახ, ასეთი გაკვეთილების მერე, ისინი გარე სამყაროსაც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ. მით უმეტეს კარგია მათთვის რადგან ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გადიან. ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი ჩემი აზრით, მაინც პლენერია. რადგან მოზარდები ყველაფერს აკვირდებიან და ყველა დეტალს უფრო კარგად ითვისებენ. ასევე მნიშვნელოვანია კონკურსები, რა დროსაც ბავშვი იგებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია, როცა მის ნახატებს დამთვალიერებელი და შემფასებელი ჰყავს.

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები

- თამარ ფეიქრიშვილის მხატვრობა ალბათ მისი პედაგოგიური საქმიანობისგან ცალკე განსახილველია...

- მე ვხატავ პოპ-არტის სტილში, ანუ კომპოზიციებს ვქმნი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ესაა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ჩემი ნამუშევრებისთვის სულ ვაგროვებ. განსაკუთრებით მიყვარს ინსტალაციური ხელოვნება. ჩემში შთაგონება, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ნივთმაც კი გამოიწვიოს.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

-სულ ახლახან ფოლკლორის ცენტრში, წარმატებით გაიმართა თქვენი და ციცი ოსიყმაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად „გენეზისი“...

- დღეს პანდემია ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენ რეგულაციები არ შეგვეხო და გამოფენის ჩატარება მოვასწარით. ორივე სახვითი ხელოვნების პედაგოგები ვართ. ეს გამოფენა მივუძღვენით მარადიულ სიცოცხლეს, დედის თემას, რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. მე მყავს ტყუპის ცალი ძმა, რომელიც 15 წუთით ჩემზე გვიან დაიბადა. კონკრეტული ნამუშევრების შექნის იდეა მისგან წამოვიდა. სწორედ ამ 15 წუთიანი ინტერვალის თემა „დაბადებიდან დაბადებამდე“ აისახა ჩემს ნამუშევრებში.

ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე
ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე

- ადრე რომელ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- გავიხსენებ ეკოლოგიურ თემაზე მიძღვნილ გამოფენას, რომელზეც მოვაწყვე პერფორმანსები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარემოს დაცვის საკითხებს გამოხატავდა. იმ გამოფენის სახელი იყო „ზურგს უკან მესმის" სტერეოტიპების რღვევასა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიეძღვნა გამოფენა„გარღვეული სივრცე", ბავშვობაზე იყო გამოფენა სახელად „დადა და ნოსტალგია". ასევე მინდა ვახსენო გამოფენა ,,გავდივარ", რომელიც მეგობრების მცირეწლოვანი დაღუპული შვილების ხსოვნას მივუძღვენი...

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- როდესაც გაკვეთილზე შედიხართ თქვენი, როგორც მხატვრის მიზანი რა არის?

- მინდა ბავშვებში, ახალი სიტყვა და კრეატიული ხედვა გაჩნდეს, რაც თავისუფალი აზროვნებით მიიღწევა -ამისთვის საპილოტე ჯგუფი შევქმენი. იქ პატარები შერეულ ტექნიკაში შექმნილი ნამუშევრებით საინტერესო იდეებს გადმოსცემენ. ერთი მოსწავლის ყველაზე შთამბეჭდავ ნახატს ერქვა „გავთავისუფლდეთ წარსულის გადმონაშთებისგან". ეს იყო ნახატი-ინსტალაცია, კედლიდან გამოყოფილი, გათავისუფლებული ხელებით, რომელიც ამ თემას საინტერესოდ წარმოაჩენს. ხელოვნება მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია...

 

 

0