ჭრელი ბალიშები ძველ სოფაზე

უხილავი საფრთხე: რამდენ ხანში უნდა შეიცვალოს ბალიში აუცილებლად

116
ნებისმიერი ბალიში, როგორც უნდა ირეცხებოდეს ის, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს - თუ რატომ, ამას გერმანელი სპეციალისტები განმარტავენ

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ერთი და იგივე ბალიშის ორ–სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება დაუშვებელია, აცხადებენ გერმანელი სპეციალისტები.

მათი თქმით, ბალიშის ვარგისიანობის ვადის დარღვევას შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვეს.

„ამის ერთ–ერთი მიზეზია ბალიშში მტვრის ტკიპებისა და მათი ექსკრემენტების დაგროვება. ისინი ადამიანის თვალისთვის აბ სოლუტურად უხილავია და შეუძლია გამოიწვიოს ალერგია თუ ასთმის შეტევები — განსაკუთრებით, ზამთარში, როდესაც სახლებში გათბობაა ჩართული“, — აღნიშნეს გერმანიის ალერგიისა და ასთმის ასოციაციის ექსპერტებმა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ბალიში მაქსიმუმ სამი წლის შემდეგ უნდა გამოიცვალოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის რეგულარულად ირეცხება.

გარდა მტვრის ტკიპებით გამოწვეული საფრთხეებისა, არსებობს სხვა საშიშროებაც. საქმე ისაა, რომ ბალიში თანდათან კარგავს პირვანდელ ფორმას, რის გამოც თავს საჭირო პოზიციაში ვეღარ იჭერს და ვეღარც კისრის დატვირთვას ამცირებს. შესაბამისად, მათი დეფორმაცია გავლენას ახდენს სრულფასოვან ძილზე და ამასთან კისრის არეში ტკივილებს იწვევს.

116
თემები:
სასარგებლო რჩევები (465)
იოგურტის საუზმე

მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა იოგურტი?

136
(განახლებულია 17:31 25.02.2021)
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. მათ შორის დგება დღეს ძალზე პოპულარული „ნუგბარი“ პროდუქტის – იოგურტის ავკარგიანობის საკითხი.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

და, მაინც, როგორია სწორი, რაციონალური კვება? ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ. სრულ ინფორმაციულ ქაოსში ნამდვილად ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ, რომ იოგურტი ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. იოგურტი რომ კარგია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ.

იოგურტი ნამდვილად მოსახერხებელი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტია. მას აქვს ცილების, კალციუმის, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებისა და ვიტამინების ძალიან მაღალი შემცველობა და სასარგებლოა არა მხოლოდ ძვლებისა და კბილებისთვის, არამედ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორისთვისაც.

ზოგი იოგურტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს და ჩვეულებრივ ეტიკეტზე უნდა ჰქონდეს წარწერა „ცოცხალი“. ეს ბაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავებში ბაქტერიების ბალანსის გაუმჯობესებას, რასაც ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს.

მაშინ სად არის პრობლემა? სამწუხაროდ, ყველა იოგურტი არ არის ხარისხიანი და თუ ცუდ არჩევანს გავაკეთებთ, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. მაღაზიის დახლებზე იოგურტების უდიდესი არჩევანი გვაქვს: ცხიმიანი თუ ნაკლებად ცხიმიანი, ტკბილი თუ უშაქრო, გარდა ამისა, მაღაზიებში არსებული იოგურტის უმეტესობა არომატულია, რაც ნიშნავს, რომ ის სავსეა შაქრით. მაქსიმალურად მოერიდეთ ტკბილ, არომატიზებულ იოგურტებს, რადგან სარგებლის მოტანის ნაცვლად, მან შეიძლება კუჭ-ნაწლავი დაგიზიანოთ.

ასევე მოერიდეთ იმპორტირებულ იოგურტებს, რომელთა უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, ასეთი იოგურტები მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს. ბუნებრივია, როცა იოგურტის შენახვა თვეობითაა შესაძლებელი, მასში არანაირი ცოცხალი ბაქტერია არ იქნება.

უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ იოგურტს დანამატების გარეშე, რადგან ის არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. შეიძლება ზოგიერთი არომატიზატორის მოხმარება უსაფრთხოც იყოს, მაგრამ მათ არც სარგებელი არ მოაქვთ ჯანმრთელობისთვის.

დაიმახსოვრეთ, იოგურტის სარგებლიანობის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი მისი შენახვის ვადაა – რაც უფრო ნაკლებია ეს დრო, მით უფრო სასარგებლოა პროდუქტი.

ბოლოს კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, როგორ შევარჩიოთ და შევამოწმოთ იოგურტი:

- იოგურტის შენახვის ვადა 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ეტიკეტზე 3-4 თვეა მითითებული, ე.ი. იოგურტს კი არა, მის მსგავს პროდუქტს ყიდულობთ, რომელიც ცოცხალ ბაქტერიებს არ შეიცავს და არც სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მის ერთადერთ ღირსებად მხოლოდ გემო შეიძლება ჩაითვალოს.

- გაითვალისწინეთ, რომ ორ კვირაზე მეტი შენახვის ვადა ჩვეულებისამებრ იმპორტირებულ ნაწარმს აქვს.

- იოგურტის ხარისხის მთავარი კრიტერიუმი ცხიმის შემცველობაა. ყველაზე კალორიული ნაწარმის ცხიმიანობა კი 20%-ს არ აღემატება.

- დაიმახსოვრეთ, იოგურტის ხარისხი მისი სისქით არ განისაზღვრება, რადგან სისქეს არა ცხიმის, არამედ ე.წ. მშრალი ნივთიერების ხარჯზე არეგულირებენ.

 

136
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ექოსკოპიაზე ორსულობა დადგინდა

რატომ ვერ ორსულდებიან ჯანმრთელი ქალები? - ექიმის განმარტება

290
(განახლებულია 16:25 24.02.2021)
ქალის უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანრთელობის პრობლემებიც

ანუ, თუ ქალს რეპროდუქციული ორგანოები წესრიგში აქვს, მაგრამ მაინც ვერ ოსრულდება, ესე იგი, პრობლემა „თავშია“, მიაჩნია რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოთერაპევტ ელეონორა კოზლოვას.

მისი თქმით, უნაყოფობის შემთხვევების ნახევარი რაიმე ტიპის ფიზიოლოგიური პრობლემებით აიხსნება, დანარჩენ შემთხვევებში კი მიზეზი ფსიქოსომატიკაში იმალება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიურ განწყობაში — თანაც როგორც ქალის, ისე მამაკაცისა.

„ფსიქოლოგიური უნაყოფობა — ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არ სურს ჰყავდეს შვილი. ზოგჯერ ეს არის ორსულობისა თუ მშობიარობის შიში, კონკრეტული მამაკაცისგან შვილის გაჩენის სურვილის არქონა, ფეხმძიმობით გამოწვეული ფიზიკური ცვლილებებისადმი შიში და სხვა“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ფსიქოლოგიური უნაყოფობის მიზეზები ასევე შეიძლება იყოს: კარიერის წინა პლანზე წამოწევა, საკუთარი თავისადმი ზედმეტად მაღალი მოთხოვნები (პერფექციონიზმი), ბავშვის გაზრდა–აღზრდისთვის არასაკმარისად კომფორტული პირობები, ბავშვობის დროინდელი ტრავმები, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრების სურვილი (განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალმა ცოტა ხნის წინ დააღწია თავი ზედმეტად მკაცრ მშობლებს).

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ადამიანის ტვინს უზარმაზარი გავლენა აქვს სხვა ორგანოებზე. შესაბამისად, „თუ მან რაიმე არასწორად მიიჩნია, შეუძლია სხვა ორგანოებს გარკვეული ოერაციების შესრულება აუკრძალოს“.

„მაგალითად, თუ ქალს მომავალი ორსულობის მიმართ ეჭვები აწუხებს, ტვინს შეუძლია ისარგებლოს ამით და სიგნალი გაუგზავნოს რეპროდუქციულ ორგანოებს, არ დაუშვან ნაყოფის ჩასახვა, ან თავიდან მოიშორონ უკვე ჩასახული ნაყოფი“, — ამბობს რეპროდუქტოლოგ–ფსიქოთერაპევტი.

ფსიქოლოგიური უნაყოფობის რისკი განსაკუთრებით მაღალია მგრძნობიარე ნატურისა და ასევე იმ ქალებში, რომლებიც ყველაფერს „საკუთარ თავში იმარხავენ“. აქედან პირველების პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად აზვიადებენ არსებულ თუ მოსალოდნელ სიძნელეებს, ხოლო მეორეებისა ის, რომ ემოციებს გამოსავალს არ აძლევენ.

ამასთან ექიმი განმარტავს, რომ არ შეიძლება თავს ნაჩქარევად დავუსვათ უნაყოფობის დიაგნოზი. საქმე ისაა, რომ სტატისტიკის თანახმად, აქტიური სექსუალური ცხოვრების პირობებში ქალების 85% ერთი წლის განმავლობაში ორსულდება, ხოლო 95% — ორი წლის განმავლობაში.

როგორ დავადგინოთ ფსიქოლოგიური უნაყოფობა

ქალებში ფსიქოლოგიური უნაყოფობის პროვოცირება შეუძლია შემდეგ ძირითად მიზეზებს:

  • სისტემატური სტრესი სამსახურში;
  • თავის დადანაშაულება უნაყოფობაში, ან ფიქრი იმაზე, რომ ეს არის სასჯელი თქვენი ცხოვრების წესის გამო;
  • პარტნიორის მიმართ უნდობლობა და ფიქრი, რომ ის მზად არ არის ბავშვის დაბადებისთვის;
  • გაურკვევლობა, გჭირდებათ თუ არა ბავშვი სწორედ ახლა;
  • ზოგადი დეპრესიის ნიშნები;
  • გადაუჭრელი ფინანსური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები, რაც ბავშვის დაბადებას უკავშირდება;
  • ბოლო პერიოდში განცდილი სერიოზული ფსიქოლოგიური რყევა (ახლობლის დაკარგვა, ხანძარი, დიდი ფინანსური კრახი);
  • გარშემო მყოფების მხრიდან გამუდმებული პრესინგი, ანუ გამუდმებული შეკითხვები ორსულობაზე.

როგორც ელენა კოზლოვა ამბობს, პირველი, რაც ფსიქოლოგიური უნაყოფობის შემთხვევაში უნდა გააკეთოს ქალმა, ეს ისაა, რომ ხმამაღლა წარმოთქვას ყველა თავისი პრობლემა და აზრი. მეორე ნაბიჯი — ეს პარტნიორის გამოკითხვაა, რა აწუხებს და აშფოთება მას.

მამაკაცები, როგორც წესი, ნაკლებად საუბრობენ ამ თემაზე, მაგრამ გამორიცხული არ არის, წყვილის უნაყოფობის მიზეზი სწორედ მამაკაცის შინაგანი შფოთვები იყოს.

ფსიქოლოგიური უნაყოფობის მკურნალობა

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენცა და თქვენს პარტნიორსაც ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ;

შემდეგ თავიდან მოიშოროთ ყველანაირი ღელვა და ფიქრი ორსულობაზე — უბრალოდ მოდუნდით. რაც ნაკლებს იფიქრებთ იმაზე, რომ თქვენი მიზანი ბავშვის გაჩენაა, მით უფრო მალე გამოგივათ დაფეხმძიმება;

თუ სამსახურში სტრესს განიცდით, აიღეთ შვებულება და სადმე შორს წადით მეუღლესთან ერთად. ან რაიმე ახალი „პროექტი“ წამოიწყეთ, მაგალითად, დაიწყეთ რომელიმე უცხო ენის შესწავლა.

მთავარი ისაა, რომ ორსულობაზე ფიქრები თავში არ შეუშვათ!
290
თემები:
ექიმი გირჩევთ
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა

0
(განახლებულია 22:51 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

0