თავის ტკივილი

თავის ტკივილი: ექიმი უჩვეულო მიზეზებს განმარტავს

107
(განახლებულია 18:42 15.02.2021)
ანგიონევროლოგის თქმით, ხშირ შემთხვევაში თავის ტკივილები საერთოდ არ არის დაკავშირებული რაიმე პათოლოგიასთან, და ის განმარტავს, რა შეიძლება იწვევდეს მას.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თავის ტკივილები შეიძლება უჩვეულო მიზეზების გამო ჩნდებოდეს და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ იყო დაკავშირებული რაიმე პათოლოგიასთან, აცხადებს ანგიონევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ევგენი შიროკოვი.

მისი თქმით, თავის ტკივილები ადამიანს შეიძლება ცხოვრების წესის შეცვლის გამო დაეწყოს. ხოლო ერთ-ერთ უპირველეს შესაძლო მიზეზად ექიმმა დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) დაასახელა.

„გაუწყლოების შედეგია ბლანტი სისხლი, მიკროცირკულაციის დარღვევა და თავის ტკივილი“, — განმარტა შიროკოვმა.

გარდა ამისა, ექიმი თავის ტკივილების მიზეზებს მიაკუთვნებს ცხოვრების მჯდომარე წესსაც, რა დროსაც ადამიანი ნაკლებად მოძრაობს.

მისი თქმით, ამ დროს შეიძლება მოხდეს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება, ეს იწვევს კუნთების სპაზმს, რასაც ვენური გადინების დარღვევა შეიძლება მოჰყვეს, „ეს კი ქმნის ყველა პირობას თავის ტკივილის წარმოქმნისთვის".

გარდა ამისა, სპეციალისტი ამბობს, რომ თავის ტკივილების კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია დახუთული ოთახი, ანუ ჟანგბადის უკმარისობა, ნახშირორჟანგის სიჭარბე და მომატებული ტემპერატურა, რაც სისხლძარღვების სპაზმებსა და ქალასშიდა წნევის მატებას იწვევს.

ამასთან შიროკოვი გვირჩევს, არ გამოვტოვოთ საუზმე, ვინაიდან დილით უჭმელობა ასევე შეიძლება იყო თავის ტკივილის მიზეზი.

სპეციალისტი პროფილაქტიკური ღონისძიებების სახით გვირჩევს: დღეში მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში სიარულს, თბილი ან გრილი შხაპის მიღებას, თმის დავარცხნასა და თავის მასაჟს.

107
თემები:
ექიმი გირჩევთ (69)
ვიდეოკამერა

ფრთხილად, გითვალთვალებენ! ყველაფერი, რაც ვიდეოთვალთვალის შესახებ უნდა იცოდეთ

42
(განახლებულია 10:10 28.02.2021)
ბევრი მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალთვალი პირად ცხოვრებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ფორმაა.  თუმცა, თანამედროვე სამყაროში ის უკვე მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა.

ვითეოთვალთვალი რომ არ იქცეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად,  მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული  კანონით დადგენილი კონკრეტული წესები და რეგულაციები.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა არის ვითეოთვალთვალი, რა მიზნებისთვის და სად შეიძლება გამოიყენონ, ვის მიუწვდება ხელი ვიდეოჩანაწერებზე, როდის უნდა გადადგურდეს ისინი და ა.შ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეოთვალთვალი მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა. საქართველოში მის გამოყენებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

სად შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

- ქუჩასა (ტერმინი ქუჩა მოიცავს პარკს, სკვერს, სათამაშო მოედანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და სხვა თავშეყრის ადგილს)  და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

- საჯარო და კერძო დაწესებულებებში

- საცხოვრებელ შენობებში

რა მიზნით შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, განსხვავებულია მისი მიზნებიც. კერძოდ,

ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შემდეგი მიზნების მისაღწევად:

- დანაშაულის თავიდან აცილება;

- პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

- არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.

 საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი დაიშვება შემდეგი მიზნით:

- პირის უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა;

- არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა;

- საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.

- გამოცდის ან ტესტირების მიზნებისთვის

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ

- პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის.

როდესაც ქუჩაში  ან  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში პირი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს.

რაც შეეხება საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონიტორინგს, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია  მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

კანონმდებლობა  სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს: თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

თუ სამუშაო  ადგილას მაინც იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემას, შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

გაითვალისწინეთ, ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.

საჯარო და კერძო დაწესებულებებათა შენობების ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად კი აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. აუცილებელია, ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ  ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.

კანონის მიხედვით, საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი იკრძალება. გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი არ ვრცელდება პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე და იმ შემთხვევაზე, როცა ბინის მესაკუთრე თავად ახორციელებს საკუთარ ბინაში ვიდეოთვალთვალს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების  მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ვიდეოთვალთვალი განხილულია სივრცისა თუ ქცევის მონიტორინგის როგორც ერთ–ერთ და არა ერთადერთი საშუალება. ვინაიდან ვიდეოთვალთვალი მიჩნეულია პირად ცხოვრებაში ჩარევის რადიკალურ ფორმად, აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებელმა გააანალიზოს საფრთხე და დაასაბუთოს ამ სისტემის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ უნდა შეფასდეს:

- მონაცემთა დამმუშავებლის რეალური საჭიროება და მიზანი; 

-სისტემის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე;

- სხვა საშუალებებით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

ვიდეოთვალთვალის სისტემა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება

 

42
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

173
(განახლებულია 21:34 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადაც ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ტენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი“.

173
თემები:
ექიმი გირჩევთ (69)
საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - „სამგურალი“

საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

0
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი ორ წრეში გაიმართება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.

გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.

პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.

პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.

0