ბროწეული

ბროწეულის მაქსიმალური სარგებელი: ექიმი ასახელებს საჭირო რაოდენობასა და მიღების წესს

881
(განახლებულია 22:22 06.01.2021)
იმისათვის, რომ ბროწეულისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, საჭიროა იცოდეთ, რა სიხშირითა და რა რაოდენობით უნდა მიირთვათ ის.

თბილისი, 6 იანვარი — sputnik. ბროწეული აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას და ხელს უშლის დემენციის ადრეულ განვითარებას, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ექიმმა-დიეტოლოგმა ელენა სოლომატინამ.

მისი თქმით, ბროწეული მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მჟავებით, რომლებიც ეფექტურად ებრძვის ანთებას. ასევე ბროწეული ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემის უჯრედების განადგურებას, ხელს უწყობს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ინფარქტისა და ინსულტის თავიდან აცილებას.

გარდა ამისა, ბროწეული ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას და ხელს უშლის ჭკუასუსტობის ადრეულ განვითარებას, აქვს სერიოზული ანტისიმსივნური მოქმედებაც, განსაკუთრებით, ძუძუს კიბოს დროს.

სოლომატინა აღნიშნავს, რომ სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია ბროწეულის ყოველდღიური გამოყენება, მაგრამ მცირე ულუფებით — საკმარისია ნაყოფის მეოთხედი ან 30 გრამი ბროწეულის წვენი.

„უნდა გვესმოდეს, რომ ორგანულმა მჟავებმა შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანება და გამწვავება გამოიწვიოს, თუ გარკვეული პრობლემები უკვე არსებობს“, — გვაფრთხილებს დიეტოლოგი და მოგვიწოდებს, არ ვჭამოთ ძალიან ბევრი ბროწეული.

გარდა ამისა, ბროწეულმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კბილების მინანქარზეც, ამიტომ უმჯობესია წვენი განზავდეს წყლით ან დალიოთ საწრუპის მეშვეობით.

2019 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბროწეულსა და სხვა ხილში არსებული ბუნებრივი ნაერთები ანელებს გარკვეულ ასაკობრივ პროცესებს. კერძოდ, უროლითინი A აუმჯობესებს მიტოქონდრიის ფუნქციონირებას ჩონჩხის კუნთების უჯრედებში, რომლებიც, ჩვეულებრივ, 50 წლის შემდეგ ძალასა და მასას კარგავს. მას ადამიანის ნაწლავებში ელაგოტანინები წარმოქმნის, რომლებსაც სწორედ ბროწეულის მარცვლები და წვენი შეიცავს.

881
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
ექიმი ბავშვს სინჯავს

თირკმელკენჭოვანი დაავადება პატარა ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ იშვიათი დაავადება

59
(განახლებულია 22:15 26.01.2021)
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თირკმელკენჭოვანი დაავადება აწუხებს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმლებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა ასოციაცია (BVKJ).

სპეციალისტების თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ დროს სიმპტომები უმეტესწილად არასპეციფიკურია: პატარა ბავშვებში მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ხოლო შედარებით მოზრდილებში — ტკივილები ზურგისა და გვერდის არეებში, რაც, როგორც წესი, არ არის თირკმელებში კენჭების არსებობის სიმპტომები.

გამომწვევი მიზეზები

პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, თირკმელკენჭოვანი დაავადება — ნეფროლიტიაზი ძირითადად ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ბავშვებში იჩენს თავს. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ეს პრობლემა აქვს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით, რისკის ჯგუფში ძირითადად ახალშობილობის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.

სპეციალისტების თქმით, თირკმელკენჭოვანი დაავადება ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ორგანიზმში მჟავა–ტუტოვანმა დისბალანსმა;
  • არასაკმარისი რაოდენობით წყლის სმამ;
  • მოზარდობის პერიოდში ჰორმონალურმა დარღვევებმა;
  • ურინას მახასიათებლის შეცვლამ;
  • ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინ В-ს ჭარბმა რაოდენობამ;
  • А–ვიტამინის ნაკლებობამ.

გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაწლავების ანთებითი დაავადებები თუ შარდსადენი გზების ინფექციები (უფრო ხშირად) ასევე შეიძლება გახდეს თირკმლებში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი.

სიმპტომები

როგორ შეიძლება დავადგინოთ, რომ პატარას თირკმლის ტკივილი აწუხებს:

  • ბავშვი, ცდილობს რა, თავი დააღწიოს ტკივილს, გამუდმებით წრიალებს საწოლში და გვერდს იცვლის, შფოთავს;
  • სხეულის ტემპერატურა აწეული აქვს;
  • შარდში შეინიშნება სისხლი;
  • ტკივილი თავს იჩენს არა მარტო წელის, არამედ საზარდულის არეში, მუცელსა და სასქესო ორგანოში;
  • ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ვეგეტატიური დარღვევებიც გულისრევის, პირღებინების, ძლიერი ოფლდენის სახით.

გახსოვდეთ: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილები შეიძლება არც აღინიშნებოდეს, ან ძალიან სუსტად იყოს გამოხატული.

მკურნალობა

ექიმები თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას თავდაპირველად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ კენჭი თავისით „გაქრეს“, რისთვისაც ბავშვს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უნიშნავენ.

აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება სამკურნალო პრეპარატები.

თუ მეთოდები არასაკმარისი გამოდგა, მაშინ კენჭს ულტრაბგერითი ზემოქმედებით ან ქირურგიული ოპერაციის გზით აშორებენ.

რეციდივის პროფილაქტიკა

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თირკმელკენჭოვანი დაავადება დაუდასტურდა, ექიმები რეციდივის (გამეორება) თავიდან ასარიდებლად პატარის კვებისას შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გვირჩევენ:

ბალანსირებულად კვებეთ ბავშვი ხშირად და მცირე ულუფებით;

უარი თქვით მარილსა და ცხარე სანელებლებზე;

გააძლიერეთ სითხის მიღების რეჟიმი — საჭირო ნორმა დაადგინეთ ექიმთან.

გახსოვდეთ: თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია და ამას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს!
59
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
Пандемия коронавируса COVID 19 - реаниматологи во Франции

ექიმი კატეგორიულად გაფრთხილებთ: აუცილებლად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება, თუ...

103
(განახლებულია 21:12 26.01.2021)
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არტერიული წნევის მატება ლამის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული და ამიტომ სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც არტერიული წნევის მატების გამო პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, აცხადებს კარდიოლოგი სერგეი ივანოვი.

მისი თქმით, არსებობს პირობები, როდესაც ექიმის დახმარება წნევის პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაუდებლად აუცილებელია.

კარდილოგის განმარტებით, სასწრაფო უნდა გამოიძახოთ, თუ მედიკამენტების მიღებიდან საათ-ნახევრის გასვლის შემდეგაც კი წნევა კი არ მცირდება, არამედ, პირიქით, მისი გაზრდის ტენდენცია შეინიშნება.

„ამ სიტუაციაში საჭიროა სწრაფი ჩარევა და არტერიული წნევის შესამცირებლად უფრო აგრესიული თერაპია“, — აღნიშნავს ივანოვი.

გარდა ამისა, ექიმი მოგიწოდებთ, გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება, თუ გულის არეში ტკივილი მედიკამენტების მიღებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში არ გაქრება.

  • „ამ დროს ყოველთვის არის ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე, ამიტომაც მოქმედებს „ოქროს ნახევარი საათის“ წესი“, — აღნიშნავს ის.

ექიმი გაფრთხილებთ, რომ ლოდინის ზედმეტი ოცდაათი წუთი მნიშვნელოვნად გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

 

103
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
PACE

PACE–ს სხდომაზე ქართული დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

0
(განახლებულია 09:52 27.01.2021)
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25 იანვარს გაიხსნა, რომელიც 29 იანვრამდე გაგრძელდება

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე დღეს კოვიდპანდემიასა და ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო კრიზისს განიხილავენ.

განხილვა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით.

სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატები დილიდანაა დანიშნული.

ქართული დელეგაციის წევრები სხდომის მონაწილეებს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას გააცნობენ.

როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.

  • „გამოვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და ისაუბრებს იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს ვაქცინაციის თვალსაზრისით. იქნება საუბარი იმ მთავარ ასპექტებზე, რომლებიც აქვს ჩვენი ეროვნული ვაქცინაციის გეგმას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში