წნევის გაზომვა

თუ მარჯვენა და მარცხენა ხელზე სხვადასხვა წნევა გეზომებათ: დასახელდა სახიფათო მაჩვენებელი

146
(განახლებულია 19:08 28.12.2020)
მეცნიერების თქმით, მარცხენა და მარჯვენა ხელის არტერიულ წნევებს შორის სახიფათო ზღვრული სხვაობის მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ადამიანებს, რომლებსაც მარცხენა და მარჯვენა ხელზე არტერიული წნევის მაჩვენებლები სხვადასხვანაირი აქვთ, უფრო ხშირად ემართებათ ინსულტები და გულის შეტევები, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Hypertension.

მეცნიერთა ჯგუფმა მათ მიერ ჩატარებული 24 კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს, რომლებშიც სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები 54 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევის პროცესში მეცნიერები ერთმანეთს ადარებდნენ არტერიული წნევის მაჩვენებლებს შორის სხვაობას, ასევე ათი წლის განმავლობაში სიკვდილიანობის, ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობა.

იდუმალი წერტილი მაჯაზე: მართეთ წნევა და პულსი>>

კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მარჯვენა და მარცხენა მკლავზე არტერიული წნევის მაჩვენებელი ერთმანეთისგან ვერცხლისწყლის სვეტის 5 მმ-ზე მეტით განსხვავდება, მაშინ ინსულტითა თუ გულის შეტევით სიკვდილიანობის ალბათობა ძალიან მაღალია. ხოლო თუ განსხვავება 1 მმ-ს შეადგენს, ინფარქტებისა და ინსულტების რისკი 1%-ით იზრდება.

რატომ არ შეიძლება არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება: პროფესორი განმარტავს>>

აქამდე მარცხენა და მარჯვენა ხელის არტერიულ წნევებს შორის ზღვრული სხვაობა ვერცხლისწყლის სვეტის 15 მილიმეტრს შეადგენდა, მაგრამ ახლა მეცნიერები გვირჩევენ, რომ ასეთ ზღვრულ დონედ 10 მმ მივიჩნიოთ.

146
თემები:
სასარგებლო რჩევები (446)
ევგენი კომაროვსკი

ყველაზე დიდი მტერი - ეს „უმაღლესი სისუფთავეა“: ცნობილი პედიატრი კატეგორიულად გაფრთხილებთ

208
(განახლებულია 18:30 20.01.2021)
ცნობილი ექიმის თქმით, ბავშვის სტერილურ გარემოში მოქცევა მას ბაქტერიებთან შეხვედრაში უშლის ხელს, რაც ასე აუცილებელია იმუნური სისტემისთვის

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყველაზე სერიოზული ფაქტორი, რომელიც იმუნიტეტის განმტკიცებას აფერხებს — ეს ჭარბი სისუფთავეა, წერს ცნობილი უკრაინელი ექიმი, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.  

მისი თქმით, შესაძლოა ყველამ არ იცის, მაგრამ მეცნიერებისთვის უკვე ნათელია, რომ თანამედროვეობის უდიდესი პრობლემა — ეს უმაღლესი სისუფთავეა.

„ევოლუციური თვალსაზრისით, ჩვენ პრაქტიკულად სტერილურ პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილების იმუნური სისტემა ნორმალურად ვერ ვითარდება, ვინაიდან ისინი დაბადებისთანავე პრაქტიკულად სტერილურ გარემოში ხვდებიან: ყველაფერი ირეცხება, იხარშება, ძალიან ხშირად სტერილდება“, — ამბობს ექიმი.

კომაროვსკის თქმით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კორონავირუსის პირობებში, როცა გარშემო ყველგან სანიტაიზერები, დეზინფექტორები, ქლორი და ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ჩვენ კიდევ მეტად სტერილურპირობებში ვაქცევთ ბავშვებს. ამიტომ ადამიანის იმუნური სისტემა, რომელიც ყოველდღიურად უნდა ხვდებოდეს „მილიარდობით ბაქტერიას, მხოლოდ მილიონობითს ხვდება“.

  • „შედეგად, იმუნური სისტემა ცდილობს მოედოს ყველაფერს, რაც თუნდაც ოდნავ ჰგავს ბაქტერიებსა თუ ვირუსებს. ამიტომაც გვაქვს ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების საშინელი აფეთქებები“, — განმარტა პედიატრმა.

ცნობილი ექიმი პრობლემის მოგვარების გზას ბავშვებისთვის საკვების სახით ისეთი მიკროორგანიზმების დამატებით მიცემაში ხედავს, რომლებიც სახიფათო არ არის ორგანიზმისთვის და იმუნურ სისტემას ავარჯიშებს.

კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკის უფრო საიმედო მეთოდი — ეს არის არა რძემჟავა ბაქტერიები, არამედ მრავალფეროვანი კვება, სტერილურობის არარსებობა, ბავშვის ძალით გამოკვებაზე უარის თქმა — როცა მას არ შია, და ასევე ფიზიკური აქტივობა, რის შემდეგაც ბავშვიც და ზრდასრულიც აუცილებლად მოდის მადაზე.

თუმცა, როგორც სპეციალისტი ამბობს, თუ ზემოთ ჩამოთვლილს რძემჟავა პროდუქტებს — იოგურტებს, კეფირებსა და მაწონს დავამატებთ, ნამდვილად დიდ სარგებელს მივიღებთ.

208
თემები:
ექიმი გირჩევთ
ექიმი

ყველაფერი გასტრიტის შესახებ: როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ დაავადებას

89
(განახლებულია 17:01 20.01.2021)
გასტრიტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გვხვდება მოზრდილებსა და ბავშვებში. როგორ ამოივიცნოთ მისი სიმპტომები და როგორ ვუმკურნალოთ მას — ექიმები აგვიხსნიან.

რა არის გასტრიტი?

გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება და იწვევს მისი ძირითადი ფუნქციების დარღვევას, განსაკუთრებით სეკრეციისა. დაავადების დროს ეპითელური უჯრედები ატროფირდება, მათი რეგენერაცია უარესდება და ლორწოვანი გარსი თხელდება. ამის გამო საკვები ცუდად ნელდება და საკვები ნივთიერებები ნაკლებად შეიწოვება.

სტატისტიკის მიხედვით, გასტრიტი კუჭის ყველა დაავადების 80-85% -ს შეადგენს. მისი რისკი ასაკთან ერთად იზრდება, მაგრამ ის ბავშვებშიც გვხვდება.

დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, პაციენტის დისკომფორტის გარეშე. გასტრიტის განკურნება უმეტესად შესაძლებელია მისი მიზეზების სწორი დიაგნოზის შემთხვევაში.

დაავადების მიზეზები და სიმპტომები

გასული საუკუნის 90-იან წლებში მეცნიერებმა დაავადების ბაქტერიული წარმოშობა დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ კუჭის მრავალი წყლული და გასტრიტი გამოწვეულია ბაქტერიით Helicobacter pylori, რომელიც შეიძლება არსებობდეს კუჭის აგრესიულ გარემოში. გარდა ამისა, დაავადება ვითარდება აუტოიმუნური პროცესების გამო, როდესაც ორგანიზმი თავად ანადგურებს ლორწოვან გარსს.

კიდევ ერთი მიზეზია მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა, აგრეთვე სხვა ქიმიკატების ზემოქმედება. გასტრიტის გამომწვევი მიზეზები ასევე შეიძლება იყოს: არაჯანსაღი დიეტა, ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა, ხშირი სტრესი, მეტაბოლური დარღვევები, ალერგიული რეაქციები, ვირუსული ინფექციები, იმუნიტეტის შესუსტება, რადიაცია, ზედმეტი ჭამა, სხვა ორგანოების დაავადებები და პარაზიტები.

გასტრიტის სიმპტომებია: სიმძიმე ჭამის შემდეგ, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა. შესაძლებელია მადის დაკარგვა, ზოგადი სისუსტის განვითარება.

იგივე სიმპტომები ვლინდება გასტრიტის გამწვავების დროსაც.

დაავადების გართულებებია: ანემია, წყლულები, კუჭის კედლის გახეთქვა, სისხლდენა, ლორწოვან გარსზე სიმსივნეები.

გასტრიტის სახეები

დაავადების ორი ფორმა არსებობს: მწვავე და ქრონიკული. მწვავე გასტრიტის ტიპებია:

  • კატარული გასტრიტი — ყველაზე ხშირად ალერგიის, არასწორი კვების ან მოწამვლის შედეგად ჩნდება. აქვს მსუბუქი ფორმა, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსის ზედა ფენა ზიანდება;
  • ფიბრინული გასტრიტი — რა დროსაც ხდება ლორწოვანი გარსის დიფტერიული ანთება და კუჭს ფარავს ცილის ფირი — ფიბრინი. ამ დაავადების სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და ცხელება;
  • ეროზიული გასტრიტი — აზიანებს ლორწოვან გარსს და იწვევს მასზე ეროზიის წარმოქმნას;
  • ფლეგმონური გასტრიტი — ხასიათდება კუჭის კედლების ჩირქოვანი ანთებით. ვითარდება ტრავმების, წყლულების შემდგომი გართულებებისა და სხვა სერიოზული დაავადებების გამო.

გასტრიტი ქრონიკული ხდება მაშინ, როდესაც სპეციფიკური სიმპტომების მქონე კუჭის ანთება დიდი ხნის განმავლობაში რეგულარულად მეორდება.  ქრონიკული გასტრიტი მომატებული და შემცირებული მჟავიანობით არსებობს.  

შინ მკურნალობის საფუძვლები

„სახლის პირობებში გასტრიტის მკურნალობა ნიშნავს ცხოვრების წესის ნორმალიზებას, მუშაობისა და დასვენების რეჟიმის დაცვასა და დიეტურ რეკომენდაციებს, ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას“, — ამბობს გასტროენტეროლოგი სვეტლანა გრუკი.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია სრულფასოვანი ძილი, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, იმ წამლების მიღება, რომლებიც აღადგენს კუჭის ლორწოვან გარსს და ხსნის ანთებას. თუ გასტრიტი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, მაშინ უნდა შეიზღუდოს ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი საკვები, ალკოჰოლი, ყავა, ფქვილეული, რძის პროდუქტები.

ექიმის რეკომენდაციით საჭიროა საკვები იყოს გახეხილი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.

„შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და რბილი სახეობის ხორცი, მაგრამ კარგად უნდა დაღეჭოთ. მარილი შეზღუდეთ ზომიერად. გამორიცხეთ ძალიან ცივი და ცხელი კერძები. კვების რეჟიმი: დღეში 5-6 ჯერ. ძილის წინ შეგიძლიათ დალიოთ რძე, ნაღები. დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს რეკომენდებულია სუპები, რომლებიც მზადდება უცხიმო ბოსტნეულის ბულიონზე, კეფირი, დო, ხაჭო, უცხიმო ხორცი, ჟელე, კომპოტი, ბოსტნეული პუდინგის სახით, კოტლეტი, კაკაო, ყავა რძით, კარაქი, მზესუმზირის ზეთი“, – განმარტა გასტროენტეროლოგმა.

ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ხალხური მეთოდებით მკურნალობამ შეიძლება კიდევ მეტად გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.

მკურნალობა ტრადიციული მეთოდებით

სვეტლანა გრუკის თქმით, აუცილებელია, რომ დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიმართოთ ექიმს.

„ექიმი დანიშნავს აუცილებელ გამოკვლევებს დაავადების ეტიოლოგიის დასადგენად, შეაფასებს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების სიმძიმეს, შეარჩევს მედიკამენტებს, ასევე გასცემს გასტრიტის საკურორტო მკურნალობისთვის რეკომენდაციებს“, — ამბობს გასტროენტეროლოგი.

მედიკამენტური თერაპია მოიცავს ანტისეკრეტორულ საშუალებებს, რომლებიც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, გასტროპროტექტორებს, სპაზმოლიტიკებს, პროკინეტიკებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ინფექციის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ეროზიის შეხორცებას.

საწყის ეტაპზე მწვავე გასტრიტის მკურნალობა, როგორც წესი, იწყება კუჭის ამორეცხვით. შემდეგ საკვების მიღება არ შეიძლება დღე-ღამის განმავლობაში, მოგვიანებით ფართოვდება ნებადართული პროდუქტების ჩამონათვალი.

ქრონიკული გასტრიტის მკურნალობა არის ღონისძიებების მთელი კომპლექსი, რომელიც მიმართულია პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და ეს ყველაფერი ექიმმა უნდა დანიშნოს.

89
თემები:
ექიმი გირჩევთ
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ჩვენი მიზანია კოვიდვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს

0
(განახლებულია 11:26 21.01.2021)
ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 65-გვერდიანია, მასში რვა მიმართულებაა გაწერილი და მისი მიზანია, მიმდინარე წელს მოსახლეობის 65 პროცენტამდე აიცრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

იმნაძე: საქართველო ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზადაა>>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობდა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

გამყრელიძის განცხადებით, გეგმა, რომლის შემუშავებაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს, ხოლო მისი დამტკიცება მთავრობის სხდომაზე უნდა მოხდეს.

მისი ინფორმაციით, უკვე ცნობილია, თავდაპირველად რომელი ჯგუფები აიცრებიან. ესაა სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი.

„შემდეგ აიცრება 75 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და თანმდევი დაავადების მქონე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სასუნთქი სისტემის, დიაბეტის მქონე ადამიანები, შემდეგ უკვე – 18 წელს ზემოთ მოსახლეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა>>

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდემიოლოგების მიზანია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს.

„2.8 მილიონი მოზრდილი მოსახლეობაა ქვეყანაში და იმის 60-65% არის 1.6 მილიონი ადამიანი. ამისთვის გვჭირდება ვაქცინის დაახლოებიით 900 ათასი დოზა, რადგან ორჯერ კეთდება აცრა და გარკვეული დანაკარგია ხოლმე ვაქცინაციის დროს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, გეგმის მიმართულებებში განხილულია სხვადასხვა სცენარები.

„რომელი ცივი ჯაჭვის რეჟიმის ვაქცინა იქნება, იქნება -70-იანი -20-იანი თუ +2 +8 გრადუსიანი ვაქცინა. ყველა ამ რეჟიმზე არის თავისი გათვლები გაკეთებული, შესაბამისად ფასებიც, მომსახურებაც, რამდენი ბრიგადაა საჭირო დაწყებისას, შემდეგ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და ამის დეტალები“, – ამბობს გამყრელიძე.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, უკვე გაწერილია, რა ეღირება ქვეყნისთვის ეს პროცესი ვაქცინის ფასიდან და მომსახურებიდან გამომდინარე. გათვლილია ასევე თითო ბრიგადას დღეში რამდენი დამიანის აცრა შეუძლია.

როგორც უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად მზადაა. როგორც მან განმარტა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლების მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX–პლატფორმაში უკვე გაიგზავნა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები