უბეწვო ჯიშის კატა

ეს უნდა იცოდეთ: ალერგია და უბეწვო ჯიშის კატები - ექსპერტი მითს ამსხვრევს

335
(განახლებულია 20:49 18.12.2020)
ფელინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა დაამსხვრია გავრცელებული მითი უბეწვო კატების შესახებ

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. უბეწვო ჯიშის კატებს ძლიერი რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ ალერგიით დაავადებულებებში, მიუხედავად გავრცელებული საწინააღმდეგო მოსაზრებისა, აცხადებს ფელინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ელენა შევჩენკო.

მისი თქმით, საქმე ისაა, რომ ალერგიკებისთვის უშუალოდ ბეწვი არ არის ყოველთვის გამღიზიანებელი.

„როგორც წესი, ალერგია არ ჩნდება ცხოველის ბეწვზე. ალერგია არსებობს ნერწყვის, ეპითელური ნაწილაკების, მუშკიანი გამონაყოფის მიმართ, რაც კატებს აქვთ. როდესაც სელექციონერები ამბობენ, რომ უბეწვო კატები ყველაზე ჰიპოალერგიულები არიან, ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ისინი კიდევ უფრო ძლიერი ალერგენები არიან, ვინაიდან მათ არ აქვთ ბეწვი, რომელიც ეპითელიუმის რეაქციისგან დაიცავდა ადამიანს“, — თქვა ელენა შევჩენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატების ჰიპოალერგიული ჯიშები უბრალოდ არ არსებობს.

ელენა შევჩენკო განმარტავს, რომ კატას უყვარს ადამიანზე თუ ავეჯზე თავის გასმა-გახახუნება.  საქმე ისაა, რომ მას ყურს უკან მუშკის ჯირკვლები აქვს, რომლებიც გარკვეულ სეკრეტს გამოყოფს. ამ სეკრეტით ნიშნავს კატა ოთახსა და თავის ადამიანს და სწორედ მასზე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ალერგია.

 

335
თემები:
სასარგებლო რჩევები (445)
გულის შეტევა

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს

255
(განახლებულია 19:35 14.01.2021)
მოახლოებული მიოკარდიუმის ინფარქტის ამოცნობა შესაძლებელია პირის ღრუსთან დაკავშირებული სიმპტომებით

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.

მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების  მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.

გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.

გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.

„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.

ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.

მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

255
თემები:
ექიმი გირჩევთ
ძალადობა ბავშვზე

ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თუ... რამ უნდა გააფაციცოს მშობელი

177
(განახლებულია 22:03 14.01.2021)
ამ მასალის გაკეთება სამწუხარო რეალობამ გვიკარნახა: ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.

თემა საკმაოდ რთულია და სათუთი. ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მშობლებს ამერიკელი ტრენერების რჩევები შევთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.

უპირველესად იცოდეთ, რომ:

„ცუდი ბიძია“ შესაძლოა ძალიან ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი გამოდგეს. მოძალადეები ძირითადად ის უფროსები არიან, რომლებსაც ბავშვები იცნობენ და ენდობიან, ვისთანაც კარგი დამოკიდებულების გაფუჭებისა ეშინიათ, ვისაც მათი დაშინება და დაშანტაჟება შეუძლია.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

უფროსის მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამოვლენას, მაგალითად, საჩუქრებს, თავსა და ზურგზე ხელის მოფერებით გადასმას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

  • ნუ დატოვებთ მცირეწლოვან შვილს მარტო სხვასთან დიდი ხნით. თუ მაინც მოგიწიათ ეს, შეეცადეთ მოულოდნელად დაბრუნდეთ ან შორიდან გააკონტროლოთ მათი ერთად ყოფნის პერიოდი;
  • ასწავლეთ მცირეწლოვან ბავშვს სხეულის ნაწილების სახელები. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც 5 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში უცბად ტირილი დაიწყო და აღმზრდელს ჩუმად გაანდო, რომ „მამიკომ ისევ შეუჭამა ორცხობილა“. აღმზრდელმა ბავშვს დასამშვიდებლად სხვა ორცხობილა მისცა. მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რეალურად რა იგულისხმებოდა „ორცხობილის ჭამაში“;
  • აუხსენით შვილს პირადი სივრცის საზღვრები. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რას ნიშნავს მიუღებელი, დაუშვებელი შეხება. პატარები ბევრად უკეთესად აღიქვამენ ვიზუალურ მაგალითებს. ამიტომ საცურაო კოსტიუმი ან თავად ჩაიცვით, ან მას ჩააცვით და უთხარით, რომ ადგილებზე, რომლებსაც „პლავკები“ ფარავს, ხელი არავის არ უნდა მოაკიდებინოს;
  • გაიცანით ყველა უფროსი, მათ შორის ბავშვებიც, ვისთანაც თქვენი შვილი მეგობრობს და ვისაც ენდობა;
  • აუხსენით, რა სახის საიდუმლო უნდა დაფაროს და რა - არა;
  • ჩამოაყალიბეთ შვილთან იმდენად მეგობრული ვითარება, რომ ყველაფერი გიამბოთ, არ დაგიმალოთ, თუ რაიმე უხერხულ ან გაუგებარ ვითარებაში მოხვდა;

რამ უნდა შეგაშფოთოთ ბავშვის ქცევაში:

ქცევისა და ემოციური მდგომარეობის უჩვეულო და მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად – დეპრესიამ, აუხსნელმა აგრესიამ, ღამეულმა კოშმარებმა, ცხოველებისადმი სისასტიკემ, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტრავმების მიყენებამ, ცეცხლის წაკიდების მცდელობებმა, მოუსვენრობამ, ქრონიკულმა კუჭის ან თავის ტკივილებმა, სექსუალურმა ქცევებმა და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელმა ლექსიკამ.

დააკვირდით, რას ხატავს ბავშვი!

იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ნახატების მეშვეობით „გასცა“ 5 წლის გოგონამ საკუთარი მოძალადე აღმზრდელი – ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი.

თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, ოთახში შეხვედით და დაინახეთ, რომ თქვენი შვილი იქ რომელიღაც უფროსთან ერთადაა მარტო და ამის გამო გულის სიღრმეში უსიამო ეჭვი გაგიჩნდათ, ბავშვი კი არ გამოარიდოთ იქაურობას, არამედ მტკიცედ, მოურიდებლად და ტაქტიანად უთხარით უფროსს, რომ შვილს უფროს ადამიანებთან მარტო დარჩენის უფლებას არ აძლევთ!

ამით თქვენ სიგნალს გზავნით, რომ ყურადღებიანი მშობელი ბრძანდებით. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გაგიგებთ. თუ თქვენი ეჭვი მცდარი აღმოჩნდა, მაინცდამაინც უხერხულად ნუ იგრძნობთ თავს. ჯობს შეცდეთ და მავანმა იწყინოს კიდეც თქვენი სიტყვები, ვიდრე თქვენს შვილს უბედურება შეემთხვეს და სიცოცხლის ბოლომდე მძიმედ ტრავმირებულმა იცხოვროს.

საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება

აუცილებლად გაითვალისწინეთ:

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მსგავსი საშინელება მაინც მოხდა და ბავშვი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი, ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია. მწვავედ რეაგირებამ შესაძლოა ბავშვი კიდევ მეტად დააფრთხოს და დააშინოს.

რაც მთავარზე უმთავრესია — ეს ისაა, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი შვილი, ხშირად ესაუბროთ გულახდილად და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნებით.

177
თემები:
მშობლები და შვილები
მხედარი მთაში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 იანვარი

0
(განახლებულია 12:08 16.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 17 იანვარია, კვირა. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს დიდი მოთმინებისა და გულისყურის გამოჩენაა საჭირო. ამ მხრივ გაურთულდებათ საქმე იმ ადამიანებს, ვისი პროფესიაც დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგალითად, ბუღალტრებს, პროგრამისტებს. მათ მოუწევთ მოქმედება დევიზით „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“.ზოგადად, ამ დღეს ლოგიკა მეორე პლანზე გადაიწევს, ხოლო შრომისუნარიანობა – მესამეზე. წინა პლანზე გამოვა გაღიზიანება, გონებაგაფანტულობა, ემოციებზე აყოლა თავისი „ჩაკირკიტებებით“, კონფლიქტები... დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. იფიქრეთ პოზიტიურზე, გაერთეთ, დაისვენეთ – ესაა მთავარი რეკომენდაცია ამ დღისთვის.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2021 წელს>>

ვერძი: საკუთარი ემოციების გაკონტროლება და დამალვა, შესაძლოა, ეფექტური ხერხია, რომ ცივსისხლიანი და გონებამოკრებილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, მაგრამ ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, გამონახოთ დრო და გრძნობებს გასაქანი მისცეთ, ასევე ამისგან გაკვეთილიც მიიღოთ. თუ ვინმემ ძალიან გაგაბედნიერათ ან ძალიან გაწყენინათ, საკუთარი გრძნობების ჩვენების გამოხატვის ხერხი უნდა იპოვოთ. ამ ადამიანმა სიმართლე უნდა იცოდეს – თქვენ რას განიცდით. საკუთარ თავში ჩაკეტვით წინსვლას ვერანაირად ვერ შეუწყობთ ხელს.

კურო: დღეს ვარსკვლავები ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაძირვას გირჩევენ. ამისთვის საკმარისია, საინტერესო წიგნი გადაშალოთ ან ფილმს უყუროთ. დანარჩენს თქვენი მდიდარი წარმოსახვა გააკეთებს. ეს დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ ყოველდღიური საქმეებისგან და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ იმის გათვალისწინებით, რომ ეს დღე კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად მაინც არახელსაყრელია.

ტყუპი: დღეს აჯობებს, თუ ხელს არ მოჰკიდებთ ისეთ საქმეს, სადაც იძულებული ხართ, სხვების იმედზე იყოთ. გარშემომყოფებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შესაძლოა, დაგაღალატონ. ეს ნებისმიერ საკითხს შეეხება, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი საქმე. დღის განმავლობაში რომ ყველაფერი სათანადოდ წარიმართოს, მხოლოდ ერთი ადამიანის იმედი უნდა გქონდეთ და ეს თქვენი საკუთარი თავია. პროექტები, რომლებიც გუნდურ მუშაობას მოითხოვს, სჯობს, სამომავლოდ გადადოთ.

კირჩხიბი: დღეს არის საფრთხე იმისა, რომ გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. ეს, პირველ რიგში, არაახლობელ ადამიანებსა და კოლეგებს ეხება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ კრიტიკა თქვენი საყვარელი ადამიანის ან ახლო მეგობრისგანაც მოისმინოთ. შესაძლოა, ვინმეს თქვენი სიტყვა არ მოეწონოს, გარეგნობა, არაპროდუქტიულობა მუშაობაში. ვინც არ უნდა იყოს, ამას აუცილებლად ინანებს – თქვენი გაბრაზება მას ძვირი დაუჯდება, საკადრის პასუხს მიიღებს.

ლომი: შესანიშნავი დღე გელოდებათ, როდესაც შეგიძლიათ წარმოაჩინოთ ლიდერის თვისებები და გამარჯვების განწყობა. ამასთან, რაც მეტ წინააღმდეგობას შეხვდებით გზაზე, მით უკეთესი – შეხვალთ საბრძოლო აზარტში და მეტი აქტიურობით გადალახავთ ყველა ბარიერს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ „დაწვრილმანდეთ“ და ხელი იმ საქმეებს მოჰკიდოთ, რომლებშიც ყველაზე მეტ პოტენციალს ხედავთ. თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა წარმატებისკენ გიბიძგებთ.

ქალწული: დღეს თქვენში თავდაჯერებულობა მოიკლებს და უსასრულო მერყეობა დაგეუფლებათ. ასეთი განწყობის გამო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, თუნდაც ეს, მაგალითად, ჩასაცმელს ეხებოდეს – ორიდან ერთის არჩევაც კი გართულდება. თუ ვითარება თქვენგან სწრაფ მოქმედებებს მოითხოვს, არის საშიშროება, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ და უფრო კარგი იქნება – თავი აარიდოთ ნებისმიერ საპასუხისმგებლო ნაბიჯს.

სასწორი: დღეს სიტუაციამ შეიძლება გაიძულოთ, რომ თქვენს რომელიმე გეგმაზე უარი თქვათ. საუბარი ნებისმიერ რამეზე შეიძლება იყოს – საღამოს გეგმაზე, შვებულებაზე, პაემანზე, რემონტზე... თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები შეგუებას გირჩევენ. ასე დროთა განმავლობაში უფრო მოახერხებთ მიზანთან მიახლოებას და წარმატების გარანტიას. რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, ეს წუწუნია საკუთარ პრობლემებზე გარშემომყოფებთან. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობას თქვენი პრობლემები საერთოდ არ აინტერესებთ, ხოლო დანარჩენებს ეს გაახარებს კიდეც.

მორიელი: დღეს თქვენში შინაგანი წონასწორობა სჭარბობს. გაქვთ სურვილი, რომ პოზიტივი სხვებსაც გაუზიაროთ. ამის წყალობით გვერდით მყოფების მიმართ მეტ მზრუნველობას გამოიჩენთ. შესაძლოა, ვინმეზე მეურვეობაც აიღოთ, მოუსმინოთ მას, დაეხმაროთ საქმეში ან კეთილი და სასარგებლო რჩევა მისცეთ. გარშემომყოფები მადლიერი დაგრჩებიან და ამაღლდებით როგორც მათ, ისე საკუთარ თვალში.

მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა გაკვირვებული დარჩეთ იმით, რომ გარშემომყოფები ფარულად ან აშკარად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. მეგობრები, კოლეგები და საყვარელი ადამიანიც კი (შესაძლოა, მხოლოდ კეთილი ზრახვებით), თქვენზე მბრძანებლობას შეეცდებიან. თქვენი განწყობა კი იმგვარი იქნება, რომ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ. მზად ხართ, ინიციატივა საკუთარი ხელიდან გაუშვათ. თუ ეს პერსპექტივა არ გხიბლავთ, მაშინ სიმტკიცე გამოიჩინეთ და „კისერზე წამოსკუპების“ უფლებას ნურავის მისცემთ.

თხის რქა: დღეს ბობოქარი საქმიანობის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ თავშეკავება აუცილებელია – ზედმეტი არ მოგივიდეთ. სწორედ დღეს ძალიან ადვილია, გზას ასცდეთ და რამე სავალალო შეცდომა დაუშვათ. უფრო მეტიც, შეცდომა, შესაძლოა, სულ მარტივ საკითხშიც დაუშვათ, რომელიც ხუთი თითივით იცით. სწორედ ამიტომ, პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, ექსპერტები გირჩევენ, ტაიმ–აუტი აიღოთ და დაისვენოთ, საქმეები მოიცდის.

მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ყველაფერს, რაც მოგწონთ: ჰობის, ფიტნესს, სპა–სალონს, საკვებს, შოპინგს... ეს თქვენზე ძალიან კარგად იმოქმედებს – მოდუნდებით და იგრძნობთ ჰარმონიას გარე და შინაგან სამყაროსთან. ხალხმრავლობა კი სულ არ მოგეწონებათ, გინდაც ირგვლივ მხოლოდ ახლობელი ადამიანები შეიკრიბონ. დღეს აჯობებს, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ თავთან, ან საყვარელ ადამიანთან მარტო დარჩებით.

თევზები: დღეს თქვენი საქციელი ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს ფარული ენერგიის უხვი მარაგი გაქვთ, თუმცა მისგან გათავისუფლება მხოლოდ ავრალურ რეჟიმშია შესაძლებელი. ასე რომ, თუ დღეს არანაირი ზეამოცანა არ გექნებათ, შესაძლებელია, რომ აპათია და სიზარმაცე დაგეუფლოთ. თუმცა, საკმარისია, რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს და აჩვენებთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.

0