თერმომეტრი

შეიძლება თუ არა მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის ცივი წყლით დაზელა: პედიატრის რჩევები

877
(განახლებულია 19:56 15.12.2020)
არის შემთხვევები, როდესაც მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი საშუალებების მიცემის მიუხედავად ტემპერატურა არ იკლებს. ამ დროს მშობლები მიმართავენ სიცხის დამწევ სხვა საშუალებებს – ცივი წყლით დაზელა, ძმრიანი წინდები და ა.შ.

რამდენად მართებულია მსგავსი ქმედება, დადებითად აისახება ეს ბავშვის ჯანმრთელობაზე თუ უარყოფითად, ამის შესახებ პედიატრი მაია ხერხეულიძე საუბრობს და მშობლებს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

მაია ხერხეულიძე
მაია ხერხეულიძე

- ცივი წყლით დაზელა ან ცივი საფენების გამოყენება ​მაღალი ტემპერატურის დროს არ არის რეკომენდებული. ცივი წყლის მოხვედრისას სისხლძარღვების შევიწროება ხდება, ამან შეიძლება კიდევ უფრო დიდი გადახურება მოგვცეს. ამ დროს შესაძლოა ტემპერატურა უფრო გაიზარდოს, ბავშვმა დაიწყოს კანკალი და მოიმატოს სითბომ. დაზელას აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ თბილი წყალი. ​სხვა მინარევების გამოყენება არ არის საჭირო. მცირე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება სპირტის და ალკოჰოლის გამოყენება დასაზელად. შესაძლებელია ალკოჰოლმა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ბავშვებში ძალიან კარგად არის განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი, რის გამოც კანიდან მარტივად ხდება ყველაფრის შეწოვა. მოზრდილებთან შედარებით ბავშვებში სამ-ოთხჯერ უფრო მაღალია კანზე მოხვედრილი ნივთიერებების შეწოვა.

- თუ ბავშვს კიდურები ცივი აქვს, ამ დროს როგორ ვიქცევით?

- ამ დროს თბილ წყალში ხელის ან ფეხის ჩაყოფა მის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ დედა ხედავს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს გაყინული აქვს კიდურები, ამ დროს შეიძლება, რომ მას თბილ წყალში ჩავაყოფინოთ ხელი და ფეხი, ​დავზილოთ თბილი წყლით, რათა სისხლძარღვები ოდნავ მაინც გავაფართოვოთ. ამით სითბოს გაცემას გავაძლიერებთ და ბავშვს გადახურებას ავარიდებთ. არ შეიძლება მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის ჩაფუთვნა ზედმეტად. ტანსაცმელი უნდა იყოს ძალიან თხელი, რომ ბავშვმა ადვილად გასცეს სითბო.

-  რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოიქცნენ მაღალი ტემპერატურის დროს?

- რეკომენდაციაა, რომ მივცეთ გაზრდილი რაოდენობით სითხე. შეიძლება ბავშვი საკვებს არ იღებდეს დიდი რაოდენობით. ესეც დაცვის რეაქციაა, რომ ორგანიზმი მეტი ენერგიით ებრძოლოს დაავადებას და არ დახარჯოს ეს ენერგია საკვების გადამუშავებაზე.

სითხის მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს მეტი სითხე იკარგება და გაუწყლოვება არ უნდა განვითარდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიოლოგიური ხსნარით სასუნთქი გზების გამორეცხვას, ესეც დადასტურებულია. კიდევ ერთი, რაც დადასტურებულია და რასაც ხველაზე კარგი ეფექტი აქვს, არის ოთახის დატენიანება. ინფექციის და ანთების დროს ვითარდება სასუნთქი გზების სიმშრალე. ბავშვის ოთახში დამატენიანებელს თუ დავდგამთ, ამანაც შეიძლება შეამსუბუქოს ხველის და სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

877
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (81)
მძინარე ქალი

არც ისე სასარგებლო, მაგრამ ეფექტური: ექიმი სწრაფი ჩაძინების მარტივ მეთოდს ასახელებს

211
(განახლებულია 22:11 22.01.2021)
უძილობა კვლავაც რჩება ჩვენი ნერვიული და მოუსვენარი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, თუმცა არსებობს მისი აღმოფხვრის ეფექტური ხერხი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. არსებობს სწრაფი ჩაძინების მარტივი, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, არც ისე სასარგებლო ხერხი, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის ნერვული დაავადებებისა და ნეიროქირურგიის კათედრის დოცენტი მიხაილ პოლუეკტოვი.

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ძილის წინ ოთხი საათით ადრე რაიმე ტკბილის ჭამა.

„დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ბევრ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, აჩქარებს ჩაძინებას. ასე რომ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ჩაძინებას, თუმცა სხვა თვალსაზრისით ეს არც ისე სასარგებლოა“, — აღნიშნა ექიმმა.

ადვილად ასათვისებელი, ანუ ჩქარი ნახშირწყლები, ეს მარტივი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება უბრალო მოლეკულებად დასაშლელად, სისხლში მოსახვედრად და ამით ორგანიზმის საჭირო ენერგიით მოსარაგებლად. ასეთი პროცესების სიჩქარე განისაზღვრება გლიკემიური ინდექსით: რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ორგანიზმი გადამუშავებაზე.

სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად, ცომეული, ბურღულეული, მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი კარტოფილი, ლაფშა, შაქარი, თაფლი და ა.შ.

 

211
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა ქალი იზომავს წელის გარშემოწერილობას

არც იშიმშილოთ და არც ძალიან დაიტვირთოთ: 12 მარტივი ხრიკი წონაში სწრაფად დასაკლებად

289
(განახლებულია 20:24 22.01.2021)
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტებმა სპეციალური პროგრამა შექმნეს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ და წონასაც ზედმეტი დატვირთვის გარეშე დაგაკლებინებთ 

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ექიმებმა ჩამოთვალეს ხრიკები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სპეციალური დიეტის გარეშე დაიკლოთ წონაში უფრო სწრაფად წერს გამოცემა The Sun–ი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტ ტამარა უილნერის თქმით, ადამიანის წონაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო საკვები, არამედ ყველა წვრილმანი ჩვევა. იგი გთავაზობთ 12-კვირიან სპეციალურ პროგრამას, რომელიც გარკვეული წესების ჩვევად ქცევას ითვალისწინებს.

ეს ის მარტივი წესებია, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ შიმშილის, გამომფიტავი დიეტებისა და გამუდმებული ფიზიკური დატვირთვების გარეშე, და რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პროგრამა Second Nature-ს რეკომენდაციები ასე გამოიყურება: 

  • გააზავეთ დღე მოკლე ფიზიკური დატვირთვებით. მაგალითად: კბილების გახეხვის დროს ჩაჯდომებით, ტელევიზორის ყურებისას კედლიდან აწევებით; რამე საქმიანობის დროს ადგილზე სირბილით;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება;
  • არ დალიოთ ყავა დღის მეორე ნახევარში, რათა ღამით უკეთ დაიძინოთ;
  • შეცვალეთ ხილის წვენი და ტკბილი სასმელები წყლით, ჩაით ან რძით;
  • დაიწყეთ ყოველი დილა 10-წუთიანი სეირნობით;
  • ძირითადი კვების დროს ჭამეთ მეტი, რომ მოგვიანებით არ წაიხემსოთ;
  • თუ ტკბილეული გიყვართ, შეცვალეთ რძიანი ან თეთრი შოკოლადი 70%-იანი შავი შოკოლადით;
  • ყოველკვირეულად გასინჯეთ ახალი ბოსტნეული;
  • შეადგინეთ საყიდლების ჩამონათვალი სუპერმარკეტში წასვლამდე, რათა თავიდან აიცილოთ საკვებზე სპონტანური ხარჯები;
  • სთხოვეთ მეგობარს, ისეირნოდ თქვენთან ეთად კვირაში ორჯერ;
  • მოძებნეთ პოზიტიური ემოციების მიღების ალტერნატიული გზები — საკვების გარდა. სცადეთ თავსატეხების ამოხსნა, მეგობართან საუბარი ან სხვა რამ, რაც სიამოვნებას განიჭებთ;
  • ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს გარკვეულ საკვებს. თუ ძალიან გსურთ რაიმეს ჭამა, უარი კი არ თქვათ, უბრალოდ მიირთვით ის აუჩქარებლად.

 

289
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვაქცინა

ვაქცინის რამდენი დოზის შემოტანას გეგმავენ თებერვალში საქართველოში

0
ეკონომიკის სრული გახსნისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც 164 მილიონი ლარი დასჭირდება

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თებერვალში საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის, სავარაუდოდ, ეს იქნება Pfizer-ის ვაქცინა (ამერიკულ-გერმანული წარმოების), განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, პირველ რიგში მედმუშაკებს აცრიან. შემდგომში, აპრილის ბოლოს იგეგმება დიდი რაოდენობით ბრიტანული წარმოების ვაქცინა Astrazeneca-ს შემოტანა. ეს იქნება დაახლოებით 150 ათასი დოზა, მასაც მედმუშაკებისა და 75 წლის ზემოდ პირთათვის გამოიყენებენ.

„შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად მოხდება ვაქცინის მოწოდება და წლის ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მოვახდენთ. ასეთ შემთხვევაში ფართოდ გავრცელება შეჩერდება, ვიღაცები დაინფიცირდებიან, თუმცა ფართო გავრცელება აღარ იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ეკონომიკის სრული გახსნისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც 164 მილიონი ლარი დასჭირდება.

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ  75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

0