ზეთის წარმოება

თუ ზეთის შეძენას აპირებთ: როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი პროდუქცია

781
(განახლებულია 16:56 13.11.2020)
იმისათვის, რომ ზეთის ყველა სიკეთით ისარგებლოთ და პირიქით, საზიანო არ აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია იცოდეთ ის ოქროს წესები, რაც მისი შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

ზეთმა განსაკუთრებული აქტუალურობა ბოლო დღეებში მას შემდეგ შეიძინა, რაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მოუწოდეს, კარაქი ზეთით ჩაენაცვლებინათ.

როგორ შევარჩიოთ ზეთი

პირველ რიგში რაც უნდა გაითვალისწინოთ:

- შეიძინეთ არარაფინირებული (ან არასრულად რაფინირებული) ზეთი - თუ ის გაცხელების გარეშე (მაგალითად, სალათებში) უნდა იხმაროთ.

- შეიძინეთ რაფინირებული ზეთი - თუ ის რაიმეს შესაწვავად გჭირდებათ.

დაიმახსოვრეთ, რაფინირებული ზეთი კრიალა და გამჭვირვალე უნდა იყოს, ყოველგვარი ნალექის გარეშე. არარაფინირებულ ზეთს კი შეიძლება მცირე ნალექი ჰქონდეს, რომელიც სასარგებლოც კია ორგანიზმისათვის.

თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, არ შეცდეთ, ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია. დაიმახსოვრეთ,  ქოლესტერინს არც ერთი მცენარეული ზეთი არ შეიცავს, მას მხოლოდ ცხოველური პროდუქტები შეიცავენ.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ზეთის შენახვის ვადა გასული არ იყოს, რადგან გაფუჭებული ზეთი ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. კერძოდ,

- რაფინირებული ზეთის შენახვის ვადა 1 წელი ან ცოტა მეტი შეიძლება იყოს

- არარაფინირებულის  უფრო მცირე: 3-8 თვე.

- თუკი ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა უფრო მეტია, ეს ნიშნავს, რომ მასში სპეციალური ქიმიური დანამატები - ანტიოქსიდანტები არის დამატებული, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა. ამიტომ, მოერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომელსაც 2 წელზე მეტი შენახვის ვადა აქვს.

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ დასახელებას, რომელიც ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული.

-Virgin Olive Oil - არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდების გამოყენებით, ქიმიური გაწმენდის გარეშე. ეს ზეთი ყველაზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

- Refined Olive Oil (ან უბრალოდ Olive Oil) - რაფინირებული ზეითუნის ზეთი. ერთ-ერთი სახეობა Light Olive Oil ისეა დამუშავებული, რომ მისი რამდენჯერმე გაცხელებაც კი შეიძლება

- Pure Olive Oil - რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევი.

- Pomace Olive Oil -  ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთი. მიიღება ზეთისხილის ნაწნეხის, ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.

ხშირად ბაზარზე სუფთა ზეითუნის ზეთად სხვადასხვა ზეთების ნარევს ასაღებენ. როგორ გავარჩიოთ ასეთი ზეთი? შედეთ ის 2-3 დღით მაცივარში. სუფთა ზეითუნის ზეთი თეთრ ნალექს გაიკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად გაქრება. თუკი ზეითუნის ზეთში სხვა ზეთია შერეული, ასეთი ნალექი აღარ წარმოიქმნება.

როგორ შევინახოთ ზეთი სახლის პირობებში

სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად, ზეთი უნდა შეინახოთ ბნელ ადგილას, ეცადეთ, არ შეეხოს ლითონსა და წყალს. მისი შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა +5-დან +20 გრადუსამდე.  არარაფინირებული ზეთი კი უმჯობესია შეინახოთ მაცივარში, მინის ჭურჭელში.

გახსნილ ბოთლში ზეთი უფრო სწრაფად ფუჭდება. ამიტომ ზეთის ბოთლის გახსნის შემდეგ,  ის 1-1.5 თვის მანძილზე გამოიყენოთ. გახსნილ ბოთლს ყოველთვის დაახურეთ თავი, რათა დაიცვათ ზეთი ჟანგბადისა და ტენისაგან.

როგორ გამოვიყენოთ ზეთი სწორად

დაიმახსოვრეთ, გაცხელებისას ზეთში კანცეროგენური და ტოქსიკური ნივთიერებები წარმოიქმნება. ამიტომ ზეთის რამდენჯერმე გაცხელება არ შეიძლება! ერთხელ შესაწვავად გამოყენებული ზეთი უნდა გადაასხათ.

ზეთი გამოსაყენებლად უვარგისია, თუ:

- მას მწარე ან მძაღე გემო აქვს. ასეთი ზეთი ან დაძველდა, ან უვარგისი, ამძაღებული ნედლეულისგან არის დამზადებული.

- თუ გაცხელებისას ზეთი თევზის სუნს გამოყოფს, რაც ნიშნავს რომ ზეთი მიღებულია ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით და უხარისხოა.

კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ: ნებისმიერი პროდუქტის არასწორმა არჩევამ შეიძლება, იმაზე დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

781
სტაფილო და სტაფილოს წვენი

რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო და ვის ეკრძალება იგი: დიეტოლოგი გირჩევთ

360
(განახლებულია 20:15 27.11.2020)
სტაფილო ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელია, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. კიდევ თუ რატომ არის სტაფილო სასარგებლო, ამის შესახებ ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა საუბრობს.

პირველად სტაფილოს მოყვანა ავღანეთში დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ დაიწყეს და თანაც ღეროებისა და არა მისი ძირხვენების გამო. მწარე გემოს მიუხედავად, მათ საკვებად იყენებდნენ.

სასარგებლო თვისებები

სტაფილოში უამრავი ვიტამინი A და ბეტა-კაროტინია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმიცა და ადამიანის გარეგნობაც. მაგალითად, თუ ადამიანს ვიტამინ A-ს დეფიციტი აქვს, კანი შრება და ჩნდება ქერტლი.

„ვიტამინი A გავლენას ახდენს თვალის კუნთებზე, ბადურაზე. როცა ადამიანი ბინდისას უფრო ცუდად ხედავს, დღის განმავლობაში თვალებში ქვიშის შეგრძნება უჩნდება და ქუთუთოები უწითლდება, მან აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება მენიუს“, — ამბობს ექიმი.

სტაფილო შეიცავს B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, თერმული დამუშავების დროს სტაფილოში შემავალი ვიტამინების 2/3-მდე იკარგება, ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.

როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მან, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სტაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.

ექიმები ხშირად სტაფილოს სამკურნალო კვების სახითაც ნიშნავენ. მაგალითად, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, უმადობის დროს. სტაფილოს სარგებელი ის არის, რომ ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი არ იწვევს გულძმარვას.

გაახალგაზრდავებისთვის

პოპულარულია ნიღბები სტაფილოთი ან სტაფილოს წვენით — ეს კანს გამოშრობისგან იცავს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, E ვიტამინის დიდი რაოდენობის წყალობით აღადგენს კანის ზედა ფენას, კურნავს მცირე ბზარებს და ხსნის ანთებას. ხოლო ვიტამინი C არეგულირებს სახის ფერს და ალაგებს სიფერმკრთალეს.

გასახდომად

სტაფილოს კალორიულობა დაბალია — 100 გრამზე მხოლოდ 33 კილოკალორია. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი A აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო ტარტრონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას.

მატონიზირებელი თვისებები

სტაფილო ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ანემიას. როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, ადამიანი ჩვეულებრივზე სწრაფად იღლება და ხშირად თავს იჩენს მოთენთილობა. სტაფილოს წვენს ხშირად ზოგადგამაჯანსაღებლად ან ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის ნიშნავენ.

 

© Sputnik / Denis Aslanov
სტაფილოს კექსი

ვის ეკრძალება სტაფილო

სტაფილოს გამოყენება არასასურველია ღვიძლის დაავადებების დროს: თუ ეს ორგანო ჯანმრთელი არ არის, ის ვერ აითვისებს კაროტინს.

სტაფილოზე უკუჩვენებებს შორის ასევე არის კუჭისა და ნაწლავის წყლული და ენტერიტი (წვრილი ნაწლავის კედლების ანთება).

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილო

სტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).

უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.

გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.

 

360
თემები:
სასარგებლო რჩევები
პურის დაჭრა

პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... დიეტოლოგი გირჩევთ

112
(განახლებულია 15:51 27.11.2020)
ექიმ-დიეტოლოგის თქმით, თუ გახდომა გსურთ, პური აუცილებლად უნდა მიირთვათ, და სპეციალისტი განმარტავს, როგორი უნდა იყოს ის.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პური წონაში დაკლებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, თუ ის შესაბამისად იქნება გამომცხვარი, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

სპეციალისტმა განმარტა, რომ სასურველია პურის შემადგენლობა მაქსიმალურად მარტივი იყოს.

„ის არ უნდა იყოს გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, ანუ არ უნდა იყოს გაწმენდილი. უკეთესია, თუ პური იქნება მთელმარცვლოვანი, ჭვავის ფქვილის, ქატოიანი. და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი დამატებითი კომპონენტების გარეშე: მარგარინის, კულინარიული ცხიმებისა თუ გამაფხვიერებლებისა“, — ამბობს დიეტოლოგი.

ამასთან ერთად სოლომატინა გვირჩევს, მივირთავთ არა ახალი, რბილი პური, არამედ უკვე გამომშრალი, ვინაიდან ის ბევრად სასარგებლოა.

„ასეთი პური ნელა ხვდება კუჭში. ჩვენ ის ჯერ კარგად უნდა დავღეჭოთ, ნერწვით დავარბილოთ. ამასთან სახამებლის ათვისება უკვე პირის ღრუში იწყება და რაც უფრო მეტ სახამებელს აითვისებს ორგანიზმი საწყის ეტაპზე, მით უკეთესი“, — გვირჩევს ექიმი.

სოლომატინა ამბობს, რომ ქატოსა თუ ჭვავის პურში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი და В ჯგუფის ვიტამინები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის ნერვული სისტემისა თუ კუჭ-ნაწლავის სისტემის მიკროფლორისთვის. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს როგორც იმუნიტეტის მდგომარეობას, ისე ადამიანის გუნება–განწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა, აღნაგობასაც კი.

„საოცარია, მაგრამ პური გახდომის მსურველებს წონაში დაკლებაშიც კი ეხმარება. როცა ჩვენ კერძს პურთან ერთად მივირთმევთ, ის დამატებით მოცულობას ქმნის და, შესაბამისად, სწრაფად ავსებს კუჭს, აჩენს რა სიმაძღრის შეგრძნებას. პურის გარეშე ადამიანი უფრო მეტ საჭმელს იღებს და, შესაბამისად, ბევრად მეტ კალორიასაც“, — გამარტავს სპეციალისტი.

დიეტოლოგის თქმით, პურის საშუალო ულუფა დღის განმავლობაში 2–3 ნაჭერია. თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს რაოდენობა ადამიანის ცხორების წესიდან და მისი რაციონის კალორიულობიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

 

112
თემები:
სასარგებლო რჩევები
დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე

„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

0
28 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდნენ

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, რითაც შეიძლებოდა პანდემიის მართვა და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბურჯანაძის აზრით, რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ სარესტორნო ბიზნესის კუთხით დააწესა, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დაბალანსებული. სწორედ ეს იქნებოდა ოქროს შუალედი.

„აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც ვერ მართავენ სიტუაციას, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეპიდემიოლოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში