ოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს

რომელ სერიოზულ დაავადებებს გვამცნობს თვალების ტკივილი: მიაქციეთ ყურადღება!

206
(განახლებულია 15:45 12.11.2020)
როდესაც მხედველობა გაუარესებას იწყებს, თვალები შეწითლებულია, იწყება ცრემლდენა ან სიმშრალე და ქავილი, ადამიანი პირველ რიგში ოფთალმოლოგთან ვიზიტზე ფიქრობს.

მაგრამ ხშირად თვალის პრობლემები სხვა სერიოზული დაავადებების სიმპტომიც არის.

იგორ აზნაურიანი, ბავშვთა ოფთალმოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბავშვთა თვალის კლინიკების ქსელის დამფუძნებელი განმარტავს, ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება.

მხედველობის მკვეთრი გაუარესება: დიაბეტის სიმპტომი

ხშირად კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული პათოლოგიის შესახებ ადამიანები ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს იგებენ, როდესაც მას მხედველობაზე ჩივილებით მიმართავენ. დიაბეტური რეტინოპათია (ბადურის არაანთებითი დაზიანება, გამოწვეული სისხლძარღვოვანი მოშლილობით თვალებში) არის II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულება საკმაოდ გვიან სტადიაზე. დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არანაირად არ ავლენდეს თავს, ხოლო მისი პირველი სიმპტომი მხედველობის მკვეთრი გაუარესება იყოს.

ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლის ტკივილი: ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო დაავადებები

ენდოკრინული ოფთალმოპათია ვლინდება ქუთუთოების შეშუპებით, თვალს უკან ტკივილით, თვალის ნაპრალების გაფართოებითა და თვალის კაკლების წინ დგომით (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვალების გადმოკარკვლით). ეს დაავადება არის დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის ან გრეივსის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი. გრეივსის დაავადება გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებას. შემთხვევათა 50%-ში მას თან ახლავს თვალის დაზიანება. ეს იმის გამო ხდება, რომ ჰორმონების გაზრდილი გამომუშავება გავლენას ახდენს თვალბუდის რბილ ქსოვილებზე და ანთების პროვოცირებას ახდენს.

ენდოკრინული ოფთალმოპათიის სიმპტომები შეიძლება ადვილად აგვერიოს თვალის ჩვეულებრივ ანთებით დაავადებაში. ზოგჯერ ის სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ესთეტიკურ ნაკლად ფასდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი ადამიანი პლასტიკურ ქირურგთან მიდის და ენდოკრინოლოგთან და (ან) ოფთალმოლოგთან დაავადების რთულ ეტაპზეღა ხვდება.

თვალების ანთება: გასტრიტის შესაძლო სიმპტომი

ქუთუთოების ანთება (დემოდეკოზი) ხშირად ასოცირდება კანის პრობლემებთან, უფრო სწორად, დემოდექსის ტკიპას აქტიურ რეპროდუქციასთან, რომელიც მუდმივად კანზე ცხოვრობს. ის თავს იჩენს ქუთუთოების ქავილითა და სიწითლით, მოციმციმე კიდის გასქელებით.

თუმცა ეს შეიძლება გასტროენტეროლოგიურ პრობლემაზეც მიანიშნებდეს, ვინაიდან ძალიან ხშირად დემოდეკოზი გასტრიტიან, პანკრეატიტიან ადამიანებში იჩენს თავს. რისკის ქვეშ არიან ასევე ჭარბწონიანებიც.

მშრალი თვალის სინდრომი: მენოპაუზის პირველი სიმპტომი

მშრალი თვალის სინდრომი ემართებათ არა მხოლოდ მათ, ვინც ბევრს მუშაობს კომპიუტერთან, არამედ ეს შეიძლება მენოპაუზის დაწყების ერთ-ერთი ნიშანიც იყოს.

ესტროგენების დონის შემცირება ამცირებს განსაკუთრებული სეკრეტის გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ცრემლის სინთეზზე. შედეგად – ქალებს აწუხებთ მშრალი თვალის სინდრომის ისეთი გამოვლინება, როგორიცაა ხშირი ხამხამი, თვალებში ქვიშის შეგრძნება და ტკივილი.

ცვლილებები თვალის ბადურაში: შეუმჩნეველი ჰიპერტენზია

თვალის ბადურის ცვლილებები, რომლებიც ოფთალმოლოგს შეუძლია დაინახოს გამოკვლევის დროს, ხშირად არის ჰიპერტენზიის, ანუ ჰიპერტონიის მარკერი. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ოფთალმოლოგს არტერიებისა და ვენების დანახვა შეუძლია და მათი ცვლილებების მიხედვით შეუძლია დაასკვნას, რომ პაციენტს არტერიული წნევა რეგულარულად ეზრდება.

სიწითლე, ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება: რევმატოიდული ართრიტი

ირიდოციკლიტი არის თვალის ირისისა და ცილიალური კუნთის ანთებითი დაავადება. მას ახასიათებს სიწითლე, ცრემლდენა, მხედველობის სიმახვილის გაუარესება. ეს დაავადება გვხვდება რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით დაავადებულთა 40%-ში.

206
თემები:
სასარგებლო რჩევები (366)
შემწვარი თევზის კერძი

რატომ და როდიდან უნდა მისცეთ პატარას თევზი

73
(განახლებულია 21:47 30.11.2020)
თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების ნამდვილ საბადოს წარმოადგენს.

უფრო დაწვრილებით იმაზე, რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება თევზი და რა ასაკიდან უნდა მივცეთ ის ბავშს, ამის შეხებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- ყველაფერი გასულ საუკუნეში დაიწყო, როცა დანიელმა მეცნიერმა დაიერბერგმა ესკიმოსებზე დაკვირვებისას აღმოჩინა, რომ ისინი იშვიათად ავადობდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ მან ეს ფაქტი ესკიმოსების კვების ტიპს დაუკავშირა – ისინი ძირითადად ცივი ზღვების ბინადარი ცხიმიანი თევზითა და სელაპის ხორცით იკვებებოდნენ.

- რა არის თევზში ისეთი, რაც მას ბავშვისთვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს?

- პირველ რიგში, ეს  სრულფასოვანი ცილების წყაროა. და თანაც თევზის ცილა ყველა სხვა ცილაზე გაცილებით უფრო ადვილად ასათვისებელია.

თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც თავის ტვინის არქიტექტორებად იწოდებიან იმის გამო, რომ ბავშვის ტვინის განვითარებაში მონაწილეობენ. ეს ნივთიერებებია საჭირო თვალის განვითარებისთვისაც.

მნიშვნელოვანია თევზის ვიტამინურ-მინერალური შემადგენლობაც. ის ცხიმში ხსნადი ყველა ვიტამინის წყაროა და შეიცავს A, D, K, E ვიტამინებს.

სწორედ თევზია ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი დოზით შეიცავს D ვიტამინს. ნივთიერებას, რომელიც პრქტიკულად ჰორმონია და ყველა ორგანოს ფუნქციაზე ახდენს გავლენას.

თევზის მინერალური შემადგენლობა კალიუმის, ფოსფორის, რკინის მაღალი შემცველობითაა ცნობილი.

- რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი?

- თევზის მიცემა რვა თვიდან შეგიძლიათ.

- რა საფრთხეებს მალავს თევზი?

- პირველი საფრთხე არის წვრილი ძვლები – მომზადებამდე თევზი კარგად უნდა გაწმინდოთ ფხებისაგან. შემდეგ მოდის ინფექცია – ბავშვს არ უნდა მისცეთ უმი თევზი (სუშის ტიპის საკვები). თუ თევზი ბაქტერიულად დაბინძურებულია, შესაძლოა მან ბავშვის ინფიცირება გამოიწვიოს. საფრთხის შემცველია ვერცხლისწყალი – ცნობილია, რომ ზღვებისა და ოკეანის წყლები ბევრი პოლუტანტით ბინძურდება, რომელთა შორის ყველაზე დიდი საფრთხე ვერცხლისწყალია, რომელიც თევზის და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, იკითხეთ თევზის წარმომავლობა. ამ მხრივ მტკნარი ხელოვნური წყალსაცვების თევზი, რა თქმა უნდა, საიმედოა, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი, თუ მწარმოებელი პატიოსანი არ არის – თევზის უხარისხო საკვებმა, ანტიბიოტიკებმა.

- ყველაზე მეტად რომელი თევზია სასარგებლო?

- შემადგენლობის მიხედვით განსაკუთრებით სასარგებლოა ცივი ზღვებისა და ოკეანეების ცხიმიანი თევზი. მათი ხორცი გაცილებით მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

შემოგთავაზებთ თევზისა და ბოსტნეულის მიქსის ერთ-ერთ რეცეპტს რვა თვის ასაკიდან.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

თევზი - 50-60 გრამი

ყაბაყი - ნახევარი

სტაფილო - ნახევარი

კარტოფილი - ერთი პატარა ზომის

​მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ კანგაცლილი და დაჭრილი თევზი. მოხარშული ბოსტნეული და თევზი ერთად დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში კერძი შეგიძლიათ გაათხელოთ დედის რძით (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევით (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა) და დაამატოთ ზეითუნის ზეთი.

 

73
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ფეიხოა

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

485
(განახლებულია 15:55 30.11.2020)
ფეიხოა ერთადერთია მცენარეთა შორის, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უსწრებს, ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი მოზრდილი ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს.

ფეიხოა (Feijoa sellowiana, Acca sellowiana) ასევე ცნობილია, როგორც ანანას-გუავა — მირტისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების გვარი. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. 

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

ფეიხოა მე-19 საუკუნის ბოლოს ბრაზილიაში აღმოაჩინეს სამეცნიერო ექსპედიციის დროს. დასახელება საბუნებისმეტყველო მუზეუმის დირექტორის ჟოაო ფეიჟის პატივსაცემად მიიღო. ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში პირველად 1890 წელს გამოჩნდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 1900 წელს; პირველი პლანტაცია 1915—1916 წლებში ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში გააშენეს.

ფეიხოას წარმოშობასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: ჭაბუკს ზღვის მეფის ასული უყვარდა, მაგრამ ხმელეთი ენატრებოდა. ხმელეთზე დაბრუნების გადაწყვეტილებისთვის ზღვის ხელმწიფემ ჭაბუკი ხედ აქცია, რომლის ნაყოფს ზღვის ბრიზის არომატი აქვს.

ფეიხოას კანი საკმაოდ სქელი და მწკლარტეა, ხოლო რბილობი – რბილი და წვნიანი. ზოგი მხოლოდ ნაყოფის რბილობს მიირთმევს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა სწორედ კანშია. კანი შეიძლება გავაშროთ და ჩაიში არომატისთვის დავამატოთ.

ფეიხოა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში (კომპოტი, მურაბა, ნამცხვრები, დესერტი, სალათები, მარინადი, ღვინო, ნაყენები), კოსმეტოლოგიასა და დამოუკიდებლად, როგორც სამკურნალო საშუალება. 

არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>

ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР; მიკრო- და მაკროელემენტებს: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი; მჟავებს: ვაშლის, ფოლიუმის და ეთერზეთებს ანანასისა და მარწყვის არომატით.

ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ცხიმების არსებობის გამო ფეიხოა დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება. ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.

ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს. იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს. ფეიხოას გამოყენება კარგია ასევე ადამიანებისთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვ.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კაკლის უღელი>>

ნაყოფში საკმარისი რაოდენობით ეთერზეთების, ვიტამინებისა და იოდის შემცველობის გამო ფეიხოა ჯადოსნური საშუალებაა დეპრესიისა და უღონობის დროს.

ეთერზეთებით მდიდარი ნაყოფი კარგი კომპონენტია ინჰალაციისთვის. ნაყოფის რბილობი მიირთვით, ხოლო კანს მდუღარე წყალი დაასხით, შეგიძლიათ დაამატოთ სოდა, და ისუნთქეთ ამ ნაყენის ორთქლი პირსახოცის ქვეშ რამდენიმე წუთი. კარგი საშუალებაა გაციების დროს ზედა სასუნთქი გზების პრობლემასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის.

ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური ქმედებები ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს.

უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო – წიწმატი>>

როგორც აღვნიშნეთ, ფეიხოას კოსმეტიკაშიც იყენებენ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და კანის მკვებავი თვისებები. შეგიძლიათ სახისა და კისრისთვის მოამზადოთ ნიღაბი შემდეგნაირად: დაქუცმაცებული ფეიხოას ნაყოფის 1/3-ს შეურიეთ 1 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.

თუ გადააჭარბეთ ფეიხოას მიღება, ე.ი. ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

მსხალი - მრავალი დაავადების სამკურნალოდ>>

არ არის რეკომენდებული ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად, რადგან ეს კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს.

ასევე ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ ჯობს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.

რაც შეეხება ფეიხოას ალერგიულობას, ზოგიერთი მოსაზრებით, ფეიხოაზე ალერგიის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა, სხვა მოსაზრებით, ამ ხილს ალერგიული რეაქციები ახასიათებს, ამიტომ ჯობს მისი პირველი მიღების დროს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

485
თემები:
სასარგებლო რჩევები (366)
ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას გელოვანის გამზირთან დააკავშირებს

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

0
მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რაიონში, „ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა 1-დან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება, აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში