Ajos morados

ნიორი - უებარი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების და სხვა დაავადებების დროს

2355
(განახლებულია 20:12 27.10.2020)
ვარაუდობენ,  რომ მისი სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ. ეგვიპტის ფარაონების ბრძანებით კი პირამიდების ყველა მშენებლის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.

მოკლედ, ნივრის ამბავს „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე მოგიყვებათ.

- მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილქტიკისათვის იყენებდნენ.

მარტო სამკურნალო თვისებები კი არა და შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო - ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და  ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.

ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქალაქად.

ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი
ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი

ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის  იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის  საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.

​ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს ჯადოსნური ბოსტნეული ისეთს, რომ ნივრის ქალაქ ლას პედრონერასში ძეგლიც კი დაუდგეს.

ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.

მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.

შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შემცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.

ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასაც უჯრედების დაშლა სდევს. თან ალიინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.

ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია. კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომელებიც ხშრად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად  ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით. ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითგან ცნობილია, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.

უკანასკნელ წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა მის კიდევ ერთ ეფექტს ადასტურებს -აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია. არც ძველი ბერძნების გამოცდილება  ყოფილა აზრსმოკლებული  -ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.

ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკრეასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც. გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.

- როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?

- 9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, სამი წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.

და ბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის.

აი, ერთი მათგანი:

500 გრამ თაფლს დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი და ორი თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად. სახალხო მკურნალები ამბობენ, რომ დღეში ერთი სუფრის კოვზი ეს ნარევი  ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ.

როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება.

თქვენი ექიმი ჯანმრთელობას გისურვებთ!

2355
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (67)
სტაფილო და სტაფილოს წვენი

რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო და ვის ეკრძალება იგი: დიეტოლოგი გირჩევთ

65
(განახლებულია 20:15 27.11.2020)
სტაფილო ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელია, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. კიდევ თუ რატომ არის სტაფილო სასარგებლო, ამის შესახებ ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა საუბრობს.

პირველად სტაფილოს მოყვანა ავღანეთში დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ დაიწყეს და თანაც ღეროებისა და არა მისი ძირხვენების გამო. მწარე გემოს მიუხედავად, მათ საკვებად იყენებდნენ.

სასარგებლო თვისებები

სტაფილოში უამრავი ვიტამინი A და ბეტა-კაროტინია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმიცა და ადამიანის გარეგნობაც. მაგალითად, თუ ადამიანს ვიტამინ A-ს დეფიციტი აქვს, კანი შრება და ჩნდება ქერტლი.

„ვიტამინი A გავლენას ახდენს თვალის კუნთებზე, ბადურაზე. როცა ადამიანი ბინდისას უფრო ცუდად ხედავს, დღის განმავლობაში თვალებში ქვიშის შეგრძნება უჩნდება და ქუთუთოები უწითლდება, მან აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება მენიუს“, — ამბობს ექიმი.

სტაფილო შეიცავს B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, თერმული დამუშავების დროს სტაფილოში შემავალი ვიტამინების 2/3-მდე იკარგება, ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.

როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მან, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სტაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.

ექიმები ხშირად სტაფილოს სამკურნალო კვების სახითაც ნიშნავენ. მაგალითად, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, უმადობის დროს. სტაფილოს სარგებელი ის არის, რომ ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი არ იწვევს გულძმარვას.

გაახალგაზრდავებისთვის

პოპულარულია ნიღბები სტაფილოთი ან სტაფილოს წვენით — ეს კანს გამოშრობისგან იცავს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, E ვიტამინის დიდი რაოდენობის წყალობით აღადგენს კანის ზედა ფენას, კურნავს მცირე ბზარებს და ხსნის ანთებას. ხოლო ვიტამინი C არეგულირებს სახის ფერს და ალაგებს სიფერმკრთალეს.

გასახდომად

სტაფილოს კალორიულობა დაბალია — 100 გრამზე მხოლოდ 33 კილოკალორია. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი A აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო ტარტრონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას.

მატონიზირებელი თვისებები

სტაფილო ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ანემიას. როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, ადამიანი ჩვეულებრივზე სწრაფად იღლება და ხშირად თავს იჩენს მოთენთილობა. სტაფილოს წვენს ხშირად ზოგადგამაჯანსაღებლად ან ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის ნიშნავენ.

 

© Sputnik / Denis Aslanov
სტაფილოს კექსი

ვის ეკრძალება სტაფილო

სტაფილოს გამოყენება არასასურველია ღვიძლის დაავადებების დროს: თუ ეს ორგანო ჯანმრთელი არ არის, ის ვერ აითვისებს კაროტინს.

სტაფილოზე უკუჩვენებებს შორის ასევე არის კუჭისა და ნაწლავის წყლული და ენტერიტი (წვრილი ნაწლავის კედლების ანთება).

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილო

სტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).

უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.

გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.

 

65
თემები:
სასარგებლო რჩევები
პურის დაჭრა

პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... დიეტოლოგი გირჩევთ

74
(განახლებულია 15:51 27.11.2020)
ექიმ-დიეტოლოგის თქმით, თუ გახდომა გსურთ, პური აუცილებლად უნდა მიირთვათ, და სპეციალისტი განმარტავს, როგორი უნდა იყოს ის.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პური წონაში დაკლებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, თუ ის შესაბამისად იქნება გამომცხვარი, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

სპეციალისტმა განმარტა, რომ სასურველია პურის შემადგენლობა მაქსიმალურად მარტივი იყოს.

„ის არ უნდა იყოს გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, ანუ არ უნდა იყოს გაწმენდილი. უკეთესია, თუ პური იქნება მთელმარცვლოვანი, ჭვავის ფქვილის, ქატოიანი. და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი დამატებითი კომპონენტების გარეშე: მარგარინის, კულინარიული ცხიმებისა თუ გამაფხვიერებლებისა“, — ამბობს დიეტოლოგი.

ამასთან ერთად სოლომატინა გვირჩევს, მივირთავთ არა ახალი, რბილი პური, არამედ უკვე გამომშრალი, ვინაიდან ის ბევრად სასარგებლოა.

„ასეთი პური ნელა ხვდება კუჭში. ჩვენ ის ჯერ კარგად უნდა დავღეჭოთ, ნერწვით დავარბილოთ. ამასთან სახამებლის ათვისება უკვე პირის ღრუში იწყება და რაც უფრო მეტ სახამებელს აითვისებს ორგანიზმი საწყის ეტაპზე, მით უკეთესი“, — გვირჩევს ექიმი.

სოლომატინა ამბობს, რომ ქატოსა თუ ჭვავის პურში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი და В ჯგუფის ვიტამინები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის ნერვული სისტემისა თუ კუჭ-ნაწლავის სისტემის მიკროფლორისთვის. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს როგორც იმუნიტეტის მდგომარეობას, ისე ადამიანის გუნება–განწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა, აღნაგობასაც კი.

„საოცარია, მაგრამ პური გახდომის მსურველებს წონაში დაკლებაშიც კი ეხმარება. როცა ჩვენ კერძს პურთან ერთად მივირთმევთ, ის დამატებით მოცულობას ქმნის და, შესაბამისად, სწრაფად ავსებს კუჭს, აჩენს რა სიმაძღრის შეგრძნებას. პურის გარეშე ადამიანი უფრო მეტ საჭმელს იღებს და, შესაბამისად, ბევრად მეტ კალორიასაც“, — გამარტავს სპეციალისტი.

დიეტოლოგის თქმით, პურის საშუალო ულუფა დღის განმავლობაში 2–3 ნაჭერია. თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს რაოდენობა ადამიანის ცხორების წესიდან და მისი რაციონის კალორიულობიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

 

74
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქალთა მარში თბილისში – აქცია

„იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“ საქართველოში ახალი კამპანია დაიწყო

0
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ქვეყანაში ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულების ხუთეულში შედის

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ყველა მსხვერპლი და პოტენციური მსხვერპლი სახელმწიფოსგან საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის მიღებას შეძლებს, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებაში.

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ>>

სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიან კამპანიას შეუერთდა. სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად ქვეყანაშიკორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისა, ბრძოლა ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. პრობლემის ეფექტური გადაჭრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობა – თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.

ამჟამად სახელმწიფო დახმარების სააგენტოს ბაზაზე ქვეყნის მასშტაბით ხუთი კრიზისული ცენტრი მოქმედებს. ამ დაწესებულებების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე 116 006. ძალადობის საკითხებზე სატელეფონო კონსულტაცია რვა ენაზე, მათ შორის ქართულზე 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. გარანტირებულია ანონიმურობა.

კრიზისული ცენტრების მომსახურების მიღება შეუძლიათ მსხვერპლს, ოჯახური ძალადობისა და ქალებზე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ტრეფიკინგის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლს.

ყველა დაზარალებულის, ძალადობის მსხვერპლისთვის ცენტრები უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ–სოციალურ რეაბილიტაციას, გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებას და ა.შ.

ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა>>

რაც შეეხება ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ცენტრი მათ მისცემს დროებით საცხოვრებელს, გაუწევს ფსიქოლოგის, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო, სამართლებრივ დახმარებას, ასევე დაეხმარება თარჯიმნით და ა.შ.

კრიზისული ცენტრების მისამართები:

  • თბილისი – ბუდაპეშტის ქუჩა №28
  • ქუთაისი – დუმბაძის ქუჩა №59–61
  • გორი – ბარნოვის ქუჩა №9ა
  • მარნეული – რუსთაველის ქუჩა №41
  • ოზურგეთი – გრიბოედოვის ქუჩა №21

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. 2020 წლის  ცხრა თვეში 4 138 ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25–44 წლის ქალები. წლის დასაწყისიდან ამ დანაშაულის შედეგად 19 ქალი დაიღუპა.

0