კორონავირუსის პანდემია

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლის პირობებში ექიმის რეკომენდაციები

611
(განახლებულია 18:26 21.10.2020)
ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ათასს აჭარბებს. ქართველი ექიმები იმ მოქალაქეებს, ვისაც კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს, თუმცა სიმპტომები მსუბუქად მიმდინარეობს, სახლში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობას ურჩევენ.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და საქართველოში COVID-19-ის ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლზე დაყრდნობით გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც შინ მკურნალობის ან კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენისას დაგეხმარებათ:

თვითიზოლაციის წესები თუ მარტო არ ცხოვრობთ

გაფრთხილებთ, პირველ რიგში დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ოჯახის ექიმს ან 112-ს, რომ მიიღოთ ოფიციალური ინსტრუქცია. ასევე გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ გადახვიდეთ კლინიკაში ან ე.წ. კოვიდ–სასტუმროში.

წესები შესაძლოა იცვლებოდეს

უმორჩილესად გთხოვთ, მე ნუ მეჩხუბებით იმაზე, რომ არ ირეკება, ან ადგილები არ არის და პასუხს წესიერად არ გაძლევენ. შეგახსენებთ, რომ უბალოდ ექიმი ვარ და არანაირ თანამდებობაზე არ ვმუშაობ, მსგავს ამბებზე ჩემი პასუხისმგებლობა არის ნული.

ქვემოთ ჩამოთვლილი წესები შედგენილია საქართველოს დაავადების კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციების მიხედვით.

ვის შეიძლება გამოადგეს ეს რეკომენდაციები

მას, ვისაც აღენიშნება კოვიდ-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ვინც ელოდება კოვიდ-19-ზე PCR–ტესტირების პასუხს, ვისაც ტესტირებით დაუდასტურდა კოვიდ-19 (სიმპტომური ან ასიმპტომური), ვისაც ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ-19.

მოთავსდით ცალკე იზოლირებულ ოთახში, სადაც არის კარგი ვენტილაცია და ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი.

გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ ეს შესაძლებელია. თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებელია რეგულარული გაწმენდა. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი, ის რიგრიგობით უნდა იყოს გამოყენებული. ანუ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ბოლომ უნდა გამოიყენოს და შემდეგ ისევ კარგად გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარებით.

კვებისთვის გამოიყენეთ ცალკე ჭურჭელი, საკვები მიიღეთ იზოლირებულ ოთახში, ნუ გამოიყენებთ სამზარეულოს. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს კარგად, სარეცხი საშუალებით, თბილი წყლით და გამშრალდეს ცალკე პირსახოცის საშუალებით. შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებაც.

თვითიზოლაციაში მყოფი პირი უნდა იყენებდეს პირსახოცებს (ხელის, სხეულის), რომელსაც ოჯახის სხვა წევრები არ გამოიყენებენ. 

ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.

თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან.

ყველა ნარჩენი, რომელიც კონტაქტში იყო პირთან, გამოყენებული ცხვირსახოცების და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის პარკში და ავსებისას თავი მოეკრას. ამის შემდეგ ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და თავი შეუკარით. ასეთი ნარჩენების პარკში არ ჩაყაროთ საკვების ნარჩენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით.

დაიცავით ყველა ზოგადი რეკომენდაცია, დაიბანეთ ხელები, სადეზინფექციო ხსნარით გადაწმინდეთ მყარი ზედაპირები, გაანიავეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი), იხმარეთ ნიღაბი.

ნუ მიიღებთ სტუმრებს

დააკვირდით სიმპტომებს, ტემპერატურა გაიზომეთ დღეში ორჯერ, აწარმოეთ დღიური და მოინიშნეთ სიმპტომები და ტემპერატურის მაჩვენებლები.

თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში დარჩით იზოლაციაში 14 დღე (იქონიეთ კონტაქტი ექიმთან). თუ გქონდათ კონტაქტი ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა კოვიდ-19, დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღე.

თუ თქვენ ოჯახის წევრს დაუდასტურდა კოვიდ-19, დარჩით თვითიზოლაციაში 14 დღე. დღეების ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც პაციენტს დაეწყო სიმპტომები. ასიმპტომური მიმდინარეობისას კი იმ დღიდან, როდესაც ტესტირებით დადასტურდა კოვიდ-19.

იზრუნეთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე: იკონტაქტეთ მეგობრებთან დისტანციურად, სოციალური ქსელებით, ტელეფონით. ფიზიკური აქტივობა არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, ეცადეთ იყოთ აქტიურები ნორმის ფარგლებში, ნახეთ ონლაინ ვარჯიშები, იოგა და ა.შ.

დაგეგმეთ რის გაკეთება შეიძლება იზოლაციისას და ვინ მოგაწვდით საკვებს, მედიკამენტებს და ა.შ. განსაზღვრეთ 14 დავალება საკუთარი თავისთვის, რომელსაც დღეებზე გადაანაწილებთ. შფოთვების, თუ ნებისმიერი ფსიქოემოციური სტრესის მომატებისას დისტანციურად მიმართეთ სპეციალისტს.

იზოლაცია შეიძლება დასრულდეს, თუ სიმპტომების დაწყებიდან გასულია 10 დღე და თავს გრძნობთ კარგად, სიმპტომები „ალაგებულია“. ამის შესახებ მეტი დეტალები მიიღეთ ექიმისგან.

არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები, ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ხართ დაცული რეინფექციისგან, ამიტომ თვითიზოლაციის დასრულების ან ინფექციის გადატანის შემდეგ დაიცავით ყველა ის ზოგადი რეკომენდაცია, რაც არის კოვიდ-19-ის პრევენციისთვის გამოცემული.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

611
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (67)
სტაფილო და სტაფილოს წვენი

რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო და ვის ეკრძალება იგი: დიეტოლოგი გირჩევთ

39
(განახლებულია 16:56 27.11.2020)
სტაფილო ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელია, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. კიდევ თუ რატომ არის სტაფილო სასარგებლო, ამის შესახებ ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა საუბრობს

პირველად სტაფილოს მოყვანა ავღანეთში დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ დაიწყეს და თანაც ღეროებისა და არა მისი ძირხვენების გამო — მწარე გემოს მიუხედავად, მათ საკვებად იყენებდნენ.

სასარგებლო თვისებები

სტაფილოში უამრავი A და ბეტა-კაროტინია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმიცა და ადამიანის გარეგნობაც. მაგალითად, თუ ადამიანს ვიტამინ A-ს დეფიციტი აქვს, კანი შრება და ჩნდება ქერტლი.

„ვიტამინი A გავლენას ახდენს თვალის კუნთებზე, ბადურაზე. როცა ადამიანი  ბინდისას უფრო ცუდად ხედავს, დღის განმავლობაში თვალებში ქვიშის შეგრძნება უჩნდება და ქუთუთოები უწითლდება, მან აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება მენიუს“, — ამბობს ექიმი.

სტაფილო შეიცავს B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, თერმული დამუშავების დროს სტაფილოში შემავალი ვიტამინების 2/3-მდე იკარგება, ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.

როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მათ, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სწაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.

ექიმები ხშირად სტაფილოს სამკურნალო კვების სახითაც ნიშნავენ. მაგალითად, ნაღველკენჭოვანი დაავადების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, უმა დობის დროს. სტაფილოს სარგებელი ის არის, რომ ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი არ იწვევს გულძმარვას.

გაახალგაზრდავებისთვის

პოპულარულია ნიღბები სტაფილოთი ან სტაფილოს წვენით — ეს კანს გამოშობისგან იცავს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, E ვიტამინის  დიდი რაოდენობის წყალობით, აღადგენს კანის ზედა ფენას, კურნავს მცირე ბზარებს და ხსნის ანთებას. ხოლო ვიტამინი C არეგულირებს სახის ფერს და ალაგებს სიფერმკრთალეს.

გასახდომად

სტაფილოს კალორიულობა დაბალია — 100 გრამზე მხოლოდ 33 კილოკალორია. მის შემადგენლობაში შემავალია ვიტამინი A აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო ტარტრონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას.

მატონიზირებელი თვისებები

სტაფილო ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ანემიას. როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, ადამიანი ჩვეულებრივზე სწრაფად იღლება და ხშირად თავს იჩენს მოთენთილობა. სტაფილოს წვენს ხშირად ზოგადგამაჯანსაღებლად ან ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის ნიშნავენ.

 

© Sputnik / Denis Aslanov
სტაფილოს კექსი

ვის ეკრძალება სტაფილო

სტაფილოს გამოყენება არასასურველია ღვიძლის დაავადებების დროს: თუ ეს ორგანო ჯანმრთელი არ არის, ის ვერ აითვისებს კაროტინს.

სტაფილოზე უკუჩვენებებს შორის ასევე არის კუჭისა და ნაწლავის წყლული და ენტერიტი (წვრილი ნაწლავის კედლების ანთება).

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილო

სტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).

უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.

გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.


39
თემები:
სასარგებლო რჩევები
პურის დაჭრა

პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... დიეტოლოგი გირჩევთ

60
(განახლებულია 15:51 27.11.2020)
ექიმ-დიეტოლოგის თქმით, თუ გახდომა გსურთ, პური აუცილებლად უნდა მიირთვათ, და სპეციალისტი განმარტავს, როგორი უნდა იყოს ის.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პური წონაში დაკლებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, თუ ის შესაბამისად იქნება გამომცხვარი, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

სპეციალისტმა განმარტა, რომ სასურველია პურის შემადგენლობა მაქსიმალურად მარტივი იყოს.

„ის არ უნდა იყოს გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, ანუ არ უნდა იყოს გაწმენდილი. უკეთესია, თუ პური იქნება მთელმარცვლოვანი, ჭვავის ფქვილის, ქატოიანი. და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი დამატებითი კომპონენტების გარეშე: მარგარინის, კულინარიული ცხიმებისა თუ გამაფხვიერებლებისა“, — ამბობს დიეტოლოგი.

ამასთან ერთად სოლომატინა გვირჩევს, მივირთავთ არა ახალი, რბილი პური, არამედ უკვე გამომშრალი, ვინაიდან ის ბევრად სასარგებლოა.

„ასეთი პური ნელა ხვდება კუჭში. ჩვენ ის ჯერ კარგად უნდა დავღეჭოთ, ნერწვით დავარბილოთ. ამასთან სახამებლის ათვისება უკვე პირის ღრუში იწყება და რაც უფრო მეტ სახამებელს აითვისებს ორგანიზმი საწყის ეტაპზე, მით უკეთესი“, — გვირჩევს ექიმი.

სოლომატინა ამბობს, რომ ქატოსა თუ ჭვავის პურში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი და В ჯგუფის ვიტამინები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის ნერვული სისტემისა თუ კუჭ-ნაწლავის სისტემის მიკროფლორისთვის. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს როგორც იმუნიტეტის მდგომარეობას, ისე ადამიანის გუნება–განწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა, აღნაგობასაც კი.

„საოცარია, მაგრამ პური გახდომის მსურველებს წონაში დაკლებაშიც კი ეხმარება. როცა ჩვენ კერძს პურთან ერთად მივირთმევთ, ის დამატებით მოცულობას ქმნის და, შესაბამისად, სწრაფად ავსებს კუჭს, აჩენს რა სიმაძღრის შეგრძნებას. პურის გარეშე ადამიანი უფრო მეტ საჭმელს იღებს და, შესაბამისად, ბევრად მეტ კალორიასაც“, — გამარტავს სპეციალისტი.

დიეტოლოგის თქმით, პურის საშუალო ულუფა დღის განმავლობაში 2–3 ნაჭერია. თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს რაოდენობა ადამიანის ცხორების წესიდან და მისი რაციონის კალორიულობიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

 

60
თემები:
სასარგებლო რჩევები
იოსებ ხახალეიშვილი

ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
(განახლებულია 18:18 27.11.2020)
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება, საიდანაც მოსახლეობას ყველა საჭირო რეკომენდაციისა და სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ქუთაისის მერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად გაავრცელა.

იოსებ ხახალეიშვილი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კორონავირუსია. ვირუსის გავრცელებასთან ერთად თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც იზრდება“, - წერს ხახალეიშვილი.

ქუთაისის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფთხილდეთ.

„მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები. ასევე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ თავყრილობებსა და ქუჩაში გასვლას. გავუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აცხადებს ქუთაისის მერი.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 45.7 პროცენტი მიიღო.

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

არჩევნების მეორე ტურში კი, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ (რომელმაც პირველ ტურში ხმების 30.63 პროცენტი მიიღო), მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით იოსებ ხახალეიშვილმა ხმების რაოდენობის 92.02 პროცენტი დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში