დიეტა

ფრთხილად! განტვირთვის დღეების სარგებელი უარყოფილია - დიეტოლოგი განმარტავს

282
(განახლებულია 14:46 02.10.2020)
ირკვევა, რომ განტვირთვის დღეების მოწყობა არც ისე უსაფრთხოა, რადგან ზოგ შემთხვევაში ეს სერიოზულ დარღვევებსაც კი იწვევს ორგანიზმში

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს განტვირთვის დღეები სასარგებლოა, არასწორია, აცხადებს დიეტოლოგი ტატიანა ფილიპოვა.

მისი თქმით, ქეიფის მეორე დღეს მონოდიეტის დაცვა, ანუ ერთი რომელიმე პროდუქტით განტვირთვის დღის მოწყობა არანაირად არ უწყობს ხელს ორგანიზმის გაწმენდასა და წონის დაკლებას.

„ავიღოთ ვაშლი: გამოდის, რომ მთელი დღის განმავლობაში ადამიანი ნახშირწყლებსა და ფრუქტოზას იღებს. ასეთ განტვირთვას პირიქით, მდგომარეობის გაუარესება და რაიმე სახის დარღვევის პროვოცირებაც კი შეუძლია“, — განმარტა დიეტოლოგმა.

მისი თქმით, მონოდიეტები მხოლოდ ზოგ შემთხვევაშია სასარგებლო — მაგალითად, თუ ადამიანმა ზედმეტად ბევრი მიირთვა ან სერიოზული დაავადება აქვს.

განტვირთვის დღის სწორად ჩასატარებლად, ექიმის თქმით, აუცილებელია რაციონიდან იმ პროდუქტების გამორიცხვა, რომელიც ორგანიზმს ზედმეტად ტვირთავს.

„პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს სწრაფი ნახშირწყლები, შაქარი, მარილის ჭარბი რაოდენობა, ზოგი ტრანსცხიმები, ანუ უნდა შემცირდეს ცხიმიანი საკვები“, —გვირჩევს ტატიანა ფილიპოვა.

 

282
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
კვერცხი პომიდვრით

ექვსი საათის შემდეგ შიმშილი აუცილებელი არ არის: დიეტოლოგი დასაშვებ ვახშამს ასახელებს

121
(განახლებულია 20:55 28.10.2020)
ცნობილმა დიეტოლოგმა საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ ჩამოთვალა, რაც დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც ძილის წინ არის შესაძლებელი ისე, რომ წონას, ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმას ზიანი არ მიადგეს, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის დიეტოლოგი ნატალია პუგაჩოვა.

ექიმის თქმით, 18:00 საათის შემდეგ ჭამაზე სრული უარის თქმა არ ღირს. წასახემსებლად (დაძინებამდე საათ-ნახევრით ადრე) იდეალურია ერთი მუჭა კაკალი (ნუში, ფისტა) ან გოგრის თესლი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიმე კივი ან ჭიქა იოგურტი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ მოხარშული კვერცხი ან ომლეტი სალათის ფოთლებით, ბულგარული წიწაკით ან პომიდვრით, მთელმარცვლოვანი ორცხობილები ჰუმუსით, ფეტა ან მოხარშული ქათმის ნაჭრები (ორი-სამი პატარა ნაჭერი), ჭიქა ალუბალი ან მარწყვი, თუნდაც ყველის პატარა ნაჭრით (დაახლოებით 25 გრამი), უცხიმო რძისა და კენკრის ან ანანასის სმუზი.

„ძილის წინ მთელმარცვლოვანი ცხელი ფაფაც კი, 10-12 მარცვალი ქიშმიშითა და დარიჩინით, არ დაგაზარალებთ. ფინჯანი თბილი მცენარეული ჩაი კი შესანიშნავად შეავსებს გვიან ტრაპეზს“, — განმარტა პუგაჩოვამ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ესპანელმა დიეტოლოგმა დაასახელა პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოდ მიიჩნევა, მაგრამ ისინი წონის დაკლებას ხელს უშლის.

121
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშანი

შეამოწმეთ საკუთარ თავზე: რა ხდება მოწევის „გადაგდების“ შემდეგ მოკლე ეტაპები

114
(განახლებულია 16:12 28.10.2020)
ფსიქიატრ-ნარკოლოგმა პერიოდებად დაყო სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები და პოპულარულ ენაზე განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სიგარეტზე უარის თქმით თქვენ არა მარტო დაზოგავთ ფულს, არამედ ცელულიტსაც მოიცილებთ, აცხადებს ფსიქიატრ-ნარკოლოგი ვიქტორია კოვალიოვა და განმარტავს, რამდენად სწრაფად შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის აღდგება ფილტვები, თუ მავნე ჩვევას თავს დააღწევთ.

სპეციალისტმა პერიოდებად დაყო მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები, ცალ-ცალკე აღწერა ისინი და განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში. 

ოცდაოთხი საათი

უჯრედებს მხოლოდ ერთი დღე-ღამე სჭირდება ნახშირბადის მონოქსიდისგან თავის დასაღწევად და ჟანგბადის სწრაფად ასათვისებლად. დღე-ღამის განმავლობაში ორგანიზმი თავადვე გაიწმინდება ნიკოტინისგან. თუ დიდი ხანია ეწევით, სავარაუდოდ, იგრძნობთ მოთენთილობას, ძილიანობას, თავბრუხვევას.

ორი–თერთმეტი დღე

ჩნდება მოწევის გაუქმების სინდრომი: გაღიზიანებადობა და მომატებული მადა. ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებელი „ყველაფერს გამოისყიდის“: უკვე ამ ეტაპზე ფილტვებიდან მძიმე ლითონების მარილები გამოდის. შეიძლება ამოიღოთ მუქი ფერის ნახველი.

„ამ დროს ცუდ განწყობასთან გამკლავება უფრო გაგიიოლდებათ, თუ რაციონიდან შემწვარ და ცხიმიან საკვებს გამორიცხავთ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოწევის გამო გაქვთ ჩვევა, რაღაც გქონდეთ პირში, გაუცნობიერებლად იწყებთ ხშირად ჭამას. ამის გამო თავიდან შეიძლება ზედმეტი წონა აკრიფოთ. ეს რომ არ მოხდეს, მზესუმზირისა თუ ორცხობილების ნაცვლად გამოიყენეთ უშაქრო ლოლიპები (ყინულკარამელი), სვით მეტი სითხე — სუფთა ან ლიმონიანი წყალი“, – ამბობს სპეციალისტი.

ფსიქიატრ-ნარკოლოგის თქმით, უნიკოტინოდ გატარებული უკვე პირველი კვირის ბოლოს შეამჩნევთ, რომ საკვები უფრო გემრიელი გახდა, წნევა ნორმას დაუბრუნდა, ნაწლავები უკეთესად მუშაობს (შვიდი დღის განმავლობაში ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედები განახლებას ასწრებს). ამ ეტაპზე ვიტამინებიც უკეთ შეიწოვება.

თორმეტი-ოცდაათი დღე

ამ პერიოდში მწეველის ხველა უფრო რბილი ხდება. ორგანიზმის მედეგობა ვირუსების მიმართ იზრდება, ინფექციის მიღების რისკი უკვე ნაკლებია. საქმე ისაა, რომ მოწევა პნევმონიისა და ფილტვების სხვა პრობლემების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

გარდა ამისა, მეტაბოლიზმი უფრო სწრაფი ხდება და თუ ჭარბად არ იკვებებით, მაშინ ძალისხმევის გარეშე მოიცილებთ კილოგრამებს, რომლებიც მოწევის შეწყვეტის პირველ დღეებში აკრიფეთ.

ამასთან გაგიმჯობესდებათ კანის ფერიც, ვინაიდან ნიკოტინი ხელს აღარ შეუშლის კოლაგენის გამომუშავებას.

მცირე „სტაჟის“ მქონე მწეველებს ერთი თვის თავზე ეხსნებათ ნერვოზულობა და კარგავენ სიგარეტის ხელში აღების სურვილს.

ორი თვე

იკლებს არტერიული წნევა, უკეთ მუშაობს მიოკარდიუმი.

„ნორმალიზდება კანის სისხლით მომარაგება: ქრება გამონაყარი, თმა ნაკლებად ცხიმიანდება. არაღრმა ნაოჭები გლუვდება, პიგმენტური ლაქებიც იკლებს და საერთო ჯამში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით“, — ამბობს ვიქტორია კოვალიოვა.

ექიმის თქმით, თუ ძალისმიერი ვარჯიშები გიყვართ, შეამჩნევთ, რომ კუნთოვან მასას უფრო სწრაფად იძენთ — ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმმა ცილების უკეთ ათვისება დაიწყო.

სამი თვე

იწყება ფილტვების რეგენერაცია. პროცესი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს — ეს მოწევის სტაჟზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ბევრი უკვე აღარ ახველებს.

„ბევრ ყოფილ მწეველს უქრება ცივი ხელების სინდრომი, თითის წვერების დაბუჟება. ეს ხდება იმის გამო, რომ იზრდება ყველა ქსოვილის სისხლმომარაგება და ნერვული დაბოლოებების აღდგენა“, — განმარტავს ექიმი.

ექვსი თვე-ერთი წელი

ხმაში ქრება ხრინწი, კბილის მინანქარი თეთრდება. ამ ეტაპზე ინსულტისა და ინფარქტის რისკები იკლებს, ქრება ქოშინი.

თუ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტის გარეშე გაძლებთ, ე.ი. უკვე ყოფილი მწეველი ხართ!

114
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 29 ოქტომბერს

0
(განახლებულია 09:04 29.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2345 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 29 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს