ტკივილი მუცლის არეში

რა იწვევს ცისტიტს, როგორ ვუმკურნალოთ მას: სიმპტომები და გართულებები

400
(განახლებულია 20:46 29.09.2020)
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე. ხოლო ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ ვლინდება.

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლითაც ძირითადად ქალები ავადდებიან, რადგან მათი საშარდე მილი მოკლეა და ფართო, რაც საშოდან ან სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრას აადვილებს.

რა იწვევს ცისტიტს

ცისტიტის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს. ესენია საშარდე გზების ინფექცია, კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება, ჰიგიენური საშუალებების გამაღიზიანებელი მოქმედება და სხვ.

რა სიმპტომები აქვს ცისტიტს

თუ თქვენ უჩივით მოშარდვის გახშირებულ სურვილს, ტკივილს შარდვის, სქესობრივი აქტის დროს, გაქვთ მღვრიე და უსიამოვნო სუნის მქონე შარდი, შარდში შეინიშნება სისხლის არსებობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მწვავე ცისტიტის დროს იმატებს ტემპერატურა, თავს იჩენს ტკივილი მუცლის ქვედა არეში. მწვავე ცისტიტი იწყება მოულოდნელად, ორგანიზმის გადაცივებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. რაც უფრო ძლიერია ანთება, მით უფრო ხშირია მოშარდვის სურვილი და ინტენსიურია ტკივილი. მძიმე ფორმების დროს ავადმყოფი ყოველ 20-30 წუთში ერთხელ შარდავს.

ვინ იმყოფება რისკის ზონაში

დაავადება გვხვდება ყველა ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენელთან, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, რადგან მათი შარდსადენი მილი უფრო მოკლეა. ამის გამო ქალების შემთხვევაში ბაქტერიები ადვილად აღწევს შარდის ბუშტში. კვლევების მიხედვით, ქალების ნახევარზე მეტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ცისტიტი.

ქალებში ცისტიტით დაავადების რისკს აჩენს სექსუალური აქტივობა, ორსულობა, მენოპაუზა, ისეთი ჰიგიენის საშუალებების გამოყენება, რომელიც აღიზიანებს ლორწოვანს.

მამაკაცებში დაავადების რისკი იზრდება პროსტატის ზომების მატებისას და შარდის ბუშტში შარდის შეკავების გამო.

დიაგნოსტიკა

დაავადების არსებობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ინფექცია გავრცელდეს თირკმელზე და სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

ცისტიტის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია ცისტოსკოპია – ინსტრუმენტული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ხდება შარდის ბუშტის ვიზუალური დათვალიერება. ის საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ცვლილება და ზოგ შემთხვევაში დავადგინოთ მიზეზიც (წყლული, კენჭი და სხვ.), რომელიც ინფექციას იწვევს. ასევე აუცილებელია ზემოთა საშარდე ტრაქტის (თირკმელი, შარდსაწვეთი) რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს

დაავადების არსებობის შემთხვევაში ინიშნება კომპლექსური მკურნალობა. დიდი ყურადღება ეთმობა დიეტას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და გამაღიზიანებელი პროდუქტები, ყველანაირი გაზიანი სასმელი. ანთების ორგანიზმიდან გამოსადევნად პაციენტმა დღეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. შვების მომგვრელია შარდის ბუშტის საპროექციო არეში თბილი სათბურის დადება და ცხელი აბაზანა. მკურნალობის კურსში შეიძლება ჩაირთოს სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

ცისტიტის პროფილაქტიკა

ცისტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს იმ ელემენტარული წესების დაცვას, რომლებიც ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის სწორ ფუნქციობას, აგრეთვე იმ მიზეზების აღმოფხვრას, რაც ხელს უწყობს დაავადების წარმოშობასა და გამეორებას. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ცისტიტი, მოერიდეთ სხეულის გადაცივებას, მაღალ დონეზე შეინარჩუნეთ ორგანიზმის იმუნიტეტი, განუწყვეტლივ იზრუნეთ პირად და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენაზე, ეცადეთ დროულად და სრულად დაცალოთ შარდის ბუშტი, ეს ხელს შეუწყობს ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების გამოძევებას.  იკვებეთ სწორად, ყურადღება მიაქციეთ სეზონურ ჩაცმულობას, ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს, რომელიც ხელს უშლის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევას, ნუ ჩაიცვამთ სინთეზური მასალისგან დამზადებულ ქვედა საცვლებს.

ამასთან, გახსოვდეთ, რომ სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ ნებისმიერი ხალხური საშუალება, ჩაი იქნება ეს თუ ბალახების ნაყენი, მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებითი და არა ძირითადი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

400
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (58)
თავის ტკივილი

იკრძალება თავის ტკივილების დროს: დასახელდა რაციონიდან ამოსაღები პროდუქტები

143
(განახლებულია 18:13 19.10.2020)
ესპანელი დიეტოლოგები ხაზს უსვამენ, რომ პაციენტები, რომლებსაც თავის ტკივილები აწუხებთ, სამ საათში ერთხელ უნდა იკვებებოდნენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა ამოიღოთ რაციონიდან, თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, წერს ესპანური გამოცემა La Vanguardia დიეტოლოგებზე — სანდრა ბაკერსა და ალვარო სანჩესზე დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, თავის ტკივილი სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს და ამიტომ, „პერიოდული ტკივილების შემთხვევაში, მიზეზის დასადგენად აუცილებელი მიმართოთ ექიმს“. გარდა ამისა, საჭიროა კორექტივების შეტანა კვებით ჩვევებშიც, რაც სუსტი თუ საშუალო ინტენსივობის ტკივილის შემთხვევაში, როგორც წესი, საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს.

ბაკერისა და სანჩესის თქმით, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ცისფერი (ანუ ობიანი) ყველის ყველა სახეობა და ცისტრუსები, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავს. ეს არის ქსოვილური ჰორმონი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს კაპილარების გაფართოებას, მსხვილი სისხლძარღვების შევიწროებას და სხვ.

ჰისტამინს ასევე ჭარბი რაოდენობით შეიცავს ავოკადოც, რომელზეც, ესპანელი დიეტოლოგების რეკომენდაციით, ასევე უარი უნდა თქვან მათ, ვისაც თავის ტკივილები აწუხებს — მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი ძალიან მდიდარია გულისთვის სასარგებლო ცხიმმჟავებით.

ჰისტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე წითელი ღვინო, ძეხვეული და ღრმა დამუშავების ხორცპროდუქტები.

დიეტოლოგები ასევე არ გამორიცხავენ, რომ თავის ტკივილებს იწვევდეს ყავა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელებიც, ამიტომ ეპიზოდური შაკიკისადმი მიდრეკილმა ადმიანებმა ეს ფაქტი უნდა უნდა გაითვალისწინონ. თუმცა ექიმები აფრთხილებენ ასეთებს, რომ მსგავსი სასმელები ნელ-ნელა უნდა შეიზღუდოს, ვინაიდან რაციონიდან მათი მკვეთრად ამოღება ასევე შეიძლება იქცეს თავის ტკივილების მიზეზად. 

გარდა ამისა, ესპანელი დიეტოლოგები ხაზს უსვამენ, რომ პაციენტები, რომლებსაც თავის ტკივილები აწუხებთ, სამ საათში ერთხელ უნდა იკვებებოდნენ. ეს იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ ჭამს, სისხლში გლუკოზის დონე ეცემა და თავის ტკივილი ეწყება.

143
ვიტამინები თეფშზე

D ვიტამინი იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი

357
(განახლებულია 17:21 19.10.2020)
D–ვიტამინი სხვა ვიტამინების უმრავლესობისგან განსხვავდება. ის ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ძვლების, გულის ჯანმრთელობასა და ანთებით რეაქციებზე, მისი დეფიციტი კი უამრავ პრობლემას ქმნის.

D–ვიტამინი ცხიმხსნადი ვიტამინია. ის სხვა, ადამიანის ორგანიზმისთვის აუცლებელი ვიტამინების უმრავლესობისგან განსხვავდება. D–ვიტამინი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი. ის მოქმედებს, როგორც პროჰორმონი და ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე და იმუნურ სისტემაზე.

ცნობილია, რომ D–ვიტამინის ყველაზე დიდ რაოდენობას, დაახლოებით 80%-ს ადამიანის ორგანიზმი მზისგან იღებს, ხოლო დანარჩენს – საკვებიდან.

ამ ვიტამინის შემცველი პროდუქტების გამოყენება ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. არის D–ვიტამინი დანამატების სახით და ასევე მისი მიღება, რა თქმა უნდა, პროდუქტების სახით შეიძლება.

რატომ არის D–ვიტამინი სასარგებლო

როგორც აღვნიშნეთ, ეს ვიტამინი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც უფრო ჰორმონი, ვიდრე ვიტამინი. ის ზეგავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერების მუშაობაზე, გულის ჯანმრთელობასა და ანთებით რეაქციებზე.

კერძოდ:

უფრო ძლიერი ძვლები

ძლიერი ძვლები ყოველთვის კალციუმს უკავშირდება, მაგრამ არ შეიძლება D–ვიტამინის როლის დაკნინება. ის მოქმედებს, როგორც ძვლებში კალციუმის გადინების ძლიერი სტიმულატორი და ამით ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცესა და ჯანმრთელობას. D–ვიტამინი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ფოსფორის დონის შენარჩუნებას, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძვლების ჯანმრთელობისთვის.

სენსაციური აღმოჩენა: დიდი რაოდენობით ვიტამინი D მეორე ტიპის დიაბეტს კურნავს>>

იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

D–ვიტამინის ოპტიმალური დონე ადამიანის ორგანიზმს გრძელვადიან პერსპექტივაში რგებს. ცნობილია, რომ ამ ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებში მეტია რისკი მაღალი არტერიული წნევისა, გულთან და ჰიპერტონიასთან დაკავშირებული პრიობლემების.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

D–ვიტამინი ეხმარება იმუნური სისტემის „მკვლელ უჯრედებს“. ეს „ქილერი–უჯრედები“ ორგანიზმში უმოქმედოდ არიან, სანამ პათოგენების განადგურებისთვის არ გახდებიან საჭირო. ისინი სხეულის გასააქტიურებელ სიგნალებს ელოდებიან. ვიტამინი D კი ამ სიგნალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ამცირებს II ტიპის დიაბეტის რისკს

II ტიპის დიაბეტმა ადამიანის ჯანმრთელობას მრავალი პრობლემა შეიძლება შეუქმნას. ამ ტიპის დიაბეტის რისკის შემცირებაში ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი არასაკმარისი დონე ორგანიზმში უარყოფითად აისახება ინსულინის სეკრეციასა და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე.

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

D–ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ეხმარება ორგანიზმს, დააბრკოლოს სხვადასხვა ტიპის კიბოს წარმოქმნა, როგორიცაა, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის, ძუძუს, საკვერცხეებისა და პროსტატის კიბო. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების 70%-ს D–ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდა.

შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა - ისე სჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო>>

ჯანმრთელი ორსულობა

ორსულებში, რომლებსაც D–ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, მაღალია საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლობა. ეს ასევე უკავშირდება გესტაციურ დიაბეტსა და ბაქტერიულ ვაგინოზს. ამ ვიტამინის დაბალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ატოპიური და ალერგიული საბავშვო დაავადებები (მაგალითად, ასთმა, ეგზემა, დერმატიტი ჩვილებში).

ეხმარება ორგანიზმს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისგან დაცვაში

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ქალის უნაყოფობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის მქონე ქალებში ბევრს ჰქონდა D–ვიტამინის ნაკლებობა.

D–ვიტამინის დეფიციტი იწვევს ძვლების შერბილებას (ოსტეომალაციას), ან ძვლების ანომალიას (რაქიტი).

მისი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • დაბალი ლიბიდო
  • უნაყოფობა
  • განგაშის შეგრძნება
  • დეპრესია

შვიდი ყველაზე საუკეთესო პროდუქტი D–ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად:

1. ვირთევზას ღვიძლის ცხიმი

ვირთევზას ღვიძლის ცხიმი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი პოპულარული წყაროა. ამას გარდა, ის D–ვიტამინის მდიდარ წყაროსაც წარმოადგენს. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ძვლების განმტკიცებას, აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აბრკოლებს გულის დაავადებებს და ამცირებს კიბოს რისკს.

2. ორაგული

ორაგული ბევრს მოსწონს. მასში დიდი რაოდენობითაა ცხიმი, რითიც D–ვიტამინის კარგ წყაროდ მიიჩნევა. D–ვიტამინი ორაგულში ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და სახსრებისთვის, იცავს ნერვულ სისტემას ასაკობრივი დაზიანებებისგან და ერთგვარი ანტიდეპრესანტის როლიც შეიძლება შეასრულოს.

3. აუდუღარი რძე

რძეც ასევე საკმაოდ კარგი წყაროა D–ვიტამინის. ერთი ჭიქა რძე ამ ვიტამინის მოთხოვნილების 20%-ს უზრუნველყოფს. უპირატესობა მიანიჭეთ ცხიმიან რძეს და არა უცხიმოს. რძის სხვა პროდუქტები, მაგალითად, ყველი, ნაყინი, იოგურტი, D–ვიტამინს არ შეიცავს.

4. სოკო

სოკო ერთადერთი მცენარეული პროდუქტია, რომელიც D–ვიტამინს შეიცავს. ის ასევე მდიდარია B–ვიტამინებით – B1, B2 და B5 და სპილენძით.

5. ყველი „რიკოტა“

ყველი „რიკოტა“ (Ricotta, იტალიური შრატის ყველი, მზადდება ცხვრის, ძროხის, თხის ან იტალიური კამეჩის რძის შრატისგან) რძის ნაწარმში ერთადერთი წყაროა D–ვიტამინის. ყველის სხვა სახეობებისგან განსხვავებით მასში ხუთჯერ მეტი D–ვიტამინია.

6. სკუმბრია

თევზის ეს სახეობა D–ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. ის ასევე ომეგა-3-ის მდიდარი წყაროა, რაც სკუმბრიას გულის, ძვლების, სახსრებისა და ორგანიზმის ზოგადი განვითარებისთვის ძალზე სასარგებლო პროდუქტად აქცევს.

7. კვერცხი

კვერცხში შედის D–ვიტამინი, მაგრამ მცირე რაოდენობით. ერთი კვერცხი დღეში ორგანიზმის D–ვიტამინის მოთხოვნილების 10%-ს აკმაყოფილებს. გარდა ამ ვიტამინისა, კვერცხი მდიდარია ცილებითა და ვიტამინით B12.

357
თემები:
სასარგებლო რჩევები
სამუელ პატის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარიზში

მოკლული მასწავლებლის საქმე: საფრანგეთში მეჩეთი იკეტება

0
(განახლებულია 09:54 20.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი მასწავლებლის მკვლელი მოსკოვში დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელიც პოლიციამ მოკლა

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა მეჩეთის დახურვა მოითხოვა კომუნა პანტენში, რომლის Facebook–გვერდზეც მანამდე განთავსებული იყო ისლამისტის მამაკაცის მიერ მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო.

„მე ვთხოვე სენ–დენის პრეფექტს, დაკეტოს მეჩეთი პანტენში... დღეს ეს მეჩეთი დაიკეტება, დღეს საღამოსპრეფექტი ხელს მოაწერს აკრძალვას“, — განაცხადა დარმანენმა ტელეარხ TF1–ის ეთერში.

მინისტრის განმარტებით, მეჩეთის მმართველმა მანამდე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ადგილობრივი სკოლის მოსწავლის ერთ–ერთი მშობელი მოუწოდებდა ხალხს, დაეშინებინათ ისტორიის პედაგოგი სამუელ პატი.

გარდა ამისა, პოლიციამ დააკავა მეჩეთის იმამიც. სულ მკვლელობის გამოძიების პროცესში ამ დროისათვის 15 ადამიანია დაკავებული.

შეგახსნებეთ: 16 ოქტომბერს, სამუელ პატის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს პარიზის მეზობლად მდებარე კომუნა კონფლან–სენტ–ონორინში, სკოლის მახლობლად. როგორც ირკვევა, სამუელ პატიმ მანამდე გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა. 

შაბათს საფანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“.

კვირას პარიზის რესპუბლიკის მოედანზე და ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქებში ხალხმრავალი აქციები გაიმართა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს