პატარა ბავშვის კვების პროცესი

შეიძლება თუ არა ჩვილის საკვების შენახვა, როცა დედა ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებს

206
(განახლებულია 21:09 23.09.2020)
ასეც ხდება ხოლმე – დილაუთენია ადგები, პატარას აჭმევ და სამსახურში წასვლამდე სამზარეულოში ფუსფუსს იწყებ. ჩვილს სადილი ხომ უნდა დაუტოვო, რომ მომვლელმა შუადღეს კარგად დაანაყროს შენ დაბრუნდებამდე.

დატვირთული დღის განრიგი გაქვს, ამიტომ ფიქრობ, რამდენ ხანს და როგორ შეინახო საკვები მაცივარში, ყოველ ცისმარე დღეს პატარას სადილი რომ არ უკეთო. ამ საკითხზე პედიატრი და ბლოგერი თამარ ობგაიძე დედებს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

გაინტერესებს როგორ უნდა მოიქცე მაშინ, თუ ყოველდღე ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უპირატესობა უშუალოდ კვების წინ მომზადებულ საკვებს ენიჭება, რომელსაც მაშინვე აჭმევ პატარას. ახალი მომზადებული საკვები ხომ გაცილებით გემრიელიცაა და უსაფრთხოც.

მზა სადილი გაყინვის გარეშე მხოლოდ იმ დღეს ან, მაქსიმუმ, შემდეგ დღეს შეგიძლია გამოიყენო. აშშ-ის წამლისა და სურსათის სააგენტო გვირჩევს შენახვის მხოლოდ ამ მოკლე ვადას, რადგან ბაქტერიები სწრაფად იზრდება. ამიტომ შენახვისას ტემპერატურა პლუს 4–4,5 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახო. ის აუცილებლად უნდა გადააგდო, რათა გამორიცხო ბაქტერიული დაბინძურება.

მოსამზადებლად ყოველთვის გულდასმით უნდა შეარჩიო ახალი, დაუზიანებელი პროდუქტი და კარგად გარეცხო. ამისათვის მხოლოდ წყლის გადავლებას ნუ ენდობი, ხილ-ბოსტნეულის გასასუფთავებლად ჯობს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ჯაგრისი გამოიყენო.

საკვების მომზდების წინ კიდევ ერთხელ გარეცხე საჭრელი დაფები, რომელიც არ უნდა იყოს ფოროვანი. ამ ფორებში ადვილად იბუდებენ და იმალებიან ბაქტერიები.

თუ საკვების შენახვა გადაწყვიტე, მომზადებული პროდუქტები დაბლენდერების შემდეგ მოათავსე წინასწარ საპნით კარგად გარეცხილ ყინულის მოსამზადებელ ჭურჭელში, რაც საშუალებას მოგცემს საკვები კუბებად გაყინო და საჭიროებისას ის ულუფა აიღო, რამდენიც გჭირდება.

ჭურჭელს გადააფარე პოლიეთილენის თხელი გარსი, რომელიც საკვები პროდუქტებისათვისაა განკუთვნილი, შემდეგ კი ფოლგა შემოახვიე და საყინულეში მოათავსე.

როგორც კი საკვების ულუფები გაიყინება, გადმოიღე პლასტმასის სუფთა ჭურჭელში ან პაკეტში და შეინახე საყინულეში -17-18 გრადუსზე. პაკეტს აუცილებლად დაურთე გაყინვის თარიღის ამსახველი სტიკერი.

ამ წესით გაყინული პიურე მაქსიმუმ 2 თვე შეგიძლია შეინახო.

და, ბოლოს, საკვების შესანახად ყოველთვის გამოიყენე მაღალი ხარისხის პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლს. მავნე პლასტმასის აღმნიშვნელად გამოიყენება ციფრი 7, რაც დატანილი უნდა იყოს პლასტმასის ჭურჭლის ძირზე.

ჯანმრთელობას გისურვებ!

206
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (60)
შეყვარებულები

პარადოქსის არსი: მამაკაცები ჭირვეულ ქალებს აღმერთებენ

37
(განახლებულია 12:59 22.10.2020)
მამაკაცისთვის ქალი, უბრალოდ, ცარიელი ადგილი იქნება, თუ მასზე ვერ იტყვი, ვინ არის, რა არის, რა უყვარს... ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გარანტი მხოლოდ ერთი რამაა – სტაბილური ფსიქიკა

აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებს.

ლაბკოვსკი ცნობილი ფსიქოლოგია, რომლის მოსაზრებები ყოველთვის ინტერესს იწვევს – ზოგი აკრიტიკებს, ზოგი მთლიანად ეთანხმება, მაგრამ გულგრილს თავისი მკვეთრი გამონათქვამებით ცნობილი სპეციალისტი არავის ტოვებს.

ჯანმრთელ ადამიანს გათხოვება არ უნდა. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – აღარ უნდა გინდოდეთ გათხოვება. სხვაგვარად, თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ, თავად იდეა უნდა გააუფასუროთ.

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინებისა და ერთ პარტნიორთან სექსის გარანტი მხოლოდ ერთი რამაა – სტაბილური ფსიქიკა. არა დათმობა, არა კომპრომისები – ეს ყველაფერი პირდაპირი გზაა კარდიოლოგთან ან ონკოლოგთან. როდესაც ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, მას მთელი ცხოვრება შეუძლია, ერთ პარტნიორთან გაატაროს. და ის ერთი უყვარდეს.

ადამიანები არ უყვართ იმის გამო, რომ ისინი თავს ხრიან. მამაკაცისთვის ქალი, უბრალოდ, ცარიელი ადგილი იქნება, თუ მასზე ვერ იტყვი, ვინ არის, რა არის, რა უყვარს, მაგალითად, საუზმეზე. პარადოქსის არსი ისაა, რომ მამაკაცები აღმერთებენ ჭირვეულ, კაპრიზულ ქალებს.

პათოლოგიური ჯაჭვი: ნაცემი მშობლები, ნაცემი შვილები...>>

ქალების პრობლემა ის კი არაა, რომ მამაკაცები ხეპრულად იქცევიან. მიზეზი ისაა, რომ ქალს აქვს ნევროზი, რომელიც გამოსავალს ეძებს. ამ გამოსავლისთვის საჭიროა გარკვეული ადამიანი და ურთიერთობები, რომელშიც ის ტანჯვას შეძლებს. სწორედ ამიტომ ქალი სპეციალურად იწყებს ასეთ ურთიერთობებს, რადგან ამის ფსიქიკური მოთხოვნილება ბავშვობიდან აქვს.

სიყვარულს ტანჯვის დონით ვსაზღვრავთ. ხოლო ჯანმრთელი სიყვარული ისაა, თუ რამდენად ხარ ბედნიერი.

როდესაც სტიუარდესა გიჩვენებთ მაშველ საშუალებებს, რას ამბობს ის ჟანგბადის ნიღაბზე? რომ თუ ბავშვთან ერთად მგზავრობთ, ნიღბით ჯერ საკუთარი თავი უზრუნველყავით და შემდეგ – ბავშვი. ესაა მთავარი კოზირი. ყველა ცდილობს ბავშვის დახმარებას და ამ დროს აბსოლუტური შეშლილი, შეურაცხადი რჩება. მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. თუ გინდათ ბავშვი კარგად იყოს, ჯერ საკუთარ თაზე იმუშავეთ.

მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „დედიკოს კალთაში ზის“, მხოლოდ იმასთან მიდის, ვისი თვალებიც მას მოწონების სიგნალს უგზავნის. ჯანმრთელი მამაკაცი ბავშვივითაა. ის მიდის ქალთან, რომელიც მას უღიმის, თვალებში უყურებს.

ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევს, „ნევროტიკი“ კი – ურთიერთობებს საკუთარი თავის საზიანოდ. და ესაა მთავარი განსხვავება.

კარგი მამა, მამის ინსტინქტი და სოციალური სიყვარული...>>

ქალმა ურთიერთობებში არასდროს უნდა მოითმინოს ის, რაც არ მოსწონს. ამის შესახებ მაშინვე უნდა თქვას და თუ მამაკაცი არ იცვლება, მას უნდა დაშორდეს.

მამაკაცებს, როგორც ბავშვებს, მოსწონთ, როცა ქალს თავისი ხასიათი აქვს.

თუ ერთი ადამიანი მეორეს მთელ სამყაროს უცვლის, ეს ნიშნავს, რომ თავისი სამყარო მას, უბრალოდ, არ გააჩნია.

მარტოობა – ეს ირგვლივ სიყვარულის არარსებობა არაა. ესაა ინტერესის არარსებობა საკუთარი თავის მიმართ, თან ბავშვობიდან.

პარტნიორის ძებნასთან დაკავშირებით გეტყვით, და ვინ უნდა მოძებნოთ? ერთადერთი, რაც თქვენს პარტნიორს უნდა ჰქონდეს, ისაა, რომ ის გიზიდავთ. დანარჩენი არანაირ როლს არ ასრულებს საერთოდ. თუ გიყვართ, ღელავთ – მაშინ სხვა არაფერი აღარ არსებობს.

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გათხოვდე? – მხოლოდ ერთი რამ – იყო ის, ვინც ხარ. ეს საკმარისია. პრინციპში, სწორედ ამიტომ უყვარდებათ.

იჩხუბეთ, მაგრამ... ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან სერიოზული კონფლიქტი ოჯახში>>

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანმრთელ ადამიანსა და „ნევროტიკს“ შორის? ჯანმრთელი ადამიანიც იტანჯება, მაგრამ რეალური ისტორიების გამო, „ნევროტიკი“ კი – მოგონილი ისტორიების გამო. და თუ ტანჯვა არ ჰყოფნის, კაფკას, დოსტოევსკისა და ალკოჰოლს იშველიებს.

თუ არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, მისი ქცევის გამართლების ძებნა არ ღირს. ვითარება, როდესაც მან „არ დაგირეკათ“, ჯანსაღი გოგონასთვის ურთიერთობების დასარულს ნიშნავს, ხოლო არაჯანსაღისთვის – სიყვარულის დასაწყისს.

მოკრძალება და თავმდაბლობა არავის ამშვენებს. სწორედ დაკომპლექსების, საკუთარ თავში ეჭვებისა და დაბალი თვითშეფასების გამო გოგონა ცხოვრებს სექსისა და ურთიერთობების გარეშე არა იმიტომ, რომ ის შეუხედავია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ცუდად ექცევა. ფსიქოლოგის ამოცანაა, გოგონა ამისგან გაათავისუფლოს.

ოჯახური თერპია – ეს განქორწინებაა. ნამდვილად სასარგებლოდ ოჯახური თერაპიის მხოლოდ ერთ სახეობას მივიჩნევ – ფსიქოლოგის შუამდგომლობა გაყრის დროს.

ერთადერთი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის ობიექტურად არის დამოკიდებული და როდესაც ის მძევლად შეიძლება ჩაითვალოს – ეს ბავშვობა და მშობლებზე დამოკიდებულებაა. ეს შედარებით ცოტა ხანს გრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში ნებისმიერ ურთიერთობებში ყოფნა – ეს ზრდასრული ადამიანის არჩევანია.

37
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
თავის ტკივილი

შაკიკს ძალიან სახიფათო შედეგი შეიძლება მოჰყვეს: ნევროლოგი განმარტავს

36
(განახლებულია 12:55 22.10.2020)
შაკიკის შეტევა პირველი ნიშნებისთანავე უნდა შეჩერდეს შესაბამისი პრეპარატით, თორემ ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს - ამბობს ნევროლოგი

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. შაკიკის შეტევებით დაავადებულებში ინსულტის რისკი ორჯერ მეტია, ხოლო მისი წარმოშობის ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს სტრესი, გადატვირთვა, შიმშილი, არარეგულარული კვება და სიმაძღრეც კი, აცხადებს ნევროლოგი რინატ ბოგდანოვი.

„შაკიკი არის მემკვიდრეობითი დაავადება... შაკიკიან ადამიანებში ინსულტის რისკი თითქმის ორჯერ მაღალია“, — ამბობს ნევროლოგი.

მისი განმარტებით, შაკიკის დროს სამწვერა ნერვის სისტემაში მუშაობა დროებით ფერხდება, გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ტვინის მაგარი გარსის სისხლძარღვების გაფართოებას, მის შეშუპებას, არაინფექციური ანთების განვითარებას, რის შედეგადაც ადამიანს ეწყება ინტენსიური და პულსირებადი თავის ტკივილი. ამასთან უმეტეს შემთხვევაში შაკიკის შეტევას თან ახლავს ფოტო- და ფონოფობია, ხშირად — გულისრევა და პირღებინება.

„ყველაზე ხშირად ავადდებიან აქტიური, შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც წარმატებებს აღწევს კარიერაში“, — ამბობს ბოგდანოვი.

შაკიკის გამოწვევა შეუძლია სტრესს, გადატვირთვას, ამინდის ცვლილებებს, მენსტრუაციას, შიმშილს, ალკოჰოლს, ნიტრატებს, არარეგულარულ კვებას, კვებათა შორის ხანგრძლივ შუალედება, ძილის ნაკლებობას ან პირიქით, ზედმეტ ძილს.

„არსებობს ცნება „უქმეების შაკიკი“. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს დასვენების დღეებში დიდხანს სძინავს და შედეგად, შაკიკით იღვიძებს“, — განმარტა ნევროლოგმა.

მისი რეკომენდაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა შაკიკის შეტევის მოახლოებისას არის სისხლძარღვების გაფართოების თავიდან აცილება, ანუ მისი დროული კუპირება სპეციალური პრეპარატების დახმარებით.

„თუ ადამიანი გააჭიანურებს წამლების მიღებას (ყველაზე ხშირად ტრიპტანების ჯგუფი), მას ტვინის გარსების შეშუპება განუვითარდება და, მიუხედავად იმისა, რომ წამალი იმუშავებს, მაინც  მოუწევს ლოდინი, სანამ შეშუპება ალაგდება. ეფექტურობა სუსტდება, თუ წამლები დროულად არ მიიღება“, — ამბობს ბოგდანოვი.

ექიმი განმარტავს, რომ შაკიკის მოახლოების ამოცნობა მისი წინმსწრები ნიშნებითაა შესაძლებელი. მაგალითად, მხედველობის არეში „მკვეთრი ხაზებით“, მცურავი ლაქებით,  უცნაური სუნების შეგრძნებით, მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვით, ხელის ან ფეხის თითებში ჟრუანტელით და სხვა.

36
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
(განახლებულია 15:23 22.10.2020)
ჯაფარიძის განცხადებით, იგი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო აქტივობებს წყვეტს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებს.

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნული ინფორმაცია პოლიტიკოსის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

ჯაფარიძის განცხადებით, რაც შეეხება ოჯახის დანარჩენ წევრებს, მათ  PCR-ტესტი ჩაუტარდათ – ვირუსი არცერთ მათგანს არ  გამოუვლინდა. ამ დროისთვის ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული.

„კოსტას, უმცროს შვილს მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე.  სამი დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ“,  - დაწერა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო აქტივობებს წყვეტს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებს.

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა – 178.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში