ქალი სარკესთან

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული კანი: ეფექტური პროდუქტების ტოპ-7

217
(განახლებულია 20:23 02.09.2020)
ქვემოთ გაგაცნობთ, თუ რას გვირჩევენ ექსპერტები იმისთვის, რომ დრო უკან დავაბრუნოთ, ანუ შეძლებისდაგვარად დიდხანს შევინარჩუნოთ კანის ახალგაზრდობა.

ნებისმიერი ჩვენგანი ოცნებობს, რომ 50 წლის შემდეგაც ისევ ახალგაზრდად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალგაზრდობის გახანგრძლივებას და კანის კარგ ფორმაში შენარჩუნებას ხარისხიანი მოვლა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, გენეტიკა და წყლის სმის სწორი რეჟიმი უწყობს ხელს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი — გარკვეული პროდუქტები, რომლებსაც შეუძლია შეამციროს ნაოჭები, გახადოს კანი სუფთა და დაიცვას ის ნაადრევი დაბერებისგან.

ქვემოთ გაგაცნობთ, რა პროდუქტების მიღებას გვირჩევენ ექსპერტები იმისთვის, რომ დრო უკან დავაბრუნოთ. 

ავოკადო

ბავშვი ცდილობს ავოკადოს შეჭმას
© CC0 / Pixabay
ბიჭუნა ცდილობს, შეჭამოს ავოკადო

ავოკადო შეიცავს განსაკუთრებული ფორმის უჯერ ცხიმებს, რომლებიც ადვილად აღწევს უჯრედულ მემბრანებში, იცავს რა მათ დნმ-ს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან. შედეგად, კანი ხდება უფრო ელასტიკური და აქვს ლამაზი ბრწყინვალება.

დაამატეთ ავოკადო სალათებს, როლებს, ან თუნდაც დილის ტოსტს — ეს არა მარტო გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც.  

გოგრის თესლი

Семена тыквы გოგრის თესლი
გოგრის თესლი

ამ საკმაოდ ბიუჯეტურ პროდუქტს შეუძლია შეამციროს ნაოჭების რაოდენობა და აკნეს შემდგომი ნაწიბურებიც კი გააფერმკრთალოს. და ეს ყველაფერი თუთიის, გოგირდის, E ვიტამინისა და ომეგა-3 მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით.

თუ მათ რეგულარულად მიიღებთ, კვირაში თუნდაც ორ-სამჯერ, გაზრდით კანის რეგენერაციის სიჩქარეს, ანთება და „პრიშჩიკები“ კი უფრო სწრაფად განიკურნება.

მნიშვნელოვანი მომენტი: გოგრის თესლი ნედლი სახით უნდა მიიღოთ და არა მოხალული. თერმული დამუშავება უჯერ ცხიმოვან მჟავებს შლის.

ცხიმიანი თევზი

შემწვარი თევზის კერძი
© CC0 / Pixabay
შემწვარი თევზის კერძი

ომეგა-3, რომელიც ზღვის ცხიმიანი სახეობის თევზებში გვხვდება, კანის უჯრედებში იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას, რაც შემდგომში ხელს უწყობს წვრილი ხაზებისა და მიმიკური ნაოჭების გასწორებას.

თევზი ასევე სასარგებლოა მათთვის, ვინც აქტიურად ებრძვის სტრიებსა და ცელულიტს. იგივე უჯერი ცხიმოვანი მჟავების წყალობით იზრდება კანის ელასტიკურობა და ორგანიზმში ცხიმების ცვლა რეგულირდება.

მიდიები
მიდიები

ზღვის ეს პროდუქტები შეიცავს უამრავ სელენიუმს, რაც დადებითად მოქმედებს ეპიდერმისში ელასტინის სინთეზზე, ანუ აუმჯობესებს კანის ტურგორს და კარგად ამკვრივებს მას. საკმაოდ ძვირადღირებული მიდიებისა და ხამანწკების გარდა, სელენიუმით მდიდარია ბრაზილიური კაკალი, კონსერვირებული თინუსი, უცხიმო ხაჭო და ინდაური.  

პარკოსნები

პარკოსანი კულტურები
© CC0 / Pixabay
პარკოსანი კულტურები

კანის კოლაგენური ბოჭკოები შედგება ამინომჟავებისგან, რომლებიც ცილოვან პროდუქტებში გვხვდება. ეს ბოჭკოები სახის მკაფიო ოვალს უზრუნველყოფს და იცავს კანს ასაკობრივი მოდუნებისგან.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ცილების შემცველი საკვების მიღება. უპირატესობა მიანიჭეთ კვერცხს, ფრინველის ხორცს, უცხიმო, მჭლე ხორცს, ტოფუს და ყველანაირ პარკოსანს: ლობიოს, ოსპს, მუხუდოს და ა.შ.

ბაღჩის პომიდორი

პომიდვრის (ტომატის) ფოთლები ძლიერი საშუალებაა კოღოების დასაფრთხობად
ბაღჩის პომიდორი

ქიმიკატების გარეშე მოყვანილ პომიდორს აქვს ძლიერი უჯრედული დაცვა — SPF-ფაქტორის მსგავსი. მასში შემავალი ნივთიერება ლიკოპენი ეპიდერმისის დამცავ მექანიზმებს ააქტიურებს, რასაც თავის მხრივ მინიმუმამდე დაჰყავს UVA და UVB გამოსხივების მავნე ზემოქმედება. 

C და E ვიტამინები

მარწყვის ბაღი
მარწყვის ბაღი

C ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის თვითაღდგენისა და თვითგანახლების უნარში. ის გვხვდება ისპანახში, ბულგარულ წიწაკაში, ბროკოლიში, მარწყვში, პაპაიასა და ფორთოხალში.

სხვათა შორის, პაპაია ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ახალგაზრდული კანის ერთ-ერთ მთავარ დამცველად.

დაამატეთ რაციონს ზეითუნის ზეთი, ნუში და კივი — ეს პროდუქტები დაეხმარება კანს, წინ აღუდგეს თავისუფალი რადიკალების აგრესიულ მოქმედებებს.

217
თემები:
სასარგებლო რჩევები (282)
გაზირებული სასმელი

ნამდვილად არის თუ არა გაზიანი სასმელი მავნე ორგანიზმისთვის: რა არის მითი და რა რეალობა

254
(განახლებულია 21:27 24.09.2020)
იშვიათად შეხვდებით ბავშვს, ხშირად ზრდასრულ ადამიანსაც, რომელსაც ლიმონათი, კოკა-კოლა, ფანტა ან სხვა გაზიანი სასმელები არ უყვარს.

ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ გაზიანი სასმელი ვნებს, თუმცა მიზეზი, თუ რატომ არის ის მავნე, არ იცის, ან მცდარი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ალბათ ხშირად გაგიგით „გაზგასული ბორჯომი“, „გაზგასული ლიმონათი“, მითია თუ რელობა ეს ტერმინი და რეალურად რაში მდგომარეობს გაზიანი სასმელის მავნებლობა, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუჭაშვილი საუბრობს.

- ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს სჩადიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითია, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის.

განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე ისაა, რომ გაზიანი სასმელის მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკებს, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს.

არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად, არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები.

254
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მაღვიძარა

ყველანაირი დიეტა ფუჭია, თუ სწორად არ გძინავთ: მეცნიერები გვირჩევენ

1080
(განახლებულია 19:31 24.09.2020)
ირკვევა, რომ წონაში დაკლების მსურველთა ყველა მცდელობა, რაოდენ მკაცრადაც არ უნდა იცავდნენ დიეტას, ფუჭი და ამაო გამოდგება, თუ სწორად არ დაიძინეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლისთვის დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი ჭარბწონიანი იქნება, ასეთია იმ კოლაბორაციის პროგნოზი, რომელიც არაინფექციურ დაავადებათა რისკის ფაქტორებს შეისწავლის.

საქმე მარტო არასწორ კვებასა და მცირე ფიზიკურ აქტივობაში არ ყოფილა. როგორც ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.

2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც ნაკლები ეძინათ, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთ-ნახევარი საათი ეძინათ, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვა-ნახევარი საათი ისვენებდა. ორივე ჯგუფი სპეციალური სისტემით შემცირებული ნორმის კალორიებით იკვებებოდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, დასვენების დღეებში გამოძინება არაა შედეგის მომცემი. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ. ყველა მათგანი მკაცრ დიეტას იცავდა, ზოგმა მათგანმა სამუშაო დღეებში საწოლში რვა საათზე ნაკლები გაატარა, ხოლო შაბათ-კვირას — უფრო მეტი.

რვა კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთი და იგივე წონა დაკარგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონა ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.

ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარები გამოუძინებლობის გამო წონის მატებას მადაზე გავლენის მქონე ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ. ძილის დეფიციტიან 12 ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეში გრელინის დონე გაიზარდა, ხოლო ლეპტინისა — შემცირდა. პირველი მათგანი ზრდის მადას (მას ასევე უწოდებენ შიმშილის ჰორმონს), მეორე კი, პირიქით, პასუხისმგებელია დანაყრების (სიმაძღრის) შეგრძნებაზე. ამ ჰორმონების ვარირებით შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები სძინავთ, ხშირად ჭარბი წონით იტანჯებიან.

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს ლეპტინის დონეს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.

1080
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა