ძაღლი ღობესთან

რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ და რა ადგილებშია ცხოველის ნაკბენი განსაკუთრებით საშიში

329
(განახლებულია 19:35 02.09.2020)
მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად ცოფისგან ათასობით ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს, რომ 2030 წლისთვის ცოფისგან ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებელი განულდეს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მიღწეულია. მაგალითად, გერმანიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ცოფის დაავადება ადამიანისთვის ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი და სხვადასხვა უძველეს წიგნშია აღწერილი. მისი გამომწვევი მიზეზი ნეიროტროპული ვირუსია, რომელიც რიბონუკლეინის მჟავას შეიცავს, რასაც მცენარესა და ცხოველზე ზემოქმედება და მათი დაავადება შეუძლია.

რა არის ცოფი

ცოფი ადამიანისა და ძუძუმწოვარ ცხოველთა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება ახასიათებს. დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების 100% ლეტალურად მთავრდება.

ცოფის გადაცემის გზები

ცოფი ადამიანს ავადმყოფი ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით  გადაეცემა. ზოგჯერ ინფექციის გადაცემის ფაქტორი შეიძლება გახდეს იფიცირებული  ცხოველის ნერწყვის ადამიანის თვალის ლორწოვან გარსში, ცხვირში ან პირში მოხვედრა.

რა სიმპტომები აქვს ცოფს

თავდაპირველად  გამოიხატება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა. შესაძლებელია ადამიანი იყოს გაღიზიანებული, აღგზნებული, ჰქონდეს უცნაური ქცევა, დაეწყოს ჰალუცინაციები, უძილობა. შესაძლოა ნაკბენის მიდამო შეწითლდეს, აღნიშნულ ადგილას კი პაციენტი უჩიოდეს წვას, ტკივილს. ამ სიმპტომებს თანდათან ერთვის ჰაერისა და წყლის შიში. ცოფით დაავადებულ ადამიანს წყლის დანახვისას ეწყება საყლაპავი, ასევე სასუნთქი კუნთების სპაზმი და გამოჰყოფს დიდი რაოდენობით ნერწყვს. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 7-8 დღეში კი პაციენტი იღუპება.

სპეციალისტების ინფორმაციით, განსაკუთრებით საშიშია დაკბენა თავის, სახის, კისრის, მტევნის, თითების, გენიტალურ მიდამოში. სახეზე კბენის შემდეგ დაავადება ვითარდება 90%-ში, ხელის მტევანზე-63%-ში, ხოლო კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე კბენისას მხოლოდ 23%-ში. ყველაზე ნაკლებ პროცენტში ცოფით დასნებოვნებას ადგილი აქვს ტერფის დაზიანების დროს.

როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება

ცოფის მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, შესაბამისად ლეტალური გამოსავალი გარდაუვალია. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია სწორად და დროულად ჩატარებული ანტირაბიული ვაქცინაციით. ცხოველის მიერ  დაკბენის, დადორბვლის, ან დაკაწვრის შემთხვევაში, უპირველესად უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის ჩამობანა საპნიანი წყლით. ეს პროცესი უნდა იყოს ინტენსიური და 10 წუთს გრძელდებოდეს. შემდეგ დაზიანებული ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ უახლოეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმი რაბიოლოგი განსაზღვრავს მოქმედების შემდეგ ტაქტიკას. თუ ჭრილობა სისხლმდენია მაშინვე არ შეაჩეროთ, რადგან სისხლდენისას ჭრილობიდან ცხოველის ნერწყვიც გამოიდევნება.

აცრის შემდეგ აუცილებლად უნდა წარმოებდეს ცხოველზე დაკვირვება, რა თქმა უნდა  თუ ეს შესაძლებელია.

რა სიმპტომებს ავლენს ცოფიანი ცხოველი

ცოფით დაავადებულ ცხოველს აქვს გარკვეული ნიშნები, რომელიც  ეწყება დაკბენიდან 12–20 დღეში. ამ დროს ცხოველი გაურბის ხალხს, ყმუის, არის უხალისოდ, ხდება აგრესიული, არ ჭამს, არ სვამს წყალს, შეიძლება გადაყლაპოს უჩვეულო ნივთები, მაგალითად ხის, ლითონის ნაჭერი, ჩვრები და ა.შ. 1–2 დღის შემდეგ ეწყება პირიდან  დიდი რაოდენობით ნერწყვდენა, დადის ბარბაცით, გარბის სახლიდან და ხშირად იკარგება, ამის შემდეგ ეწყება დამბლა, მე–7 ან მე–8 დღეს კი კვდება.

ორგანიზმში ვაქცინა აცრიდან რამდენი ხანია აქტიური

ვაქცინა ორგანიზმში შეყვანიდან ორ კვირაში იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას და ერთი წელი რჩება. თუ პაციენტს ამ ერთი წლის მანძილზე კიდევ უკბენს ცხოველი, მან ხელახლა უნდა მიმართოს რაბიოლოგს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს ცოფის საწინააღმდეგო აცრა განმეორებით ტარდება.

რა გვერდითი ეფექტი აქვს აცრას

შესაძლოა აცრებიდან ერთი კვირის განმავლობაში ადგილობრივად გამოიხატოს შეწითლება, ქავილი, კვინკეს შეშუპება, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, იშვიათ შემთხვევაში კი ანაფილაქსიური რეაქცია. ყველა ამ შესაძლო გართულების შესამცირებლად ინიშნება სათანადო რეჟიმი და დიეტა, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვას პაციენტმა.

რა ეკრძალება პაციენტს

აცრიდან 10 დღის განმავლობაში პაციენტს ეკრძალება ისეთი საკვების მიღება, რომელიც ალერგიულია, მაგალითად მჟავე, ცხარე კერძები, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ღორისა და ცხვრის ხორცი. ეკრძალება გადაღლა,  მზეზე დიდხანს ყოფნა და ექვსი თვით ალკოჰოლის მიღება. აცრის შემდეგ  ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

329
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)
შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი

მითი თუ რეალობა: ვნებს თუ არა ღორის ხორცი ადამიანის ჯანმრთელობას

233
(განახლებულია 19:46 17.09.2020)
პაპა-ბებიებისგან, ნათესავ-მეზობლებისგან არაერთი სამედიცინო მითი გვსმენია. მითი კი, მოგეხსენებათ, სინამდვილისგან ხშირად შორს დგას. სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღემდე შემორჩა მცდარი შეხედულებები და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე.

საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ ღორის ხორცის ავკარგიანობაზე. ხშირად ღორის ხორცი ხასიათდება როგორც არაჯანსაღი ხორცი და ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ მისი მიღება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოქმნის. როგორც აღმოჩნდა, ღორის ხორცი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ღორი არ იცოხნება, შესაბამისად, იგი არ გადაამუშავებს საკვებს ხელმეორედ და ამიტომ ღორის სხვა მახასიათებლები უფრო თავსებადია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ვიდრე საქონლის. ამასთან, თუ ღორი იზრდება ღია ცის ქვეშ, ამ შემთხვევაში მის ხორცში დიდი რაოდენობით ომეგა 3 იქნება. ღორის ხორცი ცილების წყაროა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი დიეტა სასარგებლოა სპორტსმენებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან წონაში დაიკლონ. ღორის ხორცი მატებს ენერგიას და ფიზიკურ აქტივობას, ეხმარება ადამიანებს დაავადების შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაში ან ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაში.

ინფექციონისტმა მაია ბუჭაშვილმა გააქარწლა მითი, თითქოს ღორის ხორცი ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

- შეიძლება ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს და ამდენ მსჯელობას არც იმსახურებდეს, ზოგს გაუკვირდება, ამ გაგანია პანდემიის დროს რა დროს ეს არისო, უბრალოდ, საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების კიდევ ერთი უმარტივესი მაგალითი მინდა მოვიყვანო.

პაციენტების უმრავლესობა მეუბნება, რომ არ ჭამს ღორის ხორცს და დარწმუნებული არიან, რომ ამით ძალიან უწყობენ ხელს თავიანთ ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით ხშირია ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

გაუგებარია, საიდან მოდის ეს ძალიან მყარად დამკვიდრებული აზრი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ღორის ხორცს რაიმე სპეციფიკური მავნებლობა ახასიათებდეს ძროხის ხორცთან შედარებით.

ღორის ხორცთან მებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ალბათ ის არის, რომ ცხიმიანია, თუმცა არგუმენტად ეს ვერ გამოდგება, რადგან თუ ჩვენ განვიხილავთ კუნთოვან ნაწილს (ანუ „მჭლე“), სატურირებული ცხიმის შემცველობით, ძროხის ხორცი აღემატება ღორისას. მეორე მხრივ, მთელი რიგი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების შემცველობით ღორის ხორცს უპირატესობებიც გააჩნია (გარდა რკინისა, რომელიც მეტია ძროხის ხორცში).

ასევე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბავშვებს (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს) არ უნდა მივცეთ ღორის ხორცი. თუ დავაკვირდებით, დასავლეთის ქვეყნებში ბავშვთა კვებაში ჩვეულებრივ არის წარმოდგენილი ღორის ხორცი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ არის აკრძალული ჩვილი ბავშვებისთვის ღორის ხორცის გამოყენება.

დასკვნა კი ის არის, რომ როდესაც რაღაც შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენს თავს (ან, პირიქით, როდესაც რაღაც პროდუქტის თუ ნივთიერების მარგებლობის გვჯერა), კარგი იქნება, თუ შესაბამის არგუმენტებს მოვიძიებთ. ეს პირველ რიგში ეხება ჯანდაცვის მუშაკებს, რომლესაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ პაციენტებისთვის თუნდაც ასეთი მარტივი რეკომენდაციების მიცემის დროს და მათი ეს რჩევები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.

 

233
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)
ფანჯარა

თუ ბავშვმა მეზობლის ფანჯარა გატეხა: ვის ეკისრება ზიანის ანაზღაურება

119
(განახლებულია 17:58 17.09.2020)
ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ვინმესთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ვალდებული ვართ მისი საფასურიც ავანაზღაუროთ. მორალური პასუხისმგებლობის გარდა, ამას კანონმდებლობაც გვავალდებულებს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დაზარალებულს მისი ქმედებით მიყენებული ზიანი.

თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა ზოგადი წესიდან გარკვეულ გამონაკლისებს თვალისწინებს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ გამონაკლისებზე გესაუბრებით და ვეცდებით აგიხსნათ, რა შემთხვევაში არაა ზიანის მიმყენებელი ვალდებული აანაზღაუროს საკუთარი საქციელით გამოწვეული ზიანი.

პირველ რიგში გავიგოთ, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისროს.

ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისთვის აუცილებელია:

- არსებობდეს ზიანი

- ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით

- ზიანი გამოწვეული იყოს ზიანის მიმყენებლის ქმედებით

- ზიანი მიყენებული იყოს ბრალეული მოქმედებით.

განვიხილოთ ის შემთხვევები, როდის არ ეკისრება პირს ზიანის გადახდის ვალდებულება:

1. 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირი პასუხს არ აგებს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. თუმცა, მშობლები ან 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ თუ მშობლებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება, მათ მიერ ზიანის ანაზღაურება გამოირიცხება.  

2. 10 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვანი პირი პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, თუ მას არ შეეძლო საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო.

3. ასევე კანონმდებლობა გამონაკლისს ადგენს მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში. კერძოდ, მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა.

4. გარდა ამისა, დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირი პასუხს არ აგებს მიყენებული ზიანისათვის.

თუმცა, გაითვალისწინეთ, თუ პირმა თვითონ ჩაიყენა თავი ასეთ მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელის ან მსგავსი საშუალებების გამოყენებით, იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

119
თემები:
სასარგებლო რჩევები
სამშვილდის სიონი

გადამწვარი „შეუპოვარი“ და ბარიკადები დახოცილი მტრისგან: ფაქტები საქართველოს ისტორიიდან

0
(განახლებულია 13:51 18.09.2020)
საქართველოს უმდიდრეს და უძველეს ისტორიაში მრავლადაა საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებ შესაძლოა ბევრს არც სმენია. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

1829 წელი იდგა. ახალციხის უმაღლეს მეჩეთზე ნახევარმთვარე აღმართულიყო ― ოსამალური მბრძანებლობის სიმბოლო, რომელსაც 40 ათასიანი გარნიზონი იცავდა. რუსეთის ფელდმარშალი ივან პასკევიჩი 9000-იანი რუსულ-ქართული ჯარით მიადგა ახალციხეს და კიოს მეჰმეთ-ფაშას  მისი დაცლა მოსთხოვა. სამართლიან მოთხოვნაზე თურქული ციხიონის მეთაურმა რუს ელჩებს დასცინა: ჯერ ციდან ჩამოხსენით მთვარე და მერე ― ახალციხის მეჩეთიდან ნახევარმთვარეო.

ქართველებმა და რუსებმა მთელი ძალებით შეუტიეს ქალაქს და 16 აგვისტოს აიღეს კიდეც. მერე კი ახალციხის მეჩეთის თავზე აღმართული ნახევარმთვარე ჩამოაგდეს და მასზე ჯვარი აღმართეს.

***

ანანურის ციხე-ქალაქში 1739 წელს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული. არაგვის ერისთავმა კი მისი ცოლი ყიზილბაშებს მიჰგვარა. დაბრუნებულმა შანშემ ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დასაჯა, საკუთარ ჯარს ლეკებიც დაუმატა და ანანურის ციხეს მიადგა, სადაც ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად იყო გამაგრებული.

მეციხოვნეებმა იმდენი ლეკი მოკლეს, რომ თავად ლეკები დახოცილი თანამოძმეებისაგან ბარიკადებს იკეთებდნენ. როცა ქსნის ერისთავი ვერაფერს გახდა, ხერხს მიმართა: წყალსადენის გადაჭრა, საიდანაც ციხე მარაგდებოდა. ციხეში მყოფებს წყლის გარეშე პაპანაქება ზაფხულში ძალიან გაუჭირდათ და იძულებელი გახდნენ, შანშე ერისთავს დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისმა შვილმა უთრუთმა ფარ-ხმალი არ დაყარა ― ერთ-ერთ კოშკში გამაგრდა, რომელსაც „შეუპოვარს“ ეძახდნენ.

ქსნის ერისთავის ჯარმა მონასტერი ააოხრა და „შეუპოვარს“ ცეცხლი წაუკიდა. უთრუთთან ერთად იქ უამრავი ადამიანი იყო შეხიზნული და ისინიც გამოიწვნენ. მოგვიანებით მოსახლეობამ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოქოლა და დამწვართა სამარხად აქცია. მხოლოდ 200 წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს ეს კოშკი არქეოლოგებმა და საშინელი სურათი დახვდათ.  ნახანძრალი სავსე იყო მოზრდილებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით.

***

თითქმის 20 წელი ებრძოდა ლიპარიტ ბაღვაში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ მასთან ბრძოლაში დამარცხდა და შვილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა ბაგრატს. მიუხედავად ამისა, კლდეკარის ციხე არ აპირებდა დანებებას. ბაღვაშთა სახლთუხუცესი ანამორი აგრძელებდა ბრძოლას.

მეფის ბრძანებით ლიპარიტი და მისი ძე რატი ძელზე გასვეს. ლიპარიტი საკუთარ განსაცდელზე არ ფიქრობდა, თავის ერთადერთი ძის ბედი ანაღვლებდა და მეფეს შეუთვალა: ოღონდ რატი ძელიდან ჩამოხსენი, მე ბერად აღვეკვეცები და კლდეკარიც შენი იქნებაო. გარიგება შედგა, კლდეკარი უომრად დაემორჩილა მეფეს, ბაგრატმა ანამორი სიკვდილით დასაჯა, მაგრამ ლიპარიტსა და რატის სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ლიპრიტ ბაღვაში ბერი ანტონის სახელით ბერად ათონის მონასტერში აღვეკეთა, რატი კი ბიზანტიაში გაიქცა. მაგრამ, როცა მისი სახელოვანი მამა გარდაიცვალა საქართველოში ჩამოასვენა და კაცხის მონასტერში პატივით დაკრძალა.

  ***

V საუკუნეში მოღვაწე ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი - პეტრე იბერის (411 – 491 წწ.) სახელი ქართველებისათვის კარგაადაა ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის, ის რომ ეს დიდი მოღვაწე იყო პირველი ქართველი, რომელმაც წმინდა მიწაზე დიდი „ქართული კოლონია“ შექმნა.

პეტრესა და მისი მოძღვრის იოანე ლაზის სახელთან არის დაკავშირებული პირველ ქართულ სასულიერო კერების დაარსება წმინდა მიწაზე (პალესტინა, სირია, ეგვიპტე). ამ ორი ჩვენი დიდი თანამემამულით დაიწყო ქართველ მღვდელმსახურთა ნაყოფიერ მოღვაწეობა სირია-პალესტინაში. მოგვიანებით მათმა საქმიანობამ ისეთი ფართო ხასიათი მიიღო, რომ უკვე თამარ მეფის ეპოქაში, კვიპროსში, სინას მთასა და წმინდა მიწაზე დაახლოებით 12 ქართული მონასტერი ფუნქციონირებდა.

***

 ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ და დასავლეთ საქართველო ქრისტეს რჯულზე მოაქცია ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა „ადორკის მეფობისა მოვიდეს თორმეტთა წმიდათა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ  აღესრულა წმიდა სიმონ ქალაქსა ნიკოფსისა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოიქცია მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა..“

ეს რომ მეფე ადერკმა გაიგო, განრისხდა და ახალგაქრისტიანებულები ძალით ისევ წარმართობაზე მოაქცია; „იძულებით კუალად მოაქცივნა მეგრლნი; და დამალნეს ხატნი და ჯუარნი“.          

0
თემები:
იცით თუ არა, რომ...