ტკივილი მუცლის არეში

რა იწვევს შეკრულობას და როგორ ვებრძოლოთ მას ბუნებრივი მეთოდებით

1276
(განახლებულია 20:04 25.08.2020)
შეკრულობა მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მარადიული პრობლემაა.

შეკრულობა სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივი დაყოვნების შედეგია. ეს ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა. ადამიანი განუწყვეტლივ გრძნობს ნაწლავებში სიმძიმეს, ზოგჯერ ტკივილს და წუხს. შეკრულობას ხშირად კოლიტს ეძახიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნამდვილი კოლიტი სულ სხვა დაავადებაა, რომელიც მხოლოდ შეკრულობით კი არა, შეკრულობისა და დიარეის მონაცვლეობით ვლინდება.

რა იწვევს შეკრულობას

შეკრულობის ძირითად მიზეზს განავლის წარმოქმნისა და ნაწლავებში მისი გადაადგილების შეფერხება წარმოადგენს, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, პასიური ცხოვრების წესი, არასწორი კვება, არასაკმარისი წყლის ან ბოჭკოს შემცველი საკვების მიღება, კვებითი აშლილობები, ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით კი ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები და რკინის შემცველი აბები, ორსულობა, ნევროლოგიური დაავადებები, როგორებიცაა პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, სტრესი და ა.შ.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ შეკრულობის მიღმა მსხვილი ნაწლავის კიბო არ გამოგვეპაროს. თუ ასაკოვანმა ადამიანმა დაიჩივლა, რომ შეკრულობა დაეწყო, სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევები.

შეკრულობას იწვევს ასევე სწორი ნაწლავის გამოვარდნა და ბუასილი.

რა სიმპტომებით გამოიხატება შეკრულობა

შეკრულობის დროს თქვენ შეიძლება გქონდეთ ნაწლავების შემცირებული მოქმედება, დაძაბვის მოთხოვნა ნაწლავთა მოქმედებისას, მკვრივი ან მცირე ოდენობის განავალი, სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება, მუცლის ტკივილი.

როგორ ვუმკურნალოთ შეკრულობას

ყველა მეთოდზე და რჩევაზე უპირატესი ექიმთან კონსულტაციაა. პაციენტს ექიმთან მისვლისა და გასინჯვისა არ უნდა შერცხვეს. სანამ ექიმთან ვიზიტს დაგეგმავთ, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც შეკრულობასთან ბრძილაში დაგეხმარებათ.

გაითვალისწინეთ, შეკრულობაზე უარყოფითად მოქმედებს ღვინო, განსაკუთრებით კი წითელი, ასევე ციტრუსები, ღორის ხორცი, ცომეული, ძეხვეული, ნიორი, ლობიო, მსხალი და ა.შ.

სასურველია შეკრულობის დროს მიიღოთ ვაშლი, ატამი, შავი ქლიავი, კივი, ისპანახი. დღიურად მიიღეთ დამატებით ერთიდან ორ ლიტრამდე წყალი და სხვა სითხეები. ბოჭკოები და წყალი მოქმედების დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ერიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტს – ყავა, შავი ჩაი, შოკოლადი და სხვ. მიიღეთ ნაკლები რძე, რადგან რძის პროდუქტები ერთ-ერთია, რაც იწვევს შეკრულობას.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მტკივანი ადგილის ჰიგიენას. სასურველია ნაწლავის ყოველი მოქმედების შემდეგ გრილი წყლით დაბანა.

შეკრულობის სამკურნალოდ არსებობს რამდენიმე ხალხური მეთოდი:

· 2 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.

· აიღეთ 2 სადილის კოვზი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე, 30-40 წუთს შეფუთული გააჩერეთ. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა მიირთვათ ყოველ დილით, უზმოზე, 1 თვის განმავლობაში.

· უმი სტაფილოს, ისპანახისა და ჭარხლის წვენების ნარევი საუკეთესო საშუალება ყოფილა შეკრულობის სამკურნალოდ. წვენები ახალგამოწურული უნდა იყოს. მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა. აქედან ნახევარი სტაფილოს წვენი უნდა იყოს, ნახევარი კი ისპანახისა და ჭარხლისა.

· შეკრულობის დროს ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს ქატოს. აიღეთ 2 ჩაის კოვზი ქატო, დაასხით მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და გაფუებული მასა მიირთვით საკვებთან ერთად ან საჭმლის მიღებამდე 3 საათით ადრე. თუ ეფექტს ვერ მიიღებთ, ქატოს დოზა დღეში 6 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ, ხოლო როდესაც კუჭის მოქმედება (დეფეკაცია) მოგიწესრიგდებათ, კვლავ შეამცირეთ.

· უზმოზე მიირთვით ორი-სამი ვაშლი კანიანად, 1 ჩაის ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი, ახალი კარტოფილის ან სტაფილოს წვენი.

გაითვალისწინეთ:

შეკრულობის დროს ექიმები არ უწევენ რეკომენდაციას ძლიერმოქმედი სასაქმებელი საშუალებების ხშირად მიღებას. თუ ყაბზობისკენ გაქვთ მიდრეკილება, უმჯობესია მას დიეტითა და სხვა ბუნებრივი მეთოდებით ებრძოლოთ.

აუცილებელია რაციონიდან ცხარე, ტკბილი, შემწვარი, შებოლილი საკვების, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ამოღება – ეს პროდუქტები ხელს უწყობს ანალურ მიდამოში ვენური ქსელის გაფართოებას და არღვევს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

1276
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (52)
გაზირებული სასმელი

ნამდვილად არის თუ არა გაზიანი სასმელი მავნე ორგანიზმისთვის: რა არის მითი და რა რეალობა

267
(განახლებულია 21:27 24.09.2020)
იშვიათად შეხვდებით ბავშვს, ხშირად ზრდასრულ ადამიანსაც, რომელსაც ლიმონათი, კოკა-კოლა, ფანტა ან სხვა გაზიანი სასმელები არ უყვარს.

ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ გაზიანი სასმელი ვნებს, თუმცა მიზეზი, თუ რატომ არის ის მავნე, არ იცის, ან მცდარი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ალბათ ხშირად გაგიგით „გაზგასული ბორჯომი“, „გაზგასული ლიმონათი“, მითია თუ რელობა ეს ტერმინი და რეალურად რაში მდგომარეობს გაზიანი სასმელის მავნებლობა, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუჭაშვილი საუბრობს.

- ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს სჩადიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითია, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის.

განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე ისაა, რომ გაზიანი სასმელის მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკებს, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს.

არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად, არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები.

267
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (52)
მაღვიძარა

ყველანაირი დიეტა ფუჭია, თუ სწორად არ გძინავთ: მეცნიერები გვირჩევენ

1093
(განახლებულია 19:31 24.09.2020)
ირკვევა, რომ წონაში დაკლების მსურველთა ყველა მცდელობა, რაოდენ მკაცრადაც არ უნდა იცავდნენ დიეტას, ფუჭი და ამაო გამოდგება, თუ სწორად არ დაიძინეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლისთვის დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი ჭარბწონიანი იქნება, ასეთია იმ კოლაბორაციის პროგნოზი, რომელიც არაინფექციურ დაავადებათა რისკის ფაქტორებს შეისწავლის.

საქმე მარტო არასწორ კვებასა და მცირე ფიზიკურ აქტივობაში არ ყოფილა. როგორც ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.

2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც ნაკლები ეძინათ, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთ-ნახევარი საათი ეძინათ, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვა-ნახევარი საათი ისვენებდა. ორივე ჯგუფი სპეციალური სისტემით შემცირებული ნორმის კალორიებით იკვებებოდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, დასვენების დღეებში გამოძინება არაა შედეგის მომცემი. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ. ყველა მათგანი მკაცრ დიეტას იცავდა, ზოგმა მათგანმა სამუშაო დღეებში საწოლში რვა საათზე ნაკლები გაატარა, ხოლო შაბათ-კვირას — უფრო მეტი.

რვა კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთი და იგივე წონა დაკარგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონა ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.

ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარები გამოუძინებლობის გამო წონის მატებას მადაზე გავლენის მქონე ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ. ძილის დეფიციტიან 12 ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეში გრელინის დონე გაიზარდა, ხოლო ლეპტინისა — შემცირდა. პირველი მათგანი ზრდის მადას (მას ასევე უწოდებენ შიმშილის ჰორმონს), მეორე კი, პირიქით, პასუხისმგებელია დანაყრების (სიმაძღრის) შეგრძნებაზე. ამ ჰორმონების ვარირებით შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები სძინავთ, ხშირად ჭარბი წონით იტანჯებიან.

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს ლეპტინის დონეს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.

1093
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:50 26.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირების გამტკიცებისკენ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა, სახლის მოწყობაზე ზრუნვა.

ცხოვრებისეულ სფეროებში ადამიანებს იღბალი თან სდევს. იზრდება პროფესიული წარმატებების შესაძლებლობა.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნეს–საქმიანობა, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაჭრა, მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, სანდო კავშირების გამტკიცება, კარიერაზე და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე კოლექტივში.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0