განძეული

ვის ეკუთვნის მიწის გათხრისას ან ქუჩაში ნაპოვნი ნივთები იცოდეთ თქვენი უფლებები

3635
(განახლებულია 21:10 19.06.2020)
ალბათ იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც შემთხვევით რაიმე ნივთი არ უპოვია, შეიძლება ეს იყოს ფული, ღირებული ან თუნდაც უბრალო რამ. არის შემთხვევები, როდესაც მიწის დამუშავებისას ან საფლავის გათხრისას ძვირფასეულობას ან არტეფაქტებს გადასწყდომიან.

თუ შემთხვევით იპოვეთ რაიმე, იქნება ეს დოკუმენტები, მობილური ტელეფონი, საფულე, განძი, ღირებული ან თუნდაც უბრალო ნივთი, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდებით და გაგიხარდებათ, რომ იგი პოვნის მომენტიდან თქვენი საკუთრებაა. ამ ყველაფერს კანონი არეგულირებს და, თქვენდა უნებურად, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაგეკისროთ.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით ამომწურავად გიპასუხოთ ყველა კითხვაზე, ეხება ეს ქუჩაში ნაპოვნ ნივთებს, თუ მიწის გათხრისას ნაპოვნ განძსა თუ არტეფაქტებს. ასევე საინტერესოა იმის ცოდნაც, სად ინახება და რა ვადით დაკარგული ნივთები.

როგორ მოვიქცეთ დაკარგული ნივთის პოვნისას

თუ დაკარგული ნივთი იპოვეთ:

- პირველ რიგში, დაუყონებლივ უნდა აცნობოთ ნივთის დამკარგავს ან, თუ მისი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან ადგილობრივ ორგანოს და გადასცეთ ეს ნივთი. 

- თუ ნივთის პოვნის შესახებ პოლიციას შეატყობინეთ, თუმცა მეპატრონის გამოჩენამდე ის მაინც თქვენს ხელთაა, ერთი წლის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მასზე საკუთრების უფლება მოიპოვოთ.

- იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მესაკუთრე ერთი წლის განმავლობაში მოიკითხავს ნაპოვნ ნივთს, თქვენ (მპოვნელმა) შეგიძლიათ მოითხოვოთ ჯილდო ნივთის ღირებულების 5%-მდე. გარდა ამისა, შეგიძლიათ უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს მოსთხოვოთ ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება. ნივთის შენახვის ანაზღაურებაში იგულისხმება ყველაფერი, რაც მასზე დაიხარჯა, მაგალითად, ნაპოვნი ნივთის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები, სანამ მას მეპატრონეს დაუბრუნებთ.

- თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს.

- თუ ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები იპოვეთ, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება. მესაკუთრეს კი მათი გასხვისებით მიღებული თანხა უბრუნდება.

როგორ მოვიქცეთ განძის პოვნისას

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განძს წარმოადგენს საგანი, რომელიც იმდენად დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა.

ძალიან გაგიმართლებთ მაშინ, თუ შემთხვევით განძს გადააწყდებით, განსაკუთრებით მაშინ გაგიმართლებთ, თუ განძს თქვენსავე საკუთრებაში, მაგალითად, მიწაში იპოვით.

სხვა შემთხვევაში კი საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.

როგორ მოვიქცეთ არტეფაქტის პოვნის შემთხვევაში

ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გარკვეული მიწის სამუშაოების დროს რაიმე არტეფაქტის პოვნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეატყობინონ შესაბამის ორგანოს (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს).

ამის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა მოხდეს რეაგირება, არქეოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დათვალიერდეს ობიექტი. სხვა შემთხვევაში, თუ გრძელდება მიწის სამუშაოები, უკვე საქმე გვაქვს უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებთან, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.

ანუ, თუ არტეფაქტი აღმოაჩინეთ და შესაბამის უწყებას არ შეატყობინეთ, თქვენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ. 

სად ინახება თქვენ მიერ დაკარგული ნივთები

თქვენ მიერ დაკარგული, ზოგადად, ნაპოვნი დოკუმენტები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები, ჩანთები თუ სხვა უამრავი ნივთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის საცავში ინახება, რომელიც მუდმივად განახლებადია.

როდესაც დაკარგული ნივთი საპატრულო პოლიციას გადაეცემა, ის სამ ეტაპს გადის:

- პოლიცია ერთი თვის ვადაში ნივთის მეპატრონის მოძიებას ცდილობს;

- თუ მეპატრონის მოძიება ვერ მოხერხდა, ნივთი საცავში 2 წლის განმავლობაში შეინახება და შემდეგ მესაკუთრეს ელოდება;

- თუ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ მეპატრონე არ გამოჩნდა, ღირებული ნივთები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, აუქციონის წესით იყიდება ან უსახლკარო ბავშვებსა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებს გადაეცემა.

თუ ნაპოვია დოკუმენტები, ძირითად შემთხვევაში ის მესაკუთრეებს უბრუნდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონეები წლების განმავლობაში არ გამოჩნდნენ, საბანკო ბარათები შესაბამის ბანკებში, მართვის მოწმობები შსს-ს მომსახურების სააგენტოში, სხვა ბარათები და საბუთებიც შესაბამის უწყებებში იგზავნება და ინახება.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

3635
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

206
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

206
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ბავშვები შადრევანში

როგორ დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

301
(განახლებულია 21:18 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატება 32 გრადუსს, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები უნდა იყოს მიღებული ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი – ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ღია სივრცეში ყოფნა არ არის მისაღები.

თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეიძლება დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსის, ხოლო ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისგან, როდესაც, პირიქით, ჯობს დავხუროთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, საქართველოში ამ პერიოდში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინერალული წყლები არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ორგანიზმში სითხე იყოს შენარჩუნებული და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ: ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ყველაზე მაღალი რისკის შემცველია, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ, საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

301
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

რა ღირს დავით ცინარიძის თავისუფლება: საპატრულო პოლიციის ექს-უფროსს გირაო შეუფარდეს

0
(განახლებულია 12:53 15.07.2020)
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ოჯახური ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატის კახა ხვისტანის თქმით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში