საღამოს გარბენი

ახასიათებს მხოლოდ საღამოობით სირბილს: რამდენიმე წესი მეტი ეფექტისა და სარგებლისთვის

168
(განახლებულია 17:04 29.04.2020)
სირბილი — ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი და უნივერსალური სპორტის სახეობა, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე და ხელს უწყობს კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას.

დილით სირბილის სარგებლის შესახებ ბევრი გვსმენია, მაგრამ სასარგებლოა თუ არა საღამოობით სირბილი?

სპეციალისტები ამბობენ, რომ დღე-ღამის ნებისმიერი დროის მიუხედავად სირბილი ყოველთვის ააქტიურებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას, წონაში კლებას. მაგრამ არსებობს ისეთი დადებითი მომენტებიც, რომლებიც მხოლოდ საღამოობით სირბილს ახასიათებს. 

ბევრ ჩვენგანს, განსაკუთრებით „ბუს“ ტიპის ადამიანებს, უჭირთ ადრე ადგომა და ვარჯიში, ურჩევნიათ გვიანობამდე ინებივრონ ლოგინში. საღამოობით კი საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა ყოველთვისაა შესაძლებელი, ადამიანიც თავს უფრო აქტიურად და ენერგიულად გრძნობს, რაც დადებითად აისახება გარბენის შედეგებზე.

საღამოობით სირბილი ხელს უწყობს სტრესის მოხსნას. ადამიანთა უმრავლესობა ხომ სწორედ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გრძნობს როგორც მორალურ, ისე ფიზიკურ დაღლილობას. იმისათვის, რომ ოდნავ მაინც მოიშოროთ დღის „პრობლემების ტვირთი“, საღამოს სირბილია კარგი.

ბევრ ადამიანში სირბილის ცნება ასოცირდება დილის ფიზიკურ დატვირთვასთან. მაგრამ ცნობილია, რომ საღამოობით სირბილი ტარდება ორგანიზმის არა ფიზიკური დატვირთვისთვის, არამედ, პირიქით, გარკვეული ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად და მოსადუნებლად. 

საღამოობით სირბილი სასურველია მათთვის, ვისაც ძილის პრობლემები აქვს. სწორი დატვირთვა ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს ვარჯიშსა და ძილს შორის რამდენიმესაათიანი ინტერვალის დაცვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მივიღებთ. 

საღამოს სირბილი აქტიურად წვავს დღის განმავლობაში მიღებულ კალორიებს. ოღონდ ვარჯიშის შემდეგ ჭამა მიზანშეწონილი არ არის. შესაძლებელია ძილის წინ ერთი ჭიქა წყლის დალევა, ან რამდენიმე საათის შემდეგ რაიმე მსუბუქით წახემსება.

საღამოს ადამიანის ექსკრეტორული (გამომყოფი) სისტემა უფრო აქტიურად მუშაობს. დადასტურებულია, რომ თუ ამ დროს ირბენთ, თქვენ მნიშვნელოვნად დააჩქარებთ მეტაბოლურ პროცესებს და ორგანიზმს ტოქსინებისა და სხვა ნეგატიური ელემენტებისგან გაასუფთავებთ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად საღამოს სირბილის მარგებლობისა, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა.

როგორ ვირბინოთ საღამოს სწორად?

  • მაქსიმალურად გამაჯანსაღებელი ეფექტი მიიღწევა აუჩქარებელი, ნელი სირბილით 40 წუთის განმავლობაში;
  • მაქსიმალური ეფექტის მისაღებად კარგია კვირაში სამჯერ სირბილი. უფრო ხშირად სირბილის შემთხვევაში ორგანიზმი აღდგენას ვერ მოასწრებს, ხოლო უფრო იშვიათად — გამაჯანსაღებელი ეფექტის ხარისხი შემცირდება;
  • სირბილის წინ სასურველია გახურება, ფეხის კუნთების დაზელვა, ხელების მოძრაობა;
  • გარბენა უნდა შესრულდეს შემდეგი თანმიმდევრობით: სირბილს ვიწყებთ ნელი ტემპით, 15 წუთის შემდეგ ვუმატებთ სიჩქარეს, ხოლო კიდევ 10 წუთის შემდეგ ტემპს კვლავ ვამცირებთ და ასე ვასრულებთ სირბილს;
  • გარბენის შემდეგ აუცილებელია წყლის პროცედურები - კონტრასტული შხაპი ან ცხელი აბაზანა.
168
თემები:
სასარგებლო რჩევები (216)
თავის ტვინი

როგორ გავაძლიეროთ ტვინის მუშაობა 14 ჯანსაღი საკვები ტვინის უკეთესი ფუნქციონირებისთვის

1329
(განახლებულია 21:32 27.05.2020)
ტვინის სწორად გამოკვება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ჯანსაღი ცხოვრების სამყაროში. და ეს ასეც უნდა იყოს! კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული საკვების მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას და ზრდის ტვინის პროდუქტიულობას.

უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ტვინის საკვები (იგულისხმება პროდუქტი, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა ტვინზე) ნამდვილად არსებობს.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით იმ პროდუქტზე გესაუბროთ, რომელთა რეგულარული მიღება თქვენს ტვინს უფრო გამჭრიახს და პროდუქტიულს გახდის.

ლურჯი მოცვი
© CC BY-SA 2.5 / Wikipedia / Vaccinium uliginosum
ლურჯი მოცვი

1. მოცვი

მოცვი ბუნების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია. ის ცნობილია, როგორც ანტიოქსიდანტების მეფე და მას სხეულის დეტოქსიკაციისთვისაც აქტიურად იყენებდნენ.

არსებობს კვლევა, რომლის მიხედვით, მოცვის წვენის მოხმარება ყოველდღიურად 12 კვირის განმავლობაში აუმჯობესებს მეხსიერებას.

გაითვალისწინეთ, თუ აპირებთ მოცვის შეტანას თქვენს ყოველდღიურ მენიუში, ჭამამდე უნდა მიიღოთ არაუმეტეს 0,5 ჭიქა (113 გრამი).

ბროკოლი შეიცავს ბორს, რომლის ნაკლებობაც ტვინის აქტიურობის შემცირებას იწვევს
ბროკოლი

2. ბროკოლი

ბოსტნეულების სიაში თამამად შეგვიძლია პირველი ადგილი ბროკოლს მივაკუთვნოთ. როგორც არ უნდა მოამზადოთ –  შეწვავთ, მოხარშავთ თუ ორთქლზე მოამზადებთ, ის თქვენი ტვინის მუშაობას მაინც გააუმჯობესებს.

ბროკოლში ორი მთავარი მკვებავია, რაც მას ამ სიაში საპატიო ადგილს ანიჭებს. ვიტამინი K, რომელიც ასევე გვხვდება მოცვში უფრო მცირე რაოდენობით, ეხმარება კოგნიტურ შესაძლებლობებს, D ვიტამინი კი აუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას.

ბროკოლში ექვსჯერ მეტი K ვიტამინია, ვიდრე მოცვში. უარყოფითი მხარე ის არის, რომ მოცვი ცოტა უფრო გემრიელია.

თუ ყოველდღიურად ცოტაოდენ ბროკოლს მიირთმევთ, თქვენი ტვინი სუპერ ტვინად გადაიქცევა.

კაკალი
კაკალი

3. კაკალი

კაკალი საუკეთესო არჩევანია, როდესაც საქმე ეხება კოგნიტურ ფუნქციას. ზოგადად, ნებისმიერი თხილეული ჯანმრთელი ცხიმების კარგი წყაროა. გულის მუშაობის გაუმჯობესების გარდა, ნიგოზი ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას.

ყოველთვის, როდესაც წახემსებას გადაწყვეტთ, მიირთვით უმი და უმარილო ნიგოზი და ეცადეთ, ამით ჩაანაცვლოთ არაჯანსაღი საკვები.

ჩაი
© photo: Sputnik / Asatur Esayants
ჩაი

4. მწვანე ჩაი

ზოგი ჩვენგანი ყავას სვამს, ზოგი კი ჩაის ამჯობინებს. ორივე მათგანი ამ სიაშია შეტანილი, თუმცა არ მოგიწევთ მათ შორის არჩევანის გაკეთება.

მწვანე ჩაი შეიცავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ კოფეინია. ის ამცირებს შფოთვას და რელაქსაციას უწყობს ხელს.

მწვანე ჩაიში ყავასთან შედარებით კოფეინის დაბალი დონეა, რაც მას ტვინის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის შეუცვლელ სასმელად აქცევს. ხალხი, ვინც მწვანე ჩაის სვამს, ამტკიცებს, რომ მათი ენერგიის დონე და  პროდუქტიულობა უფრო გაიზარდა, ვიდრე ყავის სმისას.

ფორთოხალი
© CC0 / Pixabay
ფორთოხალი

5. ფორთოხალი

ფორთოხალი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. საკმარისია ერთი დიდი ფორთოხალი, რომ შეივსოთ C  ვიტამინის ყოველდღიური საჭიროება.

C ვიტამინს რომ უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ყველამ ვიცით. თუმცა ამჯერად იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული მეხსიერებისა და აზროვნების გაუმჯობესებასთან. დემენციით დაავადებულ ადამიანებში გამოვლენილია C ვიტამინის დაბალი შემცველობა. ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ თუ C ვიტამინს საკმარისი რაოდენობით მიიღებთ, თქვენ შეძლებთ დემენციის თავიდან აცილებას.

ავოკადო
ავოკადო

6. ავოკადო

ავოკადო არის ჯანმრთელი ცხიმების წყარო. ის  ხელს უწყობს სისხლის  ნაკადის ჯანმრთელ მიმოქცევას, რაც თავის მხრივ ნიშნავს ჯანმრთელ ტვინს.

გარდა ამისა, ავოკადო ამცირებს არტერიულ წნევასაც, რაც თავიდან აცილებს კოგნიტურ შესაძლებლობათა დაქვეითებას.

ყოველდღიურად 1/4 ან 1/2 ავოკადოს მიღება დაეხმარება თქვენს ტვინს სუპერგმირის ფუნქციების შეძენაში.

© video: Ruptly .
ქოქოსი

7. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი მრავალფუნქციური ზეთია. ზოგი კულინარიაში იყენებს, ზოგიც კოსმეტიკაში. გარდა უამრავი სასარგებლო თვისებისა, ქოქოსის ზეთი აძლიერებს ტვინის მუშაობას ალცჰეიმერის სინდრომის პაციენტებში.

ისპანახი
ისპანახი

8. ისპანახი

კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ხანდაზმულები ყოველდღიურად მოიხმარდნენ ისპანახს დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, ჰქონდათ იგივე შემეცნებითი შესაძლებლობები, როგორიც მათზე 11 წლით უმცროსებს.

ეს ყველაფერი ვიტამინი K-ს წყალობითაა, რომელიც უხვადაა ისპანახში.

შვრია და შვრიის ფაფა
© CC0 / Pixabay
შვრია და შვრიის ფაფა

9. შვრია

შვრია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია, რომელსაც საუზმეზე ვიყენებთ, მასში უამრავი ნახშირწყალია. გლუკოზა დაუყოვნებლივ იგზავნება ტვინისკენ და მას ფუნქციონირებაში ეხმარება. არსებობს კვლევები, რომ რაც უფრო მაღალია გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში, მით უკეთესად ვახერხებთ ფოკუსირებას და ვიმახსოვრებთ საგნებს.

თუ დილით სისხლში შაქრის დაბალი დონე გაქვთ, გაღვიძებისთანავე შვრიის ფაფა თქვენს საუკეთესო მეგობარად აქციეთ.

ყურძენი და წვენი
ყურძენი და წვენი

10. ქიშმიში

იცოდით, რომ ქიშმიში ხელს უწყობს ტვინის მუშაობას?

ქიშმიში არის ტვინის ყველა საკვებს შორის ერთ-ერთი პირველი. ის ორგანიზმს D ვიტამინის დეფიციტსაც არიდებს თავიდან.

ყავა
© CC0 / Pixabay
ყავა

11. ყავა

უმეტესობამ არც ვიცით, რომ ყავის საშუალებით ბევრ ანტიოქსიდანტს ვიღებთ, რაც ტვინს უჯრედული სიკვდილისგან იცავს. ეს კი, თავის მხრივ, გვიცავს დემენციისგან და მასთან დაკავშირებული დაავადებებისგან.

ასე რომ, ყავაზე ნამდვილად არ უნდა თქვათ უარი (აქ შაქრიანი და რძიანი ყავა არ იგულისხმება). მიიღეთ დღეში მაქსიმუმ 3 ჭიქა შავი ყავა, რომ თავი არაჩვეულებრივად იგრძნოთ.

ნუში
© CC0 / Pixabay
ნუში

12. ნუში

ცნობილია, რომ ნუში აძლიერებს მეხსიერებას და აფერხებს ალცჰეიმერის განვითარებას. დღეში დაახლოებით ერთი მუჭა ნუშის მიღება საკმარისი იქნება, მაგრამ არ გადააჭარბოთ, რადგან უამრავ ცხიმს შეიცავს.

მარწყვი
მარწყვი

13. მარწყვი

კენკროვნების უმეტესობას, მათ შორის, მარწყვსაც სასარგებლო გავლენა აქვს ტვინზე. კენკროვნები ხელს უშლიან ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების დაკარგვას და შესაძლოა შეანელონ ალცჰეიმერის განვითარებაც.

კიდევ ერთი რამ, რაც უფრო მეტად მარწყვს უკავშირდება, არის მასში შემავალი კალიუმის რაოდენობა. კალიუმი უკავშირდება სისხლის ნაკადის გაზრდას და აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას.

1 ჭიქა წითელი ღვინო= 1 საათი ვარჯიში
© CC0 / Pixabay
1 ჭიქა წითელი ღვინო= 1 საათი ვარჯიში

14. წითელი ღვინო

ჩვენს სიაში ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, წითელი ღვინოა. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი თავისთავად არ არის დაკავშირებული თავის ტვინის ფუნქციონირების რაიმე გაუმჯობესებასთან, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ წითელი ღვინის ზომიერად მიღებას ნამდვილად აქვს უპირატესობები.

წითელ ღვინოს შეუძლია დაბერების პროცესი შეანელოს და შეამციროს დემენციის რისკიც.

თუ ფიქრობთ წითელი ღვინის მიღებას, უნდა დალიოთ მაქსიმუმ 1 ჭიქა წითელი ღვინო დღეში.

 

1329
მზის დაბნელება

მზისა და მთვარის დაბნელებები ივნისში: ცნობილია თარიღები და რეკომენდაციები

518
(განახლებულია 18:54 27.05.2020)
სულ 2020 წელს ექვსი დაბნელებაა მოსალოდნელი, რითიც, ასტროლოგების აზრით, აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ეს წელი ბევრისთვის ყველაზე მძიმეა ბოლო ათწლეულებში.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 2020 წლის ივნისში ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება, რამაც შეიძლება ადამიანზე საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინოს, იუწყებიან სპეციალისტები.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის პირველ თვეში უნდა ველოდოთ არა მარტო მთვარის, არამედ მზის დაბნელებასაც. სულ 2020 წელს ექვსი დაბნელებაა მოსალოდნელი. ასტროლოგების აზრით, ამით აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ეს წელი ბევრისთვის ყველაზე მძიმეა ბოლო ათწლეულებში. 

ბევრი სპეციალისტი მნათობების დაბნელებას საკმაოდ საშიშ პერიოდად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამავდროულად ადამიანს შეუძლია მოვლენის ენერგეტიკა თავის სასარგებლოდ მიმართოს. 

მთვარის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 5 ივნისსაა მოსალოდნელი. დედამიწის ჩრდილი ნაწილობრივ დაფარავს თანამგზავრს, ამიტომ მთვარე ციდან მთლიანად არ გაქრება. ასტროლოგების აზრით, ასეთი დაბნელების გავლენა არ შეიძლება ჩაითვალოს ძალიან ძლიერად და ის ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს.

თუმცა, ამავე დროს იმასაც ამბობენ, რომ როცა მთვარე ნაწილობრივ იფარება, მაშინ სხვადასხვა სახის უსიამოვნებები ფარული და, შესაბამისად, მოულოდნელი ხდება.

სპეციალისტების თქმით, პრობლემები შესაძლოა შეექმნათ მათ, ვინც შორ გზაზე გამგზავრებას, ახალი საქმის წამოწყებას თუ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას გადაწყვეტს. ეს შესაძლოა იყოს პასპორტის ან ბილეთების დავიწყება, მნიშვნელოვანი ფაქტების გაუთვალისწინებლობა თუ საფულის დაკარგვა. ამიტომ ამ დღეს ორმაგად და სამმაგად ყურადღებით უნდა იყოთ. ამასთან საჭიროა დაუკვირდეთ ნათქვამს და მოზომოთ სიტყვა, რათა ვინმეს ტყუილად არ აწყენინოთ ერთი შეხედვით უბრალო ფრაზით.  

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს უმჯობესია მარტო ყოფნა და საკუთარი თავის შეცნობა. 

მზის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 21 ივნისსა მოსალოდნელი. ასტროლოგების აზრით, ამგვარი დაბნელება ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე და შესაძლოა ჩხუბისა და გაუგებრობების მიზეზიც კი გახდეს.

ეს რგოლური დაბნელება იქნება, ანუ მთვარე ისე აეფარება მზეს, რომ ცაზე მხოლოდ მისი წრე გამოჩნდება. ასეთი დაბნელების დროს მთვარე დედამიწიდან ჩვეულებრივზე მეტი მანძილითაა ხოლმე დაშორებული.

ასტროლოგების აზრით, ასეთ მოვლენას ადამიანისთვის უარყოფითი შედეგები მოსდევს, თუმცა პრობლემები და წარუმატებლობა მაშინვე კი არ იჩენს თავს, არამედ მოგვიანებით. 

ირკვევა, რომ მსგავსი დაბნელება მომხდარა 2002 წელსაც. ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, გავიხსენოთ მაშინდელი მოვლენები, რათა დაახლოებით მაინც მივხვდეთ, რა გველოდება. 

სპეციალისტების თქმით, ამ დღეს ადამიანების უმეტესობას უსიამოვნებები ელის ოჯახში, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან — თანაც, აშკარა მიზეზების გარეშე. ამიტომ მათი დაჟინებული რეკომენდაციაა, თავი აარიდოთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ვინაიდან ისინი საფრთხის წყარო იქნებიან — ზოგს შეიძლება უბრალოდ გუნება გაუფუჭონ, ზოგი კი ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაითრიონ. 

ასტროლოგები განმარტავენ, რომ ამ დღეს ჯობს ყურადღება საშინაო საქმეებზე გაამახვილოთ, მეტი სითბო გამოიჩინოთ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, არ უნდა გასცეთ ამაო დაპირებები და თავი შეიკავოთ ახლობლების კრიტიკისა და განსჯისგან.

განსაკუთრებული რეკომენდაციაა — ჭორებისთვის ყურის წაყრუება, მოარული ხმები, მათ შორის უშუალოდ თქვენზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯეროთ.

518
თემები:
სასარგებლო რჩევები (216)
დაკეტილი მაღაზიები აბანოთუბანში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი

78680
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 738 ადამიანს შეადგენს, აქედან 573 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78680
თემები:
COVID-19 საქართველოში