ფიტნეს კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი

რა შეცდომები არ გეპატიებათ დარბაზში ვარჯიშის დროს რჩევები ფიტნეს-ინსტრუქტორისგან

3256
(განახლებულია 16:06 03.03.2020)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფიტნეს-კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი, რომელიც სწორად ვარჯიშს გვასწავლის.

გაზაფხულის დადგომისთანავე საზოგადოების უმეტესი ნაწილი სანატრელ შვებულებაზე ფიქრს იწყებს. შვებულება კი ხშირად ზღვასთან, გარუჯულ სხეულთან ასოცირდება. იმისთვის, რომ ზღვაზე სხეულის სასურველი ფორმებითა და ლამაზად დაკუნთული სხეულით მოიწონონ თავი, ადამიანები თავს არ ზოგავენ – იწყებენ სპორტულ დარბაზებში გულის წასვლამდე ვარჯიშს...

თქვენ სხეულის ფორმაში მოყვანა, კუნთების გამაგრება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება გადაწყვიტეთ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სპორტს რეგულარულად უთმობთ დროს, თუმცა შედეგი არც ისე შესამჩნევია... ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიტნესი არ მოითხოვს ზედმეტ დატვირთვას და საკუთარ ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას, მთავარია – სწორად ივარჯიშოთ, შეცდომები არ დაუშვათ და ვარჯიშის შემდეგ კარტოფილი ფრით საკუთარი თავი არ დააჯილდოოთ.

პრესის ვარჯიშები

გაზაფხულის მოახლოვებასთან ერთად დარბაზში მოსიარულეთა უმრავლესობა ცდილობს მუცლის პრესის გამოკვეთას და ვარჯიშს პრესის კუნთის ვარჯიშით იწყებს. პრესი არის ჩვენი ცენტრალური კუნთი, რომელიც მდგომარე და მჯდომარე მდგომარეობაშიც ყოველთვის მუშაობს, ამიტომ ყოველდღიურად პრესის ვარჯიში არ არის აუცილებელი. კვირაში სამი დღე სრულიად საკმარისია მუცლის პრესის ვარჯიშისთვის. ჩვენ თუ ცენტრალურ კუნთს დავღლით, შემდეგ სამუშაოს იმ დატვირთვით ვეღარ შევასრულებთ, რაც მანამდე შეგვეძლო გაგვეკეთებინა. იმისათვის, რომ ერთხელ მაინც მოგეცეთ შანსი, თქვენ მუცელზე გამოკვეთილი რელიეფი ნახოთ, აუცილებლად უნდა დაიცვათ ჯანსაღი კვება და პრესის ვარჯიშები აკეთოთ სწორად. 

ფიტნეს კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი
photo: courtesy of Giorgi Tchurghulashvili
ფიტნეს კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი

მისვლები და გამეორებები

- ფიტნესის სფეროში ერთგვარი პოლემიკის საგანია, თუ რომელია უკეთესი წონის დასაკლებად – მსუბუქი სიმძიმეების გამოყენება და ბევრჯერ გამეორება თუ ნაკლები გამეორება და მძიმე წონა?

- ბოდიბილდინგში არსებობს მისვლები და გამეორებები. მაგალითად, ოთხი მისვლა და 12 გამეორება. თითქმის ყველა სავარჯიშო პროგრამაში გამეორება არ აღემატება 15-ს ან 18-ს. ეს მცდარი მიდგომაა. თუ პიროვნება 30 გამეორებას აკეთებს, რატომღაც ფიქრობს, რომ ამით კუნთს დააზიანებს. კუნთის ზრდას იწვევს ოთხი ფაქტორი: ამინომჟავები, რომლებსაც საკვებიდან ვიღებთ, ზრდის ჰორმონი, რომელსაც გამოყოფს ორგანიზმი, თავისუფალი კრეატინი, რომელიც კრეატინ ფოსფატიტისგან გამოთავისუფლდება ვარჯიშის დროს და წყალბადის იონები, რომლებიც სტრესის დროს გამოიყოფა. თუ თავისუფალი კრეატინი და წყალბადის იონები თანხვედრაში ოპტიმალური რაოდენობით არ არის, იშლება უჯრედი. ეს ხდება არა გამეორებიდან გამომდინარე, არამედ დროიდან გამომდინარე. თუ 20-დან 40 წამამადე ინტერვალს დაიცავთ, გახვალთ მაქსიმალურ შედეგზე, მაგრამ თუ შეასრულებთ 10 გამეორებას და 40 წამს გასცდებით, მაშინ უჯრედი დაიწყებს დაშლას. დროს ნუ დაკარგავთ, იმის ნაცვლად, რომ სოციალურ მედიაში ყველას გააგებინოთ, თუ როგორ ინტენსიურად „ვარჯიშობთ“, შეეცადეთ რეალურად აკეთოთ საქმე.

ცალკე საკითხია დელტის კუნთი მამაკაცებში, რაც ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რადგან დელტს ვერ ზრდიან. დელტში პროცენტულად წითელი ბოჭკო უფრო მეტია, ვიდრე თეთრი ბოჭკო. წითელი ბოჭკო პასუხისმგებელია დაბალინტენსიური სამუშაოს ხანგრძლივად შესრულებაზე. ამიტომ მისი კუმშვის სიჩქარე არის შედარებით ნელი, ხოლო თეთრი ბოჭკო პასუხისმგებელია ძალისმიერ ფაზაზე, მისი დანიშნულებაა – რაც შეიძლება მეტი წონის აწევა. თუ თქვენ გააკეთებთ მუდმივად 10-12 გამეორებას, ძალისმიერი ფაზა განვითარდება, მაგრამ ვიზუალი მოვა ტონუსში და გაჩერდება. თუ გააკეთებთ 25-30 გამეორებას, ფორმებს და რელიეფს აუცილებლად შეიცვლით. 

ფიტნეს კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი
photo: courtesy of Giorgi Tchurghulashvili
ფიტნეს კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი

მინდა მანდილოსნებს ვუთხრა...

გაზაფხულის დადგომისთანავე გოგონები აქტიურად იწყებენ საკუთარ სხეულსა და წონაზე ფიქრს, ბევრი ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპორტდარბაზს მიმართავს. ხშირ შემთხვევაში ისინი ვარჯიშისას არ ითვალისწინებენ ინსტრუქტორების რჩევებს, რაც საბოლოო შედეგზეც აისახება.

ერთ დღეს არ შეიძლება ფეხის და საჯდომის კუნთის ვარჯიშის გაკეთება. ფეხის ვარჯიშის დროს საჯდომის კუნთი ირიბად მაინც მუშაობს და ანალოგიურად საჯდომის კუნთის დროს მუშაობს ფეხის კუნთი. აქედან გამომდინარე, დღეს თუ 80%-ით დატვირთავთ საჯდომის კუნთს, ფეხის კუნთს 40-50%-ზე მეტად ვერ დატვირთავთ. შეგიძლიათ საჯდომის კუნთის სავარჯიშოდ აირჩიოთ ორშაბათი დღე, ოთხშაბათს ზედა ტანის ვარჯიშები გააკეთოთ, რათა საჯდომის კუნთი ბოლომდე გამოვიდეს სტრესიდან, პარასკევს კი – ფეხის ვარჯიშები. პარასკევიდან ოთხშაბათამდე, სანამ საჯდომი კუნთის ვარჯიშის დღე მოგიწევთ, იდეალური დროა კუნთისთვის სტრესის მოსახსნელად.

რაც შეეხება მისვლებს: დიდი კუნთის ჯგუფზე – მკერდზე, ზურგზე, ფეხის კვადრიცებზე, მაქსიმალური მისვლა არის 16. შეიძლება ათნაირი ვარჯიში გააკეთოთ, მაგრამ მთავარია 16 მისვლას არ გასცდეთ. ძალიან ბევრი ხუთი სახეობის ვარჯიშს აკეთებს 5-5 მისვლას. ეს უკვე მარაზმია, რადგან უჯრედი იშლება. საშუალო კუნთის ჯგუფის დროს 14 მისვლაა რეკომენდებული, პატარა კუნთის ვარჯიშის დროს (ბიცეფსი, პრესი, წვივი) შეგვიძლია 12 მისვლა გავაკეთოთ, რაც იდეალურ შედეგს მოგვცემს. ამ მეთოდს იყენებენ პროფესიონალი ბოდიბილდერებიც.

ასე რომ, როგორი ლამაზი გოგო/ბიჭიც არ უნდა ვარჯიშობდეს გვერდითა ტრენაჟორზე, არ არის აუცილებელი 100 მისვლა გააკეთოთ. ნუ დაგავიწყდებათ – საზაფხულო „დედლაინი“ გიახლოვდებათ. 

ფიტნეს კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი
photo: courtesy of Giorgi Tchurghulashvili
ფიტნეს კლუბ „რიტმის“ მთავარი ინსტრუქტორი გიორგი ჭურღულაშვილი

დარბაზში მაკიაჟით ვარჯიში

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს. თქვენს კანს სჭირდება სუნთქვა. მაკიაჟს ემატება ოფლი, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ აძლევს სახის კანს. ვარჯიშის დროს კი ორგანიზმს სითხის გამოყოფა სჭირდება, რათა არ მოხდეს გადახურება. ფიტნეს-დარბაზში მაკიაჟით კეკლუცობისთვის თვალს არავინ გამოგაყოლებთ, მაგრამ თუ კანი გლუვი გექნებათ, საჯდომი მიმზიდველი და სხეული ტონუსში მოყვანილი, ბევრი „მუსკულებიანი მამაკაცი“ საკუთარ ჰანტელსაც მოგცემთ.

ქცევის წესები: ვარჯიშის დროს გაითვალისწინეთ, რომ ავარჯიშებთ სხეულს და არა ენას

სამწუხაროდ, დარბაზში მოქცევის წესები ბევრმა სპორტსმენმაც კი არ იცის. ნებისმიერი ვარჯიშის დროს იქონიეთ საკუთარი პირსაწმენდი და ვარჯიშის წინ მოწყობილობაზე დაწოლამდე ან დაჯდომამდე დააფინეთ ზედ, რათა ოფლისგან არ დააბინძუროთ.  ჰანტელები, რომლებსაც ხმარობთ, დააბრუნეთ თავის ადგილზე და, რაც ყველაზე მთავარია, ყურადღებით იყავით, რომ გვერდზე მდგომს არ შეუშალოთ ხელი. რამდენიმე ადამიანის თავშეყრა და ხმამაღლა საუბარი გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მოვარჯიშეებს. მეწყვილესთან ერთად ვარჯიშის დროს გაითვალისწინეთ, რომ ავარჯიშებთ სხეულს და არა ენას. კონცენტრირდით ვარჯიშზე. და რაც ყველაზე მთავარი და გასათვალისწინებელია – ყველა დარბაზს ჰყავს მწვრთნელი და ნებისმიერი კითხვის დროს მიმართეთ მას. თუ არ იცით ვარჯიშის სპეციფიკა, პირველ თვეს მაინც აიყვანეთ პირადი ინსტრუქტორი, რათა ტრავმის გარეშე გასწავლოთ სწორი ვარჯიში და შემდეგ განაგრძეთ დამოუკიდებლად. ისიც იცოდეთ, რომ ვარჯიში ბევრისთვის ტანჯვასა და სხვა არასასიამოვნო პროცედურებთან ასოცირდება. დარბაზისთვის უცხო ქცევებით ადამიანს ნუ დავუმძიმებთ იმ ორ საათს.

3256
ვიდეოკამერა

ფრთხილად, გითვალთვალებენ! ყველაფერი, რაც ვიდეოთვალთვალის შესახებ უნდა იცოდეთ

154
(განახლებულია 10:10 28.02.2021)
ბევრი მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალთვალი პირად ცხოვრებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ფორმაა.  თუმცა, თანამედროვე სამყაროში ის უკვე მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა.

ვითეოთვალთვალი რომ არ იქცეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად,  მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული  კანონით დადგენილი კონკრეტული წესები და რეგულაციები.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა არის ვითეოთვალთვალი, რა მიზნებისთვის და სად შეიძლება გამოიყენონ, ვის მიუწვდება ხელი ვიდეოჩანაწერებზე, როდის უნდა გადადგურდეს ისინი და ა.შ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეოთვალთვალი მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა. საქართველოში მის გამოყენებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

სად შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

- ქუჩასა (ტერმინი ქუჩა მოიცავს პარკს, სკვერს, სათამაშო მოედანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და სხვა თავშეყრის ადგილს)  და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

- საჯარო და კერძო დაწესებულებებში

- საცხოვრებელ შენობებში

რა მიზნით შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, განსხვავებულია მისი მიზნებიც. კერძოდ,

ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შემდეგი მიზნების მისაღწევად:

- დანაშაულის თავიდან აცილება;

- პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

- არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.

 საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი დაიშვება შემდეგი მიზნით:

- პირის უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა;

- არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა;

- საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.

- გამოცდის ან ტესტირების მიზნებისთვის

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ

- პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის.

როდესაც ქუჩაში  ან  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში პირი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს.

რაც შეეხება საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონიტორინგს, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია  მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

კანონმდებლობა  სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს: თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

თუ სამუშაო  ადგილას მაინც იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემას, შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

გაითვალისწინეთ, ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.

საჯარო და კერძო დაწესებულებებათა შენობების ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად კი აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. აუცილებელია, ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ  ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.

კანონის მიხედვით, საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი იკრძალება. გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი არ ვრცელდება პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე და იმ შემთხვევაზე, როცა ბინის მესაკუთრე თავად ახორციელებს საკუთარ ბინაში ვიდეოთვალთვალს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების  მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ვიდეოთვალთვალი განხილულია სივრცისა თუ ქცევის მონიტორინგის როგორც ერთ–ერთ და არა ერთადერთი საშუალება. ვინაიდან ვიდეოთვალთვალი მიჩნეულია პირად ცხოვრებაში ჩარევის რადიკალურ ფორმად, აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებელმა გააანალიზოს საფრთხე და დაასაბუთოს ამ სისტემის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ უნდა შეფასდეს:

- მონაცემთა დამმუშავებლის რეალური საჭიროება და მიზანი; 

-სისტემის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე;

- სხვა საშუალებებით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

ვიდეოთვალთვალის სისტემა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება

 

154
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

201
(განახლებულია 21:34 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადაც ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ტენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი“.

201
თემები:
ექიმი გირჩევთ
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში 1 მარტის მონაცემები

0
(განახლებულია 10:52 01.03.2021)
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17.947. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,9%, ბოლო 7 დღის - 1,44%

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.523  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 409), გარდაიცვალა – 3.520  (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 253, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.510 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 154 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17.947, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13.244, PCR ტესტით - 4703.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,9%, ბოლო 7 დღის - 1,44%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები