რძიანი ფაფა

რომელი საუზმეა სასარგებლო და რომელი მავნე: ექიმ-დიეტოლოგების რეკომენდაციები

375
(განახლებულია 18:52 05.12.2019)
ექიმი-დიეტოლოგები გვირჩევენ, რომელი საუზმეა სასარგებლო და რომელი – მავნე, რომელი ფაფა შეიძლება მივირთვათ დილით უზმოზე და რომლისგან ჯობს თავის შეკავება.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ექიმი-დიეტოლოგები დილის მენიუს ყველაზე პოპულარულ სახეობებს მიმოიხილავენ და რეკომენდაციებს გასცემენ. სწორედ მათგან შევიტყობთ, რამდენად სასურველია დილით უზმოზე ყავის ან ჩაის დალევა და რომელი კერძებია სასარგებლო.

ექიმები ამბობენ, რომ შემწვარი კვერცხის ქიმიური შემადგენლობა ოდნავ განსხვავდება მოხარშულისგან, რადგან ის ცხიმში იწვება. როგორც კვლევები აჩვენებს, ამ დროს ქოლესტერინი ჭარბ ცხიმთან ერთად შედის კვერცხში, განსაკუთრებით, თუ ის მზადდება კარაქზე, ბეკონთან და სხვა ცხოველურ პროდუქტებთან ერთად, და ამიტომ ის 

არასასურველ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ასე შემწვარი კვერცხის ჭამა შესაძლებელია კვირაში ერთ-ორჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. 

სასურველია ომლეტი მომზადდეს პომიდვრითა და მწვანილით. პომიდვრის შემადგენლობაში შემავალ კაროტინოიდებს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. მწვანილის შემადგენლობაში კი შედის დიდი ოდენობით უჯრედისი და მიკროელემენტები, რომლებიც ქოლესტერინის მავნე მოქმედებას ამცირებს.

ყველაზე სასარგებლო ფაფებად დასახელდა შვრიისა და წიწიბურას ფაფები. ცილის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ეს ლიდერი ფაფებია. წიწიბურაში ცილის ამინომჟავის შემადგენლობა მეტია, ვიდრე მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქტებში, და უახლოვდება ცხოველურს (მაგ., ხაჭო, ხორცი და სხვ). წიწიბურა და შვრია დიდი რაოდენობით შეიცავს დიეტურ ბოჭკოს, შედეგად, უმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, აღარ ვითარდება შეკრულობა და აღიკვეთება ქვების წარმოქმნა. გარდა ამისა, სხვა მარცვლეულთან შედარებით წიწიბურაში მეტი რკინაა. 

სპეციალისტების თქმით, ნაკლებად სასურველია მანანის ბურღულისა და ხორბლის ფაფები. ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ მცენარეულ ბოჭკოებსა და სასარგებლო ნივთიერებებს. 

ნებისმიერი ორცხობილა საუზმისთვის მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, შესაბამისად, ის დიდი რაოდენობით კალორიებსა და ნაკლებად სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

ცხელი ბლინები უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანაზე და ზრდის კუჭის სეკრეციას. ვინც წონას აკონტროლებს, მათ შეუძლიათ ბლინების ცომი მოამზადონ კეფირზე და დაუმატონ გახეხილი ვაშლი, ყაბაყი ან სტაფილო. ამით ბლინების კალორიულობა მცირდება.

უზმოზე სასურველია ჩაის მიღება. მასშიც, ისევე, როგორც ყავაში, შედის კოფეინი, მაგრამ ტანინებთან შეერთებით კოფეინი წარმოქმნის ტეინს, რომელიც არც ისე საშიშია კუჭისთვის. მაგარ ყავას კი სასურველია დაუმატოთ რძე, რომ შეარბილოს მისი მოქმედება.

375
მზარეული წვავს სოსისებს

უვნებელი სოსისი: დიეტოლოგებმა ფასტფუდის „გაუვნებელყოფის“ ხერხი მოიფიქრეს

18
(განახლებულია 13:52 03.12.2020)
ექსპერტებმა განმარტეს, როგორი სოსისია ასი პროცენტით უვნებელი და რომელი ფასტფუდია ძეხვეულზე უვნებელი

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ სოსისები და ძეხვეული ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე მავნე საკვებად მიიჩნევა, ნუტრიციოლოგებმა მაინც მოძებნეს მათი „გაუვნებელყოფის“ ხერხი, იუწყება ABC.

გამოცემასთან საუბრისას ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათი ხშირი გამოყენება არასასურველია დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის ცხოველური ცხიმების, აგრეთვე შაქრისა და მარილის შემცველობის გამო. ექსპერტებმა შეცდომაც კი უწოდეს მოსაზრებას, რომ ძეხვეული უფრო „ნატურალური“  საკვებია, ვიდრე სოსისები.

„სოსისები და ძეხვეული ყოველთვის მზადდება ისეთი ხორცის ჩამონაჭრებისგან, რომლებიც მაინცდამაინც ახალი არ არის —  ამ პროდუქტების დამზადების ერთ-ერთი მიზანია ხორცის ნარჩენებისა და ბევრად უხარისხო ნაჭრების უდანაკარგოდ მოხმარება“, — აღნიშნა დიეტოლოგმა.

ნუტრიციოლოგების აზრით, მცენარეული სოსისები ასევე შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ჩვეულებრივზე მეტად სასარგებლო არაფრით არ არის.

  • ექსპერტებმა ყველაზე „სწორი“ უწოდეს ქათმის ფარშით შინ მომზადებულ, პარმეზანთან შერეულ სოსისებს. მათი თქმით, ასეთი პროდუქტის გემო უჩვეულო, მაგრამ „ასი პროცენტით უვნებელი“ იქნება.

გარდა ამისა, დიეტოლოგებმა მოულოდნელად აღნიშნეს, რომ ფასტფუდის ზოგი სახეობა უფრო ჯანსაღია, ვიდრე სოსისეული. ასეთად მათ ჰამბურგერები დაასახელეს. თუმცა ისიც თქვეს, რომ სჯობს უპირატესობა შინ მომზადებულ კოტლეტს მივანიჭოთ.

18
თემები:
სასარგებლო რჩევები
ოჯახი

ჯანმრთელი ორსულობა: სახელდება შვიდი აუცილებელი ვიტამინი მომავალი მშობლებისთვის

22
(განახლებულია 12:59 03.12.2020)
ცნობილი პროფესორის თქმით, ჩამოთვლილი ვიტამინების ნაკლებობას სექსუალური ლტოლვის დაქვეითება და უნაყოფობაც კი შეიძლება მოჰყვეს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში

როგორ უნდა იკვებებოდნენ, რა ვიტამინები და მიკროელემენტებია აუცილებელი მომავალი დედებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მამაკაცებმა, რომ არ დაკარგონ სექსუალური ლტოლვა და მამაკაცური ძალა, პროფესორი, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი ელენა ანდრეევა განმარტავს.

მისი თქმით, ჯანმრთელი ბავშვის დაბადება დიდწილად მშობლების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. არასწორ კვებას შეიძლება სასქესო ჰორმონების გამომუშავების დარღვევა მოჰყვეს და სავალალო შედეგები მოიტანოს — დაწყებული  სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით, დასრულებული უნაყოფობით — როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

მათთვის, ვინც აპირებს გახდეს მშობელი, უნდა ახსოვდეს სამი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი: მარილი, შაქარი და ცხოველური ცხიმები.

მოხმარების დღიური ნორმა:

მარილი — 5 გრამამდე (1 ჩაის კოვზი);

შაქარი — 55-60 გრამამდე (5 სუფრის კოვზი) მამაკაცებისთვის, 50 გრამამდე (4 სუფრის კოვზი) — ქალებისთვის;

ცხოველური ცხიმების ნორმა განისაზღვრება 1.4-2.2 გრამით ადამიანის 1 კგ წონაზე, რაც მხოლოდ 63-158 გრამს შეადგენს. თუ თქვენ მძიმე ფიზიკური შრომა გიწევთ, გარეთ კი ცივა, მაშინ შეგიძლიათ ზედა მაჩვენებელი „გადალახოთ“.

ჯანმრთელი ორსულობის ანბანი

გადავწყვიტეთ ბავშვის გაჩენა? ამაში არა მარტო ერთმანეთის სიყვარული, არამედ ვიტამინები და მიკროელემენტებიც დაგეხმარებათ.

ვიტამინი A — მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონ პროგესტერონის სინთეზში, რომელიც ორსულობის შენარჩუნებაზეა  პასუხისმგებელი. მისი უკმარისობის შემთხვევაში მამაკაცებს შეიძლება სპერმატოზოიდების განვითარების პრობლემები შეექმნათ და ამასთან ლიბიდოც (სქესობრივი ლტოლვა) დაუქვეითდეთ, ქალებს კი უნაყოფობა ემუქრება.

A ვიტამინის ძირითადი წყაროა: კარაქი, კვერცხის გული, ღვიძლი.

ვიტამინი E — ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მამაკაცებში სპერმის წარმოქმნის შემცირებას, ქალებში კი საშვილოსნოს დისფუნქციას, ასევე ხელს უწყობს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას.

E ვიტამინის ძირითადი წყაროა: მცენარეული ზეთები, რძე, კვერცხი.

C ვიტამინი — ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის. ეს არის სპერმის აქტივობის (გადაადგილების) საწინდარი, რაც ზრდის განაყოფიერების შანსს. ქალებისთვის C ვიტამინი ზრდის ჩასახვის შესაძლებლობას, ორსულობის დროს კი ამცირებს მუცლის მოშლისა და გართულებების რისკს.

C ვიტამინის ძირითადი წყაროა: შავი მოცხარი, ასკილი, ხურტკმელი, ციტრუსები.

თუთია, მანგანუმი, სელენი — ამ ელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ორსულობის მრავალი გართულება გამოიწვიოს, მათ შორის მუცლის მოშლა, ტოქსიკოზი, ნაყოფის ზრდის შეფერხება და ნერვული მილის (ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის ჩანასახი) განვითარების დეფექტების ალბათობის მატება.

პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით თუთიას, მანგანუმსა და სელენს შეიცავს, არის: მწვანე ბოსტნეული ფოთლებით, ხორცი და სუბპროდუქტები, მარცვლეული და პარკოსნები, კაკალი, მცენარეული ზეთები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები.

ფოლიუმის მჟავა — მონაწილეობს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების სინთეზში, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის განვითარებაში. ფოლიუმის მჟავის უკმარისობამ ჩასახვის წინა პერიოდსა და ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება ნაყოფის ნერვული სისტემის თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს.

ფოლიუმის მჟავის ძირითადი წყაროა: პარკოსნები, ისპანახი, სატაცური და სალათის ფოთლები.

პოლიუჯერი ცხიმმჟავები — ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს მომავალი ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოვულაციაში, განსაკუთრებით კვერცხუჯრედის გამოსვლის პროცესში და განაყოფიერებისთვის მზაობაში.

ძირითადი წყაროებია: ხორბლის ნასკვის ზეთები, სელის ზეთი, მზესუმზირა, სოიო, არაქისი, ნუში, ავოკადო, ზღვის თევზი.

იოდი — ორსულობის დროს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება —  განსაკუთრებით პირველ ექვს თვეში. თუ მომავალი დედა არ იღებს იოდით გაჯერებულ საკვებს, ეს შეიძლება გახდეს ბავშვის სერიოზული პათოლოგიების მიზეზი, მაგალითად, ისეთი დაავადებისა, როგორიცაა კრეტინიზმი, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, მეტყველების დარღვევები და ფიზიკური განვითარების შეფერხება ახასიათებს.

იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები და იოდიზირებული მარილი.

22
თემები:
სასარგებლო რჩევები