ნატო ბაქრაძე

რა პრობლემების წინაშე დგანან შშმ მოსწავლის მშობლები საქართველოში - მათ უწევთ მტკიცება...

432
(განახლებულია 13:24 13.11.2019)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე საუბრობს, რა პრობლემების წინაშე დგანან სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლები ბავშვის სწავლის პერიოდში.

ეს პატარა თანატოლების მსგავსად სკოლაში მიდის ან უკვე სკოლის მოსწავლეა. აქვს ახალი ჩანთა, ტანსაცმელი, ღელვა და შეგუება ახალი გარემოს მიმართ... გარემოს, რომელმაც  უნდა მიიღოს, შეიყვაროს და დაუმეგობრდეს.

პირველი დღეები დაბნეულია, შეშინებულიც, უჭირს ქცევისა და იმპულსების მართვა, რის გამოც ყველა მას უყურებს. გაკვირვება, სიბრალულის განცდა, მორიდება, ინტერესი, ყველა ემოცია ერთდროულად ირევა. ის გრძნობს და აღიქვამს ყველაფერს, ცდილობს ახალი გარემოს შესწავლას. მასთან ერთად კი მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც ხედავს გარშემო არსებულ ატმოსფეროს და განიცდის - ეს მშობელია, დედა ან მამა (ან ორივე), რომლის ერთადერთი სურვილია მისი შვილი მიიღონ, უყვარდეთ და ასწავლონ, როგორც სხვა ბავშვებს.

სასკოლო გარემოში კი რეალური სურათი ასეთია:  სკოლა, კლასი, მასწავლებელი, მოსწავლეები, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე (სსსმ მოსწავლე). ხშირ შემთხვევაში, იგი ცალკეა, განყენებულად მდგომი. ბავშვი, სპეციალური საჭიროებით, ვერ აღიქმება კლასის სრულუფლებიან წევრად.

რა არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება?

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას სწავლის პროცესში, რომლის დასაძლევად მოსწავლეს სჭირდება სპეციალური დახმარება.  სსსმ მოსწავლეს  დახმარება სჭირდება კოგნიტურ და აკადემიურ სფეროებში, რომელიც მოიცავს: კითხვას, წერას, თხრობას, ანგარიშს, აზროვნებას, აღქმას, მეხსიერებას, ინფორმაციის გადამუშავებას, საშინაო და საკლასო დავალების შესრულებას, ქცევის ფორმირებას, თანატოლებთან ურთიერთობას, მასწავლებელთან ურთიერთობას.

სასკოლო გარემო სამწუხაროდ დღემდე ვერ უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლეებისათვის საჭირო ყველა რესურსს. ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ არ არის სტანდარტის შესაბამისი რესურს ოთახი, არ არის საკმარისი საგანმანათლებლო რესურსი, ზოგიერთ სსსმ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში სჭირდება ინდივიდუალური ასისტენტი, რომლის მომსახურება სკოლამ უნდა უზრუნველყოს, თუმცა…

საბოლოოდ მშობელი მარტო რჩება მთელი რიგი პრობლემების წინაშე. სსსმ მოსწავლეთა მშობლებს გამუდმებული ბრძოლა უწევთ იმისათვის, რომ მათი შვილები, შენიშნონ და შეუქმნან გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი უნარების შესაბამისი განათლების მიღებას, თანატოლებთან ურთიერთობას, სოციუმთან ადაპტაციასა და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოპოვებას.

მშობლის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მიმართ

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მშობლები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები ჰყავთ, სხვადასხვა სახის დამოკიდებულებებს, რეაქციებს ავლენენ შვილის მიმართ.

მწუხარება

ზოგიერთი მშობელი თავს უბედურად მიიჩნევს შვილის მდგომარეობის გამო. ეცოდება ის, იმედგაცრუებულია. მშობელს უფლება აქვს ჰქონდეს ასეთი გრძნობა, მაგრამ ეს არასოდეს არ უნდა გამოიტანოს სააშკარაოზე, არ უნდა აგრძნობინოს შვილს.

ამბივალენტუობა

ასეთი დამოკიდებულება ჩნდება მაშინ, როცა მშობლები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ მათი შვილის პრობლემა არ იცვლება, ვერ გადაიჭრება. დიდი ინფორმაცია აქვთ, ამიტომ იბნევიან და თვითონ ცდილობენ განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ბავშვმა.

ოპტიმიზმი

მიუხედავად პრობლემებისა, იმედით უყურებენ ბავშვის მომავალს. ყურადღებას აქცევენ ბავშვის პიროვნებას, მის ძლიერ მხარეებს და ამ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ცდილობენ ბავშვის საჭიროებების მოგვარებას. ხშირად მშობლებს უჭირთ სწორი ბალანსის მოძებნა.

მშობელს და ბავშვს შორის ურთიერთობის და ინტერაქციის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია:

ხშირად ვესაუბროთ; შევეცადოთ ჩავწვდეთ მისი საქციელის არსს; არ დავადანაშაულოთ; აქცენტი გავაკეთოთ მის დადებით საქციელზე, ძლიერ მხარეებზე; გამოვნახოთ საერთო ენა; მხარი დავუჭიროთ მის ინიციატივას და დავეხმაროთ ჩანაფიქრის შესრულებაში; დავარწმუნოთ მის შესაძლებლობებში და ძალებში; მივცეთ გადაწყვეტილების და არჩევანის მიღების საშუალება.

მშობლებმა უწევთ იზრუნონ, რათა შვილებმა განავითარონ უნარ-ჩვევები; ადექვატურად მოიქცნენ; შეიძინონ მეგობრები; მიიღონ განათლება, ანუ გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. დასავლეთის ქვეყნებში დიდი ყურადრება ეთმობა მშობელსა და ბავშვს შორის ინტერაქციის გაუმჯობესებას. შემუშავებულია მრავალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მშობლების განათლებას ბავშვის განვითარებაში. მშობელი ვალდებულია იზრუნოს შვილის სასწავლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. სასურველია მშობლები ბავშვის განვითარების შესახებ საკუთარი განათლების ამაღლებას უთმობდნენ დროს. სკოლისა და ოჯახის ერთობლივ მუშაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშობელთა პედაგოგიზაციას, მათში ელემენტარული პედაგოგიური კულტურის ამაღლებას, საერთო მიზნის - ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მისაღწევად.

პრობლემები:

- არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი კლასში სსსმ მოსწავლის არსებობის წინააღმდეგია;

- არასაკმარისი ცოდნის გამო, მასწავლებელს უჭირს სსსმ მოსწავლის  მიღება და მასთან ურთიერთობა, რის გამოც ბავშვი  ხშირად ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე რჩება;

- ბავშვს ვერ უყალიბდება სათანადო ემოციური კავშირი მასწავლებელთან, რაც ართულებს მის გარემოსთან ადაპტაციას;

- როდესაც მასწავლებელი გულგრილ დამოკიდებულებას ავლენს სსსმ მოსწავლის მიმართ, იგი ვერ აღიქვამს მას როგორც ავტორიტეტს, რომელსაც უნდა დაემორჩილოს და რომლის ინსტრუქციებიც უნდა შეასრულოს;

- ზოგჯერ, თანატოლებიც გულგრილად და აგრესიით განეწყობიან სსსმ მოსწავლის მიმართ, რასაც ხშირად ემატება სხვა მშობელთა უკმაყოფილებაც;

- შედეგად, მშობელს უწევს შვილის დაცვა და მტკიცება იმისა, რომ მისი შვილისათვის საჭიროა სტრუქტურირებული და კეთილგანწყობილი გარემო, რასთანაც პირდაპირ დაკავშირებულია ბავშვის ქცევა და ემოციური სფერო.

- საქართველოს სკოლებში დიდ კონტიგენტიანი კლასებია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სსსმ მოსწავლის სრულფასოვნად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, რადგან როგორც წესი მას დამატებითი მითითებები, მეტი ყურადღება და კონტროლი სჭირდება.

რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს

- გამოხატეთ მასწავლებელთან/მშობლებთან თანამშრომლობის სურვილი;

- ორივე მხარემ გადაინაწილეთ ბავშვის განათლებაზე პასუხისმგებლობა;

- გაუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილებები, შთაბეჭდილებები, თქვენი დაკვირვებები და აღქმები;

- მშობლებო, ნუ დაელოდებით მასწავლებლის მხრიდან ინიციატივებს, იყავით აქტიურები თქვენი შვილების სასიკეთოდ;

- მშობლებმა სკოლას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საგნისადმი ან რა საკითხისადმი გამოიჩინა ბავშვმა განსაკუთრებული ინტერესი ან პირიქით, რა აქტიობების მიმართ გაუჩნდა ბავშვს უარყოფითი რეაქცია.

მშობლის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები მრავალმხრივია, აღნიშნული საკითხები მისთვის ძალიან ემოციურია.  სირთულეები თავისთავად არსებობს, თუმცა მთავარი რეკომენდაცია სსსმ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობისას, მათი უპირობოდ მიღება და მხარდაჭერაა.

 

432