ვილნიუსი

თუ ლიეტუვაში დასაქმება გადაწყვიტეთ: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

171
(განახლებულია 20:39 30.09.2019)
დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – ლიეტუვის დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

აღსანიშნავია, რომ კრიზისის შემდეგ პერიოდში ლიეტუვამ მოახერხა შრომის ბაზრის გაუმჯობესება, კერძოდ, ახალგაზრდებში განახევრდა უმუშევრობის დონე, ასევე შემცირდა ხანგრძლივი უმუშევრობის დონე. თუმცა, ლიეტუვის შრომის ბაზარზე კვლავ არის მთელი რიგი გამოწვევები. ეს ძირითადად შრომის დაბალ პროდუქტიულობას უკავშირდება, ასევე განსაკუთრებით მწვავეა მოსახლეობის დაბერების პროცესი: ყოველწლიურად სამუშაო ძალა 1%-ით მცირდება. სწორედ ამიტომ ქვეყანაში აქტუალურია შრომითი იმიგრაციის საკითხი.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე ლიეტუვაში

ლიეტუვის მთავრობა ყოველწლიურად ამტკიცებს იმ დეფიციტური პროფესიების ჩამონათვალს, რომელშიც ადგილობრივი კადრის მოძიება ჭირს და აქცენტი მესამე ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე კეთდება. მოთხოვნა ძირითადად ეხება ავიაციისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგებს. არის ასევე ცალკეული პროფესიები მშენებლობისა და საფეიქრო წარმოების სფეროდან.

შრომით მიგრაციას ლიეტუვაში განიხილავენ, როგორც შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების დროებით გადაწყვეტას. მთავრობა ცდილობს ადგილობრივი სამუშაო ძალა ეკონომიკურად გაააქტიუროს და უკან დააბრუნოს ემიგრანტები.

თუმცა არსებობს გარკვეული დარგები, სადაც მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე მოთხოვნა მაღალი რჩება.

შრომითი მიგრაციის საკითხში ლიეტუვა ორი პრინციპით ხელმძღვანელობს: 1) სელექციის პრინციპი (უცხოელი მუშა ქვეყანაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუწყოს) და 2) კომპენსაციის პრინციპი (მიგრანტი მუშაკი მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოთხოვნის შევსება შეუძლებელია ადგილობრივად ან ევროკავშირის მასშტაბით).

ლიეტუვის დასაქმების სამსახური თავის ვებ-გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს იმ პროფესიების ჩამონათვალს, რაზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა კვალიფიკაციის დონის მიხედვით. პროფესიები აქ დაყოფილია არაკვალიფიციურ (მაგ. ხელით მფუთავები, სახლში დამხმარეები, ტვირთის მზიდავები და ა.შ.), კვალიფიციურ (სატვირთო მანქანის მძღოლები, მზარეულები, მშენებლები და ა.შ.) და სპეციალისტ მუშაკებად (ექთნები, ბუღალტრები, სოციალური მუშაკები და ა.შ.).

მიგრანტი მუშახელის დასაქმება ლიეტუვაში – პრაქტიკული რჩევები

მართალია, ლიეტუვაში არსებობს ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, მაგრამ თუ დამსაქმებელი რაიმე კონკრეტულ ვაკანსიაზე ერთი თვის განმავლობაში ვერ ნახავს შესაბამის კანდიდატს, მას მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დაიქირავოს მესამე ქვეყნის მოქალაქე.

გაითვალისწინეთ, თუ ლიეტუვაში ლეგალურად დასაქმება გსურთ, პირველ რიგში უნდა მოძებნოთ კომპანია/სამუშაო ადგილი და  დაიწყოთ შესაბამისი პროცედურები. ეს უკანასკნელი გულისხმობს სამუშაო ვიზის და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურებს.

სამუშაო ნებართვის (ვიზის) მისაღებად დოკუმენტები უნდა ჩააბაროთ დასაქმების სამსახურში (labour exchange office). აქ ორი ძირითადი მოთხოვნაა:

· შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

· შესაბამის სფეროში მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება ბოლო ორი წლის განმავლობაში და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ნებართვის მიღების მაქსიმალური ვადა განაცხადის გაკეთებიდან ოცი დღეა. თუ სამუშაო ნებართვას მიიღებთ, უკვე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ბინადრობის ნებართვაზეც. ბინადრობის ნებართვის გაცემას კი დაახლოებით 2-4 თვე სჭირდება. განაცხადი შეიძლება გაკეთდეს ლიეტუვაში ჩასვლამდე ლიეტუვის საკონსულოში ან დიპლომატიურ სამსახურში, ან ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ მიგრაციის სამსახურში. ბინადრობის ნებართვის მისაღებად კი შემდეგი დოკუმენტები დაგჭირდებათ:

- სამუშაო ვიზა;

- პასპორტი;

- ფოტოსურათი;

- შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- ჯანმრთელობის დაზღვევა;

- ლიეტუვაში საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა.

171