ახალგაზრდები

როდის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და რა არ უნდა გამორჩეს ამ დროს მშობელს

2569
(განახლებულია 16:50 11.09.2019)
გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთული პერიოდია. ამ დროს მოზარდი საკუთარი თავის პოვნის და თვითდამკვიდრების პროცესშია.

მოზარდობისას იცვლება სხეული, მისი ზომები, ფორმები, იცვლება კანის სტრუქტურა. ეს ფაქტი ხშირად საკუთარ თავთან გაუცხოებას განაპირობებს, თითქოს მოზარდი სხვა სხეულში გადასახლდა.

როდის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს მშობელმა, ამის შესახებ მიხეილ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსა და კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს.

ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე

- პუბერტატის, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი ერთ-ერთი რთული და უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. ამ დროს იმდენად სწრაფად იცვლება მოზარდის სხეული, ემოციური თუ სოციალური სფერო, რომ ზოგ შემთხვევაში ვერც მოზარდი და ვერც მშობელი ვერ ასწრებს სათანადო ადაპტაციას.

არსებობს ოთხი აუცილებელი საკითხი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს:

პუბერტატის ასაკი – მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა და პროგრესირება გოგონებში ნორმად ითვლება 10,5–11 წლიდან, ვაჟებში კი 11.5–12 წლიდან.

სწორი პუბერტატის შემთხვევაში პირველი ნიშანი გოგონებში არის მკერდის ზრდა, ვაჟებში კი სათესლე ჯირკვლების, შემდგომ უკვე ბოქვენსა და იღლიაში გათმიანება.

ხშირად ამ ასაკში მშობლებს აღარ ეძლევათ საშუალება თვალყური ადევნონ შვილებს ბანაობის ან გამოცვლის დროს და აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია მალევე არ გახდეს მათთვის თვალსაჩინო.

არსებობს სხვა, არაპირდაპირი, თუმცა ასევე კარგად დამახასიათებელი ნიშნები: სპეციფიკური, უკვე მოზრდილისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო ოფლის სუნი, კიდურებზე თმიანობის მატება, გამუქება, სახეზე შავი წერტილები და აკნეს ტიპის გამონაყარი, ხმის ტემბრის შეცვლა, სიმაღლეში სწრაფი ზრდა და ა.შ.

- რას უნდა მიაქციოს ამ დროს მშობელმა ყურადღება?

- აუცილებელია მშობელი იყოს ყურადღებით და არ გამოეპაროს აღნიშნული ნიშნები, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დაწყება რვა წლამდე გოგონებსა და ცხრა წლამდე ვაჟებში ითვლება ნაადრევად და საჭიროებს მდგომარეობის შეფასებას ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ.

ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად ითვლება ჭარბი წონა, განსაკუთრებით გოგონებში.

დაგვიანებულად ითვლება, თუ სქესობრივი მომწიფების ნიშნები (გოგონებში მკერდის ზრდა ხოლო ვაჟებში სათესლე ჯირკვლების) არ არის გამოხატული გოგონებში 13 წლის ასაკისთვის, ვაჟებში კი 14 წლის ასაკში.

აღნიშნულ შემთხვევაშიც აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

- რამდენი ხანი გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდი?

- სქესობრივი მომწიფების პერიოდი 2-2.5 წელი გრძელდება და სხეულის დრამატული ცვლილებებით, სიმაღლეში სწრაფი ზრდით და ხშირად ემოციური ლაბილურობით ხასიათდება. სასურველია მოზარდებს აღნიშნული ნიშნების დაწყებისთანავე მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია სქესობრივი მომწიფების და პირადი ჰიგიენის შესახებ.

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის სიმაღლეში ზრდას, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დასრულებისთანავე სიმაღლეში აქტიური ზრდა დასრულებულია.

თუ მოზარდი განსაკუთრებით ტანდაბალია თანატოლებთან შედარებით, არ იზრდება სათანადო ტემპით (სქესობრივი მომწიფების ასაკამდე წელიწადში 5-6 სმ, ხოლო მომწიფების პერიოდში – 10-13 სმ), აუცილებელია მიზეზების დადგენა და შესაბამისი ჩარევა სქესობრივ მომწიფებამდე.

რა თქმა უნდა, მითია და არასწორია სიმაღლეში ზრდის იმედი 25 წლამდე რომ გვქონდეს. სიმაღლეში ზრდის დასრულებას კონკრეტული ასაკი კი არა, სქესობრივი მომწიფების დასრულება განაპირობებს.

- რა ჩვენებები ახასიათებს გარდატეხის ასაკს?

- „ასაკობრივი“ ჩივილებიც ხშირ შემთხვევაში მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება. დიახ, მოზარდები პუბერტატის ასაკში არიან ემოციურად ლაბილურები, ხშირად ეცვლებათ ხასიათი, გემოვნება, ბევრს წუწუნებენ, შედარებით მოუქნელები არიან, სძინავთ დიდხანს და ა.შ., თუმცა სხვადასხვა ავადმყოფური ნიშნის ასაკობრივი ცვლილებებისთვის გადაბრალება არ არის სწორი.

ამიტომ თუ მოზარდს აქვს ხშირი გულის წასვლა, თავის ტკივილი, წონაში სწრაფი კლება ან მატება, კიდურების ტკივილი, დეპრესიის მოვლენები, კვებითი ქცევის მკვეთრი ცვლილება, ჭარბი აგრესია ან გამოხატული სისუსტე და ა.შ., აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის მიერ შეფასება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად უგულებელყოფილი საკითხია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა.

ამ ასაკში ხდება ძვლის სიმკვრივის 80 პროცენტის დაგროვება, კუნთოვანი მასის ფორმირება, შესაბამისად, კალციუმით მდიდარი საკვები და D ვიტამინის ადეკვატური დონის უზრუნველყოფა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ასევე ცილით, რკინით, იოდით, ვიტამინებით და უჯრედისით მდიდარი საკვები.

ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობა სპორტის თუ ცეკვის სახით უნდა იყოს მინიმუმ ერთი საათი მაინც, „ეკრანული დრო“ – მაქსიმუმ ორი საათი. უნდა მოერიდონ ქიმიურ დამბინძურებლებს.

და, ბოლოს – ძილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონები ღამით, მშვიდი ძილის დროს გამომუშავდება. 8-9 საათი შეუწყვეტელი ძილი ასევე ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სწორი პუბერტატის და სიმაღლეში ზრდის უზრუნველსაყოფად.

 

2569
ბავშვი ყურზე აფარებული ხელით

ყურის ტკივილი: კატეგორიული აკრძალვა პედიატრ კომაროვსკისგან

212
(განახლებულია 16:37 02.06.2020)
უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა აღმოუჩინონ პატარას პირველი დახმარება ყურის ტკივილის დროს და რა გავრცელებული მეთოდების გამოყენება იკრძალება ამ დროს.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. პატარა ბავშვისთვის არსებობს დახმარების საერთო წესები, რომლებსაც მშობლებმა ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ინტენსივობის ტკივილის დროს უნდა მიმართონ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი. 

მისი თქმით, უმთავრესი წესი ისაა, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა სტკიოდეს.

პედიატრი მშობლებს აძლევს რჩევებს, როგორ უნდა იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ მათ პატარას ყური სტკივა. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

სასწრაფოდ გჭირდებათ ექიმი, თუ ყურის ტკივილი:

  • სამ თვემდე ასაკის ბავშვს დაეწყო;
  • ზომიერი ტკივილი გრძელდება სამ საათზე მეტხანს;
  • სუსტად გამოხატული ტკივილი ერთ დღე-ღამეზე მეტხანს აწუხებს ბავშვს;
  • არსებობს უმცირესი ეჭვი იმისა, რომ ბავშვის ყურში რაიმე უცხო სხეული მოხვდა;
  • ყურის ტკივილს თან ახლავს თავის ან კისრის კუნთების ტკივილი.

პედიატრის თქმით, ყურის ატკივების შემთხვევაში მშობელმა გადაუდებელი დახმარების სახით ბავშვს მტკივანი ყური ქუდით ან თავსაფრით უნდა დაუფაროს და ჩააწვეთოს ცხვირში (!) სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები (სპეციალურად ბავშვებისთვის — ასაკის შესაბამისად).

ევგენი კომაროვსკის თქმით, დაუშვებელია ყურში რაიმეს ჩაწვეთება ან ყურის გათბობა ნებისმიერი მეთოდით.

უმაღლესი კატეგორიის პედიატრი მშობლებს კატეგორიულად აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც პატარას პირველ დახმარებას აღმოუჩენთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ მიმართოთ ექიმს მაშინაც კი, თუ ბავშვს ყურის ტკივილი დაუამდა!

 

212
თემები:
სასარგებლო რჩევები
მოწევის ამკრძალავი ნიშანი

დასახელდა ნიკოტინის შემცველი ბოსტნეული: აიოლებს მოწევისთვის თავის დანებებას

190
(განახლებულია 16:12 01.06.2020)
ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ მის შეტანას მწეველების რაციონში.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაეხმარება, აცხადებენ მედიკოსები.

სპეციალისტების თქმით, მათგან გამოირჩევა სამი პროდუქტი – ჯანჯაფილი (კოჭა), შავი შოკოლადი და რძე. 

ჯანჯაფილი: როდესაც მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ, კარგად გაღეჭეთ ჯანჯაფილის ნაჭერი. ამ პროდუქტის სპეციფიკური გემო სიგარეტის სურვილს თრგუნავს.

გარდა ამისა, შეგიძლიატ მიირთვათ ჯანჯაფილის ჩაი ლიმონითა და თაფლით. ეფექტი იგივეა.

შავი შოკოლადი: კარგად ეხმარება მწეველებს მავნე ჩვევისთვის თავის დანებებაში. შავი შოკოლადი მშვენივრად ებრძვის სტრესს, რომელიც ორგანიზმში ნიკოტინის ნაკლებობის შედეგად ჩნდება.

ამასთან, შავი შოკოლადის ნატეხი, კაკაოს მაღალი შემცველობითა და შაქრის გარეშე, შესანიშნავად თრგუნავს მადას, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ჭამას.

რძის ნაწარმი: სპეციალისტების თქმით, რძის გემოს თამბაქოსთან „შერწყმა“ ბევრ ადამიანში ზიზღს იწვევს. შესაბამისად, რაც მეტ რძის ნაწარმს მიიღებთ, მით უფრო გაგიიოლდებათ სიგარეტისთვის თავის დანებება.

მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა: ევროკავშირმა კანონი აამოქმედა>>

გარდა ამ სამი პროდუქტისა, თამბაქოს გადაგდებაში მწეველებს კარგად ეხმარება ციტრუსები და ბადრიჯანი.

ფორთოხალი, გრეიპფრუტი თუ ლიმონი, გარდა იმისა, რომ მოწევის სურვილს კლავს, ასევე აღადგენს ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტს, რომელსაც დროთა განმავლობაში ნიკოტინი ამცირებს.

რაც შეეხება ბადრიჯანს, ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ ბადრიჯნის შეტანას მწეველების რაციონში, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებას ცდილობენ.

 

190
თემები:
სასარგებლო რჩევები

მინეაპოლისში გუბერნატორის რეზიდენციასთან ასობით ადამიანმა მოიყარა თავი - ვიდეო

0
მინესოტას შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცის რეზიდენციასთან მინეაპოლისში საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი მივიდა. მომიტინგეები მოითხოვდნენ იმ პოლიციელების დაკავებას, რომლებიც კავშირში იყვნენ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან

დემონსტრანტები აქციაზე მივიდნენ პლაკატებით „არა უსამართლობას“ და “ვერ ვსუნთქავ“.

ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

დემონსტრაციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ზოგიერთ დიდ ქალაქში მომიტინგეებმა მაროდიორობა დაიწყეს.

სამართალდამცავების დასახმარებლად სახელმწიფომ ეროვნული გვარდიის ძალები გამოიყენა.

0