არა სიგარეტს

ნუ იქნები გოიმი მოწევა მოდაში აღარ არის!

4766
რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში ვთავაზობთ რჩევებს მათ, ვინც ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა გადაწყვიტა.

იმდენს ვკითხულობდი სიგარეტის მავნებლობაზე, რომ გადავწყვიტე, თავი დავანებო... კითხვას. იმაზე მეტს მაინც ვერავინ მეტყვის, რაც ჩემ კოლოფზე ყოველდღე თეთრზე შავად წერია.

სიგარეტისთვის თავის დანებებაზე ადვილი არაფერია – უკვე ცხრაჯერ მაინც დავანებე და ახლა მინდა მეათედ და ბოლოჯერ ვცადო, რადგან სადღაც ნამდვილად არსებობს 90 წლის თედო პაპა, რომელიც მთელი ცხოვრება ეწეოდა და ისევ ჯანმრთელია. თუმცა, ყველა თედო პაპა ვერ იქნება.

შესაძლოა, ჩემსავით თქვენიც აღარ სჯერათ... მთავარია – ჩვენ გვჯეროდეს საკუთარი თავის.

გაგიზიარებთ იმ ინსტრუქციას, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო და, იმედი მაქვს, დაგეხმარებათ მათ, ვინც უკვე უშედეგოდ დარეკეთ კოლოფზე მითითებულ „ცხელ ხაზზე“ მოწევის შეწყვეტისთვის.

თუ გადავწყვიტეთ, მზად უნდა ვიყოთ გვერდითი მოვლენებისთვის: გაღიზიანება, დეპრესია, თავის ტკივილები, გემოს შეგრძნების ცვლილება, სისუსტის შეგრძნება, გამოუძინებლობა, კონცენტრირების პრობლემები, მადის მომატება და უჩვეულო სიზმრებიც კი.

მიუხედავად სირთულეებისა, თუ ჩავარდნა გვექნება, მივუტევოთ საკუთარ თავს და დავუბრუნდეთ გეგმას. თვალი გაუსწორეთ რეალობას, პესიმისტური განწყობა მიზნამდე ვერ მიგვიყვანს.

არსებობს ასევე დამხმარე მედიკამენტები, ანუ ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია. ნიკოტინის შიმშილის მოსაკლავად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა საღეჭი რეზინი, პლასტირი, სპრეი. არის ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნიკოტინის რეცეპტორების ანტაგონისტი ნივთიერება – „ვარენიკლინი“. მისი მიღება გარკვეული დოზებით ხდება, ისევე, როგორც „ტაბექსის“. მედიკამენტის მიღების დაწყებიდან 24 საათში გაგვიქრება მოწევის სურვილი. და თუ მავნე ჩვევა ისევ გაიღვიძებს და სიგარეტს მოვუკიდებთ, პირის ღრუში აუტანელ გემოსა და ღებინების შეგრძნებას ვიგრძნობთ.

უცხოური საიტებიდან შეგვიძლია გამოვიწეროთ „ნიკოტინის პაჩტები“. ნიკოტინის მცირე დოზა მოხვდება სისხლში კანის გავლით და ჩაგიხშობთ თამბაქოს მოწევის სურვილს, თანაც ასე საკუთარ ფილტვებს არ ვავნებთ.

არ არსებობს საშუალება, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა ან უკუჩვენებები არ აქვს.

ამასთან ერთად მედიკამენტებს შეგვიძლია ვიტამინები და სუფთა ჰაერზე ფიზიკური ვარჯიშიც დავახმაროთ. სპორტის ნებისმიერი სახეობისთვის აუციელებელია სწორი სუნთქვა. სისხლი უნდა იკვებებოდეს ჟანგბადით. მწეველს სასუნთქი სისტემა უმუშავებს შეფერხებით, ამიტომ ვარჯიშის პირველივე წუთებში ეწყება ხველა. სისხლში ჟანგბადის მცირე რაოდენობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ შესრულდეს ვარჯიშები სრული დატვირთვით

ერთმნიშვნელოვნად მთავარია რადიკალურობა და მოტივაცია.

მოტივაციისთვის ჭკვიანმა ხალხმა მობილური აპლიკაციაც კი შექმნა სახელწოდებით „თავს ვანებებ“, რომლის საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი ისტორია და აღვრიცხოთ, რამდენ ღერს და რა სიხშირით ვეწევით, რა თანხას ვხარჯავთ მოწევაში და ა.შ.

სიგარეტის გადაგდების შემდეგ თქვენ ბიუჯეტში უამრავი ფული დაიზოგება. დათვალეთ, რამდენი გეხარჯებოდათ თამბაქოზე და საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთეთ.

აპლიკაცია გვიგზავნის შესაბამის რჩევებს, გვამხნევებს და ფსიქოლოგიურად გვეხმარება მოწევისთვის თავის დანებებაში. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგვიძლია Play Store-დან.

ამას გარდა, გასულ წელს „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ დედაქალაქის მასშტაბით თამბაქოს თავის დანებების სპეციალური სერვისი დაიწყო. პროგრამა ოჯახის ექიმის კონსულტაციას, მედიკამენტოზურ მკურნალობას და ფსიქოლოგის სეანსებს ითვალისწინებს.

იცოდით, რომ სხეულს თვითაღმდგენი ფუნქცია აქვს? სიგარეტი ზიანს გაყენებთ, მაგრამ მოწევიდან უკვე ნახევარ საათში ორგანიზმი ცდილობს „განგკურნოთ“. თუ მოწევისთვის სერიოზულად გადაწყვიტეთ თავის დანებება, კარგი იქნება, თუ გეგმას შეიმუშავებთ, პირველი კვირებისთვის მაინც.

მჯერა, დაფიქრებულხართ იმაზე, რომ დღის განმავლობაში სიგარეტის მოწევის პროცესი, ჩვევა მწეველს უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ნიკოტინით დანაყრება. ისიც მჯერა, რომ იყო არამწეველი, ბევრად უფრო პრესტიჟული და საამაყოა. სხვათა შორის, სიტყვა „გოიმის" ერთ-ერთი განმარტება მწეველი ადამიანი ყოფილა (უარყოფით კონტექსტში)... დიახ, მოწევა აღარ არის მოდაში... ეგეც რომ არა, მოწევა კლავს!

 

4766