მოზარდები

თქვენი ბავშვი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლია ფსიქოლოგის რჩევები მასწავლებლებსა და მშობლებს

395
(განახლებულია 14:25 15.01.2019)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე.
ნატალია ბაქრაძე
ნატალია ბაქრაძე

ბულინგი ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში და თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა.

ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლის პერიოდიდან, ბავშვობიდან იწყება.

ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლის პროცესი მეტად რთული და მრავალფეროვანია, რადგან იგი დაკავშირებულია ადამიანებთან უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების რღვევასთან, ცხოვრებისა და ქცევის ფორმების შეცვლასთან.

მოზარდობის პერიოდად ითვლება 11-16 წლამდე. ეს არის „გარდამავალი“ ასაკი ბავშვობიდან დიდობაში. მოზარდობა პროცესია, რომელიც განსაზღვრავს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებას. მაშინ, როდესაც ის თავს ითავისუფლებს მშობლის გავლენებისგან და ეძებს დამოუკიდებლობას, პარალალურად უწევს, ერთი მხრივ, საკუთარი მე-ს პოვნა, მეორე მხრივ კი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლა, რაც თავისთავად უკავშრდება ემოციურ დაძაბულობასა და შფოვით მდგომარეობას.

მოზარდობის პერიოდში იზრდება თანატოლთა როლი, რაც ხელს უწყობს მშობლის უარყოფას, როგორც ავტორიტეტის. მშობლების მხრივ ამ პერიოდში ხშირად იზრდება აკრძალვები და შეზღუდვები. უფროსებისგან ხშირია იმის მითითება, რომ მოზარდი აღარ არის პატარა ბავშვი, მაგრამ არ აძლევენ სრულ დამოუკიდებლობას, რაც იწვევს კონფლიქტებს.

რა არის ბულინგი და რატომ ვლინდება ის ყველაზე მეტად მოზარდობის პერიოდში

ბულინგი – ეს არის, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ერთი პირი ან ჯგუფი ახორციელებს ძალადობრივ ქცევას და რაც არის დროში გახანგრძლივებული. ბულინგი, იგივე ძალადობრივი ქცევა შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით: კიბერბულინგი; სატელევიზიო ბულინგი; ფიზიკური ბულინგი; სექსუალური ბულინგი; ემოციური ბულინგი; ვერბალური ბულინგი.

საყურადღებოა, რომ ბულინგი ყველაზე მძაფრ ხასიათს სწორედ გარდამავალ ასაკში იღებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდი განიცდის მეგობრული ურთიერთობების მოთხოვნილებას, მაგრამ ამ ურთერთობებში შესაძლოა წარმოიშვას კონფლიქტები, მეტოქეობა, ხშირად მოზარდები გამოხატავენ აგრესიას იმ ადამიანების მიმართ, ვისგანაც გრძნობენ საფრთხესა და მუქარას მათი პრესტიჟის და თვითშეფასების მიმართ. ასეთ მოზარდს ახასიათებს დაბალი თვიშეფასება, ეჭვიანობა და შფოთვა. ამ პერიოდში შესაძლოა განიცდიდეს სკოლის მიმართ შიშს, რასაც წინ უძღვის დაცინვისა და შურაცხყოფის შიში, რასაც მოჰყვება სკოლაში სიარულსა და სწავლაზე უარის თქმა. მოზარდი მსგავსი სიმპტომებით შესაძლოა გახდეს მოძალადე ან, პირიქით, მსხვერპლი. ხშირად მოძალადე თავადვეა ძალადობის მსხვერპლი, ოჯახისგან ან სხვა ჯგუფისგან, რომელშიც ის ტრიალებს.

სამწუხაროა, მაგრამ ბულინგი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ადგილის პოვნის, თვითდამკვიდრების გზას წარმოადგენს მოზარდის ცხოვრებში. ჩაგვრითა და ძალადობრივი ქცევით ის საკუთარ თავს იცავს, რათა არ გამოჩნდეს სუსტი და ეს ძალების მოსინჯვის ერთგვარი მარტივი საშუალებაც არის. თან ერთვის აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები და ასევე მისი სასკოლო ცხოვრებიდან მომდინარე გარკვეული სირთულეები.

ვინ და რა მიზეზით შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი

ბულინგის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი მოზარდი გახდეს. ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს სხვების აზრი, კონკრეტული ჯგუფისთვის ან ადამიანისთვის მიუღებელი შეხედულება, ქცევა, გარეგნობა და ა.შ.

მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვანია – როგორ ხვდება მის ახალ მე-ს გარემო, როგორ ხედავს და აფასებს მას? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ასაკი დაკავშირებულია მოზარდის მიერ თავის დამკვიდრებასთან, მაშინ, როდესაც ავტორიტეტი თანატოლი ხდება, მას უწევს მისაღები გახდეს იმ გარემოსთვის, სადაც უწევს ყოფნა. ამ პროცესში კი ხშირია კონფლიქტები როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან.

ზოგჯერ თავად ზრდასრული ადამიანები ხდებიან ბულინგის გამომწვევები. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, მშობელი, მასმედია, მთლიანად საზოგადოება და მასში არსებული სტერეოტიპული ხედვები.

პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მშობელსა და მასწავლებელზეა, არამედ იმაზეცაა დამოკიდებული, რა ინფორმაციას იღებს მოზარდი ტელევიზიიდან და ინტერნეტ-სივრციდან, რა ინფორმაციის გავლენის ქვეშ ექცევა და რა ინფორმაციის გამო შეიძლება კონკრეტული მოზარდი გახდეს ბულინგის მსხვერპლი, რა იარლიყებს ვაკრავთ მათ გარეგნობის, ქცევებისა თუ ინტერესების გამო. მარტივია – ერთმა დაუფიქრებელმა კომენტარმა, არასწორად აღქმულმა რეალობამ მოზარდი ბულინგის მსხვერპლად აქციოს. გარემო პასუხისმგებელია იმაზე, როგორ აღიქვამს და როგორი დამოკიდებულება ექნება მას საკუთარი თავისადმი.

რჩევები მშობლებს:

-ეცადეთ ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან იმეგობროთ საკუთარ შვილებთან, რათა მათ მოზარდობის პერიოდში არ დაიწყონ თქვენგან გაქცევა და „თავშესაფრის“ სხვაგან ძებნა;

-ასწავლეთ შვილებს, როგორ დაიცვან საკუთარი აზრი და როგორ მოაგვარონ კონფლიქტი ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სხვისი ღირსების შელახვის გარეშე;

-მოუსმინეთ შვილებს და პატივი ეცით მათ აზრს, დაანახეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეხედულებები;

-ხშირად გაიხსენეთ თქვენი მოზარდობის პერიოდი, რას განიცდიდით, რა გაკლდათ, რა სურვილები გქონდათ, როგორ რეაგირებდით ირგვლივ მყოფთა აზრსა და კრიტიკაზე;

-თუ ხედავთ, რომ მისი რომელიმე აზრი ან ქმედება საფრთხეს უქმნის მას, გადაჭერით ეს პრობლემა მეგობრული საუბრით, პირადი გამოცდილების მაგალითით და არა ჩხუბით;

-ნურასდროს შეადარებთ თქვენ შვილს სხვას, ის არ არის ვალდებული, ვინმეს მსგავსი იყოს. მას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორადაც გრძნობს თავს;

-ნუ შეშფოთდებით თქვენი შვილის სურვილზე, ჰქონდეს გრძელი ან ფერადი თმა, ხშირ შემთხვევაში ეს უბრალო გატაცებაა, რომელიც მალე გაივლის;

-იქონიეთ დისტანცია და ზედმეტად ნუ  ჩაერევით მათ ცხოვრებაში, თუმცა ნურც ძალიან შორს დაიჭერთ თავს;

-მინიმუმამდე დაიყვანეთ აკრძალვები;

- იქონიეთ მუმივი კონტაქტი მასწავლებელთან

ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე სახლში, ამიტომ პედაგოგების მოვალეობაა აღზრდის საშუალებით უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა.

რჩევები მასწავლებლებს

-დააკვირდით კლასში არსებულ გარემოს, ურთიერთობებს და პირველივე შემთხვევის აღმოჩენისას მოსწავლეებთან ერთად დაიწყეთ არსებული პრობლემის მოგვარება;

-პირდაპირ ნუ დაადებთ ხელს დამნაშავეს, მოყევით ამბავი, სადაც გადმოცემული იქნება კლასში არსებული სიტუაციის მსგავსი შემთხვევა და ბავშვებს სთხოვეთ ამ პრობლემის გადაწყვეტა. გამოკვეთეთ დამნაშავის უარყოფითი საქციელის სავარაუდო შედეგი და მსხვერპლის მდგომარეობა;

-აჩვენეთ მოძალადეს, რომ არ შეეგუებით მის ქცევას და კლასის წევრებიც ჩართეთ ამ პროცესში. დაიმახსოვრეთ, რომ ეს ყველფერი უნდა ხორციელდებოდეს არა პირდაპირი გზით, კონკრეტული მაგალითის ან ამბის განხილვით;

-გამოიყენეთ აქტივობები, რომელიც გარიყულ და იგნორირებულ ჯგუფის წევრებს მნიშვნელოვან წევრებად აქცევს;

-აკონტროლეთ საკუთარი თავი, ბრაზის მიუხედავად ეცადეთ, ნუ შეურაცხყოფთ მოსწავლეს, რათა შემდგომში ეს ბულინგის აღმოცენების მაპროვოცირებელი არ გახდეს;

-დააკვირდით კლასის წევრებს, აუცილებლად შენიშნავთ ლიდერებს, როგორ და რის ხარჯზე არიან ისინი ლიდერები;  დაიხმარეთ ისინი გარიყული წევრების ჯგუფში შემოყვანასა და მიღებაში (დაიხმარეთ ფსიქოლოგი);

-გამოხატეთ მხარდაჭერა კლასის იმ წევრებისადმი, რომლებიც ნაკლებად პოპულარული წევრები არიან კლასში;

-თუ კონფლიქტს შენიშნავთ, დაპირისპირებულ მხარეებს ნურასდროს მოახდევინებთ ბოდიშს ძალით, ეს საქმეს არ შველის, ხშირად სკოლის გარეთ გრძელდება მსგავსი დაპირისპირებები;

- იყავით მეგობრულად განწყობილი მოსწავლეებთან და იქონიეთ მუდმივი კონტაქტი მშობელთან.

აუცილებელია ბულინგის ყოველი შემთხვევა დროულად გამოვლინდეს. ძალადობის მსხვერპლს და მოძალადეს უნდა გაეწიოს კვალიფიციური დახმარება. რთული შედეგების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია.

 

395
თემები:
მშობლები და შვილები-2018 (72)
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

65
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

65
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ბავშვები შადრევანში

როგორ დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

250
(განახლებულია 21:18 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატება 32 გრადუსს, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები უნდა იყოს მიღებული ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი – ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ღია სივრცეში ყოფნა არ არის მისაღები.

თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეიძლება დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსის, ხოლო ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისგან, როდესაც, პირიქით, ჯობს დავხუროთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, საქართველოში ამ პერიოდში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინერალული წყლები არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ორგანიზმში სითხე იყოს შენარჩუნებული და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ: ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ყველაზე მაღალი რისკის შემცველია, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ, საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

250
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: „საქართველოში შემოდგომაზე გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები...“

0
(განახლებულია 18:33 14.07.2020)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ მას უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით „დიდი გეგმები“ აქვს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომით საქართველოში „გადამწყვეტი ნახტომისთვის“ ემზადება.

ბოლო დროს სააკაშვილი ხშირად აკეთებს მსგავს განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას და საპარლამენტო არჩევნების დროს „წინა ხაზზე“ დადგება. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს ვნებს. ამ ზაფხულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის გამონათქვამების გამო საქართველოში უკრაინის ელჩს უკვე ორჯერ მოსთხოვა განმარტება.

„დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების სწრაფ რელსებზე, მაშინაც კი თუ მე პირადად მომიწევს ამისთვის ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა. დიახ, მე ვიბრძვი უკრაინაშიც და საქართველოშიც. დიახ, მე არ ვაცხადებ პრეტენზიას მაღალ თანამდებობებზე არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ უკეთესობისა და რეფორმების იმედთან და ამ ადამიანებს იმედს არ გავუცრუებ, რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს“, - დაწერა სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

საგარეო უწყება: სააკაშვილის განცხადებები საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს ვნებს >>

მან განაცხადა, რომ მას „დიდი გეგმები აქვს“ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

„მე დიდი გეგმები მაქვს უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით. დიდ ტრანსფორმაციას ვემხრობი. არ მჯერა სანახევროდ გადადგმული ნაბიჯების და არ მჯერა პროცესის, მჯერა მხოლოდ პროცესის შედეგის“, - ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამასთან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

 

0
თემები:
მიხეილ სააკაშვილი