ფენშუი

გამოყენებითი ფენშუი: თვის რეკომენდაციები მზის აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

278
(განახლებულია 16:05 08.11.2018)
ეკა კვარაცხელია
ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია საუბრობს მიმდინარე თვის პროგნოზზე.

აღმოსავლური მზის კალენდრის მიხედვით 2018 წლის ნოემბერი მიეკუთვნება წყლის ტახის ნიშნის თვეს. ეს გახლავთ თავისუფლებისმოყვარე, მუდმივად მაძიებელი და მოძრავი ტახის ფსიქოტიპი. ნოემბრის თვე კარგია მოგზაურობისთვის და ყველანაირი საქმიანი მგზავრობისათვის. წინა პლანზე წამოიწევა კავშირების, კომუნიკაციის და კონტაქტების დანიშნულება. თუმცა, წყლის ტახის უარყოფითი მხარე არის შიშები, ამიტომაც ნუ იქნებით შიშის განწყობაზე და ნუ დაიბნევით. გარდა ამისა, მათთვის, ვინც დაბადებულია გველის, მამლის და ხარის წელიწადში, ეს თვე იქნება მოგზაურობების, მგზავრობის და მნიშვნელოვანი მოულოდნელი ცხოვრებისეული ცვლილებების თვე. დრაკონისა და ტახის ნიშნით დაბადებულები ნოემბერში იქნებიან უფრო მგრძნობიარეები, მომხიბვლელები და სექსუალურები. 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში პლანეტა მერკური რეტროგრადულია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ არის სასურველი ახალი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, საზოგადოებრივ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება, თუმცა კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად.

მოგზაურობები: ნოემბრის თვეში არ გირჩევთ მოგზაურობას ჩრდილოეთით, რადგანაც ამ მხარეს განთავსებულია ისეთი ნეგატიური ენერგია, როგორიცაა „ყვითელი ხუთიანი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში წარუმატებელი იქნება ნებისმიერი ბიზნეს-საქმიანობა.

პოზიტიური დღეები ნოემბრის თვეში:

ნებისმიერ საქმიანობაში პოზიტიური დღეები გახლავთ 11, 23 ნოემბერი და 5 დეკემბერი. საქმე, რომელიც ამ დღეებში აიღებს სტარტს, იქნება წარმატებული. ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება ხარის წელიწადში დაბადებული ადამიანებისათვის, ანუ მათ არ უნდა მიიღონ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. 19 ნოემბერი, 1 დეკემბერი კარგი დღეებია გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად. ამ დღის ენერგიები ძალიან სტაბილურია, ამიტომაც კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად და ხელშეკრულებების დასადებად. თუმცა ეს დღეები არასასიკეთოა მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის. ამიტომ მათ ამ დღეს არ უნდა მიიღონ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ნეგატიური დღეები: 8, 9, 20, 21 ნოემბერი და 2 და 3 დეკემბერი. ამ დღეებში არასასურველია მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, რადგანაც შესაძლოა გართულდეს და შეგექმნათ წინააღმდეგობები და პრობლემები. 14, 26 ნოემბერს გირჩევთ არ იაქტიუროთ, ნუ დაიწყებთ მკურნალობას და ნუ დაგეგმავთ ოპერაციებს, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ იქნება. თუმცა ეს დღეები შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი საქმეების დასასრულებლად. 10, 21 ნოემბერი „დანაკარგის დღეებია“. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება.

თვის სახლის სექტორების პროგნოზი

ჩრდილოეთი: ნოემბრის თვეში იმ სახლებში, სადაც ცენტრალური შემოსასვლელი კარი ჩრდილოეთი მიმართულებითაა გაჭრილი, უფრთხილდით დენის კაბელების ან სხვა კომუნიკაციების დარღვევებს. მათ, ვინც ძირითად დროს ატარებთ ჩრდილოეთ სექტორში, გირჩევთ ყურადღებით იყოთ სმენის ორგანოებთან, რადგანაც დიდია ამ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობა. ამ ნეგატიური ენერგიის კორექციისთვის გირჩევთ დაკიდოთ ფენშუის ლითონის „ქარის მუსიკა“ ან დადგათ მარილიანი წყალი თასით.

სამხრეთ–დასავლეთი: ავადმყოფობის ვარსკვლავი განთავსდა ამ სექტორში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე და აპათია. თუ თქვენ ხშირად გიწევთ სახლის ამ სექტორში ყოფნა, შესაძლოა მელანქოლიური თვითგანწყობა, ამიტომ გაუფრთხილდით ემოციურ სფეროს. ამ ზონაში ნეგატიური ენერგიის გასანეიტრალებლად დადგით გოგრა ან რაიმე ლითონის საგანი.

სამხრეთი: ამ თვეში სამხრეთი ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით შემოქმედებითი და რომანტიული ურთიერთობებისა და საქმიანობისათვის. ამ სექტორის სასიკეთო ენერგიები მოიზიდავს თქვენ სახლში იღბლიან მოვლენებს, შთაგონებას, სასიკეთო იდეებს, შეხვედრებს სასურველ პარტნიორთან. დაყოვნდით თქვენი სახლის სამხრეთ სექტორში რაც შეიძლება მეტი დროით და თუ ამ სექტორს გააქტიურებთ, თქვენ მოიზიდავთ კოსმიურ იღბალს და წარმატებას უფრო სწრაფად და ეფექტურად.

აღმოსავლეთი: არაკეთილსასურველი სექტორია ნოემბრის თვეში. ნუ დაყოვნდებით ამ სექტორში დიდი ხნით, რადგანაც შესაძლოა სხეულის ტრავმების და ჭრილობების მოზიდვას შეუწყოთ ხელი. ასევე შესაძლოა თან გდევდეთ ჩხუბი, გაუგებრობა და ფულადი დანაკარგები. ამ ნეგატიური ენერგიის გასანეიტრალებლად გირჩევთ დადგათ თასი წყლით.

ჩრდილო–აღმოსავლეთი: მათ, ვინც აქტიურად იყენებს თავისი სახლის თუ ოფისის ჩრდილო–აღმოსავლეთ სექტორს, ელის მძიმე სამუშაო ამ თვეში, რადგან ის დაკავშირებული იქნება რისკთან და მაღალ დატვირთვასთან. იყავით ყურადღებით, ნუ გადაიტვირთებით და ნუ გაერთობით გადაჭარბებულად, დაიცავით ზომიერება. კარგი იქნება უმეტესწილად ამ ზონაში დაანთოთ სანთლები.

დასავლეთი: ასევე ნეგატიური ზონაა მიმდინარე თვეში. მას თან ახლავს ჩხუბი და უსიამოვნებები ურთიერთობებში. სანამ რაიმე სიტყვას იტყოდეთ, გირჩევთ დაფიქრდეთ, რა შეიძლება მოგიტანოთ ამან. ამ ნეგატიური ენერგიის კორექციისთვის საჭიროა დადგათ წყალი თასით.

ჩრდილო–დასავლეთი: ძალიან კარგია დაწინაურებისა და წინსვლისთვის.

 

278