ყაბაყი

ყაბაყი ვიტამინებითა და სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი შეუცვლელი პროდუქტი

9796
(განახლებულია 13:51 19.02.2018)
ყაბაყი, თავისი მდიდარი შემცველობის წყალობით, შეუცვლელი პროდუქტია მრავალ დაავადებასთან ბრძოლაში. C ვიტამინი მასში ბევრად მეტია, ვიდრე ვაშლში ან ქლიავში, ხოლო კალიუმის რაოდენობით ერთ–ერთი პირველია ხილ–ბოსტნეულს შორის.

ყაბაყი გოგრის ნაირსახეობაა, მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ევროპაში ის კოლუმბმა შემოიტანა. თავდაპირველად მას ბოტანიკური ბაღების მორთვის დანიშნულება ჰქონდა. მისი, როგორც საკვების ფუნქცია ევროპაში პირველად იტალიელებმა აღმოაჩინეს.

ყაბაყის სამკურნალო თვისებებს ადამიანი უკვე 2000 წელზე მეტია იყენებს.

მომწიფებული ყაბაყი ყვითელი, მწვანე ან თეთრი ფერის კანით არის დაფარული. გოგრისგან განსხვავებით, ის ნაკლებ შაქარს შეიცავს და უფრო მდიდარია C  ვიტამინითა და მინერალური ნივთიერებებით.

ყაბაყის კალორიულობა და შემცველობა 100 გრამზე:

კალორიულობა – 16 კკალორია

ნახშირწყლები – 3,4 გ.

შაქრები – 2,2 გ.

საკვები ბოჭკოები – 1,1 გ.

ცხიმი – 0,2 გ.

ცილები – 1,2 გ.

ვიტამინები – A, В–ჯგუფის: ტიამინი (В1), რიბოფლავინი (В2), ნიკოტინის მჟავა (В3), პანტოთენის მჟავა (В5), B6, ფოლიუმის მჟავა (В9), ვიტამინი С (20%), (C–ვიტამინის შემცველობით ის ვაშლსა და ქლიავზე მდიდარია), К (3%);

ლითონები – რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, ფოსფორი, კალიუმი, თუთია, სპილენძი და სხვა.

წყალი – 95 გრამი.

ყაბაყი დიეტური პროდუქტია. ის წონის დაკლების მსურველთა მენიუში შედის. მისგან მრავალი სახეობის საკვების მომზადებაა შესაძლებელი, თუმცა სასურველია, ის ორთქლზე მოხარშოთ ან გამოაცხოთ. დაბალკალორიულობის გამო ის არ იწვევს წონაში მატებას, ხოლო შიმშილის გრძნობას დიდი ხნით კლავს.

ყაბაყს აქვს უნარი, შეიერთოს ტოქსიკური ნივთიერებები და შემდეგ ისინი ორგანიზმიდან გამოდევნოს. აქვს ანტიალერგიული ქმედება.

ნაყოფის მომწიფებასთან ერთად იზრდება მასში შაქრებისა დაა კაროტინის შემცველობა. კაროტინის შემცველობით ყვითელკანიანი ყაბაყი სტაფილოსაც კი წინ უსწრებს. მინერალური მარილებიდან ყაბაყში ბევრია კალიუმი, ის ასევე სპილენძის მდიდარი წყაროა ორგანიზმისთვის.

ყაბაყი
© CC0 / Pixabay
ყაბაყი

ყაბაყი შეიცავს სპეციფიკურ ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ცილების ხსნად მდგომარეობაში გადაყვანას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებული ღვიძლის მქონე ადამიანებისთვის. ისინი საჭმლის მონელების პროცესში წარმოქმნილ მავნე ნივთიერებების გამოდევნას ეხმარება, ასევე ნაღვლის გამოყოფას.

ყაბაყის ნაყოფი მდიდარია პექტინის ნივთიერებებით, რომლებიც იცავს ნაწლავებს დაზიანებისგან. 

ყაბაყის თესლი შეიცავს ცხიმს – 50%–მდე, ასევე მდიდარია Е ვიტამინით, ასევე სანტონინით, რომელსაც დაჩირქების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ყაბაყი ძალზე სასარგებლო პროდუქტია მამაკაცებისთვის. მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, რომ ყაბაყს შეუძლია მამაკაცის ზოგიერთი დაავადების, კერძოდ, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის ეფექტურად შეჩერება. როდესაც ეს ჯირკვალი იზრდება, ის სექსუალური და შარდმდენი ფუნქციების პრობლემებს იწვევს, ამიტომ მამაკაცებმა უნდა მიიღონ ყაბაყი როგორც პროფილაქტიკის, ისე დაავადების მკურნალობის მიზნით.

ყაბაყი რეკომენდებულია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროს და იმუნიტეტის ამაღლებისთვის. კარდიოლოგები აღნიშნავენ, რომ ყაბაყი ეფექტური საშუალებაა გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით ზაფხულის სიცხესთან ბრძოლაში. ის თავისი შემადგენლობის, კერძოდ, მანგანუმისა და С ვიტამინის წყალობით, ასტიმულირებს გულის ფუნქციას ზაფხულის ხვატის დროს.

ყაბაყი ასევე ძალიან კარგია დიაბეტის დროს გულის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის დროს. მასში შემავალი მაგნიუმი ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს, ხოლო კალიუმთან კომბინაციაში ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას. ვიტამინი С და ბეტა–კაროტინი აბრკოლებენ ქოლესტერინის სისხლძარღვების კედლებზე დაჟანგვასა და ათეროსკლეროზის განვითარებას. ასევე ინსულტისა და ინფარქტის წარმოქმნის რისკს ამცირებს ფოლიუმის მჟავა.

სამეცნიერო კვლევებით დამტკიცდა, რომ ყაბაყი ამცირებს სიმსივნეების წარმოქმნას მსხვილი ნაწლავის უჯრედებიდან კანცეროგენული ტოქსინების გამორეცხვის გზით. ასევე მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და შველის ორგანიზმს ოსტეოართრიტის, ასთმის, რევმატოიდული ართრიტის დროს.

ამგვარად, ყაბაყის სასარგებლო თვისებებია:

ორგანიზმის ზოგადი გაძლიერება

იმუნური სისტემის ამაღლება

ორგანიზმში წყალ–მარილოვანი ბალანსის ნორმალიზება, აქვს შარდმდენი ეფექტი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესება

გულ–სისხძარღვოვანი სისტემის მუშაობის გაუმჯობესება

ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარება

სისხლის გაწმენდა ტოქსინებისა და „ცუდი“ ქოლესტერინისგან

სასარგებლო ნივთიერებების ათვისების ხელშეწყობა

წყალი ყაბაყის შემცველობაში ფასდაუდებელია ნერვული სისტემისთვის, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი

ყაბაყი ძალიან კარგი კოსმეტიკური საშუალებაა, მისგან ამზადებენ სახის ნიღბებს, ასევე იყენებენ მის წვენს, რაც კანს ელასტიკურს, რბილს ხდის, აქრობს მცირე ნაოჭებს.

შეიძლება ითქვას, რომ ყაბაყი ყველასთვის სასარგებლოა – ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები ორგანიზმის ზოგად გაძლიერებას, იმუნიტეტის ამაღლებას ეხმარება. მისი რეგულარული გამოყენება ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს და მრავალი დაავადების აღკვეთას უწყობს ხელს.

ყაბაყის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდონ თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე არაა მისი დიდი რაოდებით მიღება რეკომენდებული კუჭის წყლულის, გასტრიტის ან მომატებული მჟავიანობის დროს.

გაითვალისწინეთ, რომ ყაბაყის მომზადებისას სასურველია არ გაფცქვნათ ის, რადგან კანში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა.


9796
თემები:
სასარგებლო რჩევები -2018 (202)
იოგურტის საუზმე

არ ჭამოთ უზმოზე: გერმანელი დიეტოლოგები რამდენიმე პროდუქტს ასახელებენ

205
(განახლებულია 16:29 23.10.2020)
გერმანელი დიეტოლოგები ასახელებენ ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც უზმოზე კატეგორიულად დაუშვებელია.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებას უმჯობესია თავი ავარიდოთ, ირწმუნებიან გერმანელი დიეტოლოგები.

მათ მოსაზრებას ავრცელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარული პორტალი Fit For Fun.

სპეციალისტები პირველ რიგში გვირჩევენ უარი ვთქვათ ნედლ ბოსტნეულზე, რომლებიც, მართალია, მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ დილით რთულად მოსანელებელია და შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

სპეციალისტების თქმით, უზმოზე ასევე არ უნდა მიირთვათ იოგურტი, რადგან შეწოვისას, ჯერ კიდევ ნაწლავებში მოხვედრამდე კარგავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს. იოგურტი უმჯობესია მიირთვათ კვებიდან საათნახევარი–ორი საათის შემდეგ, ან ძილის წინ.

დადგინდა იდეალური საუზმე დიაბეტით დაავადებულებისთვის: კანადური კვლევა>>

საუზმე შეუფერებელია ციტრუსებისთვისაც, ვინაიდან ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს შეუძლია გულძმარვის გამოწვევა.

ასევე უზმოზე ხილიდან უნდა გამოირიცხოს ბანანიც, რომელიც მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს.

 

205
თემები:
სასარგებლო რჩევები
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ეს ორგანიზმს

230
(განახლებულია 20:01 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს, ან უბრალოდ გართობისას ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოსდევს.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ, უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიაზე საკვების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში, რაც, დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს, ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მივიღოთ, ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მიმართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, მეორე ტიპის დიაბეტი აღენიშნება.

ასე რომ, თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და, ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი დღის რეჟიმი უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

· შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

230
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
კორონავირუსის ეპიდემია. მამაკაცი პირბადით ... ნიკაპზე

„კორონავირუსი ხომ არ მაქვს ???“: COVID-19-ის უტყუარი დიაგნოსტიკა ექიმ კომაროვსკისგან

0
(განახლებულია 12:20 24.10.2020)
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვა კორონავირუსული ინფექციის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია, მიიჩნევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„ტესტი „რისი სუნი აქვს?“ გაცილებით ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმომეტრია“, - განაცხადა მან.

ექიმმა აღნიშნა, რომ ყნოსვის დაკარგვა გრიპის დროსაც ხდება, მაგრამ მაშინ ეს განპირობებულია სურდოთი, ცხვირის „გაჭედვით“.

„კორონავირუსის დროს სურდო თითქმის არ არის, ყნოსვა კი იკარგება“, - აღნიშნა კომაროვსკიმ.

ასეთ სიმპტომს ექიმი ხსნის იმით, რომ COVID-19 აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც სუნსა და გემოს აღქმაში გვეხმარება. თუმცა ეს ცვლილებები აღდგენადია. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ყნოსვის ფუნქციის აღდგენას სამი კვირა სჭირდება, ზოგჯერ კი სამი თვეა საჭირო.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში