ზაფხულის სიცხე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ცხელ ამინდში მუშაობა შეძლოთ

166
(განახლებულია 19:30 13.07.2018)
მაღალი სიცხის პირობებში შენობაში გაგრილების სისტემის არარსებობა ადამიანის ტვინზე ცუდად მოქმედებს, რაც მის შრომისუნარიანობას აქვეითებს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. კონდიციონერების არარსებობა შენობებში, სადაც ადამიანი დღის დიდ ნაწილს ატარებს, მნიშვნელოვნად ამცირებს მის გონებრივ უნარებს და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ნათქვამია ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

თბილისში ცხელი ამინდები გაძლიერდება>>>

მთელ მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა ყოველწლიურად იმატებს, 2016 წელი კი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ცხელ წლად იქნა აღიარებული. ცნობილია, რომ ექსტრემალურ სიცხეს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები ჰქონდეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იუწყება, კანადაში ძლიერი სიცხისგან უკვე 70 ადამიანი გარდაიცვალა. სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობა დაფიქსირდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებს შრომისუნარიან ადამიანზე სიცხე. ამისთვის მათ 44 ახალგაზრდა, ჯანმრთელი სტუდენტი შეარჩიეს და ორ ჯგუფად დაყვეს: 24 ძველ შენობაში მოათავსეს, სადაც გაგრილების სისტემა არ არსებობდა, 20 კი კონდიცირებულ შენობაში.

მკვლევარებმა თითოეული სტუდენტური ოთახი აღჭურვეს მოწყობილობებით, რომლებიც ზომავდნენ ტემპერატურას, ნახშირორჟანგის დონეს, ტენიანობისა და ხმაურის დონეს. გარდა ამისა, ისინი აკვირდებოდნენ სტუდენტების აქტივობასაც.

კვლევის მონაწილეები ყოველდღიურად გადიოდნენ კოგნიტურ ტესტებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ სტუდენტები, რომელთა შენობაშიც კონდიციონერები არ იყო დამონტაჟებული, სამუშაოს უფრო ცუდად ასრულებდნენ, ვიდრე ისინი, რომელთა შენობაშიც გაგრილების სისტემა მოქმედებდა. კერძოდ, სამუშაოს შესრულებისას მათი სისწრაფე და სიზუსტე დაახლოებით 13%-ით დაეცა.

ექსპერტების აზრით, კვლევამ შენობის შიგნით მაღალი ტემპერატურის პირობებში დამღუპველი ეფექტები აჩვენა. ამასთან, თუ მაღალი ტემპერატურა ამდენად აისახება ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებზე, მაშინ ასაკოვან ადამიანებზე სიცხის ზემოქმედება უფრო დიდი იქნება, აღნიშნავენ მკვლევარები.


166