ეპიდემია საქართველოში

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

35
(განახლებულია 11:15 28.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.177 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 102 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 923 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 152 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

35
ყურანი

მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

14
(განახლებულია 17:29 08.05.2021)
ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თავდაცვის ძალების მუსლიმ სამხედრო მოსამსახურეებს ყურანის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

სენაკში, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დაესწრნენ.

ყურანის გადაცემის შემდეგ მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია.

სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.

14
თემები:
საქართველოს თავდაცვა
ნიკა მელია

ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა

40
(განახლებულია 19:20 08.05.2021)
სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტია „ერთანი ნაციონალიური მოძრაობის" ლიდერი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებას 13 მაისამდე დატოვებს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ევროკავშირმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა ის კვლავ არის პარლამენტის წევრი.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონი მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერია განცხადებაში.

ოპოზიციური ლიდერის გასათავისუფლებლად საჭირო თანხა გამოყო  ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის. 

„გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გირაოს გადახდის შემდეგ მელია რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, 13 მაისამდე დატოვებს.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა.

დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილება მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე.

მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს.

გომელაური: ამნისტია ყველას, მათ შორის პოლიციელებსაც უნდა შეეხოს>>

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

40
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან

დიადი არა ომი, არამედ ადამიანია, რომელიც ომში იბრძოდა ოღონდ ეს ყველაფერი არ განმეორდეს

0
(განახლებულია 15:59 08.05.2021)
„Sputnik-საქართველოს“ ავტორი იხსენებს თავის ბაბუას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და ბერლინამდე ჩააღწია

სანდრო მგელაძე, სპეციალურად Sputnik–თვის

გამოგიტყდებით და ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ომზე გადაღებული ფილმების ყურება. მაშინ, 1970-იან წლებში, მთელ ამ აურზაურს - აფეთქებებს, სროლას, ადამიანების სიკვდილს - სერიოზულად არ აღვიქვამდით. არ ვიცი რატომ - შეიძლება ძალიან პატარები ვიყავით, ან კიდევ ომი იყო ძალიან შორს ჩვენგან როგორც დროით, ისე მანძილით.

თუმცა კარგად მახსოვს, როგორ იმეორებდა ხოლმე ბებია თავისთვის ომზე ფილმებისა და ახალი ამბების ყურების დროს: „ოღონდაც ეს ყველაფერი არ განმეორდებოდეს!“ 

Фотографии из семейного архива Сандро Мгеладзе. Дед на Великой Отечественной войне
photo: courtesy of Sandro Mgeladze
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან – ბაბუა მეორე მსოფლიო ომში

ჩემი ორივე ბაბუა ფრონტზე იბრძოდა. ერთი სარკინიგზო ჯარებში მსახურობდა, ხიდებსა და გზებს აფეთქებდა და ბერლინამდე ჩააღწია. მეორე საინჟინრო ჯარებში იყო და დანგრეული გზების, ხიდებისა და სხვა ნაგებობების აღდგენაზე მუშაობდა.

ომზე ამბების მოყოლა არცერთ მათგანს არ უყვარდა. სამაგიეროდ ბაბუა, რომელმაც ბრძოლა 1945 წელს ბერლინში დაასრულა, ყოველთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა გამარჯვების დღისთვის. თანამებრძოლებთან შეხვედრისას მოგონებებსა და გრძნობებს ძველი მეგობრები აღარ მალავდნენ. 1970-იანების ბოლოს დიდი სამამულო ომის ცოცხალი ვეტერანები ჯერ კიდევ ბევრნი იყვნენ. 

Фотографии из семейного архива Сандро Мгеладзе. Дед на Великой Отечественной войне
photo: courtesy of Sandro Mgeladze
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან – ბაბუა მეორე მსოფლიო ომში

მახსოვს, 9 მაისის დილას როგორ იცვამდა მაიორის ფორმას, იკეთებდა ორდენებსა და მედლებს და გამარჯვების პარკში თანამებრძოლებთან შესახვედრად მიდიოდა.

სამხედრო ფორმა, რომლითაც ძალიან ამაყობდა, თითქოს აახალგაზრდავებდა. ისე კი სამოქალაქო პირი იყო, ლექციებს კითხულობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ვფიქრობ, ფორმა მასაც და მის მეგობარ ვეტერანებს ახსენებდა, რომ მათ პირნათლად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე. 

Фотографии из семейного архива Сандро Мгеладзе. Дед на Великой Отечественной войне
photo: courtesy of Sandro Mgeladze
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან – ბაბუა მეორე მსოფლიო ომში

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრებს ორგანიზებას არავინ უკეთებდა. ოფიციალურად არავინ არავის არსად იწვევდა. კარგად მახსოვს, დილიდან იწყებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას  დროის შესათანხმებლად. შეხვედრის ადგილი კი ყოველთვის გამარჯვების პარკი იყო.

რატომღაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ჭადრაკის დაფები პარკში, უზარმაზარი მუხების ძირში. ვინც ჭადრაკს თავს ვერ ართმევდა, ისინი ნარდს მიუსხდებოდნენ ხოლმე. აქ მიდიოდა ნამდვილი ბრძოლა – სისხლისღვრისა და სროლის გარეშე....

დროსტარება, ტრადიციულად, ქეიფით გრძელდებოდა. გამარჯვების პარკიდან ბედნიერი ვეტერანები ან რესტორანში მიდიოდნენ, ან ერთ-ერთი ვეტერანის სახლში, რათა ისინიც გაეხსენებინათ და  პატივი მიეგოთ, ვინც ამ დღემდე ვერ მოაღწია.

სახლში დაბრუნებულ ბაბუას ლაპარაკის საღერღელი აეშლებოდა ხოლმე. ასე გავიგე, როგორ გადაურჩა სამჯერ სიკვდილს ბეწვზე. დასავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ხიდის აფეთქება მტრის თავდასხმის მომენტში მოუხდათ.  ამოცანა შეასრულეს, თუმცა ბევრი ვერ გადარჩა... 

მაგრამ ყველაზე მძიმე კვალი მასზე არა ბომბების აფეთქებამ და მოზუზუნე ტყვიებმა, არამედ დაღუპული ბავშვების ცხედრებმა დატოვა. „შენ და შენმა თაობამ ეს არასდროს არ უნდა ნახოთ“, - ყოველთვის ამბობდა ხოლმე და თვალები ნაღველით ევსებოდა.

ზოგჯერ საუბარში ბებიაც ჩაგვერთვებოდა და მეუბნებოდა, რომ ბაბუისთვის ომი 9 მაისს არ დამთავრებულა. ბერლინიდან ის შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს, შემდეგ იქიდან ისევ დასავლეთში. რკინიგზა უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გასაყვანი და აღსადგენი. სახლში მხოლოდ 1947 წელს დაბრუნდა. ისეთი გამხდარი იყო, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს ჰგავდა.  

Вечный огонь у памятника Неизвестному солдату
© Sputnik / Alexander Imedashvili
ვაკის პარკი, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი

ძალიან ეცადნენ ჩემი ვეტერანი-ბაბუები და მათი თაობა, აერიდებინათ ჩვენთვის ომის საშინელება, მაგრამ მაინც მოგვიხდა საკუთარ თავზე გამოგვეცადა ეს სიმწარე.

მით უფრო მე, ჟურნალისტს, რომელსაც არაერთხელ გამიშუქებია მოვლენები „ცხელი წერტილებიდან“.

ბოლო დროს ბევრი ცდილობს, ეს ყველაფერი „შეიარაღებულ კონფლიქტად“ მონათლოს. და შესაძლოა, ეს აზრს მოკლებული არ იყოს, რადგან ომი, ჩვენი გაგებით, რაღაც სხვაა. და რასაკვირველია, ღმერთმა არ ქნას, ვინმეს გამოაცდევინოს ყველა მისი საშინელება ისე, როგორც ეს ჩვენმა ბაბუებმა და ბებიებმა გამოსცადეს. 

ჩვენ გამარჯვების პარკთან ახლოს ვცხოვრობდით. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო იმის დანახვა, როგორ ინგრეოდა იქ აღმართული დიდების მემორიალი. ნაწილი ვანდალებმა გაანადგურეს, დანარჩენი გაიძარცვა. თუმცა სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში კვლავ იღვიძებს ყურადღება იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც გმირულად ებრძოდნენ ფაშიზმს.

ისტორიის ფაქტებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არავის აქვს უფლება, დაივიწყოს ამ ადამიანების გმირობა. პარკში კვლავ ანთია ცეცხლი, კვლავ დაგვყურებს ჯარისკაცის დედის სკულპტურა. სამამულო ომის ვეტერანებიდან თითქმის აღარავინაა ცოცხალი. მაგრამ სწორედ ამიტომ არის ალბათ ასე მნიშვნელოვანი მათი ხსოვნის გაფრთხილება.

0
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021