მარტოობა

არც ტკბილი და არც მწარე...

866
(განახლებულია 14:55 17.10.2019)
რატომ მისცა ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი, რისი ნიშანია ჭაღარა და რატომ არის ადამი პირველი იღბლიანი...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ებრაულ სიბრძნეს.

  • ღმერთმა ადამიანს იმიტომ მისცა ორი ყური და ერთი პირი, რომ ბევრი მოისმინოს და ცოტა ილაპარაკოს
  • ყველა განიცდის ფულის არქონას, ტვინის არქონას — არავინ
  • ადამიანი რომ ბერდება, უფრო ცუდად, მაგრამ უფრო მეტს ხედავს
  • ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა — სიბრძნის
  • თუ პრობლემის გადაჭრა ფულით შეიძლება, ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია
  • ადამი პირველი იღბლიანია, რადგან სიდედრი არ ჰყავდა
  • უფალმა დაგიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგებისგან კი თვითონ უშველე თავს
  • შევიდა ღვინო — გამოვიდა საიდუმლო

„ნუ გეშინიათ სრულყოფილების – ის არ გემუქრებათ..." – სალვადორ დალის უკვდავი ფრაზები

  • ნუ იქნები ტკბილი — შეგჭამენ; ნუ იქნები მწარე — გადმოგაფურთხებენ
  • გეშინოდეს თხისა — წინიდან, ცხენის — უკნიდან, სულელის — ყველა მხრიდან
  • ცოდნა ბევრ ადგილს არ იკავებს
  • თუ არ გინდა კისერზე დაგასხდნენ, თავს ძალიან დაბლა ნუ დახრი
  • ყრუმ გაიგონა, როგორ მოყვა მუნჯი, რომ ბრმამ დაინახა, როგორ მირბოდა ძალიან სწრაფად კოჭლი
  • კარგად დუმილი უფრო ძნელია, ვიდრე კარგად საუბარი
  • სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია
  • რა ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოხარშავ
  • გამოცდილება — ესაა სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს უწოდებენ
  • ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში შეგაგდებს, ცუდი ცოლი — სახლიდან გამოგაგდებს

ბრბოს ნუ გაჰყვები – ის შეიძლება სამგლოვიარო პროცესია აღმოჩნდეს

  • მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალებმა რომ უფრო ცოტა ილაპარაკონ
  • შორიდან ყველა ადამიანი კარგია
866
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (68)
მურღვა არდოტელი

„სამასმეერთე არაგველი“, რომელმაც საკუთარი გვარი დააარსა და სოფელი აღადგინა

18622
(განახლებულია 21:19 19.01.2021)
ხევსურ მურღვა არდოტელზე ნახევრად ხუმრობით ამბობენ, ასეთი ქართველი საქართველოს „წითელ წიგნშია“ შესატანიო.

მარტო სიტყვით არ ქართველობს — ასი იმდენს, უკვე წლებია, საქმითაც ამტკიცებს. მისი ცხოვრების ამბავი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კაცმა ჩვენ დროში დიდი წინაპრის სახელი დაირქვა, საკუთარი გვარი დააარსა და საზღვართან მდებარე ხევსურთა სოფელში, რომელიც თავადვე აღადგინა, 27 წლის მანძილზე ცხოვრობს და იზამთრებს. პროფესიით ფილოლოგია და მასავით ალალ და მართალ ლექსებს წერს. ამ ადამიანის თქვენ წინაშე წარდგენას მისი ერთი, თითქმის ავტობიოგრაფიული ლექსით დავიწყებ:

ერთი მლოცველი მეცა ვარ

შენი წყლისა და ქვიშისა.

ვინა ვარ? — სამასმეერთე

არაგველთა ვარ ჯიშისა!

შენი გაზრდილი ბოკვერი,

მტრისთვის შემკვლელი თავისა,

სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,

თუ არ სამშობლო თავისა.

საერთო ნაცნობებმა გაგვაფრთხილეს, მურღვა ამჟამად ორი კვირითაა სოფელ გამარჯვებაში ჩამოსული, მიუსწარით, თორემ მერე მასთან გასაუბრებას მობილურითაც ვერ მოახერხებთო. ჩვენც არ დავაყოვნეთ და დავუკავშირდით.

მურღვა არდოტელი ოჯახთან ერთად
მურღვა არდოტელი ოჯახთან ერთად

 

- ბატონო მურღვა, თქვენ შესახებ ბევრი რამ მოგვითხრეს მეგობრებმა, თქვენმა მეუღლემაც გვითხრა, ოჯახის საქმეს გვერდზე გადადებს ხოლმე და პირველ რიგში სახალხოს და საქვეყნოს აკეთებსო…

— მთლად ეგრეც არ არის, ჩვეულებრივი ვარ, მაგრამ თუ ადამიანს, გარდა საკუთარისა, გაჩენის დღიდან სულთამოსვლამდე ქვეყნის პასუხისმგებლობაც აქვს აღებული — სულ ასე იქნება. ზუსტად ვერ ვაყალიბებ, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ საერთოც და საკუთარიც ხომ ერთნაირად უნდა გვტკიოდეს? მერე კიდევ, ის საერთოც ხომ საკუთარია, არა?!.

- რა კარგად თქვით. ბევრმა სწორედ ეგ ვერ გააცნობიერა — საერთოც საკუთარი რომაა. მურღვა ვინ დაგარქვათ?

— ეს ჩემი ზუსტი სახელი არ არის, პასპორტში ნიკოლოზი მიწერია — ნიკოლოზ არდოტელი ვარ. მურღვა ჩემი წინაპრის სახელია, ის მეთორმეტე საუკუნეში იყო და გიორგი ერქვა. მურღვა ფშავლებმა დაარქვეს და ფშაურ დიალექტზე ეს მეომარს, მოშუღლარს, მოუსვენარს ნიშნავს, სალიტერატუროზე კი — მღვრიეს. მე ჩემი წინაპრის სახლ-კარი აღვადგინე და დღეს იმ ფუძეზე და კერაზე ვცხოვრობ, სადაც ის იყო. როცა პოეტმა ბაღათერ არაბულმა ჩემი ამბავი გაიგო, ასე მითხრა, ნამდვილი მურღვა ყოფილხარო. ის, ჟურნალ „ცისკრის“ დამატება გამოდიოდა – „ნობათი“ და ლექსებს იქ მიბეჭდავდა. როცა დავფიქრდები ხოლმე, იმ დიდი წინაპრის სახელი დიდი პასუხისმგებლობაცაა — თავისი ისტორიით, ცხოვრებით, ფიქრებით…

სოფელი არდოტი
სოფელი არდოტი

-  გვარი არდოტელი თქვენ დააარსეთ?

— არდოტელი ტოპონიმიკური გვარია, რომელიც 1987 წელს მე თვითონ დავაარსე. ჩვენ დიდი წინაპრის, მურღვას შთამომავლები 560 კაცი დავრჩით. ჩემი ნამდვილი გვარი ჭინჭარაულია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, როცა კომუნისტებმა გვარების გადაკეთება დაიწყეს (წინაპრის სახელიდან გამომდინარე), ყველანი მურღოევებად დაგვწერეს. როცა წამოვიზარდე, მინდოდა ჩვენი გვარი დაგვებრუნებინა, მაგრამ მაშინდელი კანონი ამის უფლებას არ გვაძლევდა. იუსტიციის სამინისტროში მოხსენებაც წავიკითხე ამ თემაზე და ყველაფერი საბუთებით თვალნათლივ დავამტკიცე. მაგრამ მაშინ ჭინჭარაულად რომ დავწერილიყავით, მაინც ვერ მოვახერხე. ერთხელაც მინდა ჩემი გვარის ისტორია გამოვაქვეყნო. მთაში ასვლამდე სახელმწიფო მუზეუმში ვმუშაობდი, სადაც მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. დავიწყე ასპირანტურისთვის მზადება, მთელი ჩრდილოეთ კავკასია შემოვიარეთ, ის მხარე გამოვიკვლიეთ. პროფესიით ფილოლოგი ვარ ფოლკლორის სპეციალიზაციით, ამ თემასთან ბავშვობიდან ვარ ახლოს.

მურღვა არდოტელი და მისი სტუმრები
მურღვა არდოტელი და მისი სტუმრები

- ვიცი, რომ სოფელ არდოტში ადგილობრივი ოჯახების დაბრუნება თქვენი ოჯახით დაიწყო, როგორ მოხდა ეს ამბავი?

— ძალიან მინდოდა მთაში დავბრუნებულიყავით, ამიტომ მურღვას შთამომავლები შევკრიბე და გადავწყვიტეთ ჩვენი წინაპრების სოფელი არდოტი აღგვედგინა და გაგვემაგრებინა. 80-იან წლებში შატილის აშენება დაიწყო. მაშინ არდოტში მასწავლებლად დავბრუნდი და ჩემთან ერთად 15 ოჯახი დაბრუნდა. თავის დროზე ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ არდოტში გზა შეიყვანა. მაშინ შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და ვთხოვე, რომ აქაურობის პრობლემები გადაეწყვიტათ. ამ საქმეს ჩემი ძმადნაფიცი ზურა ჯაფარიძე უძღვებოდა. მას დიდი სამეგობრო ჰყავდა და ბევრ ხალხს იცნობდა. ზვიად გამსახურდიამ ამ საქმისთვის მილიონი გამოყო და ჩვენს ხეობას 300 ათასი მოხმარდა. კონსტანტინე გამსახურდია რომ წერს, „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვსო“, ქართული საქმეც ეგრეა — გულის სისხლს მოითხოვს. მაშინ გიორგი წიკლაური ხევსურეთის თემთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და საქმის კურსში იყო. ის სოფელ გამარჯვებაშიც მოვიწვიე, მთაშიც გადავიყვანე. მან დიდი საქმე გაგვიკეთა და 700 ათასი არდოტისკენ წამოვიდა. მაშინ ორ კვირაში მუცოდან კლდე გაჭრეს და იქ გზა გავიდა. ამან ჩვენი მთისკენ მიბრუნება გამოიწვია.

- ბატონო მურღვა, თქვენ იმ მხარეში სკოლა-ინტერნატის მასწავლებელი იყავით, მაგრამ მერე სოფელი ისევ დაცარიელდა, რატომ?

— როგორც გითხარით, არდოტში იმ დროს 15 ოჯახი მივტრიალდით და 51 სული ვიყავით. შატილში სკოლა-ინტერნატი გაიხსნა და იქ მასწავლებელი არ ჰყავდათ. მე დავტოვე თბილისი და 1991 წელს იქ დავბრუნდი. მას მერე მთაში ვარ. მერე კი 5 წელიწადში ის ადგილები ნელ-ნელა ისევ დაცარიელდა, საშველი არ დაადგა. ყველაფერი გაჩერდა და მე შემოვრჩი იქ მასწავლებლად. ბოლოს 12 მოსწავლე მყავდა. მერე მათაც დაამთავრეს და სხვადასხვა რეგიონებში წავიდნენ. ბოლოს, 2009-2010 წლებში ჩემს ორ უფროს ბავშვს ვასწავლიდი. დუშეთის გამგეობას ვთხოვე, ნუ დამიხურავთ–მეთქი სკოლას და მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი ტკივილი, მაგრამ მერე, სამწუხაროდ, ბავშვი აღარავინ გამოჩნდა… სოფელი ისევ დაცარიელდა და ჩემს ბავშვებს სწავლა-განათლება რომ მიეღოთ, სოფელ გამარჯვებაში ჩამოვიყვანე. მე უკვე რვა წელია ზამთარში მარტო ვარ. ახლა ივნისამდე ვეღარ გადმოვალ.

- გავიგე, სადაც იზამთრებთ, იქ მობილური არ იჭერს და ამიტომ თქვენთან კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდება?

— ეგრეა. იქ რომ მობილურმა დაიჭიროს, ამისთვის ან არდოტის მთაზე უნდა ახვიდე, ან მუცოში და შატილში ჩახვიდე, სხვაგან ტელეფონი არსად იჭერს. იქიდან თვეობით ვერ ჩამოვდივარ, ტელეფონის ანძა რომ იყოს, ოჯახთან შევძლებდით დალაპარაკებას. მთაში ბუნებას ვესაუბრები ხოლმე. ამ წუთას არდოტში სულ ორი კაცია, მერე მეც ავალ. ერთი მოხუცი გვყავს, 79-ე წელშია, იმედა, არდოტელი კაცია. ღვთის ანაბარაა და არავინ ჰყავს. კიდევ მე ვარ და ზურა არდოტელი. იქ მეურნეობა მაქვს, საქონელი მყავს, მაგრამ დამხმარე არავინაა. გაზაფხულზე, მაისის მერე კი 9-10 ოჯახამდე ამოდის და მაშინ უკვე სოფელი სოფელს ჰგავს. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს წინაპრებს, ვინც იქ, საზღვრის პირას ცხოვრობდნენ და ქვეყნისთვის თავი გასწირეს, ჩვენ ვერ ვბაძავთ…

არდოტის ღვთისმშობელი
არდოტის ღვთისმშობელი

- მურღვა ბატონო, როგორ ეტყვით თქვენს საწუხარს ქართველებს, როგორ დააკვალიანებთ მათ?

— მე, როგორც ფილოლოგი, ქართველი, სამშობლოზე ჩაფიქრებული და დადარდიანებული, გულღიად გკითხავთ: ისეთი რა გაგვიჭირდა, რომ ვერ გადავნაწილდით? თბილისი – გასაგებია, ყველას გვიყვარს, დედა ქალაქია, აქედან გამოდის კულტურა, მაგრამ თუ ყველაფერი დავივიწყეთ, თუ წინაპართა საფლავები დავტოვეთ, მთას თუ არ მივეფერეთ, მოყვარეს და (მტრისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ) მტერსაც არ დავხვდით — ცხოვრება რაღად ეღირება?! კაცი მაშინ უფრო ბედნიერი იქნები, როცა წინაპართა სულის წინაშე ჯვარ-ხატსა და სალოცავთა წინაშე მართალი ხარ! მარტო ის ხომ არაა, რაღაც იშოვო და გამდიდრდე? სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობაც ხომ არ უნდა დავივიწყოთ? მე ვერავის დავაკვალიანებ, მაგრამ სიმარტოვეს რომ გრძნობ, ობოლივით რომ დადიხარ შენს ქვეყანაში და ქართული ლაპარაკი გენატრება — ეს ძალიან დიდი ტკივილია! ასე არ უნდა გავწიროთ ადამიანები. ხელისუფლებას მივმართავ: ხომ შეიძლება თანხები ისე განაწილდეს, რომ საქართველოს ეს მხარეები არ დავკარგოთ? ქართული ხასიათი და სამყარო არ უნდა გაუბრალოვდეს…

 

18622
დავით ხავთასი

„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ რატომ არ უყვარს წყალს სუსტები

157
(განახლებულია 17:59 19.01.2021)
კოლეგები „წყლის ლომს“ ეძახიან, ბავშვები, ჩვეულებრივ, „დათო მასს“. წყალბურთში მოზარდების კლუბს, რომლის მწვრთნელიცაა, „იმედი“ ჰქვია და მას მართლაც საიმედო პერსპექტივა აქვს.

საუბარია სპორტის დამსახურებულ მოღვაწესა და კვალიფიციურ სპორტსმენზე, წყალბურთელ დავით ხავთასზე. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს პირველობებში, რომელიც 2005-2006 წელს დაბადებულთა შორის ტარდება საწყლოსნო აუზ „ოლიმპიკში“.

ორი წლის წინ დავით ხავთასის „იმედმა“ მაყურებლის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- ბატონო დავით, წყალბურთში მისვლამდე სპორტთან ურთიერთობა სხვა სახეობით დაიწყეთ?

- ბავშვობიდანვე ძალიან სპორტული ვიყავი, სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება განსაკუთრებით მიყვარდა. სპორტში ვარჯიში კი მძლეოსნობით დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელები კაკო კოპალეიშვილი და ირინა ზარუბინა იყვნენ. მძლეოსნობიდან გადავედი წყალბურთზე, სადაც ჩემი მწვრთნელი ბორის მარგიევი იყო. ამაყი ვარ, რომ პროფესიული განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. ჩემს წარმატებებში დიდი დამსახურება მიუძღვით ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს, საერთოდ, ის წლები კარგად მახსენდება...

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- მოზარდი სპორტსმენების გუნდს, რომლის მწვრთნელიც ხართ, ჰქვია „იმედი“, მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, რამდენად საიმედოა გუნდის მომავალი?

- მგონი, ამ ეტაპზე ვამართლებთ სახელს, ვფიქრობთ, მომავალში უფრო მეტად გამოვიჩენთ თავს. მონაწილეობა გვაქვს მიღებული საქართველოს პირველობებში, სადაც შარშან მეექვსე ადგილი დავიკავეთ. ადრე მაყურებლის პრიზი მოვიპოვეთ. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბორის მეგედის ხსოვნის ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავეთ.

დავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს
დავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს

- თქვენ სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება გაქვთ მინიჭებული...

- ეს წოდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მომანიჭა. სამწვრთნელო საქმიანობას წლებია, რაც ვეწევი. ადრე გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთის მწვრთნელი ვიყავი. დღეს 2005-06 წლებში დაბადებული წყალბურთელების მწვრთნელი ვარ.

დავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად
დავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად

- როგორი თაობა მოდის?

- ძალიან ამაყი ვარ, რადგან უმაგრესი, ნიჭიერი თაობა მოდის. სასწაული ბავშვები არიან, მოტივირებულები, ყველაფერი აინტერესებთ. შეიძლება მწვრთნელს ისეთი კითხვით მიმართონ, რომ ის დაიბნეს კიდეც. ასეთ მომენტებში ძალიან მეხმარება ის ცოდნა, რაც ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. თავის დროზე იქ შევისწავლეთ ფიზიოლოგია, ანატომია, სპორტის ფსიქოლოგია, ამიტომ შეგირდებთან მომზადებული ვარ და მათ კითხვებს უპასუხოდ არ ვტოვებ. მოკლედ, ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული, თუ როგორ აუხსნის და ასწავლის მათ. საჭირო დროს ელემენტარული სამედიცინო დახმარებაც შემიძლია გავუწიო.

დავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს
დავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს

- რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს წყალბურთელი?

- წყალბურთელი უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით კარგად უნდა ცურავდეს. ძლიერი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს გამომუშავებული, რომ კარგ წყალბურთელად ჩამოყალიბდეს. ასევე დადებითი პიროვნული თვისებები ჰქონდეს, რადგან ეს სპორტშიც და ცხოვრებაშიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. რაც შეეხება მწვრთნელს, ის თავის საქმეზე შეყვარებული და მოტივირებული ადამიანი უნდა იყოს, ბავშვები დისციპლინას შეაჩვიოს, რათა უფრო ამტანები გახდნენ. წყალს სუსტები არ უყვარს, რადგან ასეთებს ადვილად ერევა. ამის გარდა, სპორტსმენებმა ამ სახეობაში ისეთი თვისებებიც უნდა გამოიმუშაონ, როგორიცაა სისწრაფე და წყალში ბურთის კარგად ფლობა.

დავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს
დავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს

- გურულ სპორტსმენს სისწრაფე სისხლში ექნება და ამ თვისებამ ალბათ თავის დროზე გარკვეული როლი ითამაშა თქვენს წარმატებებში?

- წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. გურულები მართლა ყველაზე სწრაფები არიან და რა გასაკვირია, რომ მეც მიყვარს სისწრაფე, ყველაფერში პირველობა და ეს თვისებები დიდ სპორტშიც მეხმარებოდა.

- ოზურგეთთან თუ გაქვთ სპორტის კუთხით შეხება?

- ოზურგეთთან და იქ არსებულ ოლიმპიურ სახლთან მუდმივი კონტაქტი მქონდა კოვიდამდე. ადგილობრივ სპორტსმენებს რეკომენდაციებს ხშირად ვაძლევ ხოლმე. მიხარია, რომ ოლიმპიური სახლის საცურაო აუზის ინსტრუქტორი და წარმატებული სპორტსმენი ზურა ღლონტი ჩემი მომზადებულია. როცა პანდემია დასრულდება, ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში მასტერ-კლასების ჩატარებას ვაპირებ. ასე რომ, ყველაფერი წინაა...

დავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად
დავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად

- გავიგე, რომ კოლეგები, თურმე, „წყლის ლომს“ გეძახიან, რას ურჩევთ მათ, ვისაც წყლის ეშინია და ამის გამო ცურვას ვერ სწავლობს?

- ჰოო, ეს კარგი შეკითხვა დამისვით... პირველ რიგში, ეს შიში უნდა დაძლიონ. ეს კი მწვრთნელზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ მიუდგება მას, ვისაც წყლის ეშინია. პროფესიონალი ამ კომპლექსს მალე მოუხსნის ნებისმიერ ადამიანს. ასეთი უამრავი ბავშვი მყოლია და მათთვის წყალიც შემიყვარებია და ცურვაც კარგად მისწავლებია.

- აუზთან დაკავშირებული ანეკდოტად ქცეული ამბავი, რომელიც ქუთაისში მოხდა, ალბათ გსმენიათ... 

- მსმენია, ეს მართლა იყო ქუთაისში, წარმოიდგინეთ, როგორი გაუბედურებული დრო იყო, რომ მწვრთნელს საშუალება არ ჰქონდა წყლიან აუზში ჩაეტარებინა ცურვის გაკვეთილები. რა ექნა იმ ადამიანს? წყალს არ უსხამდნენ, ამიტომ საჭირო ილეთებს და მოძრაობებს ხმელეთზე ასწავლიდა. ერთი მხრივ, სახალისო ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი მწვრთნელები ჩემ თვალში გმირები არიან...

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- ახლა, კოვიდის დროს საცურაო აუზები მარტო წყლის კი არა, სპოტსმენების გარეშეც დარჩა...

- დიახ, კოვიდმა გააჩერა დედამიწა და აუზებიც გაჩერებულია. ისეთ დღეში ვარ, რომ უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია, ყველა სპორტსმენი და მწვრთნელი, ვინც ისინი პროფესიონალად ჩამოაყალიბა. კოვიდის გამო ჩემპიონატებიც შეწყდა. ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება, რომ ვარჯიში განვაახლოთ და საყვარელ საქმეს დავუბრუნდე...

 

157
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

0
(განახლებულია 12:27 20.01.2021)
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანაა ბაზის პერიმეტრის დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება.

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მე-13 ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.

მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ.

 მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

0
თემები:
საქართველოს თავდაცვა