ძირტკბილას ყვავილი

ძირტკბილას სასარგებლო თვისებები

101
(განახლებულია 09:40 22.02.2021)
არაჩვეულებრივი მცენარე – ძირტკბილა აგიმაღლებთ იმუნიტეტს, დაგეხმარებათ შეებრძოლოთ გაციებას, ვირუსებსა და ბაქტერიებს, განსაკუთრებით ეფექტურია ხველებისა და ბრონქიტის დროს

ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra) — პარკოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.  მისი სამშობლოა სამხრეთ ევროპა და ნაწილობრივ – აზია. კარგად ხარობს საქართველოში.

ძირტკბილას, ძირითადად ფესვებს, უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. ის მოხსენებულია ჯერ კიდევ ებერსის პაპირუსში (ჩვ. წ. აღ.–მდე მე–16 ს.), შუმერების ცხრილებში, ძველბერძენი მეცნიერების ნაშრომებში.

დიდად არის დაფასებული ეს მცენარე აღმოსავლურ მედიცინაში. ჩინეთში ძირტკბილა, ჟენშენის მსგავსად, უძლიერეს მატონიზირებელ საშუალებად, ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტად მიიჩნევა. ტიბეტურ მედიცინაში მცენარის ფესვები შედის სხვადასხვა რთული ნარევების შემადგენლობაში, რომლებსაც ამზადებენ ნივთიერებათა ცვლის, კიბოს, გულის დაავადებების, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის.

ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.

მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები>>

ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებში შედის საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთი და სხვა ნივთიერებები.

ძირტკბილას ხალხურ მედიცინაში იყენებენ ძირთადად შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ხველება, გაციება, ყივანახველა, ბრონქული ასთმა, პნევმონია, კუჭნაწლავის დაავადებები.

ძირტკბილას, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, რომლებიც აგებულებით სტეროიდულ ჰორმონებს ჰგავს, იყენებენ, როგორც ძლიერ საშუალებას სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს. 

ძირტკბილა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. 

ასევე, ძირტკბილა შეკრულობისას გამოირჩევა მსუბუქი გამხსნელი ეფექტით; არის შარდმდენი საშუალება. ის გამოიყენება სიმსივნეების პროფილაქტიკისა და მისი განვითარების შეჩერებისთვის. ძირტკბილა ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას ახდენს, ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანტიალერგიული მოქმედება.

ძირტკბილას აქვს უნარი, შეახორცოს დაჩირქებული ჭრილობები. ადამიანებს, რომლებსაც ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ან ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრბლემები აქვთ, სახალხო მკურნალები ამ მცენარის გამოყენებას ურჩევენ.

ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>

ძირტკბილას სამკურნალო თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მას ასევე იყენებენ ყელის ტკივილის, ართრიტის, დაბალი არტერიული წნევისა და დერმატიტის დროსაც კი. მას შეძლია ხელი შეუწყოს ადისონის (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა) და ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე საჭმლით ან წამლით მოწამვლისას.

ძირტკბილას გამოყენება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს თირკმელების დაავადება, გაცხიმოვნება, ჰიპერტონია (ანუ მაღალი არტერიული წნევა), ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა, ჰიპოკალიემია (კალიუმის დაბალი შემცველობა), ასევე არასასურველია მისი მიღება ორსულობისას და სხვ.

ასევე, ამ მცენარის გამოყენება არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში (4–6 კვირაზე მეტხანს).

გთავაზობთ ძირტკბილასგან სამკურნალო ნაყენების დამზადების რამდენიმე რეცეპტს:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს თერმოსში დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ.

თუ ხშირად ცივდებით – იმუნიტეტის ამაღლებისთვის 

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ. კურსი ჩაიტარეთ 3–4 კვირის განმავლობაში.

ძირტკბილას ფესვები
ძირტკბილას ფესვები

პროსტატის ადენომისთვის

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ. რომ გაცივდება, გადაწურეთ. მიიღეთ 2–3 ჭიქა ჭამამდე 30–40 წუთით ადრე, დღეში სამჯერ.

ბრონქიტის, ბრონქულის ასთმის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.

ნაბახუსევზე

დაღეჭეთ ფესვის პატარა ნაწილი, ეს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

ალერგიული დერმატიტის, ეგზემის დროს

დაქუცმაცებული ფესვს დაასხით მდუღარე წყალი, თანაფარდობა – 1:10. გააჩერთ თერმოსში მთელი ღამე. დილით გადაწურეთ. კარგად დაასველეთ მასში ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე 1 საათით, დღეში 1–3–ჯერ. შეგიძლიათ დოლბანდით მიიმაგროთ.

101
თემები:
სასარგებლო რჩევები (472)
ნიახური

მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა ნიახური

500
(განახლებულია 18:24 03.03.2021)
თითოეული ჩვენგანი სავარაუდოდ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რამდენად სწორად ვიკვებებით ან ვარჩევთ საკვებს.

 

კვება ხომ ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

ნიახური
ნიახური

და, მაინც, როგორია სწორი, რაციონალური კვება? ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ. სრულ ინფორმაციულ ქაოსში ნამდვილად ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით დავამსხვრიოთ მითი ნიახურის შესახებ. ნიახური რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა, ამაზე არ ვკამათობთ, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ. კერძოდ, აგიხსნით, როდის ხდება ნიახურის  ჭამა ჯანმრთელობისთვის საზიანო.

ორი სიტყვით შევეხოთ მის სასარგებლო თვისებებს: ნიახურში  არის უამრავი ვიტამინი (A, B1, B2,B3, B5, B6, B9,B12,C, D, E, K), მინერალი (კალციუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია), ნახშირწყალი (შაქარი, დიეტური ბოჭკო), ცილა, ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმები. ასევე, ნიახურის ღეღოსა და ფესვში არის ეთერზეთი, რომელიც ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას.

ნიახური ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, ხელს უწყობს ინფექციური დაავადების პრევენციას, კურნავს თირკმელების და შარდსასქესო სისტემის დაავადებებს, აძლიერებს იმუნიტეტს და ა.შ.

დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს, მიიღოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, მათ შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს ნიახურიც.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც უამრავი ადამიანი ნიახურს მიირთმევს, ისაა, რომ ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს.

ნიახური
ნიახური

არსებობს, თეორია, რომ ზოგიერთი საკვები იმდენად მცირე კალორიას შეიცავს, რომ მათი ღეჭვისა და მონელების დროს  უფრო მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე ორგანიზმი შეითვისებს. მაგალითად, ნიახურის ღერიც მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს და მისი დაღეჭვა უფრო ბრძნული არჩევანია, ვიდრე ჩიპსის ჭამა.

მაშ, სადაა პრობლემა? იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრ ნიახურს მივიღებთ, სარგებლის ნაცვლად მან შეიძლება პრობლემები გაგვიჩინოს, თანაც ისეთი, რომ ნებისმიერ სარგებელს გადააჭარბოს.

კერძოდ, ნიახურში ბევრია ხსნადი ბოჭკო და ნატრიუმი. მიუხედავად იმისა, რომ ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარ დიეტას უამრავი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, ბოჭკოს რაოდენობის უეცარმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გაზები, ყაბზობა და ტკივილი. ასევე, ძალიან ბევრი ნატრიუმი მავნებელია წნევისთვის.

ამიტომ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო ნიახურის ჭამა არ გაგვაჯანსაღებს. ადამიანს სჭირდება ბოსტნეულის ჯანსაღი ნაზავი, რათა მივიღოთ ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები.

ბოლოს კი ნიახურისგან მომზადებულ ორ რეცეპტს შემოგთავაზებთ: პირველი სწრაფად მოგიხსნით დაღლილობას, მოთენთილობას და გაგამხნევებთ, მეორე კი - ნერვული აშლილობის დროს დაგამშვიდებთ.

დაღლილობის მოსახსნელად: მსხვილ სახეხზე გახეხეთ ნიახურის ძირები, მოტკბო-მომჟავო გათლილი ვაშლი და საშუალო ზომის სტაფილო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 2 ს.კ. ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილი გემოვნებით. დაასხით ნაკლებ ცხიმიანი არაჟანი, ან მცენარეული ზეთი.

დასამშვიდებლად: ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, დღეში 8 ჩ.კ.ნარევი. ასევე, ნერვული სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა თანაბარი რაოდენობით აღებული ნიახურის წვენისა და სტაფილოსგან მომზადებული ნარევი.

 

500
ყავის ხე

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

1137
(განახლებულია 16:51 01.03.2021)
ეს საზიზღარი ყავის დამსახურებაა, რომელმაც... ჩვენი ქმრები საჭურისებად აქცია... ისინი სახლში ლიმონივით გამოწურული მოდიან, მთელ მათ ორგანიზმში არაფერია მაგარი, გარდა ძვლებისა და არაფერია წამოცქვეტილი, გარდა ყურებისა – აღნიშნავდნენ ქალები პეტიციაში.

არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელსაც ყავა ერთხელ მაინც არ დაულევია? ალბათ, არა. უმრავლესობისთვის ყავა ყოველი დილის სასიამოვნო და „სავალდებულო“ რიტუალია.

ყავაზე უამრავი რამ დაწერილა — კარგიც და ცუდიც. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტსა და ისტორიას შემოგთავაზებთ ყავის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

ლეგენდა ყავაზე

ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ყავის ხის უნიკალური თვისებები პირველად ეთიოპიელმა მწყემსმა ქალდიმმა დაახლოებით 850 წელს აღმოაჩინა. მას თავისი ფარა მთის ფერდობებზე გადაჰყავდა. ქალდიმმა ყურადღება მიაქცია, რომ როდესაც თხები ყავის ხის ფოთლებს ჭამდნენ, უცნაურად იქცეოდნენ — იწყებდნენ სირბილს, ხტომას. მწყემსმა ამის თაობაზე ადგილობრივი მონასტრის მოძღვარს უამბო. მან გარისკა და თავად გასინჯა ყავის ხის ნაყოფი და ნახა, რომ მას მატონიზირებელი ეფექტი ჰქონდა. მოძღვარმა გადაწყვიტა, რომ ამ ნაყოფის ნახარში სასარგებლო იქნებოდა მისი მონასტრის ბერებისთვის, რათა მათ გრძელი ღვთისმსახურების დროს არ ჩასძინებოდათ. ყავის ფოთლებისა და ნაყოფისგან ნაყენის დამზადება ამ მონასტრის ტრადიცია გახდა, შემდეგ კი პოპულარობა მოსახლეობაშიც მოიპოვა.

ყავის მოხალული მარცვლები
ყავის მოხალული მარცვლები

სასმელი გავრცელდა ეთიოპიაში, შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე და აქედან კი უკვე ჯერ ევროპასა და აზიაში, შემდეგ ამერიკაში.

ამჟამად ყავა სხვადასხვა კონტინენტზე მოჰყავთ და მისი 100-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. წარმოების ადგილის მიხედვით ყავა სამ ჯგუფად იყოფა: ამერიკული, აფრიკული და აზიური. ყავის უმაღლესი სახეობები სიმაგრითა და არომატით გამოირჩევა.

ყავის გავრცელების ისტორია ევროპაში და კურიოზული ფაქტები

ევროპაში ყავა მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა. მას თითქმის მე-18 საუკუნემდე განსაკუთრებით აფასებდნენ. მოგვიანებით ის მავნე სასმელების რიცხვს მიაკუთვნეს და მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა ის კვლავ პოპულარული.

ფინჯანი ყავა და სიყრუე მამაკაცებში: მეცნიერული კვლევის შედეგი>>

პირველად ყავა ევროპაში ვენეციელმა ვაჭრებმა თურქეთიდან შეიტანეს. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ევროპაში კიდევ ორი სასმელი — ყავის „მთავარი კონკურენტები“ — ცხელი შოკოლადი (რომელიც ამერიკიდან ესპანელებმა ჩამოიტანეს 1528 წელს) და ჩაი (ევროპაში პირველად 1610 წელს გამოჩნდა) შემოვიდა. ყველაზე ცნობილი ვენეციური ყავახანა „კაფე ფლორიანი“ სან-მარკოს მოედანზე 1720 წელს გაიხსნა და ის დღემდე მუშაობს. ასევე საინტერესოა, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Lloyd ლონდონში თავდაპირველად 1688 წელს ედვარდ ლოიდმა გახსნა როგორც ყავახანა Lloyd's of London. ლოიდი ამზადებდა გემების სიებს, რომლებსაც მისი კლიენტები აზღვევდნენ.

ნაპოლეონ მესამის სალონი ლუვრში
ნაპოლეონ მესამის სალონი ლუვრში

უნდა აღინიშნოს, რომ ყავას მოწინააღმდეგეები ევროპაში, კერძოდ, ინგლისში მალევე გამოუჩნდნენ. მაგალითად, 1674 წელს ყავის წინააღმდეგ გამოაქვეყნეს პეტიცია „ქალთა შუამდგომლობა ყავის წინააღმდეგ“, სადაც ქალები ჩიოდნენ, რომ „მამრობითი სქესის წარმომადგენლებს არასდროს ჩაუცვამთ უფრო ფართო ბრიჯები და, ამავე დროს, არასდროს ასე ცოტა არ ყოფილა მათში მამაკაცური ღირსება!“ ეს კი „საზიზღარი, ყავად წოდებული წარმართული ლიქიორის დამსახურებაა, რომელმაც… ჩვენი ქმრები საჭურისებად აქცია… ისინი სახლში ლიმონივით გამოწურული მოდიან, მთელ მათ ორგანიზმში არაფერია სველი, გარდა ცინგლიანი ნესტოებისა, არაფერია მაგარი, გარდა ძვლებისა და არაფერია წამოცქვეტილი, გარდა ყურებისა“.

ქალების პროკლამაციას მამაკაცებმა „მამაკაცური პასუხი გასცეს“ და დაიცვეს დაუმსახურებლად გალანძღული სასმელი.

XIX საუკუნეში ყავამ მიიღო განსაკუთრებული სტატუსი, როგორც ბოჰემურმა და საკრალურმა სასმელმა. მოდური გახდა მის ნალექზე მკითხაობა. ყავის მოყვარულთა შორის იყო უამრავი ცნობილი ადამიანი – ლუდოვიკო XIV, ვოლტერი, ბახი, ბეთჰოვენი, ეკატერინე II, ნაპოლეონ ბონაპარტი, ბალზაკი და სხვები. ნაპოლეონმა ყავის მომზადების რეცეპტიც კი შექმნა.

ბიზანტიური მატიანედან ვიგებთ, რომ 1453 წელს კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბულში იყო მაღაზია, რომელიც საოცარი სასმელით ვაჭრობდა. ალბათ დაგაინტერესებთ, რომ თავდაპირველად ყავა მზადდებოდა, როგორც ყავის მარცვლების გამომშრალი გარსის ნახარში. მაგრამ კონსტანტინოპოლში ყავას უკვე ხარშავდნენ მოხალული და დაფქული მარცვლებით, რომელიც შემოჰქონდათ თურქებს. იქვე გაიხსნა ყავის სახლი და მსოფლიოში პირველი ყავის მაღაზია — Kiva Han.

თავდაპირველად ყავახანები მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ საშუალო კლასის ქალები „კაფეჰაუზენში“ გაერთიანდნენ
თავდაპირველად ყავახანები მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ საშუალო კლასის ქალები „კაფეჰაუზენში“ გაერთიანდნენ

თურქეთში ყავა იმ დროს უკვე საკმაოდ პოპულარული იყო. თურქული კანონებით, ქალს ჰქონდა უფლება, გაშორებოდა ქმარს, თუ იგი ცოლის ყავით უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. არსებობდა ასეთი გამოთქმა – „ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი“. არსებობს ყავის მომზადების რამდენიმე წესი. აქედან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აღმოსავლური, ანუ თურქული წესით მომზადებული ყავა.

საინტერესოა ყავის ტრადიციების დამკვიდრების ისტორია გერმანიაშიც. პირველი ადამიანი, რომელმაც ევროპელებს 1596 წელს ყავის მარცვლები გააცნო, გერმანელი ნატურალისტი ბელუსი იყო. 1675 წელს ჰოლანდიელმა იან დანცმა, პროფესიით ექიმმა, ყავის მარცვლები ჩრდილოეთ გერმანიაში ჩაიტანა და ბრემენში ყავახანა გახსნა. იმავე წელს პირველი ყავახანები ასევე გაიხსნა ჰამბურგსა და ჰანოვერში. მე-18 საუკუნის დასაწყისში ბერლინში უკვე 10 ყავახანა იყო, ხოლო ლაიფციგში — 8.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ყავახანები უპირატესად მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ასე რომ, საშუალო კლასის ქალები „კაფეჰაუზენში“ (Kaffeekräntschen — ყავის მოყვარულთა კლუბი) გაერთიანდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გერმანიაში ჩამოყალიბდა ქალთა არისტოკრატიული ყავის საღამოების ტრადიცია. მამაკაცები ამ ქალებს kaffeeklatsch-ს, ანუ ყავის ჭორიკნებს უწოდებდნენ. ისიც საინტერესოა, რომ მუშათა კლასს ყავის სმა ეკრძალებოდა იმ საბაბით, თითქოს ის უშვილობას იწვევს. მაგრამ ამან მხოლოდ შავი ბაზრის აყვავება გამოიწვია. უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში ყავის სმაზე ნებართვა კვლავ გაიცა.

ყავახანა იერუსალიმში (1868 წ.)
ყავახანა იერუსალიმში (1868 წ.)

ყავის საღამოები მალე მთელ გერმანიაში გავრცელდა. გერმანული „კაფეჰაუზენების“ უმრავლესობა ამავდროულად მუსიკალურ სალონებსაც წარმოადგენდა და იქ კონცერტები იმართებოდა.

1720 წლიდან მოყოლებული, 20 წლის განმავლობაში ლაიფციგში, „ციმერმანს კოფეჰაუზში“ (ციმერმანის ყავის სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა და ომის დროს დაბომბვის შედეგად დაინგრა) იოჰან სებასტიან ბახი კონცერტებს მართავდა. ამ ყავახანაში ბახი დროდადრო, მეპატრონის დაკვეთით, მუსიკას წერდა, რომელიც ყავის სახლში ზამთარში პარასკეობით და ზაფხულში — ოთხშაბათობით სრულდებოდა. სწორედ ბახის კალამს ეკუთვნის ხელოვნების ისტორიაში ყავისადმი მიძღვნილი პირველი ნაწარმოები — სახუმარო „ყავის კანტატა“ (შეიქმნა 1732-1734 წლებში გერმანელი პოეტის პიკანდერის ლექსის მიხედვით). ბახის მიერ ამ სახუმარო კანტატის დაწერის ერთ-ერთი მიზეზი გერმანიაში გაჩაღებული მოძრაობა იყო, რომელიც ქალებს ყავის დალევას უკრძალავდა იმ მიზეზით, რომ ის ქალების სტერილიზებას, ანუ უშვილობას უწყობდა ხელს. კანტატის საკვანძო არიაა „ოჰ, რა ტკბილია ყავის გემო! უფრო ნაზია, ვიდრე ათასი ამბორი, ვიდრე მუსკატის ღვინო!“

გერმანიაში ყოველ წელს, 26 სექტემბერს „ყავის დღე“ აღინიშნება.

ეს ცილისწამებაა – ყავა გულს არ ვნებს: ექიმი მითებს ამსხვრევს>>

ყველასთვის ცნობილია ყავის სასარგებლო თვისებები, მაგრამ „ბოროტი ენები“ იმასაც ამბობენ, ეს სასმელი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანიაო, მაგრამ რას გაიგებ… ფაქტია, რომ ყავამ საუკუნეებს გაუძლო, თავდასხმებსაც და აკრძალვებსაც და მაინც ადამიანთა უმრავლესობის უსაყვარლესი სასმელია. ერთი კია, გადაჭარბებული რაოდენობით ყველაზე სასარგებლო პროდუქტიც კი შეიძლება საწამლავად იქცეს და, მეორე მხრივ, საწამლავიც სასარგებლოა მცირე დოზით. ასე რომ, ენდეთ ინტუიციას…

ყავის პლანტაცია
ყავის პლანტაცია

და, ბოლოს, მეცნიერების დამსახურებით, ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. წაიკითხეთ რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღე ყავა.

•    ყავა ანტიოქსიდანტების ძირითადი წყაროა. ადამიანის სხეული ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.

•    ყავის სურნელს ანტისტრესული ეფექტი აქვს. კორეელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ცილებზე, რომლებიც ტვინის დაძაბულობასთან არის დაკავშირებული, და პოზიტიურად აზროვნებას ეხმარება.

•    ყავა პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირებას ეხმარება. 2012 წელს სამეცნიერო ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ ყავა პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებს საკუთარი მოძრაობების გაკონტროლებაში ეხმარება.

•    ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ალკოჰოლური სასმელები უყვარს). 22 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვინც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამდა დღეში, ციროზის განვითარების ალბათობა 20%-ით შეუმცირდა.

•    ყავა ამცირებს თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებას. დღეში 2-4 ჭიქა ყავას თვითმკვლელობის რისკის შემცირება 50%-ით შეუძლია.

•    ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს ქალებში.

თურქული ყავა
თურქული ყავა

•    აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს. კოფეინი ზრდის სისხლში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც კუნთებს ცხიმის შთანთქმისა და დაწვის, მის სხვა ენერგიად გარდაქმნის საშუალებას აძლევს. ეს ნახშირწყლების მარაგის შენახვას უწყობს ხელს, რომელსაც ორგანიზმი მოგვიანებით გამოიყენებს.

•    ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში სულ ცოტა ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, მათში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება.

•    ყავა ტვინის ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს. ეს ტელეკომპანია CNN-მა დაამტკიცა.

•    ყავას შეუძლია უფრო ბედნიერი გაგხადოთ. ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: ადამიანები, რომლებიც კვირაში თუნდაც ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილი დეპრესიისადმი, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ყავას საერთოდ არ სვამენ.

1137
თბილისის აეროპორტი

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

0
ქვეყანაში შემოსვლა შემსუბუქდება მხოლოდ მათთვის, ვინც ავიარეისებით ჩამოვა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.

„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს, ასევე რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • საქართველოში ამ ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ საჰაერო გზით, დასაშვებია ტრანზიტი მესამე ქვეყნების გავლით;
  • საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს უცხოეთის მოქალაქეებმა საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტარონ განმეორებითი PCR–ტესტი;
  • სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წინ საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია და საკუთარი საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.).

იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12-დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის განმეორებით ჩატარება მესამე დღეს.

0