ატამი

დღეგრძელობის სიმბოლო ატამი და მისი სასარგებლო თვისებები

1043
(განახლებულია 19:34 27.07.2020)
ატმის სამშობლოა ჩინეთი, სადაც მისი კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყეს. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ატამი (Prúnus pérsica) – ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად ნაყოფით განსხვავდება. არსებობს ატმის ხუთი ათასამდე კულტურული ჯიში.

ატმის დასახელება Prúnus pérsica სპარსეთთან იწვევს ასოციაციას, თუმცა მისი სამშობლოა ჩინეთი, სადაც ამ ხილის კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყო. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

Сбор урожая персиков
© photo: Sputnik / Taras Litvinenko
ატამი

თანდათანობით ატამი გავრცელდა ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის სპარსეთში, საიდანაც ალექსანდრე მაკედონელის წყალობით სამხრეთ ევროპაში მოხვდა. საფრანგეთში, ბრიტანეთსა და აშშ-ში ატამი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გავრცელდა.

ატამი უაღრესად სასარგებლო ხილია. ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე თავისი მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით.

ატმის კალორიულობა და შემადგენლობა

ატმის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 46 კკალორიაა.

ატამი მდიდარია შაქრებითა და უჯრედისით, რაც მას ენერგიის ფასეულ წყაროდ აქცევს. ატამში ბევრია კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, ფტორი, სელენი, სპილენძი, ნატრიუმი, ვიტამინები: А, С, В–ჯგუფის, Е, К, РР, D, ანტიოქსიდანტები, პექტინები, ორგანული მჟავები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. საშუალო ზომის ატმის ¾ საკმარისია С ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად.

ტყემლის სასარგებლო თვისებები>>

ატმის სასარგებლო თვისებები

ატამი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

კალიუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით ის სასარგებლოა ანემიის, გულის დაავადებების, სტრესის დროს. ატამი რეკომენდებულია მძიმე ავადყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენისთვის.

ატამი სასარგებლოა გულის რიტმის დარღვევების დროს, ჰიპერტონიისას. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.

ატამი ხელს უწყობს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას, აბრკოლებს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ატამში შემავალი ნივთიერებები კიბოს უჯრედების განვითარებას ანელებს.

ატამი სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებისთვის.

ატამი დადებითად მოქმედებს კუჭის დაავადებების დროს, კერძოდ, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას. ხილს აქვს შარდმდენი ეფექტი, ამდენად, ხელს უწყობს თირკმელებიდან ქვიშის გამოდევნას.

ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>

ხილი აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას.

ატმის ფოთლები და ყვავილები ასევე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი ნახარში გამოიყენება როგორც კუჭში გამხსნელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ატმის კურკის ნაყენი კარგია როგორც ოფლმდენი საშუალება გაციებისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს.

ატმის კურკა არის ნუშის ზეთისა და ვიტამინ B17-ის წყარო.

არომათერაპიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ატმის არომატი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.

რეკომენდაციები:

ატმის კურკა ტოქსიკურია.

ატმის კანის ბუსუსებმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

შაქრიანი დიაბეტის დროს საჭიროა ზომიერების დაცვა. ასევე დიდი ოდენობით არ შეიძლება ატმის მიღება ჭარბწონიანობის, გასტრიტის მომატებული მჟავიანობით, დიარეის დროს.

1043
თემები:
სასარგებლო რჩევები (323)
ვიტამინები თეფშზე

D ვიტამინი იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი

649
(განახლებულია 17:21 19.10.2020)
D–ვიტამინი სხვა ვიტამინების უმრავლესობისგან განსხვავდება. ის ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ძვლების, გულის ჯანმრთელობასა და ანთებით რეაქციებზე, მისი დეფიციტი კი უამრავ პრობლემას ქმნის.

D–ვიტამინი ცხიმხსნადი ვიტამინია. ის სხვა, ადამიანის ორგანიზმისთვის აუცლებელი ვიტამინების უმრავლესობისგან განსხვავდება. D–ვიტამინი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი. ის მოქმედებს, როგორც პროჰორმონი და ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე და იმუნურ სისტემაზე.

ცნობილია, რომ D–ვიტამინის ყველაზე დიდ რაოდენობას, დაახლოებით 80%-ს ადამიანის ორგანიზმი მზისგან იღებს, ხოლო დანარჩენს – საკვებიდან.

ამ ვიტამინის შემცველი პროდუქტების გამოყენება ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. არის D–ვიტამინი დანამატების სახით და ასევე მისი მიღება, რა თქმა უნდა, პროდუქტების სახით შეიძლება.

რატომ არის D–ვიტამინი სასარგებლო

როგორც აღვნიშნეთ, ეს ვიტამინი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც უფრო ჰორმონი, ვიდრე ვიტამინი. ის ზეგავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერების მუშაობაზე, გულის ჯანმრთელობასა და ანთებით რეაქციებზე.

კერძოდ:

უფრო ძლიერი ძვლები

ძლიერი ძვლები ყოველთვის კალციუმს უკავშირდება, მაგრამ არ შეიძლება D–ვიტამინის როლის დაკნინება. ის მოქმედებს, როგორც ძვლებში კალციუმის გადინების ძლიერი სტიმულატორი და ამით ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცესა და ჯანმრთელობას. D–ვიტამინი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ფოსფორის დონის შენარჩუნებას, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძვლების ჯანმრთელობისთვის.

სენსაციური აღმოჩენა: დიდი რაოდენობით ვიტამინი D მეორე ტიპის დიაბეტს კურნავს>>

იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

D–ვიტამინის ოპტიმალური დონე ადამიანის ორგანიზმს გრძელვადიან პერსპექტივაში რგებს. ცნობილია, რომ ამ ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებში მეტია რისკი მაღალი არტერიული წნევისა, გულთან და ჰიპერტონიასთან დაკავშირებული პრიობლემების.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

D–ვიტამინი ეხმარება იმუნური სისტემის „მკვლელ უჯრედებს“. ეს „ქილერი–უჯრედები“ ორგანიზმში უმოქმედოდ არიან, სანამ პათოგენების განადგურებისთვის არ გახდებიან საჭირო. ისინი სხეულის გასააქტიურებელ სიგნალებს ელოდებიან. ვიტამინი D კი ამ სიგნალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ამცირებს II ტიპის დიაბეტის რისკს

II ტიპის დიაბეტმა ადამიანის ჯანმრთელობას მრავალი პრობლემა შეიძლება შეუქმნას. ამ ტიპის დიაბეტის რისკის შემცირებაში ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი არასაკმარისი დონე ორგანიზმში უარყოფითად აისახება ინსულინის სეკრეციასა და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე.

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

D–ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ეხმარება ორგანიზმს, დააბრკოლოს სხვადასხვა ტიპის კიბოს წარმოქმნა, როგორიცაა, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის, ძუძუს, საკვერცხეებისა და პროსტატის კიბო. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების 70%-ს D–ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდა.

შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა - ისე სჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო>>

ჯანმრთელი ორსულობა

ორსულებში, რომლებსაც D–ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, მაღალია საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლობა. ეს ასევე უკავშირდება გესტაციურ დიაბეტსა და ბაქტერიულ ვაგინოზს. ამ ვიტამინის დაბალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ატოპიური და ალერგიული საბავშვო დაავადებები (მაგალითად, ასთმა, ეგზემა, დერმატიტი ჩვილებში).

ეხმარება ორგანიზმს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისგან დაცვაში

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ქალის უნაყოფობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის მქონე ქალებში ბევრს ჰქონდა D–ვიტამინის ნაკლებობა.

D–ვიტამინის დეფიციტი იწვევს ძვლების შერბილებას (ოსტეომალაციას), ან ძვლების ანომალიას (რაქიტი).

მისი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • დაბალი ლიბიდო
  • უნაყოფობა
  • განგაშის შეგრძნება
  • დეპრესია

შვიდი ყველაზე საუკეთესო პროდუქტი D–ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად:

1. ვირთევზას ღვიძლის ცხიმი

ვირთევზას ღვიძლის ცხიმი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი პოპულარული წყაროა. ამას გარდა, ის D–ვიტამინის მდიდარ წყაროსაც წარმოადგენს. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ძვლების განმტკიცებას, აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აბრკოლებს გულის დაავადებებს და ამცირებს კიბოს რისკს.

2. ორაგული

ორაგული ბევრს მოსწონს. მასში დიდი რაოდენობითაა ცხიმი, რითიც D–ვიტამინის კარგ წყაროდ მიიჩნევა. D–ვიტამინი ორაგულში ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და სახსრებისთვის, იცავს ნერვულ სისტემას ასაკობრივი დაზიანებებისგან და ერთგვარი ანტიდეპრესანტის როლიც შეიძლება შეასრულოს.

3. აუდუღარი რძე

რძეც ასევე საკმაოდ კარგი წყაროა D–ვიტამინის. ერთი ჭიქა რძე ამ ვიტამინის მოთხოვნილების 20%-ს უზრუნველყოფს. უპირატესობა მიანიჭეთ ცხიმიან რძეს და არა უცხიმოს. რძის სხვა პროდუქტები, მაგალითად, ყველი, ნაყინი, იოგურტი, D–ვიტამინს არ შეიცავს.

4. სოკო

სოკო ერთადერთი მცენარეული პროდუქტია, რომელიც D–ვიტამინს შეიცავს. ის ასევე მდიდარია B–ვიტამინებით – B1, B2 და B5 და სპილენძით.

5. ყველი „რიკოტა“

ყველი „რიკოტა“ (Ricotta, იტალიური შრატის ყველი, მზადდება ცხვრის, ძროხის, თხის ან იტალიური კამეჩის რძის შრატისგან) რძის ნაწარმში ერთადერთი წყაროა D–ვიტამინის. ყველის სხვა სახეობებისგან განსხვავებით მასში ხუთჯერ მეტი D–ვიტამინია.

6. სკუმბრია

თევზის ეს სახეობა D–ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. ის ასევე ომეგა-3-ის მდიდარი წყაროა, რაც სკუმბრიას გულის, ძვლების, სახსრებისა და ორგანიზმის ზოგადი განვითარებისთვის ძალზე სასარგებლო პროდუქტად აქცევს.

7. კვერცხი

კვერცხში შედის D–ვიტამინი, მაგრამ მცირე რაოდენობით. ერთი კვერცხი დღეში ორგანიზმის D–ვიტამინის მოთხოვნილების 10%-ს აკმაყოფილებს. გარდა ამ ვიტამინისა, კვერცხი მდიდარია ცილებითა და ვიტამინით B12.

649
თემები:
სასარგებლო რჩევები (323)
ბეგქონდარა

შემოდგომის ნობათი: რომელი მცენარეები უნდა შევაგროვოთ ოქტომბერში

890
(განახლებულია 10:28 11.10.2020)
მწიფე და ბარაქიანი შემოდგომა უხვად გვასაჩუქრებს მცენარეული ნობათით. მოწეული ჭირნახულის დაბინავებასთან ერთად ვიზრუნოთ მწვანე აფთიაქის გამდიდრებაზეც.

ვაგრძელებთ სერიას და კვლავ გთავაზობთ სამკურნალო მცენარეებს, რომელთა შეგროვება ოქტომბრის თვეში უნდა მოხდეს.

ფითრი (Viscum album L, მესხური – ბიდნა; გურული, აჭარული – მადა; ჭანური – ჭაბუ, მცხული კაკა; მეგრული – ლიყვი, ლეყვი; სვანური – ჭაგვ, ფითირ) – რომაული სიტყვაა და ნიშნავს მსუბუქ ნაყოფს. მცენარეს ქართული სახელი „ფითრი" მისი ნაყოფების ძლიერი სითეთრის გამო ეწოდა. ანტიკური დროიდან პოპულარული ფითრი საყოველთაოდ აღიარებული სამკურნალო მცენარეა. მისი გამოყენება უფრო ინტენსიურად XVI საუკუნიდან იწყება, როგორც ძლიერი დამამშვიდებელი საშუალება ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს. ფითრის მზა ნედლეულს აქვს სუსტი მომწარო სუნი და სასიამოვნო გემო. იხმარება არტერიებში კალციუმის მარილების დაგროვების (არტერიოსკლეროზი) დროს, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ეს მარადმწვანე მრავალწლოვანი მცენარე პარაზიტობს მერქნიან ტყის ფოთლოვან სახეობებზე (მუხა, ვაშლი, მსხალი და სხვ.) და გავრცელებულია მთელ საქართველოში. გასულ საუკუნეში ფითრიდან მიიღეს პრეპარატი ვისკულენი, რომელსაც აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და წნევის დამწევი მოქმედება. ფითრის ფოთოლი შეიცავს დიდი ოდენობით ორგანულ მჟავებს, შაქრებს, მწარე, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ფისებს, ნაცარს. ფითრის ფარმაცევტული პრეპარატები გამოიყენება ართროზის და ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ. სამკურნალო მიზნით გროვდება ყლორტები მთელი წლის განმავლობაში.

ვაზი (Vitis vinifera L., დასავლური – ვენახი; ჭანური, მეგრული – ბინეხი, ბენეხი; სვანური – ვააზ, ღვაზ) – ყურძნის ღვინოსა და მცენარის ფოთლებში დიდი ოდენობით შემავალი საქაროზა, ინვერტული შაქარი, გლუტამინი, ქოლინი, ქვერცეტინი, კაროტინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, მინერალური მარილები და ბიოოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებები განსაკუთრებულად ღირებულს ხდის ამ მცენარეს. ვაზის სხვადასხვა ფერის და გემოს ნაყოფები უხსოვარი დროიდან იხმარება სამკურნალო მიზნით. ამისთვის ყურძნის წვენს აცლიან დადუღებას, დადუღებულს ასუფთავებენ ნახშირით, გასუფთავებული წვენიდან კი იღებენ თეთრი ღვინის ქვას, რომელსაც სვამენ როგორც კუჭის ამშლელ საშუალებას. ცნობილია, რომ ვაზის ნაყოფს აქვს მადის მომგვრელი და გამასუქებელი მოქმედება. ძველად საქართველოში სიგამხდრის დროს ყურძნის წვენს ასმევდნენ ბავშვს. ქიშმიშს უმატებდნენ საგულე ჩაის, რძეში მოხარშული ქიშმიშის ნახარშით მკურნალობდნენ კბილისა და ღრძილების ჩირქოვან ანთებებს, ღვინოს სამკურნალო მიზნით იყენებდნენ გულის აღმგზნებად კოლაფსის შემთხვევაში და შესაზელად სიცხის დასაწევად მალარიის დროს. კახეთში შავი ყურძნის მარცვლებს აყრიან შაქარს და მუწუკების და ჩირქგროვების მოსამწიფებლად იდებენ საფენის სახით. ყურძნის წიპწას მრავალძარღვასთან ერთად იყენებენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.

ცოცხანა, ცოცხობა (Verbena officinalis L., იმერული – შავი ცოცხი, სამაჭრია; რაჭული, კახური – ცოცხმაგარა; გარეკახური, ქიზიყური – ჩადი; ლეჩხუმური – მოზვრიკუდე; გურული – ცოცხა-ცოცხა, ცახა-ცახა; ინგილოური – კარაზანა; მეგრული – მაქოსალაია, მაწკინტია, ჩე ოქოსალე) – ეს მცენარე ღმერთებისთვის შესაწირავად მიჰქონდათ და გვარის ლათინური სახელიც (Verba) ნიშნავს გაღმერთებულს, საფიცარს. მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ კოლხები, ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები და კელტები, რაც კარგად ჩანს ამ ხალხების ზეპირსიტყვიერებაში, უძველესი დროიდან შემონახულ ხელნაწერებსა და სამკურნალო წიგნებში. ცოცხანათი მკურნალობდნენ მრავალ დაავადებას, იყენებდნენ ჭრილობების შესახორცებლად, მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სალბუნს და ჯადოქრულ მალამოს. სამკურნალო მზა ნედლეული უსუნოა, აქვს მწარე, მკაწრავი გემო. აქვს შარდმდენი მოქმედება და გამოდის სხვადასხვა შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში ფერადი და თირკმლის ჩაის სახით. ურევენ აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებ წყალში. ცოცხანა იზრდება ტენიან ადგილებში, ნათესებში და რუდერალურ ადგილებზე მთის შუა სარტყლამდე აფხაზეთში, იმერეთში, აჭარასა და ქართლში. კავკასიის ხალხები მის წვენს, ან ნახარშს სვამენ მუცლის ჭრითი ტკივილების დროს და ჩაჭედილი თიაქრით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. ცოცხანას წვრილად დაჭრილ ფოთლებს, ქერის ფქვილს და კვერცხის ცილას ზელენ ერთად და სალბუნის სახით იდებენ ნაღრძობზე, შესიებულ ადგილებზე. დაწყლულებულ კანზე კი იდებენ მთლიანად დანაყილ მცენარეს. ფოთლების ნახარშის აბაზანები უებარი სამკურნალო საშუალებაა მალარიით, თავის ტკივილით და საერთო სისუსტით დაავადებულ ბავშვებში. სამკურნალო მიზნით გროვდება მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. სამეგრელოსა და სამტრედიაში მცენარეს ბაიას სახელით იცნობენ.

მაჟარა, სამატლე (Thalictrum spp., კახური – ფათალ-კოვზა; გარეკახური, ქიზიყური – გველის ჭყიმა; მთიულური – გველის წამალი; მოხევური – ციების წამალაი; სვანური – კვაცხ.; სამატლე - Thalictrum foetidum L. თუშური – მატლის ბალახი; რაჭული, ლეჩხუმური – დაჭრილის წამალი) – გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე ტყის პირებზე, ბუჩქნარებსა და ბალახოვან ფერდობებზე. ქართულ ხალხურ მედიცინაში მაჟარას ნახარშით იბანდნენ დაბინძურებულ ჭრილობებს და მკურნალობდნენ მტკივნეულ მენსტრუალურ ციკლს. მცენარის ნახარშს იყენებდნენ ვეტერინარიაშიც, დაბინძურებული ჭრილობების ჩამოსაბანად. საინტერესოა მაჟარას სხვა სახეობა – სამატლე, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმში ჭრილობების შესახორცებლად იყენებდნენ. მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილებს მთლიანად ახმობდნენ და შემდეგ დაფშვნილს იყრიდნენ ჭრილობაზე. მცენარე აბსოლუტურად უნაწიბუროდ აშუშებდა ჭრილობებს. სწორედ ამ თვისების გამო მეტად პოპულარული და ძვირფასი ყოფილა და რაჭაში სპეციალურადაც კი აშენებდნენ. მცენარის ფესვები შხამიანია და აქვს შარდმდენი მოქმედება. სამკურნალო მიზნით აგროვებენ ბალახს მაისის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე.

ბეგქონდარა (Thymus spp.) და ურცი (Thymus vulgaris) – ლათინურად ძლიერს, ღონიერს ნიშნავს და მართლაც, ამ გვარის წარმომადგენლები მძაფრი სუნით გამოირჩევიან. ბეგქონდარას უძველესი დროიდან იყენებენ ქალური დაავადებების სამკურნალოდ. ბეგქონდარას ნაყენი, ჩაი, ან ბალახეული ნაკრები უებარია ხველების დროს ნახველის გამოსადევნად, გაციების დროს ოფლის მოსაგვრელად, ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე ჭვლების დროს აბაზანების სახით.

ბეგქონდარას საქართველოში მთის ქონდარს და მწყემსის საკაზმსსაც უწოდებენ, რადგან მწყემსები ცხვრის ხორცის შესაკმაზად იყენებენ. გავრცელებულია მთის ქვედა და ზედა სარტყელებში მშალ ბალახიან და ქვიან ადგილებში, ღორღიან და კლდოვან სუბსტრატებზე, სუბალპურ ნესტიან მდელოებზე.

რაც შეეხება ურცს, მისი სამკურნალო მზა ნედლეული XVI საუკუნიდან ჩნდება გერმანიაში აფთიაქებში, აღწერილია ყველა სამკურნალო მცენარეთა და ნივთიერებათა ნუსხაში. ურცის მწვავე არომატული გემოს და სუნის ზეთს კი თიმოლის სახელით მოიხსენიებენ და გამოიყენება ხველებისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, შედის ხველების საწინააღმდეგო ყველა სახის ჩაის შემადგენლობაში. საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა პირის ღრუსა და ყელის გამოსავლები წყლის მოსამზადებლად და კბილის გამწმენდი პასტის შესაზავებლად. მცენარის მშრალი ფოთლები ეფექტურია სპაზმებისა და კრუნჩხვების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ძვლის მჭამელისა და ჭვლების დროს ჩაის სახით. ურცის სპირტიანი ნაყენით იზელენ დადამბლავებულ და მტკივნეულ ადგილებს რევმატიზმის დროს.

ბეგქონდარას და ურცის მიწისზედა მწვანე ნაწილებს ფესვების გარეშე აგროვებენ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. იყენებენ აგრეთვე, კულინარიაში საკმაზ-სანელებლად.

ფამფარა (Tragopogon graminifolium L., გარეკახური – ჰამზა; ქიზიყური – ფამფარო; ფშავური – ვაციწვერა; თუშური – მძივანა; სვანური – ჭაფხვირ) – გავრცელებულია ყველგან მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარში და მდელოებზე. საქართველოში ფამფარას მიწისზედა მწვანე ნაწილებს იყენებდნენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ და ზოგჯერ კუჭის ამშლელი ნაკრების შემადგენლობაში. აგრეთვე, როგორც ამოსახველებელი საშუალება. სამკურნალო მიზნით გროვდება მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილები – ბალახი მაისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით.

პირშუშხა (Cochlearia armoracia L., აჭარული – ხარდანი) – მცენარის ფესვს და ფოთლებს ამზადებენ აპრილის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით. იყენებენ როგორც მადის მომგვრელი, სისხლის გამწმენდი და ამოსახველებელი საშუალება. კულინარიაში – ცხარე საკმაზ-სანელებლად, მდოგვის შემცვლელად.

890
თემები:
სასარგებლო რჩევები (323)
ვლადიმერ ბორცვაძე

ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ  ოჯახებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

ბორცვაძემ  უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების დაზუსტებაზე და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.

„ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ, პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში