კალენდულა

კალენდულა, იგივე გულყვითელა და მისი სამკურნალო თვისებები

958
(განახლებულია 18:19 09.03.2020)
გულყვითელას სამკურნალო თვისებებს უძველესი დროიდან იცნობენ. სხვადასხვა ეპოქის ექიმები კალენდულას შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ჭრილობების, ძუძუს კიბოსა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.

კალენდულა, გულყვითელა (ლათ. Calendula officinalis) – რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.

გულყვითელა ივნისიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს. თესლი მწიფდება აგვისტოდან.

საქართველოში გავრცელებულია როგორც კულტურული, დეკორატიული და სამკურნალო მცენარე.

გულყვითელა, ანუ კალენდულა
გულყვითელა, ანუ კალენდულა

გულყვითელას სამკურნალო თვისებებს უძველესი დროიდან იცნობენ. ის პირველად ბერძნებმა დააფასეს. გულყვითელას მეშვეობით ისინი ჭრილობებს, ფურუნკულებსა და სიმსივნეებსაც კი მკურნალობდნენ. ერთი იმდროინდელი მეცნიერი იმასაც კი წერდა, რომ თუ ორსული დაპრესილ გულყვითელას საშოში მოითავსებდა, მუცელი მოეშლებოდა.

ცნობილია, რომ ავიცენა კალენდულის ნაყენით მკურნალობდა საჯდომი ნერვის ანთებას, მოწამვლას, გველის ნაკბენს, ქალებს მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად მცენარის ახლადგამოწურულ წვენს სთავაზობდა.

სხვადასხვა ეპოქის ექიმები კალენდულას შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ.

გულყვითელას ამერიკელები და ბრიტანელები ასევე წვნიან კერძებში, სალათებში ამატებენ, მისი ყვავილებით კი ხშირად სადღესასწაულო კერძებს რთავენ.

კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>

შემადგენლობა

ამ სამკურნალო მცენარის ყვავილი ბევრ კაროტინოიდს შეიცავს, სწორედ ამის წყალობით ყვავილი ნარინჯისფერია. რაც უფრო ნათელია ყვავილი, მით უფრო მეტი კაროტინია მასში. გარდა ამისა, კალენდულის ყვავილები შეიცავს პარაფინის რიგის ნახშირწლებს, საპონინს, მწარე ნივთიერებებს, ლორწოს, ფისებს, ფიტონციდებს, პროტეინებს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდკალენდილოზიდს, ტრიტერპენდიოლებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, სალიცილის), ასკორბინის მჟავას და ეთერზეთს, რომელიც აძლევს კიდეც ყვავილებს შესანიშნავ სურნელსა და ფიტონციდურობას.

ყვავილის მწვანე ნაწილები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ტრიტერპენულ საპონინებს. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, კალენდულის გამოყენებით დამზადებული პრეპარატები ფარმაკოლოგიაში გამოიყენება მცენარის ყვავილში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების, მაგალითად, კაროტინოიდების, ფლავონოიდებისა და ვიტამინების წყალობით.

კალენდულის სასარგებლო თვისებები

კალენდულის ზოგადი ზემოქმედების შესწავლისას კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარე ნაკლებტოქსიკურია და ინგიბირებულ მოქმედებას ახდენს საყრდენ–მამოძრავებელ აქტიურობაზე.

სამკურნალო მიზნით კალენდულას იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შეხორცების საშუალებას. ის გამოიყენება როგორც შინაგანი, ისე გარე მოხმარებისთვის. ამ მცენარეზე დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ, როგორც შემკვრელ, სპაზმოლიტურ, ნაღველმდენ და დამამშვიდებელ საშუალებას. ის აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს არტერიულ წნევას.

კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები>>

ძალიან ხშირად იყენებენ კალენდულას შინაგანი ორგანოების მკურნალობისთვის, ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად, როგორც ანტიკოაგულატურ, იმუნომოდულატორულ პრეპარატს. ახასიათებს სედატიური მოქმედება. ასევე არის შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ზოგადად ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება. ასევე კარგად მოქმედებს მამაკაცური პოტენციის ამაღლებაზე.

გულყვითელას ხშირად მიმართავენ კლიმაქსური სინდრომის დროს, ფართოდ გამოიყენება კანის, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ.

გთავაზობთ გულყვითელასგან ნაყენის მომზადების რამდენიმე რეცეპტს:

კალენდულის ნაყენი კუჭის წყლულის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებებისას, ასევე ყელში გამოსავლებად: აიღეთ 1 სუფრის კოვზი კალენდულა, დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

ნახარში მუცლის მოშლის საშიშროების დროს: აიღეთ ნახევარი სუფრის კოვზი კალენდულა და ამდენივე რაოდენობის კრაზანა. დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 500 მლ — ორჯერ — ნახევარ-ნახევარი. ამ წამალს მშობიარობამდე ერთი თვის განმავლობაში იღებენ.

ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები>>

სპირტზე დამზადებული კალენდულას ნაყენი: აიღეთ 100 მლ 70%-იანი სპირტი, შეურიეთ 10 გრამი კალენდულის ყვავილები, შემდეგ გააჩერეთ რამდენიმე საათი. ამ ნაყენს იყენებენ გარეგანად. 1 ჩაის კოვზ ნაყენს ხსნიან 200 მლ მდუღარე წყალში და ამით ბანენ ჭრილობებს, დაჩირქებულ ჭრილობებს, დამწვარ ადგილებს.

კალენდულისგან ამზადებენ მალამოს, რომელსაც იყენებენ ჭრილობებისთვის, რომლებიც ცუდად ან არ ხორცდება. მალამო აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, ხდის მას ელასტიკურს და იცავს მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანებისგან; ის კარგია დამწვრობის დრო, ისვამენ დამსკდარ კანზე.

მალამოს ასევე იყენებენ ალერგიული გამონაყარის დროს, რადგან ამსუბუქებს ქავილსა და დაძაბულობას.

მალამო ხელის კანს ხდის გლუვს, სახეზე წასმისას აქრობს ნაოჭებს, ხოლო ტუჩებს იცავს ყინვისა და სიცხის დროს.

მალამო კარგი საშუალებაა ბავშვებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სახის გამონაყარი აქვთ.

მალამოს დამზადების წესი: აიღეთ 50 გრამი გულყვითელას ყვავილი, კარგად დააქუცმაცეთ, შემდეგ აურიეთ 200 გრამ გამდნარ ღორის ქონში. დადგით წყლის ორთქლზე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, თან მუდმივად ურიეთ. მომზადებული მალამო მაცივარში შეინახეთ.

პრასი და მისი სასარგებლო თვისებები>>

კალენდულის გამოყენება არ არის რეკომენდებული: ალერგიის, ჭინჭრის ციების დროს, ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის. შინაგანი მიღებისთვის კალენდულა არ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომელთაც ბრადიკარდიისა და ჰიპოტონიისას აქვთ დაბალი არტერიული წნევა.

958
თემები:
სასარგებლო რჩევები (244)
სტევია

სტევია ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი

337
(განახლებულია 19:20 06.07.2020)
პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას არ აწუხებს გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

სტევია (ლათინურად Stévia) თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა. ის ასტრასებრთა, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, აქვს დაახლოებით 260 ბალახისა და ბუჩქის სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

სტევია პირველად მე-16 საუკუნეში გამოიკვლია ექიმმა და ბოტანიკოსმა სტევუსმა (ლათ. Petrus Jacobus Stevus, ესპ. Pedro Jaime Esteve), რომელიც ვალენსიის უნივერსიტეტში მუშაობდა. სწორედ მისი გვარიდან მიიღო დასახელება ამ მცენარემ.

თანამედროვე ბრაზილიისა და პარაგვაის ტერიტორიაზე გუარანის ტომის ინდიელები ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ სტევიის ზოგიერთ სახეობას საკვებში, განსაკუთრებით Stevia rebaudiana-ს, რომელსაც ka"a he'ê-ს, ანუ ტკბილ ბალახს ეძახდნენ და, გარდა საკვების დატკბობისა, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის გულძმარვის სამკურნალოდ იყენებდნენ.

1931 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა ბრიდელმა და ლავიემ სტევიიდან გამოყვეს გლიკოზიდები, რაც მცენარეს ტკბილ გემოს აძლევს. ექსტრაქტები, რომლებსაც ეწოდა სტევიოზიდები (steviosides) და რებაუდიოზიდები (rebaudiosides), საქაროზაზე 250-300-ჯერ უფრო ტბილი აღმოჩნდა. ის არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე და, ამდენად, დიაბეტით დაავადებულებისთვის მისი მიღება რეკომენდებულია.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

სტევია განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. მეცნიერებმა მასზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დაბალნახშირწყლოვანი და დაბალშაქრიანი დიეტების მოთხოვნილებასთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ შაქარი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი წამიერად შთანთქავს, ხოლო ზედმეტს ცხიმებად აქცევს და ადამიანის სიმსუქნესა და გაცხიმოვნებას იწვევს. დანიელმა დიეტოლოგებმა შაქარი უკვე დიდი ხანია „მსუბუქი" ნარკოტიკების რიგს მიაკუთვნეს, რადგან აქვს ორმაგი ეფექტი: ა) ტკბილი გემო ენდორფინების (სიხარულის ჰორმონები) გამომუშავებას ასტიმულირებს; ბ) შაქარი ორგანიზმის სისტემაში იმგვარად „ეწყობა", რომ მისი მოხმარების მეტ სურვილს იწვევს. თანაც, შაქარი სოკოებისა და პარაზიტების „საყვარელი" საკვები გარემოა.

საქართველოში სტევია ახლა იხვეჭს პოპულარობას, მაგრამ შაქრის შემცვლელის სახით უკვე ფართოდ გამოიყენება იაპონიაში, აშშ-სა და კანადაში მას საკვების დანამატის სახით ხმარობენ.

1970-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა დაიწყეს სტევიას კულტივირება, როგორც ხელოვნური დამატკბობლების – ციკლამატისა და საქარინის ალტერნატივის. სტევიის კომერციული გამოყენება იაპონიაში 1977 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას იყენებენ სასურსათო პროდუქტებში, უალკოჰოლო სასმელებში. სტევიის მთელი ბაზრის 40% სწორედ იაპონიაზე მოდის.

ამჟამად სტევია მოჰყავთ და კვების პროდუქტებში აქტიურად იყენებენ აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და მალაიზიაში, ასევე სენ-კიტსისა და ნევისში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ისრაელში, უკრაინაში და რუსეთის სამხრეთით.

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

სტევიის (Stevia rebaudiana) ღეროს სიმაღლე 60-დან 100 სანტიმეტრამდე მერყეობს. მასზე განთავსებულია პატარა მრავალრიცხოვანი ფოთლები. თითოეული ბუჩქი 600-დან 1200-მდე ფოთოლს იძლევა.

ამ მცენარის მთავარი სიტკბო სწორედ ფოთოლშია თავმოყრილი – 10-15-ჯერ მეტი სიტკბო, ვიდრე საქაროზაში. ეს აიხსნება იმ ნივთიერებებით, რომლებიც არის მხოლოდ ამ მცენარეში და არსად სხვაგან. ესენია დიტერპენული გლიკოზიდები, რომელთაგან მთავარია სტევიოზიდები და რებაუდიოზიდები. სტევიისგან მიღებული ტკბილის შეგრძნება ნელა დგება, მაგრამ უფრო დიდხანს გრძელდება. ამასთან სტევიის ტკბილ ნივთიერებებს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა აქვს.

სტევიის უპირატესობებია:

• 150-300-ჯერ მეტად ტკბილია შაქარზე;

• აქვს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა. მაგალითად, 100 გრამ შაქარში 387 კ/კალორიაა, ხოლო 100 გრამ სტევიაში (მშრალ ბალახში) – 18 კ/კალორია, ანუ 21,5-ჯერ ნაკლები. მშრალ ექსტრაქტში – დაახლოებით 0 კ/კალორია;

• 100%-ით ნატურალური პროდუქტია;

• შაქრისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ბაქტერიებისა და პარაზიტების საკვებს, არამედ პირიქით, გამოირჩევა სოკოსა და ბაქტერიების საწინააღმდეგო აქტიურობით;

• არ იწვევს ინსულინის აქტიურ გამოყოფას, რადგან არ ცვლის სისხლში გლუკოზის დონეს, პირიქით, მის ნორმალიზებას უწყობს ხელს;

• არ ვნებს ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას (ამაზე მეტყველებს გუარინის ტომის ათასწლოვანი პრაქტიკა, ასევე იაპონიაში ჩატარებული ძალზე სერიოზული კვლევები);

• კარგად იხსნება წყალში;

• მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ტუტეების მიმართ, რაც კულინარიაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა;

• დაბალი დოზირება, რადგან სიტკბოს მაღალი კოეფიციენტი აქვს.

საპონინების შემცველობის წყალობით სტევიას ასევე აქვს ჰომეოპათიური მოქმედება, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, რაც, თავის მხრივ, ყველა ჯირკვლის სეკრეციას აძლიერებს. აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მდგომარეობას კანის დაავადებების დროს, ასევე აქვს ეფექტი რევმატიზმის დროს; კარგია შეშუპებისას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს ორგანიზმში სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ პარაგვაის მოსახლეობას არ აწუხებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

სტევია:

• ამცირებს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს;

• აუმჯობესებს, აღადგენს ქსოვილებს, უჯრედებს;

• სტევიას აქვს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს კიბოს უჯრედების განვითარებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

• ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას;

• დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე;

• ახორცებს წყლულებს კუჭსა და ნაწლავებში;

• აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის ჭარბწონიანობის, შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტის, ათეროსკლეროზის განვითარებას;

• სტევიოზიდის გამოყენებით მცირდება მიდრეკილება ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ;

• ებრძვის პარაზიტების განვითარებას;

• აჩერებს კარიესის განვითარებას;

• შესანიშნავი საშუალებაა ბრონქიტის წინააღმდეგ;

• აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების მდგომარეობას;

• ამაღლებს იმუნურ სისტემას;

• წონაში დაკლებაში ეხმარება.

სტევიასთან დაკავშირებით არსებობდა მეცნიერების მოსაზრებები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მან, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს, თუმცა, საბოლოოდ, სტევიის ნეგატიური ზემოქმედება არ დამტკიცდა.

კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები>>

სტევია საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში უკრაინიდან შემოვიდა. სტევია ამჟამად მოჰყავთ ლანჩხუთში და ოზურგეთში.

337
თემები:
სასარგებლო რჩევები (244)
სამების ტაძრის ვარდების ბაღი

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი

841
(განახლებულია 14:55 30.06.2020)
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.

გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

უდაბნოს ვარდი - ადენიუმი>>

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

მებაღის კალენდარი 2020 წლის ივლისში

ივლისში მოსავლის აღება იწყება, მაგრამ ამით საზრუნავი არ იკლებს – მაინც საჭიროა გაფხვიერება, მორწყვა, დამუშავება, გასხვლა და ა.შ.

ივლისში, პირველ რიგში, საჭიროა გაფხვიერება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ფესვებს მეტი ჟანგბადი მიეწოდოს. ასევე შეიძლება სარეველებისგან გათავისუფლება. ამის შემდეგ მიეცით სასუქი და მორწყეთ.

არ უნდა დაივიწყოთ მავნებლებთან ბრძოლა. ასევე კენკროვნების მოსავლის აღების შემდეგ სასუქი მიეცით ბუჩქებს და მორწყეთ. ყურადღება მიაქციეთ ვაშლის, ქლიავისა და მსხლის ხეებს – ტოტებს, რომლებსაც ბევრი ასხია, საბჯენები შეუყენეთ, რომ არ მოტყდეს სიმძიმისგან.

მთვარის ფაზები ივლისში: 1-4, 21-31 ივლისი – მზარდი მთვარე; 6-19 ივლისი – კლებადი მთვარე.

ხელსაყრელი დღეები მუშაობისთვის ივლისში

ყველაზე ხელსაყრელი დღეები ბაღ-ბოსტანში მუშაობისთვის არის 1-3, 22-26 და 28-31 ივლისი. ამ დღეებში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მორწყვა, სასუქის მიცემა, დაავადებებისგან შეწამვლა.

არახელსაყრელი დღეებია 4-6, 13, 19-21 და 27 ივლისი. ამ დღეებში რეკომენდებული არ არის დარგვა, დათესვა, გასხვლა, გადარგვა. მოსავალი კარგი არ იქნება და ბევრ პრობლემას მოგიტანთ.

  • 2-4 ივლისი: შეიძლება თესლის აღება, ხახვის, მწვანილეულის, ნივრის, სალათების დარგვა, თივის დამზადება. არ ღირს გასხვლა, გამხმარი რტოებისა და ფოთლების მოცილება, მცენარის ფესვებთან მუშაობა
  • 6-12 ივლისი: არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.
  • 13 ივლისი: შეიძლება ყველაფერი, გარდა იმ მცენარეების დარგვისა და დათესვისა, რომლებიც დიდი ხნით შენახვისთვისა და თესლის აღებისთვისაა განკუთვნილი. ასევე არ შეიძლება ამონაყრის გამოცალკევება, გადარგვა და პიკირება.
  • 14-19 ივლისი: უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დანესტიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.
  • 21-26 ივლისი: შეიძლება ნებისმიერი სამუშაოების ჩატარება. ნაკლებად სასურველია ხეების გასხვლა და პიკირება. თუმცა, გასხვლის შემთხვევაში შეიძლება მალე ამოიყაროს ახალი ყლორტები, მაგრამ არის საფრთხე - მცენარემ შეიძლება ბევრი წვენი დაკარგოს და დაიღუპოს.
  • 27 ივლისი: ამ დღეს დათესვისა და დარგვის შემთხვევაში მცენარე სწრაფად გაიზრდება და ექნება მყარი ღერო, ასევე მძლავრი და ჯანმრთელი ფესვი. არ ღირს კარტოფილის ამოღება.
  • 29-31 ივლისი: ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბაღში, მაგრამ ჯობს უარი თქვათ გასხვლაზე.
მუშაობა არ შეიძლება 5 ივლისს - არის სავსემთვარეობა და 20 ივლისს - ახალმთვარეობა.

ივლისის დანარჩენი დღეები ნეიტრალური იქნება.

თვე - ივლისი, რიცხვი მთვარე ზოდიაქოს ნიშანში
1 მორიელი
2, 3 მშვილდოსანი
4, 5, 6 თხის რქა
7, 8 მერწყული
9, 10 თევზები
11, 12, 13 ვერძი
14, 15 კურო
16, 17, 18 ტყუპი
19, 20 კირჩხიბი
21, 22 ლომი
23, 24 ქალწული
25, 26 სასწორი
27, 28 მორიელი
29, 30, 31 მშვილდოსანი
841
ტყე

მოსახლეობისთვის ხე-ტყის რესურსებით სარგებლობის წესი იცვლება

0
ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში მოსახელობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება.

„ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე უკანონო ჭრების რისკები.

0