ლიმონი

ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები

4321
(განახლებულია 18:16 27.01.2020)
ლიმონი ერთ-ერთი პირველი საშუალებაა გაციებისა და გრიპის დროს; მაგრამ ბევრმა არ იცის მისი სხვა სასარგებლო თვისებების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება.

ლიმონი (Citrus limon) – მრავალწლოვანი მარადმწვანე, სუბტროპიკული ტეგანისებრთა ოჯახის ციტრუსოვანთა გვარის მცენარეა.

ლიმონის ნაყოფი მდიდარია ტუტე ელემენტებით, ასევე შეიცავს 8%-მდე ორგანულ მჟავებს (ძირითადად, ლიმონმჟავას), 3%-მდე შაქრებს, აზოტურ ნივთიერებებს, მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა შორისაა კალიუმი და სპილენძი, ვიტამინებს А, В, Р, С, ფიტონციდებსა და სხვ. ნაყოფის კანი და ფოთოლი ეთერზეთებს შეიცავს. ახლადგამოწურული ლიმონის წვენი მდიდარია С ვიტამინით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნით მისი შენახვისას ამ ვიტამინის დიდი რაოდენობა ჰაერის ზემოქმედებით ირღვევა. ლიმონი შეიცავს Р ვიტამინებს. თუ ორგანიზმს ეს ვიტამინი აკლია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შეშუპება ან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, ტკივილი ფეხებში, მალე დაღლა, ზოგადი სისუსტე.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით>>

ლიმონში არსებულ პექტინურ ნივთიერებებს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნის უნარი აქვს.

ერთი ცალი ლიმონის წვენი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო С ვიტამინის დღიური ნორმის 33%-ს შეიცავს, ხოლო ერთი სუფრის კოვზი ლიმონის კანი – 13%-ს.

 

4321
თემები:
სასარგებლო რჩევები (466)
შავფეხება ქრცვინი

წარმატებული ექსპერიმენტი: აშშ-ში კლონირებული ქრცვინი დაიბადა - ვიდეო

131
(განახლებულია 17:21 22.02.2021)
გადაშენების პირას მყოფი სახეობის შესანარჩუნებელი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, მეცნიერები სხვა ცხოველების კოლონირებასაც გეგმავენ

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა, პირველად ისტორიაში, გაქრობის პირზე მყოფი შავფეხება ქრცვინის კლონირება შეძლეს, იუწყება აშშ–ის თევზის რესურსებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახური.

როგორც ირკვევა, ქრცვინი სახელად ელიზაბეტ ენი გასული წლის დეკემბერში დაიბადა, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა.

​ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ კლონირებისთვის გამოიყენეს ქრცვინის გაყინული გენები, რომელიც 30 წლის წინ მოკვდა. ექსპერიმენტის შედეგად ორი კლონი დაიბადა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი.

ბუნების დაცვის არაკომერციული  ორგანიზაცია Revive & Restore–ში იმედი აქვთ, რომ ეს მეთოდი მომავალში შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული ბუნების დაცვისა და სხვადასხვა სახეობების შენარჩუნების კუთხით.

სხვა სახეობებს, რომლებიც ასევე საჭიროებს კლონირებას, მეცნიერები მიაკუთვნებენ მონღოლურ ველურ ცხენსა და გადაშენებულ მოხეტიალე მტრედს.

რაც შეეხება შავფეხა ქრცვინებს, ისინი 1967 წლიდანაა შესული გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჩამონათვალში მათი ძირითადი საკვების — მდელოს ძაღლთაგვების რაოდენობის შემცირების გამო, რომლებსაც ფერმერები ხოცავდნენ.

131
ძირტკბილას ყვავილი

ძირტკბილას სასარგებლო თვისებები

97
(განახლებულია 09:40 22.02.2021)
არაჩვეულებრივი მცენარე – ძირტკბილა აგიმაღლებთ იმუნიტეტს, დაგეხმარებათ შეებრძოლოთ გაციებას, ვირუსებსა და ბაქტერიებს, განსაკუთრებით ეფექტურია ხველებისა და ბრონქიტის დროს

ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra) — პარკოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.  მისი სამშობლოა სამხრეთ ევროპა და ნაწილობრივ – აზია. კარგად ხარობს საქართველოში.

ძირტკბილას, ძირითადად ფესვებს, უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. ის მოხსენებულია ჯერ კიდევ ებერსის პაპირუსში (ჩვ. წ. აღ.–მდე მე–16 ს.), შუმერების ცხრილებში, ძველბერძენი მეცნიერების ნაშრომებში.

დიდად არის დაფასებული ეს მცენარე აღმოსავლურ მედიცინაში. ჩინეთში ძირტკბილა, ჟენშენის მსგავსად, უძლიერეს მატონიზირებელ საშუალებად, ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტად მიიჩნევა. ტიბეტურ მედიცინაში მცენარის ფესვები შედის სხვადასხვა რთული ნარევების შემადგენლობაში, რომლებსაც ამზადებენ ნივთიერებათა ცვლის, კიბოს, გულის დაავადებების, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის.

ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.

მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები>>

ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებში შედის საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთი და სხვა ნივთიერებები.

ძირტკბილას ხალხურ მედიცინაში იყენებენ ძირთადად შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ხველება, გაციება, ყივანახველა, ბრონქული ასთმა, პნევმონია, კუჭნაწლავის დაავადებები.

ძირტკბილას, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, რომლებიც აგებულებით სტეროიდულ ჰორმონებს ჰგავს, იყენებენ, როგორც ძლიერ საშუალებას სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს. 

ძირტკბილა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. 

ასევე, ძირტკბილა შეკრულობისას გამოირჩევა მსუბუქი გამხსნელი ეფექტით; არის შარდმდენი საშუალება. ის გამოიყენება სიმსივნეების პროფილაქტიკისა და მისი განვითარების შეჩერებისთვის. ძირტკბილა ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას ახდენს, ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანტიალერგიული მოქმედება.

ძირტკბილას აქვს უნარი, შეახორცოს დაჩირქებული ჭრილობები. ადამიანებს, რომლებსაც ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ან ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრბლემები აქვთ, სახალხო მკურნალები ამ მცენარის გამოყენებას ურჩევენ.

ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>

ძირტკბილას სამკურნალო თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მას ასევე იყენებენ ყელის ტკივილის, ართრიტის, დაბალი არტერიული წნევისა და დერმატიტის დროსაც კი. მას შეძლია ხელი შეუწყოს ადისონის (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა) და ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე საჭმლით ან წამლით მოწამვლისას.

ძირტკბილას გამოყენება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს თირკმელების დაავადება, გაცხიმოვნება, ჰიპერტონია (ანუ მაღალი არტერიული წნევა), ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა, ჰიპოკალიემია (კალიუმის დაბალი შემცველობა), ასევე არასასურველია მისი მიღება ორსულობისას და სხვ.

ასევე, ამ მცენარის გამოყენება არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში (4–6 კვირაზე მეტხანს).

გთავაზობთ ძირტკბილასგან სამკურნალო ნაყენების დამზადების რამდენიმე რეცეპტს:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს თერმოსში დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ.

თუ ხშირად ცივდებით – იმუნიტეტის ამაღლებისთვის 

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ. კურსი ჩაიტარეთ 3–4 კვირის განმავლობაში.

ძირტკბილას ფესვები
ძირტკბილას ფესვები

პროსტატის ადენომისთვის

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ. რომ გაცივდება, გადაწურეთ. მიიღეთ 2–3 ჭიქა ჭამამდე 30–40 წუთით ადრე, დღეში სამჯერ.

ბრონქიტის, ბრონქულის ასთმის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.

ნაბახუსევზე

დაღეჭეთ ფესვის პატარა ნაწილი, ეს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

ალერგიული დერმატიტის, ეგზემის დროს

დაქუცმაცებული ფესვს დაასხით მდუღარე წყალი, თანაფარდობა – 1:10. გააჩერთ თერმოსში მთელი ღამე. დილით გადაწურეთ. კარგად დაასველეთ მასში ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე 1 საათით, დღეში 1–3–ჯერ. შეგიძლიათ დოლბანდით მიიმაგროთ.

97
თემები:
სასარგებლო რჩევები (466)
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

0
(განახლებულია 10:04 01.03.2021)
რატომ და როგორ იზრდებოდა საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა... ერთი წლის ქრონიკა ციფრებში... დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და ბოლოს, რა დაღი დაასვა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკას?

სამსონ ხონელი

ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვაუწყა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა... ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, განვლილ პერიოდს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ვნახოთ, როგორი იყო ვირუსის გავრცელების დინამიკა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ უხილავ მტერთან საბრძოლველად და რაც მთავარია, როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამთავითვე უნდა ითქვას, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და COVID-19-თან საბრძოლველად მზადება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლოს ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან, ხოლო 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა საქართველომდეც მოაღწია, მარტის დასაწყისში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მარტის პირველ კვირაში იტალიასთან ავიამიმოსვლა აიკრძალა, ხოლო მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ორკვირიანი კრანტინი და თვითიზოლაცია დაუწესდა.

მარტის თვის მეორე დეკადაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. ამავე პერიოდში დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, დაიხურა ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაძლო დარღვევევბზე საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა - ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარი.

31 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტოობილებით, მათ შორის ტაქსით. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა. ამავე პერიოდიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

აპრილის თვის ბოლოს მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა მაისის თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამავე პერიოდში ხალხის რჩეულებმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა უკვე საჭირო აღარ იყო. კანონის მოქმედების ბოლო ვადა 15 ივლისით განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, ბოლოს კი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ზაფხულის თვეებში, სავარაუდოდ ტურისტული სეზონის გადასარჩენად, შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი იყო... 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ინფიცირების სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა დაფიქსირდა... ეს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო... ეპიდემიოლოგთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საშემოდგომოდ ინფიცირების რაოდენობის მატება სწორედ საზაფხულოდ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შედეგია...

სექტემბრის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6192-ს მიაღწია... ზუსტად ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი ორმოცი ათასს მიუახლოვდა... ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. თუ გიორგობისთვის ბოლოს ქვეყანას 136.000-მდე კოვიდინფიცირებული ჰყავდა, გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 227.000-მდე გაიზარდა.

მთავრობა იძულებული გახდა, ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ გაემკაცრებინა... პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა. ნოემბრის პირველი დეკადის ბოლოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდემდე აიკრძალა. კომენდატის საათის გამოცხადებიდან მალევე, 28 ნოემბრიდან ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა ანუ ლოქდაუნი მეორედ გამოცხადდა... აქვე, მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდრეგულეციების დარღვევის გამო თითქმის 37 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა...

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლადდამტკიცებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ სამიოდე დღის წინათ საზოგადოებას კოვიდრეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა გააცნო... გარკვევით ითქვა ისიც, რომ თუ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს გაითვალისწინებს, ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორ აისახება შეზღუვების მორიგი მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია − როდიდან და რა სახის რეგულაციები უნდა დაწესებულიყო, როგორია კოვიდშეზღუდვების ეფექტი ეპიდსიტუაციაზე და მისი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე.

არახალია, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა... თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენიმე პარამეტრი მიმოვიხილით...

მთლიანი შიდა პროდუქტი − გასულ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებეელი 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი, 6.1 პროცენტი იყო, რაც მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება. არასახარბიელოა მიმდინარე წლის პროგნოზიც. მართალია, ბიუჯეტი 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წლის პირველი თვე ეკონომიკის 11.5 პროცენტიანი შემცირებით დასრულდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები − სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გასული წლის საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია პირველი სამი კვარტალის მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ. ამ პერიოდში საქართველოში 719 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალ0გიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია და ბოლო ათი წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობა − გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კერძოდ, ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი − 16.6 პროცენტით  შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებებით, იმპორტის შედარებით უფრო დიდი მოცულობით შემცირება, მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ განაპირობა.

ფულადი გზავნილები − გასული წლის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის − 1.886 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი განახორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტუკულად ყველა სხვა ეკონომიკური აქტიობა, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო, ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები კონკრეტულ ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და შესაბამისად, მარტივად აღრიცხვადიც იყო...

ტურიზმი − არავის გაუკვირდება, სფეროდან შემოსავალი ფაქტობრივად განულდა. სექტორი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა.   

უმუშევრობა − გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1.197 მილიონს დაუბრუნდა რაც შვიდი წლის წინანდელი მაჩვენებელია.  

ეროვნული ვალუტა − თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირველად გასცდა სამიან ნიშნულს. გასულ წელს ლარი საშუალოდ 16 პროცენტით გაუფასურდა.

და ბოლოს, სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა თითქმის 100.000-ით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ასეთია COVID-19-ის ერთი წლის არასრული სტატისტიკა... ვნახოთ, რა იქნება კიდევ ერთი წლის შემდეგ... შეძლებს თუ არა საქართველო დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, გაუსწორდეს პანდემიას, დაამარცხოს უხილავი მტერი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს... მანამდე კი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები...

 

0