თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ორი ქვეყნის შეჯახება კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის, განაცხადა ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.
ჩინეთის ლიდერის თქმით, თანამშრომლობა ერთადერთი არჩევანია პეკინისა და ვაშინგტონის ორმხრივ ურთიერთობაში.
„ჩინეთ–ამერიკის თანამშრომლობა ბევრი რამით არის ხელსაყრელი როგორც აშშ–ისა და ჩინეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ჩინეთისა და ამერიკის დაპირისპირება აბსოლუტურად ზუსტად კატასტროფაა ორი ქვეყნისა და ასევე მსოფლიოსთვის“, — ციტირებს ცზინპინის სიტყვებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.
მისი თქმით, მიუხედავად ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებებისა, მხარეებმა უთანხმოება ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა გადაჭრან და ამასთან ცდილობდნენ, თავი აარიდონ მცდარ გათვლებსა და მსჯელობებს.
აშშ–სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. მხარეებს ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური პრეტენზიები აქვთ. გარდა ამისა, აშშ–ის ადმინისტრაცია ჩინეთს იმაშიც ადანაშაულებს, რომ მან დროულად არ აცნობა მსოფლიოს ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების თაობაზე. ჩინეთი კი უკმაყოფილოა ვაშინგტონის ჩარევით მის საშინაო საქმეებში, კერძოდ, პეკინისა და ჰონკონგის ურთიერთობებში.