ჰაკერული შეტევა

11 მლნ დოლარი ჰაკერებისთვის: JBS-მ გამოსასყიდი ბიტკოინებით გადაიხადა

33
(განახლებულია 15:13 10.06.2021)
ჰაკერებმა მანამდე გამოსასყიდი მიიღეს კომპანია Colonial Pipeline Co-სგან, თუმცა ამერიკელმა სპეციალისტებმა შეძლეს თანხის ნაწილის უკან დაბრუნება.

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. ხორცის მწარმოებელმა კომპანიამ JBS, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში, ჰაკერ გამომძალველებს რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადა, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.

„კომპანია JBS USA ადასტურებს, რომ 11 მილიონი დოლარის ოდენობის გამოსასყიდი გადაიხადა სერიოზული კიბერშეტევის შედეგების აღმოსაფხვრელად“, − ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ჰაკერებმა კომპანიის ქარხნებს შეუტიეს, რის შედეგადაც მუშაობა შეჩერდა JBS-ის კანადისა და ავსტრალიის საწარმოებში.

კომპანიის დირექტორმა ანდრე ნოგეირამ გამომძალველებისთვის თანხის გადახდა „მტკივნეულ, მაგრამ სწორ“ გადაწყვეტილებად შეაფასა.

„ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიისა და პირადად ჩემთვის. მაგრამ გვესმოდა, რომ ის აუცილებლად უნდა მიგვეღო, რათა თავიდან აგვეცილებინა ჩვენი კლიენტებისთვის ნებისმიერი პოტენციური რისკი“, − განაცხადა ნოგეირამ.

აღინიშნება, რომ გადახდა ბიტკოინებში განხორციელდა, როგორც ამას ჰაკერები მოითხოვდნენ.

ამ დროისათვის უსაფრთხოების სამსახური და გამოძიება სწავლობენ ჰაკერებისგან მიყენებული ზარალის ოდენობას, რომელიც კომპანიას საწარმოების გაჩერების შედეგად მიადგა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ შეტევის უკან რუსი ჰაკერების დაჯგუფება დგას, რომელიც REvil და Sodinokibi-ს სახელითაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ JBS-ზე თავდასხმამდე ჰაკერებმა ასევე შეუტიეს ამერიკის უდიდეს მილსადენ სისტემა Colonial Pipeline Co-ს, რის გამოც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთს დროებით შეუწყდა საწვავის მიწოდება. Colonial Pipeline Co ასევე დათანხმდა გამოსასყიდის გადახდას ბიტკოინებში.

ორშაბათს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტებმა ჰაკერების ციფრული საფულე „გატეხეს“ და 2,3 მლნ დოლარი უკან დაიბრუნეს. ეს Colonial Pipeline Co-ს მიერ ჰაკერებისთვის გადახდილი თანხის დაახლოებით ნახევარია.

33
თემები:
საერთაშორისო პანორამა (474)
ჯეფ ბეზოსი

„არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“: პეტიციას 50 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი

30
(განახლებულია 12:03 21.06.2021)
ჯეფ ბეზოსი თავის ძმასთან და კიდევ ერთ ტურისტთან ერთად, რომელმაც ამის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, კოსმოსში 20 ივლისს გაფრინდება

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. პეტიციას, რომელიც მოუწოდებს, არ დაუშვან ინტერნეზმაღაზია amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსის კოსმოსიდან დაბრუნება, უკვე 50 ათასამდე კაცმა მოაწერა ხელი, იუწყება გამოცემა Insider-ი.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსი, რომელიც ასევე არის კოსმოსური კვლევების კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, 20 ივლისს გაფრინდება ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად კოსმოსში რაკეტა New Shepard-ით. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გაავრცელა.

ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ ინტერნეტში ორი პეტიცია გაჩნდა, რომელთა ავტორებიც მილიარდერის დედამიწაზე დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან და მისთვის ამ უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ. სულ რაღაც ათიოდე დღეში ორივე პეტიციას ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

საიტ change.org-ზე გამოქვეყნებულ ერთ პეტიციას „არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“  ამ დროისათვის 38 ათასი კაცი ეთანხმება.

„მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ... არც დედამიწაზე და არც კოსმოსში. მაგრამ თუ მათ [კოსმოსში გაფრენა] გადაწყვიტეს, მაშინ იქ უნდა დარჩნენ“, − ნათქვამია მასში.

ამასთან ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ „დედამიწას არ ესაჭიროება ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, ილონ მასკი „და სხვა მათი მსგავსი მილიარდერები“.

მეორე პეტიციას, „ჯეფ ბეზოსის დედამიწაზე მეორედ მოსვლის დაუშვებლობის“ მოწოდებით, უკვე თითქმის 20 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა იზრდება.

როგორც პეტიციის ინიციატორები აღნიშნავენ, ბეზოსი „ბოროტი მეფეა, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის... კაცობრიობის ბედი ჩვენს ხელთაა“.

გავრცელებული ცნობით, ჯეფ და მარკ ბეზოსები და ასევე Blue Origin-ის აუქციონის გამარჯვებული, რომელმაც კოსმოსში ტურიზმის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, 11 წუთს იფრენენ კოსმოსში. მათ გუმბათის ფორმის კაფსულაში მოათავსებენ, რომელიც რაკეტმზიდის ზედა ნაწილში იქნება დამონტაჟებული.

როდესაც რაკეტა New Shepard-ი დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ სიმაღლეს მიაღწევს, კაფსულა რაკეტმზიდს მოცილდება, ატმოსფეროში შემოვა და დედამიწაზე პარაშუტებით დაეშვება.

30
თემები:
საერთაშორისო პანორამა (474)
აშშ-სა და ჩინეთის დროშები

თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

20
(განახლებულია 11:16 21.06.2021)
ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა არის აშშ-ის ძალისხმევების ძირითადი ნაწილი, რათა პეკინი მკაცრი არჩევანის წინაშე დადგეს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ უარს იტყვის კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების საკითხში თანამშრომლობაზე, განაცხადა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„დიპლომატიური მოსამზადებელი სამუშაო − მსოფლიო ხალხების გაერთიანება, ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლას − ეს არის ჩვენი ძალისხმევების ძირითადი ნაწილი, რათა საბოლოოდ ჩინეთი მკაცრი არჩევანის წინაშე დავაყენოთ: ისინი ან პასუხისმგებლიანად მოიქცევიან და გამომძიებლებს რეალური სამუშაოს ჩატარებისა და იმის გარკვევის უფლებას მისცემენ, თუ საიდან გაჩნდა [კორონავირუსი], ან ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციას შეეჯახებიან“, − აღნიშნა სალივანმა.

ამასთან პრეზიდენტის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ გამოძიების დროს მხოლოდ ჩინეთის მონაცემებს კი არ დაეყრდნობა, არამედ დაზვერვისა და ასევე სხვა მონაცემებსაც გააანალიზებს, რათა დადგინდეს, როგორ წარმოიშვა და გავრცელდა კორონავირუსი მთელ მსოფლიოში.

აშშ-მიაჩნიათ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამაში ვაშინგტონს ბრიტანული დაზვერვაც ეთანხმება და აცხადებს, რომ SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გამოღწევა გამორიცხული არ არის.  როგორც ბრიტანელი პროფესორი ანგუს დალგლიში და ნორვეგიელი  ვირუსოლოგი ბირგერ სორენსენი წერდნენ, მათ კორონავირუსული ინფექციის ხელოვნური წარმოშობის თაობაზე მტკიცებულებები აქვთ.

აღნიშნული ინფორმაციების პასუხად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ COVID-19-ის წარმოშობას მეცნიერები უნდა იკვლევდნენ და არა სპეცსამსახურები.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, ჯანმომ გამოაქვეყნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, რომლებიც უჰანში იმყოფებოდნენ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. ექსპერტებმა მაშინ COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობა „უკიდურესად ნაკლებსარწმუნოდ“ შეაფასეს.

შეერთებულმა შტატებმა და კიდევ 13-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების მიმართ ეჭვებია გამოთქმული და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად აუცილებელია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“ გამოძიების ჩატარება.

20
თემები:
საერთაშორისო პანორამა (474)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

0
(განახლებულია 12:28 21.06.2021)
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს რეიტინგში 12 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 577 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik.  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა, განახლებული რეიტინგი ATP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანულ ტურნემდე 30-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო ჰალეში გამართული ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვსა 20 სარეიტინგო ქულით უსწრებს, ხოლო იტალიელ ლორენცო სონეგოს 57 ქულით ჩამორჩება.

ბასილაშვილმა გერმანიაში ტურნირის  ნახევარფინალური ეტაპი რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვთან სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ 23 წლის რუსი სპორტსმენი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. ნიკოლოზმა ჰალეში ნაჩვენები შედეგით 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათასამდე ევრო გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბასილაშვილზე 2021 წელი ATP რეიტინგში მე-40 პოზიციით დაიწყო და ჯამში 12 საფეხურით დაწინაურდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილმა  ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა და კატარი), ასევე ჰალეს ტურნირამდე მან ნახევარფინალში იასპარეზა იტალიის ქალაქ კალიარიში გამართულ ჩემპიონატზე.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, ATP-ის პირველ სამეულში ცვლილება არ მომხდარა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც უკან რუსი დანიილ მედვედევი და ესპანელი რაფაელ ნადალი მოჰყვებიან.

0
თემები:
სპორტის ამბები