ბელგიის დროშა

დიპლომატიური სკანდალი ცოლის გამო: ბელგიის ელჩის მეუღლემ გამყიდველს გაარტყა ვიდეო

61
(განახლებულია 18:26 01.06.2021)
ბელგიის ელჩის მეუღლეს მაღაზიის გამყიდველებთან კონფლიქტი იმის გამო მოუვიდა, რომ მათ მისი შემოწმება მოისურვეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ქალი არაფერს იპარავდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბელგია სამხრეთ კორეიდან თავის ელჩს პიტერ ლესკუშიეს იწვევს იმ ინციდენტის გამო, რომელიც დიპლომატის მეუღლეს შეემთხვა ერთ-ერთ მაღაზიაში, იუწყება BBC.

გავრცელებული ინფორმაციით, ელჩის მეუღლემ მაღაზიის გამყიდველს სახეში გაარტყა, შემდეგ კი სცადა პასუხისგებისთვის თავი აერიდებინა, რისთვისაც დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა.

ინციდენტი, რომელიც აპრილის დასაწყისში მოხდა ტანსაცმლის მაღაზიაში, სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა. როგორც ირკვევა, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაღაზიის პერსონალმა კლიენტის შემოწმება მოისურვა. მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ქალს არაფერი გაჰქონდა მაღაზიიდან ფარულად.

კონფლიქტის დროს ელჩის 63 წლის მეუღლემ სუჩიუ სიანგიმ ხელი ჰკრა და შემდეგ სახეში გაარტყა ერთ-ერთ გამყიდველს. როგორც ბელგიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დიპლომატის მეუღლემ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა „მიუღებელი ქცევისთვის“.

მიუხედავად ამისა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი უილმსმა მაინც შეუწყვიტა უფლებამოსილება პიტერ ლესკუშიეს, ვინაიდან, როგორც დიპლომატიური მისიის ფეისბუქ-გვერდზეა ნათქვამი, „შექმნილ სიტუაციაში ის ვერ შეძლებს მშვიდად შეასრულოს თავისი როლი ქვეყანაში“.

 

61
თემები:
საერთაშორისო პანორამა (474)
ჯეფ ბეზოსი

„არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“: პეტიციას 50 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი

26
(განახლებულია 12:03 21.06.2021)
ჯეფ ბეზოსი თავის ძმასთან და კიდევ ერთ ტურისტთან ერთად, რომელმაც ამის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, კოსმოსში 20 ივლისს გაფრინდება

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. პეტიციას, რომელიც მოუწოდებს, არ დაუშვან ინტერნეზმაღაზია amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსის კოსმოსიდან დაბრუნება, უკვე 50 ათასამდე კაცმა მოაწერა ხელი, იუწყება გამოცემა Insider-ი.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსი, რომელიც ასევე არის კოსმოსური კვლევების კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, 20 ივლისს გაფრინდება ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად კოსმოსში რაკეტა New Shepard-ით. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გაავრცელა.

ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ ინტერნეტში ორი პეტიცია გაჩნდა, რომელთა ავტორებიც მილიარდერის დედამიწაზე დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან და მისთვის ამ უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ. სულ რაღაც ათიოდე დღეში ორივე პეტიციას ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

საიტ change.org-ზე გამოქვეყნებულ ერთ პეტიციას „არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“  ამ დროისათვის 38 ათასი კაცი ეთანხმება.

„მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ... არც დედამიწაზე და არც კოსმოსში. მაგრამ თუ მათ [კოსმოსში გაფრენა] გადაწყვიტეს, მაშინ იქ უნდა დარჩნენ“, − ნათქვამია მასში.

ამასთან ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ „დედამიწას არ ესაჭიროება ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, ილონ მასკი „და სხვა მათი მსგავსი მილიარდერები“.

მეორე პეტიციას, „ჯეფ ბეზოსის დედამიწაზე მეორედ მოსვლის დაუშვებლობის“ მოწოდებით, უკვე თითქმის 20 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა იზრდება.

როგორც პეტიციის ინიციატორები აღნიშნავენ, ბეზოსი „ბოროტი მეფეა, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის... კაცობრიობის ბედი ჩვენს ხელთაა“.

გავრცელებული ცნობით, ჯეფ და მარკ ბეზოსები და ასევე Blue Origin-ის აუქციონის გამარჯვებული, რომელმაც კოსმოსში ტურიზმის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, 11 წუთს იფრენენ კოსმოსში. მათ გუმბათის ფორმის კაფსულაში მოათავსებენ, რომელიც რაკეტმზიდის ზედა ნაწილში იქნება დამონტაჟებული.

როდესაც რაკეტა New Shepard-ი დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ სიმაღლეს მიაღწევს, კაფსულა რაკეტმზიდს მოცილდება, ატმოსფეროში შემოვა და დედამიწაზე პარაშუტებით დაეშვება.

26
თემები:
საერთაშორისო პანორამა (474)
აშშ-სა და ჩინეთის დროშები

თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

17
(განახლებულია 11:16 21.06.2021)
ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა არის აშშ-ის ძალისხმევების ძირითადი ნაწილი, რათა პეკინი მკაცრი არჩევანის წინაშე დადგეს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ უარს იტყვის კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების საკითხში თანამშრომლობაზე, განაცხადა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„დიპლომატიური მოსამზადებელი სამუშაო − მსოფლიო ხალხების გაერთიანება, ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლას − ეს არის ჩვენი ძალისხმევების ძირითადი ნაწილი, რათა საბოლოოდ ჩინეთი მკაცრი არჩევანის წინაშე დავაყენოთ: ისინი ან პასუხისმგებლიანად მოიქცევიან და გამომძიებლებს რეალური სამუშაოს ჩატარებისა და იმის გარკვევის უფლებას მისცემენ, თუ საიდან გაჩნდა [კორონავირუსი], ან ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციას შეეჯახებიან“, − აღნიშნა სალივანმა.

ამასთან პრეზიდენტის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ გამოძიების დროს მხოლოდ ჩინეთის მონაცემებს კი არ დაეყრდნობა, არამედ დაზვერვისა და ასევე სხვა მონაცემებსაც გააანალიზებს, რათა დადგინდეს, როგორ წარმოიშვა და გავრცელდა კორონავირუსი მთელ მსოფლიოში.

აშშ-მიაჩნიათ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამაში ვაშინგტონს ბრიტანული დაზვერვაც ეთანხმება და აცხადებს, რომ SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გამოღწევა გამორიცხული არ არის.  როგორც ბრიტანელი პროფესორი ანგუს დალგლიში და ნორვეგიელი  ვირუსოლოგი ბირგერ სორენსენი წერდნენ, მათ კორონავირუსული ინფექციის ხელოვნური წარმოშობის თაობაზე მტკიცებულებები აქვთ.

აღნიშნული ინფორმაციების პასუხად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ COVID-19-ის წარმოშობას მეცნიერები უნდა იკვლევდნენ და არა სპეცსამსახურები.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, ჯანმომ გამოაქვეყნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, რომლებიც უჰანში იმყოფებოდნენ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. ექსპერტებმა მაშინ COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობა „უკიდურესად ნაკლებსარწმუნოდ“ შეაფასეს.

შეერთებულმა შტატებმა და კიდევ 13-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების მიმართ ეჭვებია გამოთქმული და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად აუცილებელია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“ გამოძიების ჩატარება.

17
თემები:
საერთაშორისო პანორამა (474)
რობოტისა და ადამიანის ხელები

„მეცნიერების კალენდარი 2021“: საქართველოში ახალი პროექტი იწყება

0
(განახლებულია 12:09 21.06.2021)
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში იწყება ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის მიზანიც მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

10 ნოემბერს საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგეგმება  სხვადასხვა კონკურსის ჩატარება, მათ შორის, ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და ა.შ.  ასევე იგეგმება მასტერკლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე.

გარდა ამისა, 2021 წელს  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

 

0
თემები:
განათლება საქართველოში