ევროკომისიის შენობა

ვინ შეძლებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას: ევროკომისიის ინიციატივა

130
(განახლებულია 19:44 03.05.2021)
დოკუმენტის თანახმად, ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შესვლა შეიძლება შეჩერდეს

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ევროკომისია მიმართავს ევროკავშირს, შესუსტდეს წევრ ქვეყნებში შესვლაზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

„კომისია სთავაზობს წევრ ქვეყნებს, შეუსუსტონ მიმდინარე შეზღუდვები ევროკავშირში არააუცილებელ მოგზაურობაზე — გამომდინარე ვაქცინაციის წარმატებული კამპანიიდან და გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან“, — აცხადებენ ევროკომისიაში.

ამასთან ევროკომისიაში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში შესვლა უნდა შეძლონ არა მარტო იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებშიც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირმა, ვისაც ევროკავშირში დაშვებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს გაკეთებული, სულ მცირე, საზღვრის გადაკვეთამდე 14 დღით ადრე.

გარდა ამისა, უფლება შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზეც, რომლებმაც უკვე დაასრულეს ჯანმოს სერტიფიკაციის პროცესი საგანგებო ვითარებაში გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამასთან იმ ბავშვებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არ არიან ჩართული, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოგზაურონ ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად, თუ მათ COVID-19−ზე PCR−ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ. ტესტი დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში ევროკომისია ითვალისწინებს ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შესვლის შეჩერების შესაძლებლობასაც.  

130
თემები:
საერთაშორისო პანორამა (389)

პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის შეტაკება იერუსალიმში: კადრები ეპიცენტრიდან

36
(განახლებულია 14:01 08.05.2021)
იერუსალიმში 7 მაისის ღამით პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის სასტიკი შეჯახება მოხდა. იხილეთ ვიდეოკადრები მოვლენების ეპიცენტრიდან

დაპირისპირებამ აღმოსავლეთ იერუსალიმის ერთდროულად ორ რაიონში იფეთქა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რეზინის ტყვიები,  ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 205 ადამიანი.   

 

 

36
არჩილ ჭოტაშვილი

25 წლიანი მეგობრობა სიმღერის ფონზე და ადგილი, რომელიც ბევრი უპოვარისთვის შვებად იქცა

110
(განახლებულია 07:28 08.05.2021)
ხშირად წინასწარ რაიმეს განსაზღვრა  ცხოვრებაში შეუძლებელია, რადგან  შენს ისტორიას ბედისწერა მაინც საკუთარი სცენარით გააგრძელებს...

როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დაამთავრა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცხოვრების გზა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდა. ერთ დღეს პარტერიდან სცენაზე გადაინაცვლა, 1996 წლიდან კი მისი პოპულარობის ათვლა დაიწყო. ამის შემდეგ სახელმწიფო მოხელე გახდა და სცენისკენ გზას ახლა უკვე სხვებს უკვალავდა.

ასეთია რამდენიმე წინადადებით გადმოცემული არჩილ ჭოტაშვილის შემოქმედება და საქმიანობა. დღეს იგი საქველმოქმედო კავშირის „თემი“ მოხალისე პედაგოგია და მათთან ერთად მუსიკალურ და სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად კი თავად მოგვიყვება.

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

- ბატონო არჩილ, დავიწყოთ იმით, თავის დროზე რამდენად საინტერესო და რთული აღმოჩნდა თქვენთვის სცენიდან-კულისებში გადანაცვლება?

-ალბათ ნებისმიერი შემოქმედისთვის და ზოგადად პიროვნებისთვის რთულია სივრცისა და დროის შეზღუდვა, მაგრამ არაერთი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპლექსური მიზეზების გამო, მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით არსებობა სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა. როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მივედი, იქ დამხვდნენ საოცარი თანამშრომლები, რომლებთანაც ახლაც ვმუშაობ და ვმეგობრობ. შემსრულებლის გამოცდილებამ ნამდვილად გამიმარტივა სამინისტროს ყოველდღიურობასთან შეგუება. ქართული ფოლკლორის თემები ჩემთვის არ იყო უცხო როგორც ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, ისე პროფესიული გამოცდილების კუთხით, თუმცა ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებები და პრობლემები მხოლოდ სამინისტროში მისვლის შემდეგ დავინახე. 

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

-დავაკონკრეტოთ, სამინისტროში თქვენ იყავით „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ კოორდინატორი. კონკრეტულად როგორ გამოიხატა იმ პროგრამის მხრიდან ქართული ხალხური ხელოვნების მხარდაჭერა?

-მაშინ, 90-იანების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ანსამბლებს ჰქონდათ ახალი სასცენო სამოსი და გამართული ხალხური საკრავები. ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში, წლების განმავლობაში, ასობით მომღერალს და მოცეკვავეს შევუკერეთ სასცენო სამოსი და დავუმზადეთ ტრადიციული და ტემპერირებული საკრავები. სასიამოვნო იყო ოსტატებთან ურთიერთობა, რომლებმაც თავისი შრომით და ცოდნით დიდი ამაგი გასწიეს ქართული ფოლკლორის ასაღორძინებლად. სამწუხაროდ ზოგი მათგანი უკვე გარდაცვლილია. მეამაყება, რომ სამინისტროში ჩემი მუშაობის დროს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის შევიძინეთ თანამედროვე ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც რეგიონებში ექსპედიციებში გამოიყენებოდა.

არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“
არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“

-რეგიონებში როგორ ხორციელდებოდა მსგავსი პროექტები?

-სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროექტების ფარგლებში ხშირად მიწევდა რეგიონებში კულტურის სახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოგზაურობა, რისთვისაც ბედის მადლობელი ვარ.  მაშინ უამრავი კულტურის სახლი აღიჭურვა სასცენო და კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით, რის შემდეგაც მათ ახალი სიცოცხლე დაიწყეს. განსაკუთრებით მიხაროდა საბავშვო და ახალგაზრდული საესტრადო ანსამბლების აღმოჩენა და მათი დახმარება. საქართველოს მასშტაბით სარეპეტიციო და პროფესიონალური აპარატურა არაერთ ახალბედა მუსიკოსს და ანსამბლს გადავეცით.

ჯგუფი „ფლეში“
ჯგუფი „ფლეში“

- საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველ ხელოვანებთან თუ გქონდათ  ურთიერთობა?

- დიახ, მე ვიმუშავე ევროპაში არსებულ ქართულ დიასპორასთან და ზემოხსებული პროგრამის ფარგლებში, სასცენო სამოსი და საკრავები მათაც გავუგზავნეთ. განსაკუთრებით მსიამოვნებდა ისტორიულ ჰერეთში არსებული ანსამბლების მხარდაჭერა. მაშინ გავიცანი ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებიც ქართულ ფოლკლორს  საზღვარგარეთ ცარიელი ენთუზიაზმით ინახავდნენ. ასევე საინტერესო გამოდგა ქართული სამოსისა და საკრავების ავთენტურობის საკითხზე მუშაობა. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არის თემები, რომლებზე მუშაობაც აუცილებელია.

არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე
არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე

- თქვენ იყავით ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პატრიოტული სიმღერების კონკურსებისა, რომელიც ცნობილი იყო სახელით „პატრინოტი“...

-„პატრინოტის“ ფესტივალი, ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელედ ყოფნის პერიოდში, ნამდვილად ამოსუნთქვას ჰგავდა. ნაცნობ წრეში განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნოა მუშაობა, მითუმეტეს როცა ამ შრომას კარგი შედეგიც მოჰყვება. ამ ფესტივალის მადლიერი ბევრი კომპოზიტორი და შემსრულებელი იყო. სიმღერების შერჩევა პროფესიონალ კომპოზიტორთა ჟიურის ევალებოდა. მაშინ საკმაოდ ბევრი სიმღერა შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. კონკურსში გასული სიმღერები რეპეტიციებზე მუშავდებოდა და შემდეგ სატელევიზიო ტურებზე ცოცხლად სრულდებოდა ბენდის თანხლებით. იმ დროს გავიცანი უნიჭიერესი თეონა ქუმსიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა. თუ არ ვცდები, ფართო სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე, სწორედ ამ ფესტივალზე გამოჩნდა პირველად ჯგუფი „მგზავრები“. ასევე ფესტივალის მეშვეობით წარმოჩინდა ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი.

თემის წევრები
თემის წევრები

-ცნობილია, რომ ყველაზე რთული სიმღერის დაწერა პატრიოტულ თემაზეა, რომელი სიმღერა და შემსრულებელი დაგამახსოვრდათ?

-იმ ფესტივალიდან დამამახსოვრდა ის ფაქტი, რომ მასში უამრავი სიმღერა შემოვიდა სოხუმზე. „პატრინოტის“ მიმდინარეობისას გავიცანი ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ტონი ომეილი (Tony O’Mally). რომლის სიმღერამ ,,ჩემი ვედრება“ (Hear My Plea!) დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით  მისი ჩაწერა გადაწყდა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. არანჟირების ავტორი, ტონი ომეილთან ერთად ზურა მახნიაშვილი იყო. მართალია, იმ სიმღერამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის იმდენად შეგვიყვარდა, რომ ჰიმნის ვერსიაც კი ჩავწერეთ. მასში მონაწილეობდნენ: რატი დურგლიშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ლევან ლაზარაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ია ჩანტლაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო კაკულია, ჯგუფი „ფლეში“, სოფო ხალვაში, თაკო გაჩეჩილაძე, მაია დარსმელიძე და ვერიკო ტურაშვილი. ის სიმღერა აშშ-ს მაშინდელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ცნობილი სიტყვებით -„Today we are all Georgians” იწყებოდა. საინტერესო იქნებოდა ვიდეოკლიპზე მუშაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

-დღეს თქვენ საქველმოქმედო კავშირის ,,თემი“ მოხალისე პედაგოგი ხართ, რას წარმოადგენს „თემი“ და თქვენი როლი კონკრეტულად რაში გამოიხატება?

-თემში (www.temi-community.org) მამაჩემის წყალობით მოვხვდი და  მისი დამაარსებლების ენთუზიაზმმა გამაოცა. ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა. იმ დროისთვის ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არსებობდა. ეს თემა თითქმის ტაბუირებული იყო. თემი ყვარელში, სოფელ გრემში მდებარეობს. თავიდან  გრემელები მათ „გიჟებს“ ეძახდნენ. თუმცა წლების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობები იმდენად გამყარდა, რომ ოჯახებიც შეიქმნა. ამჟამად თემი და სოფელი ერთმანეთს აძლიერებს. თემი ბიომეურნეობას (მევენახეობა, მეღვინეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა და სხვ.) მისდევს და ცდილობს საკუთარი შემოსავლების, სახელმწიფოსა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით შექმნას ისეთი გარემო, სადაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას.

-თქვენ ახსენეთ, რომ ეს თემა მაშინ თითქმის ტაბუირებული იყოო, თქვენი პირველი შთაბეჭდილება თუ გახსოვთ?

- მახსოვს... ჩემი პირველი შთაბეჭდილება გამაოგნებელი იყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სახელმწიფოს მიეტოვებინა ისეთი კატეგორიის ადამიანები, თავისი მოქალაქეები, რომლებსაც დახმარების გარეშე ფიზიკურად გადაადგილებაც არ შეეძლოთ. საარაკო თავდადების წყალობით, ეს ადგილი ბევრი უპოვარისთვის საკუთარ სახლად იქცა. აქ ვნახე პირველად ოქსფორდიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც თემის მაცხოვრებლებისთვის მოხალისეებად მუშაობდნენ. საწყენი იყო, რომ ქართველი ახალგაზრდები და სტუდენტები ათეულობით წლების განმავლობაში არ ინტერესდებოდნენ თემის  ცხოვრებით. ნამდვილად არაა შემთხვევითი ის, რომ ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა სწორედ თემის მაცხოვრებლების ინსპირაციით გადაიღო მხატვრული ფილმი „ნუცას სკოლა“. 

- თქვენი საქმიანობა თემელებთან სიმღერით დაიწყო?

- რა თქმა უნდა სიმღერით დაიწყო. თემელებთან ერთად, იქ ყოფნის დროს, ბევრი სიმღერა ვისწავლე. ხალხურ და სხვა ჟანრის სიმღერებს მათ ახლაც ვასწავლი. ერთი სიმღერის დაწერაც კი მოვახერხე და ის თემის შესახებ გადაღებულ ორ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. ამჟამად ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერას, თემელებს და გრემელ ბავშვებს ძალიან კარგი პედაგოგი და მუსიკოსი, ქეთინო ზარდიაშვილი ასწავლის.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა „ფლეში“ თქვენს ცხოვრებაში, როგორ და სად გააგრძელებდა საქმიანობას პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?

- პირველად, სცენაზე, ჩვენი ჯგუფი სახელით „FLASH“-ი 1996 წელს გამოვიდა. ასე რომ, წელს, 25 წლის იუბილე გვაქვს.  ზუსტად 25 წლის წინ, 16 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახლობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პარტერში, როგორც მსმენელი ვიჯექი და ჩემი მეგობრების პირველ აკაპელას „მზე ჩადის ზღვაში“ და ასევე აკაპელა -ინტერპრეტაციას ბითლზის უკვდავ სიმღერაზე „Yesterday” აპლოდისმენტებით და ოვაციებით ვხვდებოდი... წელს, ჩვენი იუბილე მოკრძალებულად ავღნიშნეთ, თემისთვის საჩუქრად ჩავწერეთ სიმღერა, რომლის მეშვეობით მათზე გადაღებული ახალი ფილმი მუსიკალურად გავაფორმეთ. როცა ხშირად ვამბობდით, „ფლეში“ უკვდავიაო, ამაში ჩვენს მეგობრობას ვგულისხმობდით, დრომ გვიჩვენა, რომ ასეცაა...

 

110
მოსკოვის აკადემიური სამხატვრო თეატრის დასი

თბილისში ევაკუირებული მოსკოვური თეატრი: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ომს გვავიწყებდა“

0
(განახლებულია 17:21 08.05.2021)
მეორე მსოფლიო ომის დროს თეატრი ადამიანებისთვის გასართობი კი არა, ერთგვარი თავდავიწყების საშუალება და ამასთან მალე გამარჯვების რწმენის, იმედის წყარო იყო

ალექსანდრა ობოლონკოვა

მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობებისთვის კი თბილისში ევაკუაციის წლები დაუვიწყარ მოგონებად იქცა. თეატრის „ოქროს შემადგენლობა“ საბჭოეთის სხვა გამოჩენილ ხელოვანებთან ერთად იყო ევაკუირებული საქართველოს დედაქალაქში. თეატრს მაშინ ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო ხელმძღვანელობდა. 

Владимир Немирович-Данченко
© photo: Sputnik / Miron Sherling
ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო

დასი თბილისში 1941 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩამოვიდა. ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთგვარ უხერხულობასაც კი განიცდიდა, როდესაც, მიუხედავად მატერიალური შეჭირვებისა, თავის მდივანს სწერდა, „რაოდენი სიმშვიდე და სიხარული სუფევდა“ თბილისში.

„იცით, ეს უმშვენიერესი ქალაქია, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება დიდებულია, განსაკუთრებით პირადად ჩემდამი - როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის მხრიდან. კარგად მოვთავსდით. ყველანი ვტკბებით კლიმატით, ქალაქით“, - წერდა ის. 

არტისტები უსაქმოდ არ მსხდარან. მცირე თეატრის მსახიობებთან ერთად საღამოებს მართავდნენ, რომლებზეც ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდებოდა.

თავად ნემიროვიჩ-დანჩენკომ, რომელიც წარმოშობით ოზურგეთიდან იყო და ტფილისში სწავლობდა, 7 დეკემბერს მოგონებების საღამო მოაწყო. ის იმ ტფილისური სახლის მოძებნასაც კი შეეცადა, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა, მაგრამ ვეღარ მიაგნო. სამაგიეროდ ეწვია რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პირველ გიმნაზიას, რომელიც ვერცხლის მედალზე დაამთავრა თავის დროზე.
მოგონებების საღამოზე დარბაზი ისე იყო გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. შემოსული თანხმა მთლიანად თავდაცვის ფონდში გადაირიცხა.

© photo: Sputnik
სცენა სპექტაკლიდან „აღდგომა“

საარქივო დოკუმენტების თანახმად, მოსკოვის აკადემიურმა სამხატვრო თეატრმა ევაკუაციის რამდენიმე თვის განმავლობაში 51 კონცერტი გამართა: 24 თბილისში, 5 - ერევანში, 7 - ბაქოში, 4 - სოჭში, 2 - გორში, 2 სტალინირში (მაშინდელი ცხინვალი), 2 - გაგრაში, 3 - კიროვაბადში (განჯა) და ორიც სოხუმში.

ცნობილი მსახიობი ვასილი კაჩალოვი ევაკუაციაში დამძიმებული გულით მოდიოდა – მისი 40 წლის ვაჟი ვადიმი, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა, მაინც მოხალისედ წავიდა ფრონტზე. თბილისში ცხოვრებისას ის სხვებთან ერთად გამოდიოდა არა მარტო სცენაზე, არამედ სამხედრო ნაწილებშიცა და ჰოსპიტლებშიც. ის სიმონოვის, ტიხონოვისა და სხვა პოეტების ლექსებს კითხულობდა ხოლმე.
ერთ დღეს თბილისელმა მაყურებელმა ის კარგა ხანს არ გაუშვა სცენიდან და არტისტიც გვიან ღამემდე კითხულობდა ლექსებს, მათ შორის, თავისი მეგობრის, სერგეი ესენინის შემოქმედებასაც, რომელსაც კაჩალოვის ძაღლისთვისაც კი მიეძღვნა გულის ამაჩუყებელი სტრიქონები: „Дай, Джим, на счастье лапу мне…“

© photo: Sputnik / Mikhail Ozerov
ვასილი კაჩალოვი

საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე იგონებდა, როგორ ბრუნდებოდნენ შინ შუაღამით სპექტაკლით აღფრთოვანებულები, როგორ გააჩერა პატრულმა, მაგრამ რაოდენ ბედნიერები იყვნენ, ვინაიდან „ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ ან არასდროს ხდება ცხოვრებაში“.
თავად კაჩალოვი კი 1942 წლის მარტში გაზეთ „ვეჩერნაია მოსკვაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: „შეუძლებელია, თითოეულ ჩვენგანს არ აღელვებდეს ის მხურვალე მიღება, როგორითაც ყველგან გვხვდებიან, ამაღელვებელი მცდელობა, შეგვიქმნან თუნდაც მცირე კომფორტი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რაოდენ დიდია ადამიანების სიყვარული ხელოვნებისადმი“.

მაგრამ თეატრის უკვე ჭარმაგი მსახიობების ცხოვრება სტუმართმოყვარე ტფილისში არც ისე მარტივი იყო. მართალია, სულით არ ეცემოდნენ, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდათ.

66 წლის კაჩალოვი ჯერ კიდევ მანამდე, ნალჩიკში ყოფნისას დაავადდა მძიმედ, 70-ს გადაცილებული ოლგა კნიპერ-ჩეხოვა მთელი თვით ჩაწვა გრიპითა და ბრონქიტით, 83 წლის ნემიროვიჩ-დანჩენკო კი, რომელიც მზად იყო, თუნდაც უსასყიდლოდ ემუშავა რუსთაველის თეატრში, ასევე ერთი თვით ჩამოშორდა რეპეტიციებს ავადმყოფობის გამო. მცირე თეატრის მსახიობი, 61 წლის მიხაილ კლიმოვი კი გარდაიცვალა და თბილისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

„რით დავიმსახურეთ, რომ მილიონობით ჩვენი ძმა სიცოცხლეს წირავს ჩვენთვის, ჩვენი მშვიდი ცხოვრებისთვის, ჩვენი მუშაობისთვის? რით დავიმსახურეთ ეს როგორც არტისტებმა და როგორც ადამიანებმა?“, – წერდა ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთ-ერთ წერილში, რომელიც საკუთარი თეატრის მსახიობებს მიუძღვნა.

ეს მისი ერთ-ერთი ბოლო წერილი იყო თბილისიდან – მალე აკადემიური თეატრის დასი ისევ მოსკოვში დააბრუნეს, სადაც რეჟისორი 1943 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა კიდეც.

კოტე მახარაძე მოგვიანებით, იხსენებდა რა ტფილისურ კონცერტებს, ლექციებსა და შეხვედრებს, წერდა: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ზოგჯერ გვავიწყდებოდა კიდეც, რომ მტერი ქალაქიდან ორასიოდე კილომეტრში იყო“.

მსახიობის თქმით, ამას არაფერი ჰქონდა საერთო ჭირის დროს ნადიმთან, ეს იყო გამოვლინება იმ რწმენისა, რომ მალე ომი გამარჯვებით დასრულდებოდა.

0
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021