ტანკი

შეიარაღებული კონფლიქტი: ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერთობლივ ჯგუფს ქმნიან

72
(განახლებულია 15:55 30.04.2021)
ამ დროისათვის კონფლიქტის რაიონებში ცეცხლი შეწყვეტილია, მხარეები ჯარებისა და ტექნიკის გაყვანაზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საზღვრისპირა რაიონებში მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ კონფლიქტის დასარეგულირებლად, იუწყება „Sputnik–ტაჯიკეთი“.

ორი ქვეყნის საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობას შორის 28 აპრილს დაწყებული დაპირისპირება 29 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტაჯიკ და ყირგიზ მესაზღვრეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. კონფლიქტის საგანი, რომელიც ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, იყო ტერიტორია, რომელზეც წყალგამანაწილებელი პუნქტი მდებარეობს. შეტაკების შედეგად დაშავდა და დაიჭრა 150-ზე მეტი კაცი და დაიღუპა 20 — ორივე მხრიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ოფიციალური წარმომადგენლები — სპეცსამსახურებისა და სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები და დაპირისპირებული ოლქების გუბერნატორები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის საზღვრისპირა უბნებიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე გაყვანასა და მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

72
თემები:
საერთაშორისო პანორამა (381)
ვაქცინა Sinovac-ი

აშშ მხარს უჭერს: კოვიდვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

5
(განახლებულია 20:06 06.05.2021)
პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ−ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს COVID−19−ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები, იუწყება CNBC აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებზე დაყრდნობით.  

მანამდე კოვიდვაქცინების საპატენტო უფლებების დროებით გაუქმების აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო) განაცხადეს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მაღალი შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადინისტრაციის მხარდაჭერას ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით აშშ თავის ლიდერობას ადასტურებს ჯანდაცვის გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ვმო−ს ლიდერებმა მოუწოდეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, კვირის ბოლომდე აცნობონ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების წესების დროებით შესუსტებაზე შეთანხმების დეტალები. მათი თქმით, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივა საპატენტო დაცვაზე უარის თქმის შესახებ, დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გაზარდონ ვაქცინების წარმოება.

როგორც აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი აცხადებს, „COVID−19−ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ზომებს მოითხოვს.

 „ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ პანდემიას ბოლო მოეღოს, მხარს ვუჭერთ COVID-19−ის ვაქცინებზე ამ დაცვის გაუქმებას“, — განაცხადა ტაიმ.

როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებულმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, ვმო−ში აღნიშნული საკითხის განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, მისი წევრი 164−ვე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდვაქცინებზე პატენეტების დროებით გაუქმებას აშშ−ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი, ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის — Moderna−ს, BioNTech−სა და Pfizer−ის აქციები მკვეთრად დაეცა.

თეორიულად პატენტებზე უარის თქმა, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო.

5
თემები:
საერთაშორისო პანორამა (381)
თურქეთის დროშა სტამბულში

სომეხთა გენოციდი: თურქეთი გმობს ლატვიის სეიმის დეკლარაციას

18
(განახლებულია 17:11 06.05.2021)
ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. 

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო უწოდა ლატვიის სეიმის მიერ მიღებულ დეკლარაციას ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის  დაგმობის შესახებ, ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ლატვიის პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარების შესახებ, არის ისტორიის პოლიტიკური მოტივებით გადაწერის უსაფუძვლო მცდელობა. ჩვენ უარვყოფთ და მტკიცედ ვგმობთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას“, — აცხადებთ თურქეთის საგარეო უწყება.

სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეფასდეს“, და ლატვიელი კანონმდებლობის გადაწყვეტილება ამ თემისადმი ორმაგი სტანდარტების მტკიცებულებაა.

აღინიშნება, რომ ლატვიის პარლამენტში დეკლარაციის მიღებას სეიმის დეპუტატების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, აპრილის ბოლოს, ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდი ასევე აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

18