ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ თურქეთში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
აშშ-ის საელჩო და საკონსულოები თურქეთში ორი დღით იკეტებიან. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას უკავშირდება

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აშშ-ს ელჩი ანკარაში დევიდ სატერფილდი გამოიძახეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას პროტესტი გამოუცხადეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების გამო სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით, იუწყება РИА Новости თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

შაბათს ბაიდენმა ოფიციალურად ცნო სომეხთა გენოციდი XX საუკუნის დასაწყისში ოსმანთა იმპერიაში. ამაზე საპასუხოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

„ელჩს ეცნობა ჩვენი მკაცრი რეაქცია, რომ ჩვენთვის მიუღებელია ეს განცხადება, რომელიც არ შეიცავს რაიმე ისტორიულ და სამართლებრივ საფუძველს, ამიტომ მთლიანად უარვყოფთ და მტკიცედ ვგმობთ მას“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
აშშ-ის პრეზიდენტმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

მისი თქმით, ელჩს განუცხადეს, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება „არის ბათილი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ზიანს აყენებს თურქ ხალხს და ვნებს ორმხრივ ურთიერთობებს, რომლის აღდგენა რთული იქნება“.

აშშ-ის საელჩომ და საკონსულოებმა თურქეთში აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით გამოაცხადეს, რომ ორშაბათს და სამშაბათს დაიკეტებიან შესაძლო პროტესტებთან დაკავშირებული „უსაფრთხოების გამო“.

დიპლომატიურმა უწყებებმა ასევე მოუწოდეს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი აარიდონ აშშ-ის სამთავრობო შენობების ირგვლივ ტერიტორიაზე ყოფნას და სიფრთხილე გამოიჩინონ იმ ადგილებში, სადაც „ამერიკელები ან უცხოელები იკრიბებიან“.

სომეხთა გენოციდი

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც.

ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

ბაიდენის წინამორბედები უფრთხოდნენ თურქეთთან ურთიერთობების გაუარესებას და სიტყვა „გენოციდის“ თქმას ერიდებოდნენ. ამერიკის ლიდერები იყენებდნენ ტერმინს Meds Yeghern, რაც „უდიდეს ბოროტებას“ გულისხმობს, და ასევე ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სიმხეცე“.

აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუციები ოსმანთა იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ 2019 წელს მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0