ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

114
(განახლებულია 10:04 25.04.2021)
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე გაუგზავნა მადლობის წერილი ამერიკის ლიდერს, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება დაგმო

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად ცნო სომეხთა გენოციდი ოსმანთა იმპერიაში, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა სომეხთა გენოციდის დროს ოსმანთა იმპერიის დროს, და კვლავ ვიღებთ ვალდებულებას არ დავუშვათ მსგავსი სადიზმის განმეორება. დაწყებული 1915 წლის 24 აპრილიდან, როდესაც ოსმანთა ხელისუფლებამ დააპატიმრა სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები და თემთა ლიდერები კონსტანტინოპოლში, მილიონ-ნახევარი სომეხი იქნა დეპორტირებული, მოკლული ან სასიკვდილოდ გაწირეს. ჩვენ პატივს მივაგებთ Meds Yeghern-ის მსხვერპლებს (სომხ. უდიდესი ბოროტება - რედ.), რათა მომხდარის საშინელება ისტორიამ არასდროს არ დაივიწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, აშშ ამას აკეთებს არა იმისათვის, რომ ვინმე დაისაჯოს, არამედ იმისთვის, რომ მომხდარი არასდროს არ გამეორდეს.

სომხეთის რეაქცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბაიდენს მადლობის წერილი უკვე გაუგზავნა.

მისი თქმით, გენოციდის აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 1,5 მილიონი მსხვერპლის ხსოვნის პატივის მისაგებად, არამედ ახალი დანაშაულის აღკვეთის კუთხითაც.

თურქეთის რეაქცია

ვაშინგტონის განცხადებას Twitter-ში გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც დაწერა რომ ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

ოფიციალურ განცხადებაში მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ „ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებენ“ და გენოციდის აღიარება არასდროს არ იქნება მიღებული თურქი ხალხის ცნობიერებაში, ასევე ის ღრმა იარას მიაყენებს ხალხს, რომელიც ურთიერთნდობას და მეგობრობას ძირს უთხრის.

სამინისტროში აშშ-ს „ამ სერიოზული შეცდომის“ გამოსწორებისკენ მოუწოდეს.

სომეხთა გენოციდი

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც.

ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

ბაიდენის წინამორბედები უფრთხოდნენ თურქეთთან ურთიერთობების გაუარესებას და სიტყვა „გენოციდის“ თქმას ერიდებოდნენ. ამერიკის ლიდერები იყენებდნენ ტერმინს Meds Yeghern, რაც „უდიდეს ბოროტებას“ გულისხმობს, და ასევე ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სიმხეცე“.

აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუციები ოსმანთა იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ 2019 წელს მიიღეს.

 

114
ისრაელი

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტა გაუშვეს

17
(განახლებულია 13:04 18.05.2021)
ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.

თბილისი, 18 მაისი -Sputnik. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ერთ ღამეში დაახლოებით 90 რაკეტა გაუშვეს, მათგან 20 ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

„07:00 საათის მდგომარეობით: გუშინ 19:00 საათიდან დაწყებული ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, მათგან 20 ღაზის სექტორში ჩამოვარდა“, – ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3.350 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც დაახლოებით 500 სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.  ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.

ღაზის სექტორი პალესტინის ნაწილია, რომლის ტერიტორიის დაყოფას არაბთა და ისრაელელთა მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეები აპროტესტებენ. გაეროს გენასამბლეამ 1947 წელს პალესტინის გაყოფის გეგმა შეიმუშავა, რომელიც არაბულმა მხარემ დღემდე არ ცნო. 2007 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ ღაზის სექტორს ისლამური ორგანიზაცია „ჰამასი“ მართავს.

17
თემები:
მსოფლიო დღეს
 აბრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტერიტორიის შესასვლელთან

კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაუქმდა

16
(განახლებულია 00:48 18.05.2021)
მომდევნო ფორუმი 2022 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, მის თარიღსა და ჩატარების ადგილს მიმდინარე წლის ზაფხულში დაადგენენ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო გაუქმდა, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

მიმდინარე წელს ყოველწლიური ღონისძიება სინგაპურში 17-20 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში განვითარებული ტრაგიკული გარემოებები, გაურკვეველი პერსპექტივები სამოგზაურო სფეროში, ვაქცინაციის გავრცელების სხვადასხვა სიჩქარე და COVID-19-ის ახალ ვარიანტებთან დაკავშირებული გაურკვევლობა - ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის გლობალური შეხვედრის გამართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნა, რომ მომდევნო ფორუმი 2022 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. მის თარიღსა და ჩატარების ადგილს მიმდინარე წლის ზაფხულში დაადგენენ.

„ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა.

გასულ წელს იგეგმებოდა, რომ პანდემიის გამო გადადებული ფორუმის სხდომა გაიმართებოდა არა შვეიცარიის დავოსში, არამედ ლუცერნში, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, რომ ფორუმი სინგაპურში ჩატარდებოდა.

16
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები