თურქეთის დროშა

„სავარძლის სკანდალი“ გრძელდება: თურქეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია

132
(განახლებულია 14:12 09.04.2021)
მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი დიქტატორად შეაფასა და განაცხადა, რომ ძალიან წუხს ანკარაში ევროკომისიის თავმჯდომარის დამცირების გამო.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თურქეთმა იტალიიდან თავისი ელჩი გამოიწვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გამონათქვამების გამო პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან დაკავშირებით, იუწყება სააგენტო Anadolu.

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე მარიო დრაგიმ ერდოღანი „დიქტატორად“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ მიუღებელი იყო მისი საქციელი ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელსაც ანკარაში მოლაპარაკებებზე მისი სტატუსისთვის შეუფერებელი ადგილი მიუჩინეს სავარძლის უკმარისობის გამო.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დრაგის განცხადება მკაცრად შეაფასა.

„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ იტალიის დანიშნული პრემიერ-მინისტრის დრაგის პოპულისტურ რიტორიკასა და მის აღმაშფოთებელ, უხეშ განცხადებებს ჩვენი არჩეული პრეზიდენტის შესახებ, და უკან ვუბრუნებთ მათ“, — დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

მანამდე ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელ ფონ დერ ლაიენისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის პროტოკოლის მიხედვით იყო ორგანიზებული და „სავარძლების განლაგებაც ევროკავშირის წინადადებების თანახმად იყო შერჩეული“.

სამშაბათს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში მოლაპარაკებების სამი მონაწილისთვის მხოლოდ ორი სავარძელი იდგა. ფეხზე დარჩენილ ფონ დერ ლაიენს საბოლოოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს პირდაპირ მიუჩინეს ადგილი დივანზე. ეს უკანასკნელი კი დიპლომატიური პროტოკოლით ბევრად დაბალი რანგისაა. გარდა ამისა, დაწესებული ნორმების თანახმად, ამ ადგილს მსგავსი შეხვედრებისას ჩვეულებრივ თარჯიმნები და შეხვედრის სხვა მონაწილეები იკავებენ.

132
ევროკავშირის დროშა

შეთანხმება მიღწეულია: ევროკავშირი COVID-პასპორტებს ზაფხულში აამოქმედებს

71
(განახლებულია 10:37 15.04.2021)
კოვიდ-პასპორტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ ზაფხულისთვის ტურისტული COVID–პასპორტების შემოღების თაობაზე, დეტალებს კანონმდებლები მაისში განიხილავენ, იუწყება  Reuters–ი დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აღნიშნული დოკუმენტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს.

როგორც აღინიშნება, ევროპარლამენტმა, რომელიც ასევე უნდა დაეთანხმოს გადაწყვეტილებას, რათა ის ძალაში შევიდეს, თავისი პოზიცია აპრილის ბოლოსთვის უნდა შეათანხმოს.

როგორც მოსალოდნელია, კანონმდებლების, ქვეყნების წარმომადგენლებისა და ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მაისში დაიწყება.

ამასთან, როგორც Reuters–ი წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დოკუმენტის გაცემისას ვალდებული იქნებიან, გაითვალისწინონ მხოლოდ  ევროკავშირის მიერ მოწონებული ვაქცინებით აცრა, თუმცა ზოგ ქვეყანას შეუძლია სერტიფიკატები რუსული „სპუტნიკ V–ითა“ თუ ჩინური Sinovac–ით აცრების შემთხვევაშიც გასცეს, რომლებიც მათ ტერიტორიებზეა დაშვებული.

71
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ჯო ბაიდენი

რჩევების მიუხედავად: ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა გადაწყვიტა

16
(განახლებულია 10:16 15.04.2021)
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთში „თალიბანის“ შესაძლოა მოძლიერების თაობაზე აფრთხილებდნენ, მან მაინც მიიღო იქიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყვანოს ამერიკული ჯარები ავღანეთიდან 11 სექტემბრისთვის, იუწყება СNN–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ბევრი წევრის რჩევის მიუხედავად მიიღო, რომლებიც მას ამ ნაბიჯთან დაკავშირებულ საფრთხეეებზე ამახვილებინებდნენ ყურადღებას.

როგორც არხს ყოფილმა და მოქმედმა ოფიციალურმა პირებმა აცნობეს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს განსაკუთრებით აშფოთებდათ ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოების საკითხი ქვეყანაში ავღანეთიდან აშშ–ის ძალების სრული გამოყვანის შემთხვევაში და ასევე შტატების კონტრეტერორისტული მისიის ბედი.

გავრცელებული ინფორმაციით, პეზიდენტის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ აშშ–ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მარკ მილი, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი კენეტ მაკენზი და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები.

არხის ცნობით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე კონსულტაციები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში ბაიდენი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ „თალიბანს შეუძლია ძალების აღდგენა“. ამასთან ირკვევა, რომ ამერიკის ლიდერს აღიზიანებდა ავღანეთში ჯარების ხანგრძლივად დატოვების წინადადება და ამბობდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას მან იქიდან ამერიკული ძალების გაყვანის პირობა დადო.

16
თემები:
საერთაშორისო პანორამა
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

0
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები