მაცივარი სუპერმარკეტში

სურსათზე მსოფლიო ფასებმა ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია: FAO-ს ანგარიში

58
(განახლებულია 17:34 08.04.2021)
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, მიმდინარე წლის მარტში კვების ზოგ პროდუქტზე ფასებმა მოიმატა, ზოგზე კი დაიკლო

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მსოფლიოში კვების პროდუქტებზე ფასები უკვე ზედიზედ მეათე თვეა, იზრდება, იუწყება  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში სურსათზე ფასებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია 2014 წლის ივნისის შემდეგ — ძირითადად მცენარეული ზეთების გაძვირების გამო.

აღნიშნული პროდუქტის ფასის ინდექსი მარტში, თებერვალთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და თითქმის ათწლიან მაქსიმუმს მიაღწია. განსაკუთრებით მკვეთრად გაძვირდა სოიოს ზეთი, რაც ნაწილობრივ  ბიოდიზელური საწვავის მწარმოებელთა მხრიდან გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირდება.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა მარტში თებერვალთან შედარებით 3,9%-ით მოიმატა. ეს განსაკუთრებით შეეხო კარაქის ფასებს, რისი მიზეზიც საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის განახლების მოლოდინები გახდა. ამასთან მოიმატა რძის ფხვნილის ფასებმაც.

რაც შეეხება ხორცის ფასს, რომელიც უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, ძვირდება, მისმა ინდექსმა მარტში, თებერვალთან შედარებით, 2,3%-ით მოიმატა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფრინველისა და ღორის ხორცის ფასების კოტირებები აზიის ქვეყნების, ძირითადად ჩინეთის მხრიდან აქტიური იმპორტითაა გამოწვეული. ამასთან საქონლის ხორცის ფასი მარტში დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც თებერვალში, ხოლო ცხვრის ხორცი გაიაფდა — ახალი ზელანდიიდან მიწოდებების გაზრდის გამო.

თებერვალთან შედარებით დაიკლო მარცვლეულის ფასების ინდექსმაც - 1,8%-ით, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც 26,5%-ით მაღალია გასული წლის მარტთან შედარებით.

შაქარზე ფასის ინდექსი ერთ თვეში 4%-ით შემცირდა, თუმცა ის 30%-ით მაღალია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

FAO–ს სურსათის ფასების ინდექსი — ეს საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც საერთაშორისო ფასების დინამიკას აჩვენებს ხუთ ძირითად სასურსათო ჯგუფზე.

58
თემები:
საერთაშორისო პანორამა (328)
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

11
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

11
ვენახი

საფრანგეთის სოფლის მეურნეობა უდიდეს კატასტროფას განიცდის

101
(განახლებულია 23:27 17.04.2021)
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში XXI საუკუნის დასაწყისიდან ამხელა კატასტროფა არ მომხდარა

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს სოფლის მეურნეობის დარგის დასახმარებლად, რომელიც გვიანი ყინვების გამო კატასტროფას განიცდის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.

„ესაა ნამდვილი დრამა, რასაც ამ კლიმატური კატასტროფის გამო დარგის პროფესიონალები განიცდიან. ეს არის ადამიანური, ეკონომიკური დრამა. ახლა დგას სოფლის მეურნეობის დარგის მუშაკთა გადარჩენის საკითხი“, - განაცხადა კასტექსმა სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, სახელმწიფომ ამ კატასტროფას სათანადოდ უნდა უპასუხოს. სახელმწიფო გამოყოფს ერთ მილიარდ ევროს, რადგან „სიტუაცია ასეთ ზომებს ამართლებს“, განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟულიენ დენორმანდიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთში გვიანმა ყინვებმა დააზიანა „ასობით ათასი ჰექტარი ვენახები, ხე-ხილი და ნათესები“. მისი თქმით, ეს „შესაძლოა, სოფლის მეურნეობაში XXI საუკუნიდან ყველაზე დიდი კატასტროფაა“.

101
გამვლელები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:22 18.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.437 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 122 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.179 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

0