თეთრი სახლი

Bloomberg: ვაშინგტონი რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს

33
(განახლებულია 14:15 08.04.2021)
ვაშინგტონის ახალი ანტირუსული სანქციები შესაძლოა მოიცავდეს რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებასაც, რომლებიც დაზვერვის ოფიცრებად მიაჩნიათ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაამთავრეს რუსეთის მხრიდან ისეთი სავარაუდო სამართალდარღვევების შესახებ სადაზვერვო მონაცემების შესწავლა, როგორიცაა ჰაკერული შეტევა SolarWinds-ის მეშვეობით და არჩევნებში ჩარევა, და ნიადაგი მოამზადეს მოსკოვისთვის პასუხის მალე გამოსაცხადებლად, იუწყება გამოცემა Bloomberg სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

მათი თქმით, საპასუხო ნაბიჯები შესაძლოა მოიცავდეს სანქციებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების გაძევებას ქვეყნიდან, რომლებსაც აშშ-ში დაზვერვის ოფიცრებად მიიჩნევენ.

არსებობს ინფორმაცია, რომ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ხუთშაბათს შეიკრიბებიან სავარაუდო საპასუხო ნაბიჯების შესათანხმებლად.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონის პასუხი რამდენიმე ელემენტიანი იქნება, მათ შორისაა სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებისა და იმ სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ამერიკულმა სტრუქტურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, კომპიუტერული უსაფრთხოების ფირმა SolarWinds-ის კლიენტებზე ჰაკერული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ვაშინგტონის ვარაუდით, შეტევის მიზანი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებებზეც მიიტანეს, სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებდა, რომ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია მზად იყო გამოეყენებინა სხვადასხვა ინსტრუმენტები. მისი თქმით, ეს იქნებოდა „არა უბრალო სანქციები“, არამედ „ხილული და უხილავი“ ინსტრუმენტები.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე რამდენჯერმე უარყო მოსკოვის კავშირი კიბერშეტევებთან. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მონაწილეობა მასობრივ ჰაკერულ თავდასხმაში დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

33
თემები:
საერთაშორისო პანორამა (325)
ევროკავშირის დროშა

შეთანხმება მიღწეულია: ევროკავშირი COVID-პასპორტებს ზაფხულში აამოქმედებს

80
(განახლებულია 10:37 15.04.2021)
კოვიდ-პასპორტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ ზაფხულისთვის ტურისტული COVID–პასპორტების შემოღების თაობაზე, დეტალებს კანონმდებლები მაისში განიხილავენ, იუწყება  Reuters–ი დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აღნიშნული დოკუმენტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს.

როგორც აღინიშნება, ევროპარლამენტმა, რომელიც ასევე უნდა დაეთანხმოს გადაწყვეტილებას, რათა ის ძალაში შევიდეს, თავისი პოზიცია აპრილის ბოლოსთვის უნდა შეათანხმოს.

როგორც მოსალოდნელია, კანონმდებლების, ქვეყნების წარმომადგენლებისა და ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მაისში დაიწყება.

ამასთან, როგორც Reuters–ი წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დოკუმენტის გაცემისას ვალდებული იქნებიან, გაითვალისწინონ მხოლოდ  ევროკავშირის მიერ მოწონებული ვაქცინებით აცრა, თუმცა ზოგ ქვეყანას შეუძლია სერტიფიკატები რუსული „სპუტნიკ V–ითა“ თუ ჩინური Sinovac–ით აცრების შემთხვევაშიც გასცეს, რომლებიც მათ ტერიტორიებზეა დაშვებული.

80
თემები:
საერთაშორისო პანორამა (325)
ჯო ბაიდენი

რჩევების მიუხედავად: ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა გადაწყვიტა

17
(განახლებულია 10:16 15.04.2021)
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთში „თალიბანის“ შესაძლოა მოძლიერების თაობაზე აფრთხილებდნენ, მან მაინც მიიღო იქიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყვანოს ამერიკული ჯარები ავღანეთიდან 11 სექტემბრისთვის, იუწყება СNN–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ბევრი წევრის რჩევის მიუხედავად მიიღო, რომლებიც მას ამ ნაბიჯთან დაკავშირებულ საფრთხეეებზე ამახვილებინებდნენ ყურადღებას.

როგორც არხს ყოფილმა და მოქმედმა ოფიციალურმა პირებმა აცნობეს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს განსაკუთრებით აშფოთებდათ ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოების საკითხი ქვეყანაში ავღანეთიდან აშშ–ის ძალების სრული გამოყვანის შემთხვევაში და ასევე შტატების კონტრეტერორისტული მისიის ბედი.

გავრცელებული ინფორმაციით, პეზიდენტის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ აშშ–ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მარკ მილი, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი კენეტ მაკენზი და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები.

არხის ცნობით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე კონსულტაციები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში ბაიდენი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ „თალიბანს შეუძლია ძალების აღდგენა“. ამასთან ირკვევა, რომ ამერიკის ლიდერს აღიზიანებდა ავღანეთში ჯარების ხანგრძლივად დატოვების წინადადება და ამბობდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას მან იქიდან ამერიკული ძალების გაყვანის პირობა დადო.

17
თემები:
საერთაშორისო პანორამა (325)
ბათუმი

ბათუმში სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე ვაკანსიას შესთავაზებენ

0
(განახლებულია 14:46 15.04.2021)
ფორუმის ფარგლებში, სამსახურის მაძიებლებს  საშუალება ექნებათ გაეცნონ და თავად შეარჩიონ აჭარის შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ბათუმში, 16 აპრილს დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი  პიაცას მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება 16:00 საათზე დასრულდება. 

კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 20–ზე მეტი კომპანია 400–მდე ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების ფორუმის მთავარი მიზანია – დაინტერესებულ პირებს რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა კოვიდ–რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

0