Флаги США и Турции

რუსეთთან თანამშრომლობის გამო: აშშ თურქეთს სანქციებს უწესებს

75
(განახლებულია 15:10 06.04.2021)
შეერთებულმა შტატებმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა თურქეთს, შეეწყვიტა რუსეთის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აშშ სანქციებს უწესებს თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებასა და ოთხ ჩინოვნიკს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სექტორთან თანამშრომლობისთვის, ნათქვამია აშშ-ის ხელისუფლების ფედერალურ რეგისტრზე ატვირთულ უწყებაში.

უწყება ოფიციალურად გამოქვეყნდება 7 აპრილს და იმავე დღეს შევა ძალაში.

დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები შეეხება თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველო SSB-ს და ასევე მის თანამშრომელ ოთხ ჩინოვნიკს — უწყების ხელმძღვანელის ისმაილ დემირის ჩათვლით.

სანქციები წესდება „ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების მეშვეობით ბრძოლის შესახებ კანონის“ (CAATSA) ფარგლებში.

ამასთან უწყების ტექსტში ნახსენები არ არის რუსული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-400, რომლის შეძენის გამო ემუქრებოდა აშშ თურქეთს სანქციებით. თურქული SSB-სთვის სანქციები ნიშნავს ამერიკული ექსპორტისა და კრედიტების აკრძალვას ამ ორგანიზაციისთვის.

რაც შეეხება ჩინოვნიკებს, მათ აეკრძალებათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათი აქტივები, რომლებიც ამერიკულ იურისდიქციაში მოიძებნება, დაიბლოკება. ამასთან ამერიკელებს აეკრძალებათ მათთან ნებისმიერ სახის ტრანზაქციის განხორციელება.

75
თემები:
საერთაშორისო პანორამა (322)
ატომური ელექტროსადგური კაშივაძაკი-კარივა

იაპონიამ უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა

47
(განახლებულია 11:40 14.04.2021)
იაპონიის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემაში მარეგულირებელმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. იაპონიის ატომური ენერგეტიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტმა დროებით შეაჩერა ქვეყნის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური „კაშივაძაკი–კარივას“ მუშაობა, იუწყება Associated Press–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სადგურის სადგურის უსაფრთხოების სისტემაში დარღვევები გამოავლინა.  

სადგურის მფლობელ ენერგეტიკულ კომპანია Tokyo Electric Power–ს (TEPCO), რომელიც ასევე უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა იაპონიაში, ოფიციალურად აეკრძალა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა.

ცნობილი ხდება, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა ანტიტერორისტული აღჭურვილობის გაუმართაობა და ბირთვული მასალების არასაკმარისი დაცვა სადგურის რამდენიმე ადგილზე ჯერ კიდევ 2018 წელს გამოავლინეს. მართალია, TEPCO–მ გამოასწორა უსაფრთხოების ფუნქციები, მაგრამ პრობლემები მაინც სერიოზულად და სისტემატურად ჩაითვალა. ამიტომ მარეგულირებელმა სადგურის თავიდან გაშვება შეუძლებლად მიიჩნია. 

როგორც ატომური ენერგეტიკის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე ტოიოში ფუკეტა ამბობს, აეს–ის დასჯის თაობაზე განცხადება ოფიციალურად მომდევნო კვირაში გაკეთდება.

აღინიშნება, რომ „კაშივაძაკი–კარივა“ ნაწილობრივ 2007 წლის მიწისძვრისას დაზიანდა. სადგურის 54 ბირთვული რეაქტორიდან ამ დროისათვის მხოლოდ ოთხი მუშაობდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ „კაშივაძაკი–კარივას“ ბირთვულ უსაფრთხოებას „წითელი“ რეიტინგი მიანიჭა, რაც პირველად მოხდა იაპონიის ქტომური ენერგეტიკის ოპერატორის ისტორიაში.

სადგური მუშაობას სავარაუდოდ ერთი წლის შემდეგ განაახლებს, თუ ყველა გამოვლენილ პრობლემას აღმოფხვრის.

47
თემები:
საერთაშორისო პანორამა (322)
საფრანგეთის დროშა საელჩოს მანქანაზე

პროვოკაციული გადაწყვეტილება: პარიზი თეირანისთვის კოორდინირებული პასუხის გაცემას მოითხოვს

18
(განახლებულია 11:00 14.04.2021)
საფრანგეთი მოუწოდებს ბირთვული გარიგების ხელმომწერ ქვეყნებს, კოორდინირებული პასუხი გასცენ ირანის სახიფათო გადაწყვეტილებას

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საფრანგეთი მსოფლიოს ზესახელმწიფოებთან შეათანხმებს საპასუხო ნაბიჯებს ირანის წინააღმდეგ, რომელიც ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს, იუწყება სააგენტო Reuters–ი ელისეს სასახლეზე დაყრდნობით. 

საუბარია მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის მონაწილე ქვეყნებზე, რომლებმაც 2015 წელს მოაწერეს ხელი ირანის ბირთვულ პროგრამას. ესენია: საკუთრივ საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ირანის გეგმები მეტად სერიოზულია და შექმნილი ვითარება  ყველა ამ ქვეყნის კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს.

მანამდე თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი 60%-მდე გამდიდრებული ურანის მიღებას მომდევნო კვირაში გეგმავს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაქჩიმ აღნიშნა, თეირანი ათასი ახალი ცენტრიფუგის დადგმას აპირებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც რამდენიმე დღის წინ დივერსია მოხდა.

თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება პროვოკაციულად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ბირთვულ გარიგებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდებიან.

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

18
თემები:
საერთაშორისო პანორამა (322)
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

0
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0