ბელგიის პოლიცია

საპირველაპრილო ხუმრობას ბრიუსელში მასობრივი არეულობა მოჰყვა ვიდეო

55
(განახლებულია 16:19 02.04.2021)
„ფესტივალის ორგანიზატორების“ განცხადება ხუმრობაზე არაერთ მინიშნებას შეიცავდა, მაგალითად, დიჯეებს შორის დასახელდნენ ცნობილი ბელგიელი პოლიტიკოსები და პრემიერ-მინისტრიც კი.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელებულ საპირველაპრილო ხუმრობას ბრიუსელში მასობრივი არეულობა და პოლიციასთან შეჯახება მოჰყვა, იუწყება გაზეთი New York Times.

ბელგიურ სოციალურ ქსელებში მარტის დასაწყისიდან ვრცელდებოდა ცნობა, რომ 1 აპრილს პარკ ბუა დე ლა კამბრში ფესტივალ La Boum-ის ჩატარება იგეგმებოდა, რომელშიც მთელი ევროპიდან მოწვეული ორასამდე დიჯეი მიიღებდა მონაწილეობას. საამისოდ პარკში თითქოს ხუთი სცენა მონტაჟდებოდა, ხოლო კონცერტზე დასწრება უფასო იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებში, გარდა იმისა, რომ კონცერტი პანდემიური შეზღუდვების პირობებში იგეგმებოდა, ასევე არაერთი მინიშნება იკითხებოდა ხუმრობაზე: ფესტივალის თარიღი — 1 აპრილი, დიჯეების ვინაობა, რომელთა შორის დასახელებული იყვნენ ცნობილი ბელგიელი პოლიტიკოსები და პრემიერ-მინისტრიც კი (Alexander 2-Kraux – იგივე ალექსანდერ დე კროო) და სხვ.

ამასთან, უკვე მარტის შუა რიცხვებში „ფესტივალის ორგანიზატორების“ გვერდზე დაიწერა, რომ ეს ხუმრობა იყო.

მიუხედავად ამისა, 1 აპრილს პარკში დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. როდესაც ადგილზე სცენები ვერ აღმოაჩინეს, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, თავად მოეწყოთ დღესასწაული. მათ სმარტფონები მიუერთეს ხმის გამაძლიერებლებს და მუსიკის თანხლებით ცეკვა დაიწყეს.

პოლიცია ადგილზე დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოცხადდა და შეკრებილებს მეგაფონების მეშვეობით მოუწოდეს დაშლისკენ. ამის პასუხად ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს ბოთლები და პეტარდები დაუშინეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პოლიციას წყლის ჭავლის გამოყენება მოუხდა წესრიგის დასამყარებლად. დაკავებულია რამდენიმე პირი. დაშავდა ხუთი ადამიანი, აქედან სამი პოლიციელია.

55
ატომური ელექტროსადგური კაშივაძაკი-კარივა

იაპონიამ უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა

35
(განახლებულია 11:40 14.04.2021)
იაპონიის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემაში მარეგულირებელმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. იაპონიის ატომური ენერგეტიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტმა დროებით შეაჩერა ქვეყნის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური „კაშივაძაკი–კარივას“ მუშაობა, იუწყება Associated Press–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სადგურის სადგურის უსაფრთხოების სისტემაში დარღვევები გამოავლინა.  

სადგურის მფლობელ ენერგეტიკულ კომპანია Tokyo Electric Power–ს (TEPCO), რომელიც ასევე უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა იაპონიაში, ოფიციალურად აეკრძალა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა.

ცნობილი ხდება, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა ანტიტერორისტული აღჭურვილობის გაუმართაობა და ბირთვული მასალების არასაკმარისი დაცვა სადგურის რამდენიმე ადგილზე ჯერ კიდევ 2018 წელს გამოავლინეს. მართალია, TEPCO–მ გამოასწორა უსაფრთხოების ფუნქციები, მაგრამ პრობლემები მაინც სერიოზულად და სისტემატურად ჩაითვალა. ამიტომ მარეგულირებელმა სადგურის თავიდან გაშვება შეუძლებლად მიიჩნია. 

როგორც ატომური ენერგეტიკის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე ტოიოში ფუკეტა ამბობს, აეს–ის დასჯის თაობაზე განცხადება ოფიციალურად მომდევნო კვირაში გაკეთდება.

აღინიშნება, რომ „კაშივაძაკი–კარივა“ ნაწილობრივ 2007 წლის მიწისძვრისას დაზიანდა. სადგურის 54 ბირთვული რეაქტორიდან ამ დროისათვის მხოლოდ ოთხი მუშაობდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ „კაშივაძაკი–კარივას“ ბირთვულ უსაფრთხოებას „წითელი“ რეიტინგი მიანიჭა, რაც პირველად მოხდა იაპონიის ქტომური ენერგეტიკის ოპერატორის ისტორიაში.

სადგური მუშაობას სავარაუდოდ ერთი წლის შემდეგ განაახლებს, თუ ყველა გამოვლენილ პრობლემას აღმოფხვრის.

35
თემები:
საერთაშორისო პანორამა
საფრანგეთის დროშა საელჩოს მანქანაზე

პროვოკაციული გადაწყვეტილება: პარიზი თეირანისთვის კოორდინირებული პასუხის გაცემას მოითხოვს

18
(განახლებულია 11:00 14.04.2021)
საფრანგეთი მოუწოდებს ბირთვული გარიგების ხელმომწერ ქვეყნებს, კოორდინირებული პასუხი გასცენ ირანის სახიფათო გადაწყვეტილებას

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საფრანგეთი მსოფლიოს ზესახელმწიფოებთან შეათანხმებს საპასუხო ნაბიჯებს ირანის წინააღმდეგ, რომელიც ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს, იუწყება სააგენტო Reuters–ი ელისეს სასახლეზე დაყრდნობით. 

საუბარია მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის მონაწილე ქვეყნებზე, რომლებმაც 2015 წელს მოაწერეს ხელი ირანის ბირთვულ პროგრამას. ესენია: საკუთრივ საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ირანის გეგმები მეტად სერიოზულია და შექმნილი ვითარება  ყველა ამ ქვეყნის კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს.

მანამდე თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი 60%-მდე გამდიდრებული ურანის მიღებას მომდევნო კვირაში გეგმავს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაქჩიმ აღნიშნა, თეირანი ათასი ახალი ცენტრიფუგის დადგმას აპირებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც რამდენიმე დღის წინ დივერსია მოხდა.

თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება პროვოკაციულად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ბირთვულ გარიგებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდებიან.

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

18
თემები:
საერთაშორისო პანორამა
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 11:26 14.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.259 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 95 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.053 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0