თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენება ახალი კორონავირუსის შესახებ არის დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელება, მიაჩნია აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს.
„ეს მოხსენება გახდა დეზინფორმაციის თაღლითური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჯანმო ატარებენ. სწორედ ამ მიზეზით ვურჩიე აშშ-ს, გასულიყო ჯანმოდან“, — წერს ყოფილი მაღალჩინოსანი Twitter-ზე.
The WHO report is a sham continuation of the CCP-WHO disinformation campaign. It’s why I recommended we leave WHO. Dr. Tedros collaborated with Xi to hide human to human transmission at a CRITICAL juncture. WIV remains the most likely source of the virus — and WHO is complicit.
— Mike Pompeo (@mikepompeo) March 30, 2021
ექს–სახელმწიფო მდივნის ვერსიით, ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი სი ცზინპინთან ერთად ცდილობს, „დაიმალოს კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის გადამწყვეტი მომენტი“.
„უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი კვლავაც რჩება ვირუსის წარმოშობის ყველაზე სარწმუნო ადგილად და ჯანმო ამაში მონაწილეობს“, — ირწმუნება პომპეო.
მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, ჯანმოს მოხსენება „არ შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას და არ იძლევა ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის ღრმა გაგებას“.
ექსპერტთა საერთაშორისო მისიის მოხსენება, რომლებიც ჩინეთში იანვარი–თებერვალში იმყოფებოდნენ COVID-19-ის პირველწყაროს დასადგენად, სამშაბათს ჯანმოს წევრ სახელმწიფოებს გადაეცა გასაცნობად. მისიის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ექსპერტებს ერთიანი მოსაზრება არ აქვთ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ. მათ ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ ვერსია, რომ კორონავირუსი ერთი სახეობის ცხოველიდან მეორეს, შემდეგ კი ადამიანს გადეცა. ამასთან, მოხსენების თანახმად, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გამოღწევა ნაკლებად დამაჯერებელია.